საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ქვეყანაში ადამიანების დაკავების ან გათავისუფლების გადაწყვეტილებას იღებენ არა პოლიტიკოსები, არამედ შესაბამისი ინსტიტუტები.
არჩილ თალაკვაძის კომენტარი მოჰყვა „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მიერ საქართველოში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილე ევროპარლამენტარებისთვის 80-ზე მეტი პოლიტპატიმრის, მათ შორის პარლამენტთან 20-21 ივნისის აქციის დაშლისას დაკავებულთა სიის გადაცემას.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ისევე, როგორც საქართველოს პარლამენტში, ევრონესტის ასამბლეაშიც მუშაობენ პოლიტიკოსები. მათი ნაწილი არის სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის პარტნიორი. ასე რომ, ეს არის პოლიტიკური პროცესი, ვინ შეძლებს თავისი ინფორმაციის მიწოდებას უფრო სწრაფად, უფრო დამაჯერებლად. რეალურად ამ პროცესში ვართ“, - უთხრა დღეს, 9 დეკემბერს, ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოში ადამიანების დაკავებასა და გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებას იღებენ არა პოლიტიკოსები, არამედ შესაბამისი ინსტიტუტები, იმის მიხედვით, თუ ვინ, რა შემთხვევაში დაარღვია კანონი ან არ დაარღვია: „ამაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და ამასთან დაკავშირებით გამოძიებას ატარებს პროკურატურა“.
„თუ ჩემი პირადი აზრი გაინტერესებთ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანის პატიმრობა ოჯახისთვის, საზოგადოებისთვის არის პრობლემა, მაგრამ უფრო დიდი პრობლემა არის, როცა ვინმე იღებს გადაწყვეტილებას, ძალადობრივი შეტევა განახორციელოს პარლამენტზე. ამას არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ მოითმენს“, - განაცხადა თალაკვაძემ.
20-21 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეთა ჯგუფის მიერ პარლამენტის შენობაში ძალით შესვლის მცდელობის გამო, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული ოცამდე პირი, მათ შორის, პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ნიკა მელია და პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა.