Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“პირბადე ლუგარის სერტიფიკატით” - სარეკლამო მინაწერი თუ ხარისხის ნიშანი


საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ონლაინგაყიდვების საიტზე რამდენიმე ასეთი განცხადება დევს: “იყიდება პირბადეები ლუგარის ლაბორატორიის ცნობით”.

მოთხოვნის შემთხვევაში განცხადების ავტორები, გიგზავნიან წერილს, რომელსაც ხელს აწერს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. წერილში აღნიშნულია, რომ პირბადე შემოწმებულია და შესაძლებელია მისი გამოყენება როგორც სამედიცინო, ასევე საყოფაცხოვრებო მიზნით.

რას ნიშნავს ეს დოკუმენტი, რამდენ კომპანიაზე გაიცა, როგორ ამოწმებს პირბადეების ნიმუშებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი (ლუგარის ლაბორატორია მის დაქვემდებარებაშია) და რამდენად კონტროლდება გასაყიდი პირბადეების პარტიების ხარისხი?

იმ კომპანიების ჩამონათვალი, რეესტრი, რომელთა პროდუქციასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ფაქტობრივად ხარისხის დამადასტურებელი წერილი მისცა საჯაროდ არ მოიპოვება. ამ ინფორმაციას ვერ ნახავთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე, ეს ინფორმაცია არაა განთავსებული არც მთავრობის შექმნილ stopcov.ge-ზე.

როგორ მოიპოვებენ ცნობას

პირბადეების შემოწმება სავალდებულო არაა. მსურველი კომპანია, რომელიც აწარმოებს ან ყიდის პირბადეებს, წერილობით მიმართავს დაავადებათა კონტროლის ცენტრს, წარუდგენს პირბადის ნიმუშს და რამდენიმე დღეში ცენტრისგან იღებს ოფიციალურ პასუხს. ეს მომსახურება უფასოა. კომპანიები ამბობენ, რომ ამ წერილებს მომხმარებლების ინფორმირებისთვის იყენებენ, რომ მათი პირბადეები მოთხოვნებს შეესაბამება.

რა წერია ცნობაში

ამირან გამყრელიძის გაცემული ხუთივე წერილი, რომლებიც მოვიპოვეთ, თითქმის იდენტური შინაარსისაა. მასში აღნიშნულია, წარდგენილიდან რომელი ნიმუშის პირბადემ დააკმაყოფილა მოთხოვნები და რომელმა არა, ასევე აღნიშნულია სამედიცინო დანიშნულებით არის შესაძლებელი მისი გამოყენება თუ საყოფაცხოვრებო. უმეტეს შემთხვევაში წერილში წერია, რომ კონკრეტული პირბადე ორივე დანიშნულებით გამოსადეგია.

უკონტროლობის საფრთხე

კომპანიები, რომლებმაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანხმობის წერილი მოიპოვეს, ამბობენ, რომ პროცედურა ძალიან მარტივია. მათთვის გარდა ნიმუშისა არაფერი მოუთხოვიათ. მაგალითად, არ ითხოვენ გამოყენებული ნაჭრის წარმოშობის ან შესაბამისობის სერტიფიკატს; თანხმობის გაცემის შემდეგ, არავინ ამოწმებს მოწონებული ნიმუშის იდენტურ პირბადეებს ამზადებს კომპანია, თუ უფრო იაფიანი მასალით ანაცვლებს და ამ წერილის საფარქვეშ უხარისხო პირბადეებს ყიდის. რამდენიმე მწარმოებელმა გვითხრა, რომ თაღლითობის შემთხვევებსაც გადააწყდნენ.

განო მელითაური, ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკის დირექტორი, რადიო თავისუფლებას უყვება: “ჩვენ წარვადგინეთ ლუგარში 3 პირბადე, ჩაატარეს ტესტირებები და მოგვცეს დასკვნა. მივუტანეთ პირბადე და ქსოვილის კოდი. ლუგარის ლაბორატორიამ მოგვცა სერტიფიკატი ერთჯერადი, რამდენიმეშრიანი პირბადის წარმოებაზე. ჩვენ ვაწარმოებთ სერტიფიცირებულ პირბადეებს.

ზოგიერთი სუბიექტი ყიდდა პირბადეს და იტყუებოდა, რომ მას აქვს ლუგარის ლაბორატორიის დასკვნა, ან ვიღაცები ჩვენგან იღებდნენ ამ ლუგარის დასკვნას და შიგნით ფოტოშოპით რაღაცებს ცვლიდნენ, მთლიანობაში არ ვიცი, რამდენი კომპანია აყალბებდა ან აყალბებს დღესაც ამ ცნობებს. ვიცი, რომ რამდენიმე კომპანიას აქვს ეს დასკვნა.”

ანალოგიურ პრობლემაზე საუბრობს გიორგი გოგეშვილი, რომლის კომპანიაც იმპორტირებულ ქარხნულად შეკერილ მრავალჯერად პირბადეებს ყიდის.

თუ მოიპოვებთ ოფიციალურად სიას, რამდენ კომპანიაზე გასცა ცენტრმა დადებითი რეკომენდაცია, სავარაუდოდ, აღმოაჩენთ, რომ ბევრად ნაკლებს აქვს ვიდრე საჯაროდ ჩანს.
გიორგი გოგეშვილი

"ჩვენ ორი ნიმუში ჩავაბარეთ დაავადებთა კონტროლის ცენტრში, მალევე მოგვცეს წერილობითი პასუხი, რომ ჩვენი ორივე ნიმუშის პირბადე შესაძლებელია გამოყენებულ იქნას როგორც სამედიცინო, ასევე საყოფაცხოვრებო დანიშნულებით. ცენტრის ეს წერილი ფეისბუკზე რომ დავდეთ, ვიღაცებმა დააკოპირეს, თავისი სახელი ჩაწერეს და ითაღლითეს. თქვენ თუ მოიპოვებთ ოფიციალურად სიას, რამდენ კომპანიაზე გასცა ცენტრმა დადებითი რეკომენდაცია, სავარაუდოდ, აღმოაჩენთ, რომ ბევრად ნაკლებს აქვს ვიდრე საჯაროდ ჩანს. მე დავინტერესდი ბაზა თუ არსებობს, ან დასურათება, ვინც აიღო ლუგარის რეკომენდაცია, რადგან არის საფრთხე, არაკეთილსინდისიერმა კომპანიამ წარადგინოს კარგი პირბადის ნიმუში (თუნდაც სხვისი დამზადებული) და აწარმოოს ცუდი ხარისხის, ვერავინ ვერანაირად ვერ გადაამოწმებს ამას, მე მსმენია რამდენიმე ასეთი შემთხვევის შესახებ.”

სერტიფიკატი თუ წერილი

დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ლუგარის ლაბორატორიას აქამდე პირბადეების შემოწმების პრაქტიკა არ ჰქონიათ. ვერ მოვიძიეთ ვერც ერთი დოკუმენტი, რომლითაც განსაზღვრული იქნებოდა როგორ მოწმდება პირბადეები. დაავადებათა ცენტრის ვებგვერდზე იმ სერვისების სრული ჩამონათვალია, რისი უფლებამოსილებაც ცენტრს მთავრობის დადგენილებით აქვს, თუმცა პირბადეებზე არაფერია ნათქვამი.

გამყრელიძის წერილი რამდენიმე კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებშიც გამოიყენა, მაგალითად, კომპანია "თბილისი მედიკმა" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის სამინისტროს მრავალჯერადი პირბადეები მიჰყიდა, 1 ცალი 4,5 ლარად. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ეს პირბადეები ლუგარის ლაბორატორიის მიერაა სერტიფიცირებული. კომპანია "თბილისი მედიკში" გვითხრეს, რომ სიტყვა სერტიფიკატი არასწორად ჩაიწერა ხელშეკრულებაში და მათაც გამყრელიძის ისეთივე წერილი წარმოგვიდგინეს, როგორიც სხვა კომპანიებს აქვთ.

სახელმწიფო დაწესებულებებს დაახლოებით 200 ათასი ლარის მრავალჯერადი პირბადე მიჰყიდა, კომპანია "ქარგილმა". 1 ცალი 2,85 ლარად, თუმცა ამ კომპანიის ხელშეკრულებაში წერია, რომ ამ პირბადეების ხარისხი დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობითაა დადასტურებული. კომპანიის დირექტორმა გვითხრა, რომ ლუგარის ლაბორატორიას ნიმუშები წარუდგინეს და შესაბამისი ცნობა მიიღეს.

გამყრელიძის გაცემულ ცნობებში, სტანდარტული სერტიფიკატიდან განსხვავებით, არ არის აღწერილი პირბადეები რომელი სტანდარტით და რა ტექნოლოგიით შეამოწმეს. გამყრელიძის წერილებში ნათქვამია, რომ პირბადე შემოწმდა “სუნთქვისა და გაშხეფებისადმი რეზისტენტობის ტესტების საფუძველზე”, თუმცა როგორ არ წერია.

​პირბადეების ტესტირება განვითარებულ ქვეყნებში სხვაგვარად ტარდება. ერთ-ერთი ქარხნული პირბადის შემოწმების დასკვნაში აღნიშნულია, რომელი აპარატით შემოწმდა (დასახელებულია ზუსტი მოდელი) და იქვეა ცხრილი, რა მოცულობის ნაწილაკის შეკავება, რა პროცენტით შეუძლია. მაგალითად, დასკვნაში აღნიშნულია, რომ ამ კონკრეტულ პირბადეს 10 მიკრონის მოცულობის ნაწილაკის შეკავება 99 %-ით შეუძლია 2,5 მიკრონზე ნაკლები ნაწილაკისგან კი მხოლოდ 74 %-ით დაიცავს.

კონტროლი

კიდევ ერთი პრობლემა ცენტრის მიერ გაცემული თანხმობების კონტროლია. არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი ბაზა რომელი პირბადეები აქვს ლუგარის ლაბორატორიას შემოწმებული. სრულიად შესაძლებელია, არაკეთილსინდისიერმა კომპანიამ ერთი სახეობის პირბადეზე მიიღოს თანხმობა და მეორე აწარმოოს, ამ რისკს ზრდის, ის რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ზოგიერთ თანხმობაში მხოლოდ პირბადის ფერი და შრეებია მოხსენიებული და არაფერი წერია გამოყენებული ნაჭრის, მასალის შესახებ.

ჩვენი ინფორმაციით, ცენტრმა ერთ-ერთ პირბადეზე გასცა რეკომენდაცია, რომ მისი გამოყენება ერთჯერადად, სამედიცინო დანიშნულებით არის შესაძლებელი, ამ პირბადეს კი მწარმოებელი ქარხანა (უცხოური) ყიდის როგორც არასამედიცინოს და ამის შესაბამისი სერთიფიკატიც ახლავს თან.

არც ერთ კონკრეტულ უწყებას არ ევალება კონტროლი, ნამდვილად ცენტრის თანხმობის შესაბამისად მზადდება თუ არა სარეალიზაციოდ გამოტანილი პირბადეები. პირბადეებს, რომლებსაც დაავადებათა კონტროლის ზემოთ აღწერილი თანხმობა აქვს, ათასობით ადამიანი მოიხმარს, რამდენიმე ფირმისგან პირბადეები სახელმწიფო დაწესებულებებმაც შეიძინეს. ამ პირბადეების ფასი 1-დან 8 ლარამდე მერყეობს, თუმცა ძნელია იმის დაზუსტებით თქმა, ამ ფასად ვყიდულობთ თუ არა პირბადეს, რომელსაც კორონავირუსისგან დაცვა შეუძლია.

უპასუხოდ დარჩენილი კითხვები​

დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ პასუხობს პირბადეების შემოწმებაზე რადიო თავისუფლების წერილობით შეკითხვებს, რომლებიც უწყებამ ერთი კვირის წინ მიიღო.

ეს არის იმ კითხვებისა და საკითხების ჩამონათვალი, რომელთა გარკვევაც ოფიციალურ წყაროსთან ვცადეთ:

  • რამდენმა კომპანიამ მოგმართათ პირბადეების შემოწმების თხოვნით?
  • რამდენი დადებითი შეფასება გაეცით და რამდენი უარყოფითი?
  • მოგვაწოდეთ თქვენ მიერ კომპანიებისთვის გაცემული პასუხების ასლები;
  • რა ტიპის შემოწმება უტარდება თქვენთან წარმოდგენილ პირბადეებს და ეს ტესტირება არის თუ არა ფასიანი (თუ კი, რამდენია შემოწმების საფასური)?
  • დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ან ლუგარის ლაბორატორიას, აქვს თუ არა შესაბამისი სერტიფიკატი, უფლებამოსილება, რაც მას პირბადეების შემოწმების საფუძველს აძლევს?
  • თქვენგან გაცემული შეფასება, დასკვნა, წერილი შეიძლება თუ არა მიჩნეული და მოხსენიებული იყოს, როგორც შემოწმების შედეგად გაცემული სერტიფიკატი?
  • რამდენიმე საჯარო წყაროში საუბარია, რომ პირბადეები მზადდება ლუგარის ლაბორატორიის მიერ დადგენილი სტანდარტით, გთხოვთ, არსებობის შემთხვევაში, მოგვაწოდოთ ამ სტანდარტის განმსაზღვრელი დოკუმენტი.

პასუხზე უარი დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საგანგებო მდგომარეობისას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე დაწესებული შეზღუდვით ახსნა.

XS
SM
MD
LG