ჯვრის მონასტერს რეაბილიტაცია სჭირდება, ამბობენ ძეგლთა დაცვის სპეციალისტები. საფრთხის ქვეშ არის როგორც ინტერიერი, ასევე ფასადის ქვები.
მეექვსე საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მძიმე მდგომარეობის შესახებ იციან როგორც ქვეყნის შიგნით, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსა და კულტურის სამინისტროში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებიც ძეგლთა დაცვის მიმართულებით მუშაობენ.
ამერიკის საელჩოს დაფინანსებით ჩუბინაშვილის კვლევით ცენტრში მომზადებულია ფასადის ქვების საკონსერვაციო პროექტი და გამოყოფილია თანხა სამუშაოების ჩასატარებლადაც, დაახლოებით 600 000$. პროექტი წელიწადზე მეტია ვერ იწყება იმის გამო, რომ კულტურის სამინისტრო ხელს არ აწერს სამუშაოების ჩასატარებელ ნებართვას. საერთაშორისო პროექტის შეფერხების პარალელურად კი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გამარტივებული წესით, კონკურსის გარეშე ყიდულობს ტაძრის ინტერიერის გადარჩენისთვის საჭირო საპროექტო მომსახურებას.
რადიო თავისუფლება ჯვრის ფასადის კონსერვაციის პროექტის ხელმძღვანელთან, დავით ხოშტარიასთან ერთად ჩავიდა მცხეთაში, რათა ენახა მონასტრის ფასადის დაზიანების სიმძიმე.
დაზიანება არასპეციალისტისთვისაც თვალსაჩინოა - ფასადის ნაწილზე ქვები დაშრევებულია, ნაწილზე ღრმულები აქვს. მდგომარეობას ამძიმებს რამდენიმე ადგილას სახურავის დაზიანებული კრამიტი, საიდანაც წყალი კედლებზე ჩამოდის და ქვების დაშლას აჩქარებს. სახურავიდან წყლის ჩასვლის კვალი ჩანს ინტერიერშიც, საკურთხევლის ზემოთ.
დავით ხოშტარიას ვკითხეთ, შეიძლება თუ არა, ჯვრის მდგომარეობა ისევე დამძიმდეს, როგორც ეს გელათში მოხდა. გელათისგან განსხვავებით ჯვარში ფრესკები არ არის და ფასადის დაზიანებაც უფრო ნელი პროცესია, თუმცა კონსერვაცია ნამდვილად საჭიროა, - გვითხრა მან.
რადიო თავისუფლებამ სცადა გაეგო კულტურის სამინისტროსგან და საქართველოს საპატრიარქოსგან, რატომ ფერხდება კონსერვაციის პროექტის დაწყება - კულტურის სამინისტროში გვითხრეს, რომ ამ საკითხზე ჩუბინაშვილის ცენტრისთვის უნდა მიგვემართა, საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ კი მოგვწერა, რომ ამ საკითხს არ იცნობს.
დავით ხოშტარიასთან საუბარი რადიო თავისუფლებამ 24 თებერვალს მის მიერ საჯაროდ გავრცელებული წერილის შესახებ კითხვით დაიწყო.
ბატონო დავით, რა მოლოდინი გაქვთ მას შემდეგ, რაც წერილი გაავრცელეთ და ღიად ილაპარაკეთ პროექტის შეფერხებაზე?
რეაქცია ამის მერეც არ ყოფილა. ამ 15 თვის განმავლობაში იყო იმედები, რომ დაიძვრებოდა საქმე, მაგრამ არაფერი სასიკეთო არ ჩანს. ასე რომ, დიდი იმედი არ მაქვს, რომ ახლა დაიწყება.
თავის დროზე, ჩვენ არ ავტეხეთ ამბავი ამის გამო, საჯაროობას მოვერიდეთ, გვეგონა, რომ რაღაც შეთანხმებამდე მივიდოდით. საელჩო იყო ჩართული მოლაპარაკებებში, რაღაც კომპრომისებზეც მზად ვიყავით. არაფერი აქედან არ გამოვიდა, ვართ ზუსტად იმ წერტილში, სადაც ვიყავით 15 თვის წინ.
რა კომპრომისებზე იყავით თანახმა?
სამინისტრო ითხოვდა შეცვლილიყო პროექტის განმახორციელებელი, მინისტრს არ უნდოდა, რომ ეს ჩუბინაშვილის ცენტრს გაეკეთებინა. ეს შეუძლებელი იყო, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელშეკრულებაა, სადაც მითითებულია, რომ ცენტრია პროექტის განმახორციელებელი და მე ვარ ამ პროექტის ხელმძღვანელი.
იყო მცდელობა, რომ თავის ხალხი ჩაესვა პროექტში. საუბარი იყო პროექტის ხელმძღვანელის მოადგილეზე, იურისტსა და ბუღალტერზე. ჩვენ დავთანხმდით პროექტის ხელმძღვანელის მოადგილის ჩასმაზე, რომელიც კულტურის სამინისტროს შერჩეული ადამიანი იქნებოდა.
ანუ, სამინისტრო ითხოვდა, თავისი თვალი და ყური ჰქონოდა ამ პროექტში.
კი, და ითხოვდა არა ერთს, არამედ სამს. ფინანსებში, იურიდიულ საკითხებში და სპეციალურ საკითხებში. ამას შეეძლება მენეჯმენტის თვალსაზრისით ძალიან ცუდი შედეგები მოეტანა. ამაზე დათანხმება შეუძლებელია.
ახლა, როცა 15 თვე უშედეგოდ გავიდა, ფიქრობთ, რომ თქვენმა სიჩუმემ ამ დროის განმავლობაში სისტემის წისქვილზე დაასხა წყალი?
ძნელი სათქმელია. ამ კუთხით არც მიფიქრია. მე ძალიან მინდა, რომ ეს პროექტი განხორციელდეს. ჩვენ მოვამზადეთ საპროექტო წინადადება, წარვუდგინეთ დონორს, მოვიზიდეთ ძალიან დიდი თანხა, 606 ათასი დოლარი მხოლოდ ფიზიკური, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი დაზოგავს. მადლობას არავისგან არ ველი, მაგრამ ხომ შეიძლება ეს დააფასო და გამოიყენო. სრულიად აბსურდულია ეს დაყოვნება.
კულტურის სამინისტროს ბოლო პერიოდის პოლიტიკას თუ დავაკვირდებით, შეიმჩნევა საერთაშორისო პროექტების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება. ამ პრობლემამ ჯერ კიდევ ეროვნულ მუზეუმში იჩინა თავი, როცა რუსთაველის ფონდის დაფინანსებული 13 პროექტი დადგა საფრთხის ქვეშ. ხომ არ ფიქრობთ, რომ საერთო გეგმის ნაწილია, მოწყდეს ქართული კულტურული სივრცე საერთაშორისო კულტურულ სივრცეს და მაქსიმალურად ლოკალიზდეს?
არ მგონია, რომ ეს ასე იყოს, მიზანდასახულ პოლიტიკასთან გვქონდეს საქმე ამ მიმართულებით. გაღიზიანება უფრო ჩანს კულტურის სფეროს ინსტიტუციებისა და წარმომადგენლების დამოუკიდებლობის მიმართ. მე უფრო ვხედავ სამინისტროს ხელმძღვანელობის სურვილს, ეს სფერო რაც შეიძლება მეტად იყოს ფინანსურად დამოკიდებული სამინისტროზე.
რომ უკეთ მართოს?
რა თქმა უნდა.
საპატრიარქოსთან ხომ არ გქონდათ ჯვრის საკითხზე კომუნიკაცია?
თავის დროზე მივიღეთ საპატრიარქოს საბჭოდან ნებართვა პროექტის განხორციელებაზე, ეს აუცილებელი პროცედურაა, მას შემდეგ მათთან კომუნიკაცია არ ყოფილა, არც იყო აქამდე ამის საჭიროება. სამინისტრომ უნდა გასცეს საბოლოო ნებართვა სამუშაოების დაწყებაზე. ეს ადრე იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პრეროგატივა, მაგრამ შემდეგ გადაიბარა სამინისტრომ და მათი გასაცემია ეს ნებართვა. ყველაფერი მზად არის ამისთვის: საკონსერვაციო პროექტი არსებობს, თანხა გამოყოფილია, მაგრამ ნებართვა არ არის.
უცნაურია, რომ სამინისტრო ნებართვას არ გასცემს დამტკიცებულ, დაფინანსებულ პროექტზე, მაგრამ ამავე ძეგლზე იწყებს სხვა პროექტის შემუშავებას, რომელზეც დიდი არაფერი ვიცით, კაცმა რომ თქვას.
სასაცილოა, რა თქმა უნდა. სხვათა შორის, შეიძლებოდა ეს ორი პროექტი პარალელურად წასულიყო. ამით დროსაც მოვიგებდით და ეფექტიც მეტი იქნებოდა, თუნდაც კომუნიკაცია იქნებოდა შიგნით და გარეთ მომუშავე ჯგუფებს შორის. გასაგებია, მათ უნდათ შექმნან შთაბეჭდილება, „აი, ჯვარზე ვზრუნავთ”.
არაფერი ჯერ არ ვიცით, ითქვა, რომ ეს იქნება პირდაპირი შესყიდვის წესით, არ იქნება არც ტენდერი, არც კონკურსი. ვნახოთ, ვის შეარჩევენ. მაგრამ ეს ხანგრძლივი პროცესია. ჯვარი არის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი და ასე პირდაპირ ვერ მიადგები. უნდა მომზადდეს სარესტავრაციო-საკონსერვაციო პროექტი, ამ პროექტმა უნდა გაიაროს წინასწარი დამტკიცება სააგენტოს საბჭოზე, საპატრიარქოს საბჭოზე, შემდეგ წავიდეს იუნესკოში, მოწონებულ იქნას იქ და ამის შემდეგ საბოლოოდ კიდევ ერთხელ უნდა გავიდეს სამინისტროს საბჭოზე და იქ მიიღოს ნებართვა. ეს არა ერთი და ორი თვის ამბავია. ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მუშაობა უკვე პროექტზე, რომელიც ასევე არ არის ხანმოკლე პროცესი. ჩვენ მაგალითად თითქმის ერთი წელი ვმუშაობდით და დავდეთ 500-გვერდიანი დოკუმენტი. ამის გამო სამუშაოები (მალე) ვერ დაიწყება. არ ვიცი, რამდენ ხანში, როგორ და რა ხარისხით გააკეთებენ ამას.
თუ სამინისტრო ამბობს, რომ იქ ვაკეთებ სხვა პროექტს, ეს ნიშნავს, რომ აღიარებს ჯვრის პრობლემის არსებობას. თუ პრობლემა აღიარებულია, რატომ ფერხდება თქვენი პროექტი, რომელსაც ყველა ეს საფეხური უკვე გავლილი აქვს და სახელმწიფოსგანაც არ ითხოვს ფინანსებს?
განცხადებებში აქცენტი კეთდება ინტერიერზე, რომ იქ არის პრობლემა. ჟურნალისტურ მასალებშიც უფრო ინტერიერია აქცენტირებული. იღებენ ინტერვიუებს მრევლისგან, მღვდელმსახურებისგან და მათთვის, რა თქმა უნდა, ინტერიერის პრობლემები უფრო ხილულია. იქ პრობლემა მართლაც არის. იყო შემთხვევა, ქვა ჩამოვარდა.
ჩვენს შემთხვევაში, რომ იცოდეთ, რატომ შეირჩა ჩვენი პროექტისთვის საფასადო ქვების კონსერვაცია.
2018 წელს იყო ჩამოსული იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის, ICOMOS-ისა და ICCROM-ის ერთობლივი მისია და მათ, როგორც მთავარი პრობლემა, დასახეს საფასადო ქვების დეგრადაცია.
ჩამოთვლილიც კი იყო პრობლემები. ქვის მასალა, საშენი მასალის მატრიცა არის შესუსტებული, ამას მოჰყვება ქვების გაფხვიერება, ქვების განშრევება, ფიზიკურად ჩამოცვენა ალაგ-ალაგ. არის ბიოლოგიური ნადები, ხავსი, ლიქენები.
ეს რეალურ საფრთხეს უქმნის. იქ მდგომარეობა ნელ-ნელა, მაგრამ უარესდება.
რომ შევადაროთ, ათი წლის წინა მდგომარეობას, უარესია. ჩამოცვენა ხდება დაზიანებული ნაწილის. ამიტომ, პრიორიტეტად განისაზღვრა საფასადე ქვების კონსერვაცია.
ჩვენ დავიწყეთ საპროექტო წინადადებაზე მუშაობა, იყო სრული კოორდინაცია სამინისტროს და სააგენტოს იმდროინდელ ხელმძღვანელობასთან. წარვადგინეთ ეს პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდში, სადაც მოიწონეს, შემოგვთავაზეს ორ ნაწილად გაყოფა. პირველმა პროექტმა, საკონსერვაციო პროექტმა მიიღო ძალიან მაღალი შეფასება. ძალიან წარმატებული საკონსერვაციო პროექტი მომზადდა, რომელმაც აღფრთოვანებული შეფასება მიიღო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრში და ეს შეფასება ეფუძნება იკომოსის ექსპერტების დასკვნას. ანუ, ამ ორივე ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციიდან მიღებულია უმაღლესი შეფასება.
ასეთი ფრაზა იყო: “იუნესკო ულოცავს საქართველოს მთავრობას ასეთ ძალიან წარმატებულ პროექტს”.
სამინისტროს ახლანდელ ხელმძღვანელობას ძალიან არ სიამოვნებს ხოლმე, ამას რომ ვახსენებთ. თვითონ არასდროს არ ახსენებენ.