„ქართული ოცნება“ ოპოზიციის სიცრუეზე გამარჯვებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში არ მოხვდა აქცენტი საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობასთან დაკავშირებით. თუმცა ასამბლეის თანათავმჯდომარე, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ამ ფაქტს მხოლოდ რეზოლუციიის ტექსტის თავისებურებით ხსნის.
10 დეკემბერს, შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე კუბილიუსმა თქვა, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური აქტივობების გამო გასამართლებული და დაკავებული პირები და ასეთი ვითარება დამაბრკოლებელია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.
ბოლო დღეებში თბილისში ჩამოსულმა არაერთმა ევროპარლამენტარმა მედიასთან საუბრისას დასვა აქცენტი საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს კი საპირისპიროს მტკიცების აუცილებლობა დაუდგათ - გაკეთდა არაერთი განცხადება, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან.
10 დეკემბერს, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეს, ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს რადიო თავისუფლებამ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებული დისკუსიის დაკონკრეტება სთხოვა და შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე შემდეგი შინაარსის შეკითხვა დაუსვა:
პოლიტპატიმრების არსებობის შესახებ არაერთი განცხადება გაკეთდა ევროპარლამენტარების მხრიდან. ეს სერიოზული განცხადებებია, რადგან დემოკრატიულ ქვეყნებს პოლიტპატიმრები არ ჰყავთ... დაკავებულთა რომელი ჯგუფები იგულისხმება, როდესაც პოლიტპატიმრებზეა ლაპარაკი; რას ეყრდნობა ასეთი შეფასებები და რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს უკვე საერთაშორისო დონეზე?
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წარმომადგენელმა, ანდრიუს კუბილიუსმა აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებების ავტორთა ნაცვლად ის ვერაფერს იტყვის; თუმცა თქვა, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური აქტივობის გამო დაკავებული და გასამართლებული პირები; ეს კი - მიუღებელია ევროპული ოჯახისთვის.
- „ეს ნამდვილად არ არის ევროპული ტრადიცია, რომ გყავდეს ხალხი საპატიმროში ანდა (გყავდეს ხალხი) გასამართლებული ხელისუფლების მიერ, თავიანთი პოლიტიკური აქტივობების გამო“;
- „ეს საკითხი უნდა მოგვარდეს. ეს შეუსაბამოა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მისწრაფებასთან“;
- „ჩვენ ერთმანეთის მიყოლებით არ გამოგვიძიებია კონკრეტული საქმეები; ჩვენ უბრალოდ ვიცით: თუკი არის დემონსტრაციები და 80 ადამიანი (მეტი ან ნაკლები) გასამართლდება, ეს არ არის კარგის ნიშანი“.
თუკი ანდრიუს კუბილიუსის სიტყვებით ვიმსჯელებთ, „ქართული ოცნების“ ლიდერებთან საკმაოდ მწვავე საუბრები ჰქონდათ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. განსახილველ თემებს შორის იყო ქუჩის აქციების დროს დაკავებული და გასამართლებული ადამიანების პრობლემაც.
მან თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან ევროპარლამენტარებმა ამ საკითხის მოგვარების დაპირებაც მიიღეს და, ასევე, პროცესის მეთვალყურეობა კვლავაც გაგრძელდება ევროპარლამენტისა და ევრონესტის დელეგაციის მხრიდან.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები 10 დეკემბერს აღნიშნავდნენ, რომ ჩავარდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ევროპარლამენტარების მოტყუების მცდელობა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში პოლიტპატიმრებთან დაკავშირებული აქცენტი არ ჩაიწერა.
იმას, რომ 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებული პირების პოლიტპატიმრებად გამოცხადების საკითხი არ იქნა გაზიარებული, ანდრიუს კუბილიუსი რეზოლუციის ტექსტის სპეციფიკური ფოკუსით ხსნის. როგორც მან 10 დეკემბერს განაცხადა, ტექსტი შეეხებოდა საპარლამენტო ზედამხედველობის საკითხს, „არ შეეხებოდა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას“ და, შესაბამისად, ლოგიკურად არამართებული იქნებოდა, „რომ ტექსტში შესულიყო რომელიმე ქვეყნის ინდივიდუალური საკითხი“.
„ეს არის იმის მიზეზი, რომ ზოგიერთი ცვლილება არ იქნა მხარდაჭერილი საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების მხრიდან... რასაც მე ვამბობ, ჩვენს შეშფოთებასთან დაკავშირებით, მართლაც ვამბობ შეშფოთებაზე, რომელიც ჩვენ ვიგრძენით ევრონესტის აქ მყოფი ყველა წარმომადგენლის მხრიდან“, - განაცხადა ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა.