Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრიორიტეტული ინფრასტრუქტურა, სოციალური პროგრამები და ხელფასებითვის გათვლილი ბიუჯეტის 44% ქუთაისში


ქუთაისის მომავალი წლის ბიუჯეტი თითქმის 55 მილიონი ლარია. ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარი დაუჭირა საკრებულოში „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ. ბიუჯეტის პროექტს არ დაეთანხმნენ ოპოზიციური პარტიების „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები. მათი შეფასებით, ბიუჯეტი მოსახლეობის საჭიროებებს არ ასახავს.

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელის გიგა შუშანიას განცხადებით, მომავალ წელს 24 მილიონზე მეტი დაიხარჯება თვითმმართველობის და მერიას დაქვემდებარებულ დაწესებულებათა თანამშრომლების ხელფასებისთვის, მათი დიდი ნაწილი კი „ქართული ოცნების“ აქტივისტი და მხარდამჭერია:

„ერთი წლის თავზე როგორც იქნა ქუთაისის მერი გამოჩნდა საკრებულოს სხდომაზე და აღმჩნდა, რომ მდგომარეობა არის უფრო მძიმედ ვიდრე ჩვენ გვეგვონა, რადგან მერს გონია, რომ ქალაქში პრობლემები არ არსებობს და არნახული აღმშნებელობაა. ის ვერ ხედავს რომ გადათხრილია გზები მთელ ქალაქში, ხალხი გარბის აქედან. და ამის ფონზე საკრებულომ დაამტკიცა ბიუჯეტი, რომელიც არ არის ორიენტირებული განვითარებაზე და 24 ნახევარი მილიონი ლარი იხარჯება ხელფასებზე და აქტივისტების შენახვაზე“,- აცხადებს გიგა შუშანია.

ქუთაისის განვითარებისთვის საჭირო რაიმე სიახლე ბიუჯეტში ასახული არ არის, აცხადებს საკრებულოს წევრი „ევროპული საქართველოდან“ მერაბ მეშველიანი. მისი ინფორმაციით, ქალაქში კულტურის, სპორტის და განათლების განვითარებისთვის განსაზღვრული თანხის 70 %-მდე ამ სფეროების ადმინისტრირებას ხმარდება. მერაბ მეშველიანის განცხადებით სკოლამდელი განათლებისთვის გამოყოფილი 11 მილიონი ლარიდან 66% ბაგა- ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციის და თანამშრომელთათვის დაიხარჯება, ხოლო სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებისთვის განკუთვნილი 4 მილიონიდან 70% ხელფასზეა გათვლილი. მეშველიანის თქმით, კულტურული დაწესებულებების გაერთიანების თანამშრომელთა სახელფასო ანაზღაურებას მოხმარდება ოთხმილიონიანი დაფინანსების დაახლებით 80%.

„პრობლემაა ის, რომ ბიუჯეტში ვერ ვნახე სიახლე, არის ისევ ის ციფრები და რიცხვები, რომლებიც წინა წლებშიც იყო.ბიუჯეტის 44 % დაიხარჯება თანამშრომელთა ანაზღაურებისთვის. მერია აპირებს, რომ 4 100 მეტი თანამშრომლი, რომელთა დიდი ნაწილი, მათი აქტივისტი, ახლობელი და მხარდამჭერია უზრუნველყოფილი ყავდეს ხელფასით და სხვა მნიშვნელოვანი პროექტისთვის არ იხარჯება თანხა“.

ოპოზიციის ბრალდებას არ იზიარებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელები. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი შენგელიას განცხადებით, გასულ წლებთან შედარებით ბიუროკრატიული ხარჯი შემცირებულია, სახელფასო ანაზღაურების მაჩვენებელი კი გაზრდილია, რადგან მომავალი წლიდან 50 ლარით მოიმატებს მერიას დაქვემდებარებულ გაერთიანებებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება.

„ხელფასი გაეზარდათ ბაგა-ბაღების პედაგოგებს, სპორტულ დაწესებულებათა მწვრთნელებს, ბიბლიოთეკების თანამშრომლებს, ადამიანებს, რომლებიც ემსახურებიან ქალაქს“, - აცხადებს ირაკლი შენგელია.

ქუთაისის მერიის საფინანსო პოლიტიკის და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელის დავით ნიშნიანიძის განმარტებით, მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებია ინფრასტრუქტურა და სოციალური პროგრამები. ნიშნიანიძის ინფორმაციით, „სოციალური პროგრამებისთვის გამოყოფილია წლევანდელზე მნიშვნელოვნად მეტი თანხა - დაახლოებით 9 მილიონი ლარი, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯება 10 მილიონი, რომელსაცწინასწარი მონაცემებით, რეგიონების განვითარების ფონდიდან დაემატება კიდევ 16 მილიონი ლარი.“

მომავალი წლის ბიუჯეტს თვითმმართველობის წარმატებად მიიჩნევს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია. მისი განცხადებით, 2018 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 2019 წლის ბიუჯეტი დაახლეობით 2 მილიონითაა გაზრდილი და მას წლის განმავლობაში თანხა დაემატება ცენტრალური ბიუჯეტიდანაც. „წლის ბოლომდე ბიუჯეტი 70 მილიონს გადაცდება, რაც უპრეცენდენტოა,ბოლო წლების განმავლობაში, ეს წარმატება აისახება ჩვენს თანაქალაქელებზე“ , -აცხადებს ქუთაისის მერი.

ქუთაისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული 2019 წლის ბიუჯეტი 54 992 000 ლარია.

XS
SM
MD
LG