Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპტიმიზმი და სისულელე


ლაშა ბუღაძე
ლაშა ბუღაძე

ვინც ნახა, როგორ იღიმებოდა პუტინის მტერი ნავალნი თავის მკვლელობამდე ერთი დღით ადრე, ალბათ სრულიად აღტაცებული დარჩებოდა მისი შეუპოვრობითა და იუმორითაც კი, რითაც ცხადად დემონსტრირებდა სიმამაცეს თავისი ყოფილი და მომავალი მკვლელების მიმართ.

ის უშიშარ ოპტიმისტად დაბრუნდა თავისივე სიკვდილის ქვეყანაში და ერთხელ უკვე მოკლულმა და მკვდრეთით აღდგენილმა გერმანელი ექიმების მიერ, საკუთარ თავს და სხვებსაც დააჯერა, რომ ამიერიდან ვერავინ და ვეღარაფერი მოკლავდა.

რადგან ის ოპტიმისტი იყო...

და ოპტიმიზმმავე მოკლა.

თუ ოპტიმიზმმა არა, ყოველ შემთხვევაში, სიკეთის მიერ ბოროტების ძლევაში დარწმუნებულობამ მოკლა ჩვენი გმირიც, თამაზ გინტური - ლომისის აჭედილი კარი რომ შეანგრია წმინდა გიორგის მისტიკური რისხვის რწმენით თავდაჯერებულმა და... რუსი მკვლელისგან მიიღო ტყვია.

კულტურამ და განსაკუთრებით კი ოცდამეერთე საუკუნის გარეგნული ცივილიზებულობით მოხიბლულობამ ოპტიმისტებს სულელებად გვაგრძნობინა თავი, რადგან დავიჯერეთ, რომ ჩვენს დროში უკვე შეუძლებელია ბოროტების პერმანენტული ტრიუმფი, გარეთ ოცდამეერთე საუკუნეა და, აბა, სადღა გაგონილა, რომ იქ, სადაც ყველა და ყველაფერი ხილულია - თუნდაც მხოლოდ ინტერნეტის ყოვლისმჭვრეტელობის გამო, - ასე დღისით-მზისით, მთელი მსოფლიოს დასანახად მოკლან პოლიტიკური ოპონენტი!

ახლა ხომ ოპტიმიზმისა და ცივილიზებულობის ერაა და განა კულტურაც ამ კოდებით არ გვზრდიდა ლამისაა სამყაროს დასაბამიდან, რომ დაბრუნებული ოდისევსი აუცილებლად დაჯაბნიდა თავის მტრებს და მკვდარი ლაზარე კი მკვდრეთით აღდგებოდა!

განა 90-იანმა წლებმაც ეს არ დაგვაჯერეს, რომ ამიერიდან ისტორია თავისუფლების განმტკიცების გზით წავიდოდა?! და რომ დემოკრატია - დასავლეთსა და ევროპულ აღმოსავლეთში მაინც - უკვე საბოლოოდ გააუქმებდა ტოტალიტარიზმს?! განა ეს რწმენა არ გაგვიმყარეს „ფერადმა რევოლუციებმაც“, რომ წარსული აღარასდროს მობრუნდებოდა ძველი ფორმითა და ძველი წესებით?! განა მთელი ეს წლები ამ რწმენით არ ვიყავით, რომ ოპტიმიზმი ილუზია არაა და ბოროტებას მხოლოდ ნავალნის ღიმილი ან ჩვენი გინტურის მგრგვინავი ხმაც ეყოფა დასასუსტებლად?!

და თურმე არა! ჩვენს დროში ოპტიმიზმი ობიექტურად სახიფათო აღმოჩნდა სიცოცხლისათვის. ბოროტების მიმართ ილუზია თურმე თავისუფლებისა და სიცოცხლის დაკარგვით სრულდება. ნავალნი გმირი იყო, მამაცი იდეალისტი, რომელიც, რაოდენ ტრაგიკულიც არ უნდა იყოს ამის აღიარება, სულელურად დაბრუნდა თავის მკვლელთან, ვისაც ერთხელ უკვე მოეკლა მანამდე...

ეს კაცი არა სახარების ლაზარეს, არამედ ნიკოს კაზანძაკისისეული „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნების“ პერსონაჟ ლაზარეს მაგონებს, ქრისტეს მტრები რომ კლავენ მკვდრეთით აღდგინების შემდეგ, რაკი იესომ უარი თქვა თავისი ღვთაებრივი მისიის აღსრულებაზე.

ახლა რომ ვფიქრობ, შესაძლოა ნავალნის ღიმილი და გაუტეხლობის დემონსტრირებაც კი შეცდომა ყოფილიყო, თუმცა ცხადია შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პუტინი დამფრთხალ და დათრგუნულ ნავალნის შეუნარჩუნებდა სიცოცხლეს, მაგრამ სასიკვდილო მორევში შესული ღიმილიანი ნავალნი თითქოსდა რაღაცნაირ უპრობლემო სიკვდილმისჯილად იქცა მთელი მსოფლიოსთვის - აგერ კაცი იცინის, ხუმრობს, ცოცხალია და იქნებ არც ისე მძიმედ არის საქმე...

პოლიტიკოსმა მთავარი დადო სასწორზე და გამარჯვების შემთხვევაში არათუ მხოლოდ თავისუფლებას, არამედ მთელ რუსეთს მიიღებდა ჯილდოდ!

ჰო, გამარჯვების შემთხვევაში, რომელიც სიკვდილმა გამორიცხა...

არადა, პუტინს და ამის მსგავსებს არა სხვათა მორალური სიდიადე, არამედ მის წინააღმდეგ მიმართული ძალა ასუსტებს, მაგალითად, უკრაინელების, რომლებიც, როგორც ჩანს, ყველაზე რეალისტები აღმოჩნდნენ ამდენ ცინიკურ პრაგმატიკოსსა და 21-ე საუკუნის ცივილიზებულობით მოტყუებულ ოპტიმისტს შორის... თუ იქნებ უკვე უკრაინელთა გამძლეობაც თვითთერაპიული ოპტიმიზმია, რადგან უიარაღოდ ვის და სად მოუგია ომებში...

ნავალნის უთუოდ ჰქონდა საკუთარი თავის რწმენა, რადგან მან მართლაც წამებულის სიმტკიცით გაუძლო სტალინურ-პუტინური გულაგის პირობებს ინტერნეტისა და საყოველთაო კეთილდღეობის ეპოქაში, მაგრამ გადაჭარბებული ოპტიმიზმით შეაფასა ის სინამდვილე, რომელიც რომანტიკულ რწმენას დასცინის.

ან გადაჭარბებულად შეაფასა ხალხი, რომელსაც ის უნდა დაეცვა - (არა მგონია, პუტინის მიმართ ჰქონოდა ილუზია), ხალხი რომ შემართულიყო მის გადასარჩენად (სწორედ ხალხი და არა თითო-ოროლა მამაცი ადამიანი), როგორც ეს თუნდაც 1991 წლის აგვისტოს პუტჩის დროს მოხდა, ალბათ რაღაც სხვა პროცესი დაიწყებოდა და არა ის, რითაც ყველაფერი დასრულდა - ტყვეობით, წამებით, სიკვდილითა და უიმედობით.

ცხადია, ისტორიული ან იდეური პერსპექტივიდან პუტინი დამარცხდა ნავალნისთან (როგორც, ვთქვათ, ვარსქენი დამარცხდა შუშანიკთან, ან საბჭოთა რეჟიმი მერაბ კოსტავასთან), მაგრამ ნავალნის ამით არაფერი მომატებია, ის უკვე მკვდარია. პუტინი კი ჯერაც ცოცხალი, რადგან სიკვდილი მისთვის ფუნქციური იარაღია, რეალური და ქმედითი, ოპტიმისტები კი ჯერაც ჯიუტად უარყოფენ აღსასრულის გარდაუვალობას, - გეგონება, ამქვეყნად კიდევ რაიმე არსებობდეს სიცოცხლის გარდა...

ჰო, ეს თითქოსდა ჩვენც ვიცით, ოპტიმისტებსაც გვახსოვს, რომ მოკვდავები ვართ, მაგრამ მაინც ყოველ ჯერზე გვიკვირს სულელებივით, როცა ვიგებთ, რომ ვიღაცა მოკვდა. და კიდევ უფრო გვიკვირს, როცა გამოცდილი მკვლელი მორიგ ჯერზე კლავს თავის მსხვერპლს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG