Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი კანონმდებლობას მხოლოდ რუსულად თარგმნის და ტვირთავს


საქართველოს პარლამენტში ყველა მიღებული კანონი მხოლოდ რუსულ ენაზე ითარგმნება. ქართული კანონმდებლობის რუსულად თარგმნა და შემდგომ კომპიუტერული უზრუნველყოფა პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს ევალება. ამას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის აპარატის დებულება. დებულების მოქმედი რედაქცია 2006 წლის იანვრიდანაა ძალაში და მასში დღემდე შესული შესწორებები ამ რეგულაციას არ შეხებია.

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო აქტების მხოლოდ რუსულ ენაზე თარგმნასთან დაკავშირებით ინფორმაცია საზოგადოებას სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანმა თათული თოდუამ მიაწოდა. „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე მან გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც იმედს გამოთქვამს, რომ ეს პრაქტიკა შეიცვლება:

„საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული უკლებლივ ყველა კანონი

თათული თოდუა
თათული თოდუა

და სხვა აქტი პარლამენტის აპარატის მიერვე ითარგმნება რუსულ ენაზე და დევს პარლამენტის ვებგვერდზე. სხვა ენაზე, მაგალითად ინგლისურად, არც ითარგმნება და შესაბამისად, არც დევს. პარლამენტის თავმჯდომარის დამტკიცებულია დებულება, რომელიც აპარატის კონკრეტულ დეპარტამენტს ავალებს პარლამენტის მიერ მიღებული აქტების რუსულ ენაზე თარგმნას (დებულების 21-ე მუხლის "გ" ქვეპუნქტი). არ მესმის ამ საქმიანობის მიზანშეწონილობა. იმედი მაქვს, შეიცვლება“, - წერს თათული თოდუა.

დებულების თანახმად, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონებისა და სხვა აქტების მხოლოდ რუსულ ენაზე თარგმნის ფაქტს რადიო თავისუფლებას პარლამენტის აპარატში დაუდასტურეს. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ განგვიმარტა, რომ პარლამენტში ქართული კანონმდებლობის რუსულად თარგმნის პრაქტიკა დღეს არ დაწყებულა და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ყველა ხელისუფლების პირობებში არსებობდა.

რაც შეეხება ამ პრაქტიკის მიზანსა და მიზანშეწონილობას, გივი მიქანაძის თანახმად, ეს არის მეგობარი ქვეყნების დახმარება და საქართველოში არსებული წარმატებული რეფორმების გაზიარება:

ჩვენი რეგიონის ქვეყნები, განსაკუთრებით აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის წევრი ქვეყნები, როგორებიცაა ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი საერთაშორისო საკომუნიკაციო ენად, მასალების გაცნობის კუთხით, ძირითადად იყენებენ რუსულ ენას, ასევე ყაზახეთი და ცენტრალური აზიის ქვეყნები. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოში მიმდინარე წარმატებული რეფორმებით.

როდესაც მათი მაღალი რანგის დელეგაციები ჩამოდიან საქართველოში რეფორმების და წარმატებების გასაცნობად, მათ ყოველთვის უჩნდებათ შეკითხვა, თუ არის შესაძლებელი რომ კანონმდებლობა მათთვის

გივი მიქანაძე
გივი მიქანაძე

ხელმისწავდომ ენაზე იყოს მიწოდებული. აქედან გამომდინარე ჩვენთვის ამ დოკუმენტების თარგმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ის არის, რომ ჩვენი რეგიონის ქვეყნებს ხელი შევუწყოთ, რომ ის რეფორმები, რაც ჩვენთან ხორციელდება წარმატებით და რომლითაც ჩვენ ლიდერი ქვეყანა ვართ რეგიონში, ხელმისაწვდომი გახდეს მათთვის. ეს არის ძირითადი მიზეზი თუ რატომ ხდება ამ კანონმდებლობის რუსულად თარგმნა“, - გვითხრა გივი მიქანაძემ. მან აღნიშნა, რომ, რა თქმა უნდა, დოკუმენტების ინგლისურად თარგმნა პრიორიტეტად რჩება, მაგრამ რადგან ამას იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური ორგანო „ საკანონმდებლო მაცნე“ აკეთებს, სახელმწიფო ორმაგი ხარჯის გაწევისგან თავს იკავებს:

„ორივე სახელმწიფო უწყებები ვართ და შესაბამისად „მაცნეს“ მეშვეობით კანონმდებლობა ხელმისაწვდომია ინგლისურად. ამიტომ ინგლისურად ჩვენ აღარ ვთარგმნით იმიტომ, რომ ამას „მაცნე“ აკეთებს“, - გვითხრა გივი მიქანაძემ. მისივე განმარტებით, „საკანონმდებლო მაცნეზე“ პარლამენტის მიერ თარგმნილი კანონები და სხვა აქტები რუსულადაც იტვირთება, რასაც ვერ ვიტყვით პარლამენტზე. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ინგლისურად ატვირთულია მხოლოდ ისეთი ძირითადი კანონები, როგორებიცაა კონსტიტუცია და რეგლამენტი.

საქართველოს პარლამენტში მიღებული საკანონმდებლო აქტების თარგმანზე პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტში 6 პირია დასაქმებული.

XS
SM
MD
LG