Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვლავ სადავოა „ოქროს ჩარდახის“ აღდგენის პროექტი


დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ქუთაისში არასწორად მიმდინარეობს ოთხი საუკუნის წინანდელი ნაგებობის „ოქროს ჩარდახის“ რეკონსტრუქცია.
დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ქუთაისში არასწორად მიმდინარეობს ოთხი საუკუნის წინანდელი ნაგებობის „ოქროს ჩარდახის“ რეკონსტრუქცია.

არქიტექტორები, ხელოვნებათმცოდნეები, ისტორიკოსები და ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტები კვლავ მოითხოვენ იმერეთის მეფეთა რეზიდენციის რეკონსტრუქციის შეჩერებასა და პროექტის შეცვლას.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული კატეგორიის ძეგლის, მე–17–ე საუკუნის მეფეთა რეზიდენციის არქიტექტურული ანსამბლიდან დღემდე მოღწეული ერთადერთი ნაგებობის „ოქროს ჩარდახის“ რესტავრაცია გასული წლის მარტში დაიწყო. საზოგადოების კრიტიკული გამოხმაურების შემდეგ, ქალაქის მერიამ მშენებელ კომპანიას კონტრაქტი რამდენიმე თვეში შეუწყვიტა და დააჯარიმა, ოქტომბერში კი ტენდერის მესამედ გამოცხადების შემდეგ შეარჩია ახალი კომპანია, რომელმაც გააგრძელა სარეკონსტრუქციო სამუშაოები. სამოქალაქო მოძრაობის „ოქროს ჩარდახის“ წევრები და დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ძეგლის რეკონსტრუქცია არასწორად მიმდინარეობს, რაც ქუთაისში ოთხი საუკუნის წინანდელ ერთადერთ საერო ნაგებობას ავთენტიკურ იერსახეს უკარგავს.

რემონტი რეკონსტრუქციის ნაცვლად

ოთხი საუკუნის ორსართულიან საერო ნაგებობას წითელი აგურით უკვე დააშენეს მაღალი პარაპეტი, ერთგვარი მოაჯირი, რომელსაც ნათალი ქვის ფილებით აპირკეთებენ, პარაპეტის ქვემოთ მოჩანს ხის ბოძები, რომლებსაც აივნების გადახურვა უნდა დაეყრდნოს, აივნების იატაკი კი აგურითა და დუღაბით ამოყვანილ მსხვილ ბოძებზე განთავსდება. ჯერჯერობით თავისუფალია პირველი სართულის თაღები, რომლებიც პროექტის მიხედვით მინის ვიტრაჟებით უნდა დაიხუროს. სატენდერო დოკუმენტაციით განახლდება „ოქროს ჩარდახის“ ეზოს მოპირკეთება და ღობის ლითონის ნაწილი, რომელიც ქვით მოპირკეთებულ ბაზაშია ჩამაგრებული და ახლა არსებული შედარებით მსუბუქი კონსტრუქცია, შავი ფერის უფრო მაღალი ღობით იცვლება.

„საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნაა შეჩერდეს სამუშაოები "ოქროს ჩარდახში" და დაუყოვნებლივ მოხდეს სპეციალისტთა ფართო წრის ჩართულობა ძეგლისთვის ავთენტურობისა და უნიკალურობის შესანარჩუნებლად“, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, ფოკი ფაჩულია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეკონსტრუქციას „რემონტს“ ადარებს და დასძენს, რომ დამკვეთისთვის და შემსრულებლისთვის პროექტის ვადები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე „ოქროს ჩარდახის“ პირვანდელი სახის შენარჩუნება:

„ამ ეტაპზე, "ოქროს ჩარდახის" რემონტი აქტიურ ფაზაშია. როგორც ჩანს, ძალიან ჩქარობენ ძეგლის იერსახის დამახინჯებას. მშენებელი კომპანიის წარმომადგენლის თქმით, სამუშაოები, სულ რაღაც, 2 თვეში მთლიანად იქნება შესრულებული. გარდა იმისა, რომ პროექტი არ შეიცვალა, მსგავს შემჭიდროებულ ვადებში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მუშაობა საშიში პრეცედენტია. ნაჩქარევად მასზე "მუშაობა" ახალ საფრთხეებს აჩენს. ძეგლი საჭიროებდა და საჭიროებს დაკვირვებით მუშაობა-გამოკვლევას, რაშიც, სულ მცირე, არქიტექტორისა და რესტავრატორის აქტიურად ჩართვა და პროცესების მათი დაკვირვების ქვეშ წარმოება იგულისხმება“, – ამბობს ფოკი ფაჩულია, რომლის თქმითაც, რესტავრაცია–რეკონსტრუქციის პროცესში ჩართული არაა არც არქიტექტორი და არც რესტავრატორი:

„საზოგადოებამ ეს აუცილებლად უნდა იცოდეს. ნორმალურ შემთხვევაში, პარალელურად, ძეგლის ფენების კვლევა უნდა მიმდინარეობდეს. მხოლოდ ფორმალურად არის გაწერილი არქიტექტორთა თითქოსდა ჩართულობა. მაგრამ ეს სიმართლესთან ახლოსაც არაა“.

სამოქალაქო აქტივისტის თქმით, პროტესტი 9 თვეა მიმდინარეობს და ამ ხნის განმავლობაში შეკითხვები კლების ნაცვლად, მრავლდება: „უფლებამოსილი პირები თავს ანგარიშვალდებულად არ თვლიან საზოგადოებას ესაუბრონ და ინფორმაცია მიაწოდონ“.

გაორმაგებული თანხა იგივე პროექტისთვის

სპეციალისტების უკმაყოფილების მთავარ მიზეზად რეაბილიტაციის პროცესის ყველა ეტაპზე პროფესიონალური მიდგომის ნაკლებობას ასახელებს, საინიციატივო ჯგუფის „ოქროს ჩარდახის“ წევრი, სოფო ზვიადაძე. კულტურის მკვლევარს მიაჩნია, რომ პროცესი არასწორად დაიგეგმა და არარაციონალურად განისაზღვრა თანხა, რადგან

მიუხედავად იმისა, რომ პროექტი არ შეცვლილა, სამუშაოების ღირებულება თითქმის გაორმაგდა: თუ პირველი კომპანია „ივერთშენი“ ძეგლის რეკონსტრუქციას 955 555 ლარად ასრულებდა, ახალშერჩეულ კომპანია „მანე ლუქსს“ მერია მილიონ 752 910 ლარს გადაუხდის.

„როდესაც გამოჩნდა, რომ არსებული პროექტი საკამათოა, ნაცვლად იმისა, რომ მერიას დაეწყო სამუშაო შეხვედრები პროფესიონალებთან, ეცადა ეპოვა ისეთი კომპანია, რომელიც სწრაფად დაასრულებს სამუშაოებს. მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ და პროფესიულმა წრეებმა გამოთქვეს კრიტიკული შეხედულებები, იყო შესაძლებლობა და შანსი, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ისე წარემართა პროცესი, რომ ჩვენ არ დაგვეკარგა გვიანი შუა საუკუნეების ძეგლი ქუთაისში. თავისუფლად შეიძლებოდა, ახალი გარემოებების და ცოდნის საფუძველზე ქუთაისის მერიას მიეცა ახალი დავალება პროექტის ავტორებისთვის. მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მონაწილეობითი დემოკრატიის და საჯარო მმართველობის სისუსტე გამოავლინა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვას სხვა ღირებულებები არჩია“, – ამბობს სოფო ზვიადაძე.

კულტურის მკვლევრის თქმით, დაჩქარებული ტემპით მიმდინარე სამუშაოები ვერ უზრუნველყოფს ხარისხს.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის იერსახის ცვლილებას აპროტესტებს სამოქალაქო აქტივისტი მიხეილ მუმლაძეც, მისი თქმით, დაუშვებელია მსგავსი მიდგომა ისტორიული მნიშვნელობის „ოქროს ჩარდახის“ მიმართ, „თითქოს სოფლის მარანს აშენებენ, აგურით დააშენეს პარაპეტი და აპირკეთებენ ქვით, რაც უკარგავს ავთენტიკურ იერსახეს „ჩარდახს“ ამასთან სრულიად დაუსაბუთებლად ამოაშენეს ეს პარაპეტი, რაც ცვლის გადახურვას, აფართოებენ იმ აივნებს, რომელიც ძეგლს კომუნისტურ ეპოქაში მიადგეს“.

სიტყვიერი დაპირება და უცვლელი დოკუმენტები

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის „ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაციისთვის საუკეთესო მეთოდოლოგიის განსაზღვრამდე რესტავრაცია-რეაბილიტაციის შეჩერების მოთხოვნით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიმართეს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა, ქართული ქალაქების საერო არქიტექტურის მკვლევარმა, არქიტექტურის ისტორიკოსმა მაია მანიამ და შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების მკვლევარმა, ხელოვნებათმცოდნემ ირინე ელიზბარაშვილმა. სპეციალისტები საინიციატივო ჯგუფის მოწვევით, ქუთაისის მერიაში აგვისტოში გამართულ შეხვედრაშიც იღებდნენ მონაწილეობას. როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრი ფოკი ფაჩულია ამბობს, ამ შეხვედრაზე მათ მერიისგან მიიღეს სიტყვიერი დაპირება პროექტის ზოგიერთი ნაწილის ცვლილების შესახებ, რაც ამ დრომდე არ ასახულა დოკუმენტებში:

„ 11 აგვისტოს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც საინიციატივო ჯგუფი 4 თვის განმავლობაში ითხოვდა, გაიჟღერა დაპირებამ, რომ "ოქროს ჩარდახის" პირველი სართული არ შეიმინება, როგორც ეს პროექტშია მოცემული. მნიშვნელოვანია ამ დაპირების შესრულება, რადგან პირველ სართულზე ამ არქიტექტურული ძეგლის ავთენტიკური ღია თაღებია, რომელთა ვიტრაჟებით ამოვსება ისტორიულ იერსახეს საბოლოოდ დაუკარგავს „ოქროს ჩარდახს“.

„ოქროს ჩარდახის“ კონცეფცია და ფუნქცია კვლავ ბუნდოვანია

საინიციატივო ჯგუფის წევრებს, რეკონსტრუქციის პარალელურად პრობლემად მიაჩნიათ ისტორიული ძეგლის ფუნქცია. შენობის ფუნქციური ადაპტაციის წინასწარ განსაზღვრას აუცილებლად მიიჩნევს კულტურის მკვლევარი სოფო ზვიადაძე: „პროფესიონალიზმი მოითხოვს, რომ წინასწარ იყოს ცნობილი ამ შენობის გამოყენების კონცეფცია. ხელოვნებათმცოდნის დასკვნაში, სავარაუდოდ და გაკვრით არის ნახსენები მუზეუმი. თუ ამ შენობაში იგეგმება მუზეუმი, მაშინ ამ საკითხზე უკვე უნდა მუშაობდეს სპეციალისტების ჯგუფი, მზადდებოდეს, მუზეუმი კონცეფცია, უნდა ვიცნობდეთ ასეთ დოკუმენტს. რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვები: რისი მუზეუმი, რომელი ექსპონატების საფუძველზე? ჩნდება ეჭვი, რომ არ არის გააზრებული რა არის მუზეუმი და ახალი მუზეუმის შექმნა ქალაქში ან ძეგლისთვის სხვა ფუნქციაა ჩაფიქრებული, რომლის გაჟღერებასაც ერიდებიან. ოქროს ჩარდახი უპირველესად უნდა იყოს საზოგადოებრივი სივრცე და მისი ფუნქციური დატვირთვაც თანხვედრაში უნდა იყოს მემკვიდრეობის ღირებულებებთან“.

საინიციატივო ჯგუფ „ოქროს ჩარდახის“ წევრი, ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი მათე ჩაფიჩაძე ისტორიული ძეგლის რესტავრაციის პროცესში პროექტის დამკვეთის, ქუთაისის მერიის როლს გამოკვეთს და ამბობს, რომ მერია ვალდებულია საზოგადოების კრიტიკული მოსაზრებები გაითვალისწინოს, იმგვარად რომ ძეგლი ავთენტიკურად შენარჩუნდეს და ამისთვის საჭირო იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შესაბამისი საბჭოსთვის მიმართვა: „თვითმმართველობამ სწორად უნდა გათვალოს, დაინახოს და მიხვდეს, რომ ეს არ არის კონკრეტული ადამიანის აჩემება, ლაპარაკია, რომ ძეგლი უნდა დარჩეს ქალაქს და მთავარია დარჩეს ავთენტიკური სახით. იმერეთში ვართ ჩვენ და სხვა კუთხისთვის, თუნდაც კახეთისთვის დამახასიათებელი ელემენტები არ უნდა დაამატონ ძეგლს“.

ქუთაისის მერიამ გასულ წელს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნებული განცხადებით ახსნა ძეგლის რეკონსტრუქციის საჭიროება, რომლის მიხედვით, კონსტრუქციული ელემენტების მდგომარეობის გამო გადაწყდა „ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია და მერიამ პროექტზე მუშაობა 2021 წლიდან დაიწყო. ქუთაისის მერიის ინფორმაციითვე, სრული საპროექტო დოკუმენტაცია მოამზადა კომპანია „ემენ პროექტმა“, რომელსაც აქვს გამოცდილება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეკონსტრუქციის პროექტზე მუშაობის. ისტორიულ –არქიტექტორული კვლევა საწყის ეტაპზე მოამზადა ხელოვნებათმცოდნე ლალი ანდრონიკაშვილმა, „კვლევამ შესაძლებლობა მოგვცა ჩამოგვეყალიბებინა ძეგლის რეაბილიტაციის ხედვა, რის საფუძველზეც მომზადდა და დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთან შეთანხმდა დეტალური პროექტი“. მერიის პოზიცია ამჟამადაც უცვლელია, ქუთაისი მერის, იოსებ ხახალეიშილის მედიასთან გაკეთებული კომენტარით, პროექტი ვერ შეიცვლება, რადგან ის მოიწონა სააგენტოს 10 ექსპერტისგან შექმნილმა კომისიამ, სამშენებლო კომპანია ასრულებს სამუშაოებს და ზედამხედველობას სააგენტო უწევს.

მე–17–ე საუკუნის მეფეთა რეზიდენციის დღემდე მოღწეულ ერთადერთ ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი აქვს.
მე–17–ე საუკუნის მეფეთა რეზიდენციის დღემდე მოღწეულ ერთადერთ ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი აქვს.

„სამწუხაროდ, ამ ძეგლის რეაბილიტაცია აჩვენებს თუ როგორია და როგორი იქნება ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. ის გვიჩვენებს ასევე იმ ხარვეზებს და გულგრილობას, რომელიც გამოიჩინა ქუთაისის კულტურული მემკვიდრეობისადმი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ. - ამ პროცესის რომელიმე ეტაპზე, ვინმეს რომ გამოეჩინა ან პოლიტიკური ალღო ან პასუხისმგებლობის გრძნობა, ან პროფესიონალიზმის მინიმალური სტანდარტი, ჩვენ რეაბილიტაციის სამაგალითო ნიმუშს მივიღებდით. ჯერ კიდევ არის შანსი, რომ ბოლომდე არ დაიკარგოს ეროვნული კატეგორიის ძეგლი ოქროს ჩარდახი“, –ამბობს კულტურის მკვლევარი, სოფო ზვიადაძე

XS
SM
MD
LG