პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეხვედრას წინ უსწრებდა „ქართული ოცნების“ ულტიმატუმი, რომელიც ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან დეოლიგარქიზაციის საკითხის ამოღებას შეეხება. ევროკავშირი ასეთი ნაბიჯის გადადგმას არ აპირებს, „ოცნება“ - პოზიციის შეცვლას.
გზავნილები ბრიუსელიდან
„ისტორიული ევროპული პერსპექტივით გაქვთ შესაძლებლობა, დახაზოს საქართველოს განვითარების ახალი ტრაექტორია მომავალი თაობებისთვის“, - დაწერა ტვიტერზე ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 14 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ და იქვე, ევროპული გზისთვის აუცილებელ რეფორმებსაც გაუსვა ხაზი:
„სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა ახლა ისე აუცილებელია, როგორც არასდროს. საქართველოს ხალხისთვის“.
რეფორმების გაგრძელების გეგმებზე არაფერია ნათქვამი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლის თანახმადაც, ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის „შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იყო“.
ოფიციალურ ტექსტში მითითებულია, რომ „მხარეებმა განიხილეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით“ და, რომ ლიდერებმა წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების „კრიტიკულ მნიშვნელობას“ გაუსვეს ხაზი.
ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ირაკლი ღარიბაშვილი გამოთქვამს იმედს, რომ „წელს ევროპული საბჭო მიიღებს კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ“.
14 ივნისს, ბრიუსელში ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდა ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრს, ალექსანდერ დე კროოს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა „მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროკომისარ ვარჰეის 12 პრიორიტეტის განხორციელების დადებით დინამიკაზე“ და „სახელმწიფოს ძალისხმევაზე, სრულად შეესრულებინა ევროკავშირის რეკომენდაციები“.
თავად ოლივერ ვარჰეიმ ტვიტერზე დაწერა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის საბჭოს მიერ დამტკიცებული „12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის დაჩქარებისკენ“ მოუწოდა, „რათა საქართველომ შეძლოს წინ წაწევა, ევროკავშირის გზაზე“.
ევროკავშირი ხელჩასაჭიდს ეძებს
„სურვილი და მონდომება, რომ საქართველოს მისცენ კანდიდატის სტატუსი, ნამდვილად არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით, ევროპელი პარტნიორები ვერ ხედავენ ამისათვის ხელჩასაჭიდ არგუმენტებს", - ეუბნება რადიო თავისუფლებას საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) დირექტორი, პროფესორი კორნელი კაკაჩია, რომელიც ბრიუსელში იმყოფება, „ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრში“ მიწვეული მეცნიერის სტატუსით მუშაობს და კარგად იცნობს ევროპელი პარტნიორების განწყობებს.
კაკაჩია აღნიშნავს, რომ ამჟამად ბრიუსელში - „გადაწყვეტილების მიღებისთვის მზადების პროცესში“ - ცდილობენ „საქართველოს ხელისუფლებას რეალური რეფორმების აუცილებლობა შეასმინონ“ და დაარწმუნონ, რომ „ნახევრად გადადგმული ნაბიჯებით კანდიდატის სტატუსის მოლოდინი ვერ გამართლდება“.
კორნელი კაკაჩია დარწმუნებულია, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრებზე, დღეს განიხილავდნენ ყველა პრობლემატურ საკითხს და მათ შორის - დეოლიგარქიზაციასაც, რომელიც ყოველთვის სადავო იყო, მაგრამ ბოლო დღეებში - თითქმის უკვე დილემად იქცა.
„ოცნება“ ევროკავშირის საპირისპირო პოზიციაზე
ბრიუსელში გამართულ შეხვედრებს წინ უსწრებდა „ქართული ოცნების“ ერთგვარი ულტიმატუმი ევროკომისიის მისამართით, რაც ევროკავშირის მიერ რეკომენდაციების 12 პუნქტიდან დეოლიგარქიზაციის ამოღებას შეეხება.
- მიუხედავად იმისა, რომ ევროსაბჭოს ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას, მთელი რიგი საფრთხეების გამო, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის დამტკიცებაზე უარის თქმა ურჩია, „ქართულმა ოცნებამ“ ეს კანონპროექტი მაინც დაამტკიცა (მეორე მოსმენით) - 13 ივნისს, პარლამენტის სხდომაზე.
- „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ამ კანონპროექტს, თვის ბოლომდე, საბოლოოდ დაამტკიცებს და 2024 წლის 1 მარტს აამოქმედებს, თუკი ევროკომისია დეოლიგარქიზაციის მოთხოვნაზე არ იტყვის უარს.
- უარის სათქმელად, „ოცნებამ“ ევროკომისიას დრო დეკემბრის ბოლომდე მისცა.
მაგრამ ბრიუსელი არ აპირებს უარის თქმას.
14 ივნისს, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში მართავდა შეხვედრებს, განცხადება გამოაქვეყნა ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში.
ტექსტიდან ჩანს სრული მხარდაჭერა ვენეციის კომისიის დასკვნის მიმართ; ხოლო უკვე ორი მოსმენით დამტკიცებული კანონპროექტის სანაცვლოდ, ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას ოლიგარქიასთან ბრძოლის „სისტემურ მიდგომას“ სთავაზობს. სწორედ „სისტემური მიდგომაა“ ვენეციის კომისიის რეკომენდაციაც.
ამის მიუხედავად, „ქართულ ოცნებას“ არც პოზიცია შეუცვლია და არც რიტორიკა.
პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 14 ივნისსაც გაიმეორა, რომ „ვენეციის კომისიასა და ევროკომისიას აქვთ ერთმანეთში წინააღმდეგობა“ და, რომ ევროკავშირი ოლიგარქიასთან ბრძოლისთვის არა „სისტემურ“, არამედ „პერსონალურ“ მიდგომას ემხრობა.
„ჩვენ გვიჭირდება, რომ 12-პუნქტიანი გეგმიდან ამოღებულ იქნას ჩანაწერი დეოლიგარქიზაციის თაობაზე, რადგან დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერი ნიშნავს ამ საკითხის პერსონალური მიდგომით მოწესრიგებას. აქედან გამომდინარე, დაველოდებით დეკემბერს, როდესაც ევროპული საბჭო 12 პუნქტის განხორციელებას შეაფასებს. როდესაც იტყვიან, რომ ეს საკითხი ამ კანონის გარეშეც მოწესრიგებულია, ამ შემთხვევაში კანონი გაუქმდება“, - თქვა კობახიძემ 14 ივნისს.
ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის საბოლოო დამტკიცებით, „ქართული ოცნება“ ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მიღების შანსს წაართმევს და ეს „საბოტაჟს“ დაემსგავსება.
ექსპერტებისთვის ნათელია, ევროკავშირი უარს არ იტყვის დეოლიგარქიზაციის მიზანზე, რადგან ოლიგარქების პრობლემას ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ, დამანგრეველ საფრთხედ თვლის.
13 ივნისს გამოქვეყნებულ საბოლოო დასკვნაში ევროსაბჭოს ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არ წარმოადგენს დემოკრატიულ პასუხს ოლიგარქიზაციასთან ბრძოლაში და ის შესაძლოა იქცეს „სახიფათო იარაღად“ ხელისუფლების ხელში, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ.
არსებობს თუ არა გარანტია?
„ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალურმა დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ 13 ივნისს, პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს აუცილებლად მიიღებს, რადგან ევროკავშირს უფრო სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი.
პროფესორი კორნელი კაკაჩია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ ეტაპზე „საქართველოს შანსი დაახლოებით 50/50-ზეა“ და სავსებით შესაძლებელია, რომ, „თუკი არაფერი შეიცვლება“, ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მისცეს.
ამასთან, ექსპერტი თითქმის დარწმუნებულია, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაშიც კი, საქართველო ვერ დაეწევა უკრაინასა და მოლდოვას, რადგან ისინი წელს, დიდი ალბათობით, ევროინტეგრაციის მომდევნო [გაწევრიანების მოლაპარაკებების] ეტაპზე გადავლენ და თუკი საქართველომ წინსვლა ძალიან დაიგვიანა, „ის შეიძლება, უკვე ბუნდოვანი პერსპექტივით, სულ სხვა ქვეყნების კალათაში“ და „არახელსაყრელ პირობებში“ აღმოჩნდეს.