თურქეთში იტბორება ქალაქი იუსუფელი და სოფლები, რომლებიც ისტორიულ ტაოში მდებარეობს. ართვინის პროვინციაში კაშხლების კასკადი შენდება. ისტორიკოსმა ბუბა კუდავამ და მკვლევარმა ზურაბ ბატიაშვილმა მოინახულეს ტერიტორია, რომელიც მალე წყლით დაიფარება. იკარგება თუ არა მნიშვნელოვანი ქართული კულტურული კვალი - ამ თემაზე რადიო თავისუფლება ბუბა კუდავას ესაუბრა.
- ბატონო ბუბა, რა დაგხვდათ თურქეთში?
- ვიჩქარეთ, რომ დროულად ჩავსულიყავით და ადგილზე გვენახა, რა ხდებოდა. ძველი იუსეფელის რაიონში ვიყავით, რამდენიმე ისტორიული ძეგლი მოვინახულეთ.
- ეს ტერიტორია ისტორიული საქართველოს რა ნაწილია?
-ეს არის ისტორიული ტაო. ტაო საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს და მიკროპროვინციებად იყოფა. იუსუფელი ისტორიულ ტაოში ერთ-ერთი ადმინისტრაციულ-ეკონომიკური ცენტრია. ის განსაკუთრებით პოპულარულია ქართველ ტურისტებში. ქართველები ტაო-კლარჯეთს რომ მოინახულებდნენ, იუსუფელში ჩერდებოდნენ. ის, როგორც ქალაქი, არ არსებობდა, 1950-იან წლებში, რამდენიმე ძველი ქართული სოფლის გაერთიანების შედეგად დაარსდა.
მეოცე საუკუნის ბოლოს თურქეთში კაშხლების კასკადის მშენებლობა რომ დაიწყო, მაშინვე ყველამ იცოდა, რომ იუსუფელი ჩაიძირებოდა, ვარაუდობდნენ, რომ გაცილებით ადრეც. ამ კაშხლებისთვის კიდევ უფრო დიდი ტერიტორია დაიტბორება. საერთო ჯამში, 225 მეტრზე აიწევს წყლის დონე, რაც საკმაოდ დიდი სიმაღლეა.
- ქართული დასახლებები იქ კიდევ იყო დარჩენილი?
- იქ დღეს არც ერთი ქართული სოფელი არ არის, მაგრამ ძველად სავარაუდოდ ქართველებით იყო დასახლებული. ამაზე ადგილობრივი ტოპონიმებიც მეტყველებს, მაგალითად, იუსუფელი რამდენიმე დასახლების საფუძველზე ჩამოყალიბდა და იქ გვხვდება სოფლები, უბნები სახელწოდებებით: ახალთა, კოწახურა, ხამზეთი... ამ რეგიონს ისტორიულად პარხალი ჰქვია. პარხალი გარდა იმისა, რომ პუნქტი და გამორჩეული ქართული მონასტერი არის, მიკრორეგიონის სახელწოდებაცაა. ისტორიულ პარხალში ტოპონიმების უმეტესობა ქართულია, რაც მეტყველებს იმაზე, რომ აქ ადრე ქართველები ცხოვრობდნენ. სხვათა შორის, პირად საუბრებში ამას ადგილობრივი თურქებიც ამბობენ - ყველა არა, მაგრამ ნაწილი - აქ ადრე 80-90 პროცენტი ქართველები იყვნენ და ჩვენ მათი შთამომავლები ვართო.
- პარხლის მონასტერს რამე ხომ არ ემუქრება?
- საბედნიეროდ, არც აქ და არც სხვა კაშხლების შემთხვევაში საყოველთაოდ ცნობილ ისტორიულ ძეგლებს არაფერი ემუქრება. თუმცა, წყალი საკმაოდ ახლოს მივა ოთხთა ეკლესიასთან, პარხალთანაც სადღაც 15-20 კილომეტრშია. ეს ამ მონასტრებისთვის ახალი, რთული გამოწვევაა. ისედაც ცუდ მდგომარეობაში იყვნენ. პარხალს, მართალია, ჩაუტარდა რესტავრაცია, მაგრამ ოთხთა ეკლესიას - ჯერჯერობით არა. მომატებული ტენიანობა მათ კიდევ მეტ საფრთხეს შეუქმნის.
- ოთხთა ეკლესიაზე რომ გვიამბოთ.
- ოთხთა ეკლესიაც და პარხალიც მეათე საუკუნის სამონასტრო კომპლექსებია, შუა საუკუნეების საქართველოს საეკლესიო და კულტურული კერები. ესენი ქართული არქიტექტურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზილიკებია. ზომით მხოლოდ დოლოჭოპის ბაზილიკას თუ ჩამოუვარდებიან, რომელიც ისტორიული ნეკრესის ტერიტორიაზე ახლახან გამოავლინეს.
- რომელი ძეგლები იტბორება?
- იტბორება ისტორიული დასახლებები, რომლებიც არამცთუ საუკუნეები, ალბათ ათასწლეულები არსებობდა. იკარგება ამ ტერიტორიის არქეოლოგიურად შესწავლის შესაძლებლობა. არქეოლოგიური კვლევები აქ ფაქტობრივად არ ჩატარებულა, არსად, არცერთ პუნქტზე. იკარგება ტოპონიმია, ხალხური ყოფა-ცხოვრების, ხალხური კულტურის ნიმუშები. მართალია, მეცნიერები ამ კუთხით აქ თვეების განმავლობაში მუშაობდნენ, მაგრამ დატბორვის შემდეგ მაინც ძალიან ბევრი რამ დაიკარგება. ადგილობრივებში არსებული ინფორმაციის სრულად მოპოვება რამდენიმე ექსპედიციით შეუძლებელია. ახლანდელი მოსახლეობა დროთა განმავლობაში გაიფანტება. ძველი იუსუფელის მიმდებარედ ახალი დასახლებები გაშენდა, მაგრამ მოსახლეობის ნაწილს კომპენსაცია მისცეს და ისინი სხვაგან გადასახლდებიან.
- ანუ იტბორება ტერიტორია და არა ძეგლები, თუ ძეგლების ნაწილიც აღმოჩნდება წყალქვეშ?
- მაგალითად, ხამზეთის ტაძარი - მცირე ზომის ეკლესია კლდოვან გორაზე. სახურავი ჩაქცეული ჰქონდა, მაგრამ კედლები შემორჩენილი იყო. ეს ტაძარი ორიოდე კვირის წინ მთლიანად მოექცა წყალში. წყალი უახლოვდება ჭალის ეკლესიასაც. ამ მცირე ექსპედიციისას დაგუბებული ჭოროხი ნავით გადავკვეთეთ და ვნახეთ. მეათე-მეთერთმეტე საუკუნეების დარბაზული ეკლესიაა, სხვა ძეგლებთან შედარებით საკმაოდ კარგად შემორჩენილი, სახურავიც აქვს. შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები, წარწერა. ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, წყლის ქვეშ მოექცევა.
- რა წარწერაა?
- სავარაუდოდ, ეს არის მოხატულობის განმარტებითი წარწერა, ბოლომდე გაშიფრული არ გვაქვს. მოხატულობის გარჩევა ალაგ-ალაგ არის შესაძლებელი. მაქსიმალურად გადავიღეთ ფოტოები. რამდენადაც ვიცი, გაზომილი არის ეს ეკლესია, თუმცა, არქეოლოგიურად შესწავლილი არაა.
გარდა ამისა - ამ ინფორმაციას ვერ ვადასტურებ - მაგრამ არის ასეთი ცნობაც, რომ შესაძლოა წყლის ქვეშ მოექცეს კავკასიძეების ციხეც. კლდეზეა აშენებული, საკმაოდ მიუდგომელ ადგილას. 2005 წელს მქონდა საშუალება, ავსულიყავი. ექვთიმე თაყაიშვილის მერე იქ მკვლევარს ფეხი არ დაედგა და არც ჩვენ მერე ასულა ვინმე. აქაც არის მოხატულობა, არის წარწერები დიდი რაოდენობით. ადრე ვიცოდით, რომ ეს ციხე ერთგვარ კუნძულად დარჩებოდა, მაგრამ შესაძლოა ისეც წყალქვეშ მოექცეს. რაც შეეხება ციხის სახელწოდებას, ასე შეარქვეს, რადგან ციხეში შემორჩენილია ეკლესია, სადაც წარწერიდან ირკვევა, რომ ის კავკასიძეებს ეკუთვნოდათ.
ასევე არის სოლექის ციხეც, შედარებით ნაკლებად ცნობილი, ესეც შეიძლება დაიტბოროს.
- რომელი ერისთავების დაქვემდებარებაში იყო ეს ტერიტორია?
-გვიან შუა საუკუნეებში - კავკასიძეების. ეს არის ერთგვარი სასაზღვრო ზოლი. უშუალოდ საზღვარი უფრო სამხრეთით იყო, მაგრამ იქ, ჭოროხის პირას ციხესიმაგრეების ქსელია. აქ საქართველოში მოსახვედრი ერთ-ერთი ცენტრალური გზა გადიოდა და კარგად იცავდნენ.