Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილიპ რიკერი ილია მეორეს შეხვდა და ჯვრის მონასტერი დაათვალიერა


ფილიპ რიკერი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შესრულებელი
ფილიპ რიკერი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შესრულებელი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერი დღეს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა. საუბრის ძირითადი თემა იყო ჯვრის მონასტრის შენარჩუნების მიმდინარე პროექტი და აშშ-საქართველოს თანამშრომლობა საქართველოს კულტურულ-რელიგიური მემკვიდრეობის დაცვის საქმეში. დღესვე ფილიპ რიკერმა დაათვალიერა ჯვრის მონასტერი, რომლის კონსერვაციისა და რესტავრაციის სამუშაოები აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შესრულებლმა კმაყოფილება გამოთქვა მცხეთის ჯვრის საკონსერვაციო პროექტის განხორციელებაში აშშ-ის მონაწილეობის ფაქტით.

„ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა. წლების განმავლობაში ბევრი მსმენია მის შესახებ. მართლაც შთამბეჭდავია ეს ძეგლი, როგორც ისტორიულად, ასევე საქართველოს მართლმადიდებლური ტრადიციებიდან გამომდინარე. ვამაყობ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს და აშშ-ის საელჩოს შეუძლიათ ამ საოცარი ადგილის აღდგენაში მონაწილეობა. ჩვენ გამოვყავით 600 000 დოლარის ოდენობის გრანტი, რათა აქ ექსპერტებს ემუშავათ ძეგლის აღდგენასა და რეაბილიტაციაზე. ეს ადასტურებს ჩვენს ღრმა პატივისცემას და ინტერესს მართმადიდებლობის მიმართ.

დღეს დილით მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს და გვესაუბრა, რას ვაკეთებთ წმინდა ადგილების მოვლა-პატრონობისთვის და რა მნიშნველოვან როლს თამაშობს მართმადიდებლური ეკლესია ქართულ საზოგადოებაში. პატრიარქს ასევე გადავეცი მოკითხვა სახელმწიფო მდივნისგან ბლინკენისგან და პრეზიდენტ ბაიდენისგან, რომლებიც ასევე პატივს სცემენ ამ ტრადიციებსა და ადგილებს. ეს ეკონომიკური განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია", - განაცხადა ფილიპ რიკერმა.

გიორგი ჩუბინაშვილის ეროვნული კვლევითი ცენტრის პროექტი, რომელიც ხორციელდება აშშ ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ითვალისწინებს მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის საფასადო წყობის ქვების კონსერვაციასა და რესტავრაციას. აღნიშნული სამუშაოებისთვის აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდმა ორჯერ გამოყო გრანტი.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანახმად, 2019 წელს დაფინანსება $ 100 000-ის ოდენობით პროექტის პირველი ეტაპისათვის განისაზღვრა და ითვალისწინებდა მცხეთის ჯვრის ტაძრის შენობის ყოველმხრივ მულტიდისციპლინარულ კვლევას და ამ კვლევის საფუძველზე საკონსერვაციო პროექტის მომზადებას. ეს სამუშაოები პრაქტიკულად დასრულებულია.

2020 წელს აშშ ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდმა მხარი დაუჭირა პროექტის გაგრძელებას და გამოყო $ 506 000 მისი მეორე ეტაპისათვის, რომელიც გულისხმობს ფიზიკური სამუშაოების ჩატარებას მომზადებული საკონსერვაციო პროექტის შესაბამისად. ეს ეტაპი მოიცავს 30 თვეს და 2023 წელს უნდა დასრულდეს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა საქართველოში შეხვედრები ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან 7 ივნისს გამართა. რეგიონული ვიზიტი მან აზერბაიჯანსა და სომხეთში განაგრძო, რის შემდეგაც კვლავ საქართველოში დაბრუნდა. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანახმად, რეგიონული ვიზიტის მიზანია ორმხრივი და რეგიონული პრიორიტეტების განხორციელების ხელშეწყობა და დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებაში აშშ-ის მხარდაჭერის გამოხატვა.

XS
SM
MD
LG