რა არის სპეციფიკური სამუშაო?
ეს ისეთი ტიპის სამუშაო, რომელიც უწყვეტობას მოითხოვს. მაგალითად, სასწრაფო სამედიცნო დხმარება, პოლიცია, სასაზღვრო გამშვები პუნქტები. ანუ ისეთი საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი სამუშაოები, რომელიც არ უნდა ჩერდებოდეს დღე-ღამის, თუ დასვებენის დღეებში.
ვინ ამოიღეს სპეციფიკური სამუშაოების ჩამონათვალიდან?
საერთო ჯამში 15 დარგი. მაგალითად, ეს შეეხო სამკერვალოებს, რესტორნებში დასაქმებულ პერსონალს, სასტუმროებს, სუპერმარკეტების კონსულტანტებს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილება შეეხო ყველა იმ დარგს, სადაც უწყვეტობისთვის აუცილებელი არაა დასაქმებულმა კვირაში 48 საათი იმუშაოს.
“ეს არის ის სეგმენტი, რომელიც ისედაც ძალიან დაბალ ანაზღაურებას იღებს, 500-დან 1000 ლარამდე. ვფიქრობ, მათთვის ყოველ [ზედმეტ] საათში დამატებული შემოსავალი სამართლიანია”, - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა 15 თებერვლის მთავრობის სხდომაზე.
სპეციფიკური სამუშაოების სიიდან მთელი რიგი დარგებია ამოღებული, მათ შორის:
- სამთომოპოვებითი მრეწველობა;
- ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის წარმოება;
- ტყავის, ტყავის ნაწარმისა და ფეხსაცმლის წარმოება;
- ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა;
- საგამომცემლო საქმიანობა;
- კოქსის, ნავთობპროდუქტებისა და ბირთვული მასალების წარმოება;
- ქიმიური წარმოება;
- დანარჩენი არალითონური მინერალური ნაკეთობების წარმოება;
- მეტალურგიული მრეწველობა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოება;
- ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება;
- მშენებლობა;
- ვაჭრობა - ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი;
- სასტუმროები და რესტორნები;
- ზოგადი განათლება;
- პროფესიული განათლება.
როდიდან მოქმედებს ახალი რეგულაცია?
უკვე მოქმედებს. მთავრობის დადგენილება 2023 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა, რაც ნიშნავს, რომ უკვე ერთი თვეა, დასაქმებულებს ახალი პირობებით უწევთ მუშაობა.
ყველას მოსწონს ეს ცვლილება?
სარესტორნო ბიზნესი ერთ-ერთია, რომელსაც ახალი რეგულაცია ეხება. რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე ერთი მხრივ აღიარებს, რომ ეს ცვლილება შრომით უფლებებს უკეთ დაიცავს, თუმცა მეორე მხრივ ამბობს იმასაც, რომ ცვლილება არ იქნება იოლი მისაღები ბიზნესისთვის.
“იმდენად დიდ ფასეულობასთან გვაქვს საქმე, რომელიც გულისხმობს ადამიანის უფლებებს, ამაზე უარყოფითი შეფასება ვერ წარმომიდგენია, მაგრამ გამოწვევები რჩება... დღეს ძალიან დიდი დეფიციტია კადრების და ეს გადაწყვეტილება ბიზნესისთვის იქნება დამატებითი მატერიალური ვალდებულებები”.
მას მიაჩნია, რომ სახელმწიფო უნდა დაინტერესდეს პროფესიული სასწავლებლების შექმნით, სადაც მომზადდებიან დეფიციტური კადრები: "დღეს 55 ათასი უმაღლესი განათლების კურსდამთავრებულია, პროფესიულ სასწავლებლებში - 5 ათასი”.
კითხვას, შეიძლება თუ არა, ცვლილება მომსახურების ფასების ზრდაზე აისახოს, შოთა ბურჯანაძე მკაფიოდ არ პასუხობს:
“რაღაც მომენტში, შესაძლებელია, ეს ფასებზე აისახოს, მაგრამ არა მგონია, ეს გარკვეულწილად თვალშისაცემი იყოს, იქიდან გამომდინარე, რომ ფასების ზრდა ყოველთვის უარყოფითად მოქმედებს მომხმარებელზე. დღეს სარესტორნო სფეროს ძალიან დიდი მოთხოვნა აქვს, შესაბამისად, განაწყენებული მომხმარებელი არცერთ ბიზნესოპერატორს არ უნდა. ამიტომ ფასების ზრდა ვერ იქნება აუცილებლობა”.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ასევე ბიზნესასოციაციას, სადაც თქვეს, რომ ამ საკითხზე მსჯელობენ და უახლოეს დღეებში საჯაროდ გამოხატავენ თავიანთ პოზიციას.
რა დარგები დარჩა სპეციფიკურ სამუშაოდ?
სიაში დარჩა მხოლოდ ის დარგები, რომლებსაც 48-საათიანი გრაფიკი აქვთ და რომელთათვის აუცილებელია მუშაობის უწყვეტი ციკლი, მათ შორის:
- სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის მიმართულებები; დამამუშავებელი წარმოების მიმართულებები − კვების პროდუქტების წარმოება;
- ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება; წყალმომარაგება, კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისგან გასუფთავების საქმიანობები;
- ტრანსპორტი და დასაწყობება;
- ინფორმაცია და კომუნიკაციის მიმართულებები − ტელეკომუნიკაციები;
- ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობების მიმართულებები − უსაფრთხოების დაცვისა და საგამომძიებლო საქმიანობები − სატელეფონო ცენტრების მომსახურება;
- სახელმწიფო მმართველობის მიმართულებები: დაბეგვრის სისტემების მართვა, საქონელზე გადასახადების/ბაჟის შეგროვება და საგადასახადო დარღვევების გამოძიება, საბაჟოს მართვა; ჯანდაცვის, განათლების, კულტურული მომსახურებისა და სხვა სოციალური მომსახურების საქმიანობის რეგულირება, სოციალური უსაფრთხოების გარდა;
- ციხეების ადმინისტრირება და გამოსასწორებელი მომსახურების გაწევა, სარეაბილიტაციო მომსახურების ჩათვლით; სახანძრო მომსახურების საქმიანობები;
- სავალდებულო სოციალური უსაფრთხოების საქმიანობები;
- ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები;
- ელექტროენერგიის წარმოების, განაწილებისა და გადაცემის საქმიანობა;
- ბუნებრივი გაზის განაწილება და გადაცემის საქმიანობა;
- საზოგადოებრივი ადვოკატების პროფესიული საქმიანობა, რომელიც უკავშირდება სასამართლოებში, სხვა სამართალდამცავ ორგანოებში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში ან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარის ან პროცესის მონაწილის ინტერესების წარდგენას;
- გარემოს დაცვის დარგი - ჰიდრომეტეოროლოგია; ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დაცვა; დაცული ტერიტორიების დაცვა; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის სფეროში კონტროლის განხორციელება.
ვინ გააკონტროლებს არასპეციფიკურ სამუშაოზე დამსაქმებელს?
სამუშაო დროისა და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების საკითხებს შრომის ინსპექციის სამსახური უწევს ზედამხედველობას. დასაქმებულს შეუძლია, ამ უწყებას მიმართოს ცხელ ხაზზე (15-75) და აცნობოს, თუკი მისი შრომითი უფლება დაირღვევა.