„დღევანდელ პერფორმანსში არის წითელი ლენტი, რაც სიმბოლურად არის ნიშანი იმისა, რომ ხელისუფლებამ პარლამენტის ქუთაისიდან გადატანით გადაკვეთა წითელი ხაზი“, - ამბობს ეკა ფხაკაძე, წევრი სამოქალაქო მოძრაობისა „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“.
მოძრაობის წარმომადგენლები შეუერთდნენ ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში მხატვრების აქცია-პერფორმანსს, რომელიც მათ საგანგებოდ დაამთხვიეს ქართული პარლამენტარიზმის ასი წლის იუბილეს. ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის წინააღმდეგ მიმართულ აქციას შეუერთდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. ეკა ფხაკაძის შეფასებით, საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ პარლამენტი თბილისში მოტყუებით დააბრუნა, რადგან ყველა არჩევნების წინ ქუთაისელებს ჰპირდებოდა საპარლამენტო ქალაქის სტატუსის შენარჩუნებას:
„პარლამენტარიზმის იდეა არის კონსენსუსი. არავის უკითხავს ჩვენთვის, როდესაც პარლამენტი გადაიტანეს, სულ გვატყვუებდნენ. რამდენჯერაც გვქონდა პროტესტი, იმდენჯერ გვითხრეს: რას აპროტესტებთ, არსად არ მიგვაქვსო. ცუდად მოიქცნენ, უცებ მოხდა გადატანა, თუმცა ჩვენი მოთხოვნა არ არის პოსტფაქტუმ. ჩვენ გვქონდა საპარლამენტო ქალაქის სტატუსი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ქუთაისის განვითარებისთვის, და ვითხოვთ დაბრუნებას“, - ამბობს ეკა ფხაკაძე.
ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში გამართული აქცია-პერფორმანსის ინიციატორმა მხატვრებმა თავისი პროტესტი საგანგებოდ შექმნილი პლაკატებით გამოხატეს. მხატვარ ირაკლი ჩოგოვაძის თქმით, პროტესტი, ზოგადად, მიმართულია რეგიონების მიმართ ხელისუფლების დღევანდელი პოლიტიკის წინააღმდეგ:
„ეს არის მოქმედი ხელისუფლების და მმართველი პარტიის უგუნური ქმედება და მიმდინარეობს საზოგადოების ‘გალურჯება’“.
მხატვარი ბარნაბ ფხაკაძე ქუთაისიდან პარლამენტის გადატანას ქალაქისთვის ფეხის გადაბიჯებად აფასებს:
„პროტესტი გამოვხატე ნახატით. გადაიტანეს, გააგდეს პარლამენტი ქუთაისიდან და ვითხოვ დაბრუნებას, რადგან პარლამენტი ქუთაისისთვის ნიშნავს ეკონომიკურ განვითარებას, რასაც მოჰყვება კულტურის და სხვა სფეროების განვითარება“.
მხატვრების აქციას შეუერთდა „თეატრის მოღვაწეთა კავშირის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ლევან როხვაძე. მისი თქმით, აუცილებელია ქუთაისისთვის ფუნქციის განსაზღვრა, რათა ქალაქი მოსახლეობისგან არ დაიცალოს:
„45 % მოსახლეობის გასულია ქალაქიდან და ეს მხოლოდ ჩვენი საქმე არ არის, ამის მიმხედავი უნდა ვიყოთ ყველა და სასწრაფოდ დაუბრუნდეს ქალაქს ფუნქცია. მე პარლამენტზე მეტს ვითხოვ ქუთაისისთვის“.
ქუთაისში პარლამენტის დაბრუნების მოთხოვნას დაგვიანებულად არ მიიჩნევს აქციის მონაწილე ია იაშვილი. მისი აზრით, რეგიონს განვითარების სხვა პერსპექტივა არ აქვს:
„საქართველოს პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანა ანტისახელმწიფოებრივია და ქვეყანა, რომელიც ნებაყოფლობით კარგავს თავის რეგიონებს, ის ქვეყანა აფხაზეთს ვერ დაიბრუნებს. რაც შეეხება ხარჯებს, ხარჯებზე მოფიქრალი ხელისუფლება დღეს არ გვყავს, რადგან გაცილებით ძვირი დაუჯდება ქვეყანას დაცარიელებული რეგიონები“.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომიდან 100 წლისთავზე ქუთაისში პარლამენტის დატოვების მოთხოვნას სიმბოლურად მიიჩნევს სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბის, „თაობათა დიალოგის“, წარმომადგენელი ნუგზარ კოხრეიძე:
„მოვუწოდებთ ცენტრალურ ხელისუფლებას გადახედოს მის პოლიტიკას რეგიონების მიმართ და შეასრულოს მის მიერ 2012 წლიდან გაცემული დაპირებები, რომ პარლამენტი იფუნქციონირებს ქუთაისში, ქუთაისს ექნება საპარლამენტო ქალაქის სტატუსი, გააძლიეროს დეცენტრალიზაცია და ძალაუფლების დეკონცეტრაციის პროცესი“.
შეკითხვაზე, რამდენად რეალურია ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნება, აქცია- პერფორმანსის ერთ-ერთი მონაწილე, ციცი ჯინჯიხაძე, გვიპასუხებს:
„არასოდეს თქვა „არასოდეს“, ეს იქნება ჩემი პასუხი, თუ რამდენად გვაქვს შანსი პარლამენტის დაბრუნებისა“.
ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში გამართული აქცია-პერფორმანსის მონაწილეთა განცხადებით, ქალაქიდან პარლამენტის გადატანას პერმანენტულად გააპროტესტებენ და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დაბრუნებას მოითხოვენ.