Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია პარლამენტში უნდა იყოს, თუ მის გარეთ? - ორი საპირისპირო მოსაზრება


ხათუნა სამნიძე და ოთარ კახიძე
ხათუნა სამნიძე და ოთარ კახიძე

უნდა დარჩეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში? - დისკუსია ამ თემაზე ისევ აქტუალური ხდება.

ერთი მოსაზრებით, პარლმენტში ოპოზიციის ყოფნა „ქართული ოცნების“ გეგმების ხელშეწყობას ემსახურება და საპარლამენტო ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის მიერ მართულ პროცესებში დეკორაციად იქცა;

მეორე მოსაზრებით, პოლიტიკოსის ადგილი პარლამენტშია, საჭიროა ბრძოლის ყველა ხერხი და ოპოზიციის მიერ ამ სივრცის დატოვება ხელისუფლების ხელშეწყობა იქნებოდა.

რადიო თავისუფლება ოპოზიციის პარლამენტში ყოფნის ან მისი დატოვების მიზანშეწონილობის შესახებ ორი პოლიტიკოსის ურთიერგანსხვავებულ პოზიციებს გთავაზობთ.

  • „ბრძოლის ველიდან გაქცევაა ახლა ამ ყველაფრის მიტოვება“ - ხათუნა სამნიძე.
  • „თუ პარლამენტს არალეგიტიმურად თვლი, მაშინ ამ პარლამენტში არ უნდა იყო“ - ოთარ კახიძე.

ხათუნა სამნიძე - დეპუტატი, „რესპუბლიკური პარტია“, "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე:

ასეთ ვითარებაში, როდესაც ოპოზიციამ უკვე გადაწყვიტა, რომ იმუშაოს პარლამენტში და ამისთვის ხელი მოეწერა „შარლ მიშელის შეთანხმებას“ [2021 წლის 19 აპრილს] კრიზისის გადალახვით, რომელიც გადაილახა თუ არა, ესეც საკამათოა... მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, რომ პარლამენტი სრულფასოვნად იმუშავებდა, ახლა, ამ ეტაპზე, ისევ წამოწევა იმის, რომ მანდატები დავტოვოთ, ვფიქრობ, არის უპასუხისმგებლობა.

ამ ეტაპზე ქვეყანა დგას სერიოზული გამოწვევის წინაშე - ეს ეხება [ევროკომისიის] 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას... „ქართული ოცნება“ პრაქტიკულად ებრძვის მოსახლეობის უმრავლესობას, რომლის არჩევანიც არის ევროპული და ასევე, თავისი ნაბიჯებით, განცხადებებით, ამ ვითომ განდეგილებით ["ხალხის ძალა"] "ქართული ოცნება" ცდილობს დააზიანოს ჩვენი ევროპული გზა და თავს ესხმის ჩვენს ევროპელ პარტნიორებს.

უარეს დღეში ჩავაყენებთ მთელ ქვეყანას, თუ არ შევეწინააღმდეგებით იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შექმნას თავისი რეალობა და მხოლოდ თვითონ ისაუბროს, რომ არიან მართლები და სწორად აკეთებენ ყველაფერს და ამ განცხადებებში არ იარსებებს ოპოზიციური ხმა (რაც არ უნდა სუსტად აღიქვამდეს ვინმე ამ ხმას), თუ არავინ ილაპარაკებს, რა ხდება სინამდვილეში - მედიასთან, ამომრჩეველთან, მოქალაქეებთან.

ასეთ ვითარებაში [პარლამენტიდან გასვლა] გაქცევაა ბრძოლის ველიდან. პარლამენტის დატოვება დღეს არაადეკვატური მოთხოვნაა, ჩემი აზრით.

ვფიქრობ, ეს არის „ქართული ოცნების“ ინტერესებში, რომ ოპოზიციამ მუდმივად ილაპარაკოს პარლამენტის დატოვებაზე, რამაც დაკარგა შინაარსი და არ ილაპარაკოს იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, შინაარსობრივად, რაშიც აუცილებელია ოპონირება „ქართულ ოცნებასთან“ - იქნება ეს სასამართლო რეფორმა, გენდერული თანასწორობა და ქალების გაძლიერება, თუ იქნება სხვა საკითხები, რომლებიც ამ 12 პუნქტშია ჩამოთვლილი.

ხათუნა სამნიძის "რეფორმების ჯგუფმა" უარი განაცხადა 12-პუნქტიან გეგმაზე სამუშაოდ „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ ჯგუფებში ჩართვაზე; თუმცა მხარი დაუჭირეს პირველი მოსმენით დამტკიცებულ რამდენიმე კანონპროექტს (დეოლიგარქიზაციასა და ანტიკორუფციულ ბიუროს შექმნასთან დაკავშირებული კანონპროექტების გარდა).

რადიო თავისუფლება: იქნება შედეგი? შესრულდება ევროკომისიის რეკომენდაციათა 12 პუნქტი (რაც აუცილებელია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად)?

მნიშვნელოვანია ამ 12 პუნქტის შესრულების არა მხოლოდ შინაარსი, არამედ პროცესი და ამ პროცესში ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ არ თანამშრომლობს ოპოზიცასთან და არც არასამთავრობო სექტორის ძირითად შეთავაზებებს ითვალისწინებს. ეს იქნება პრობლემური შეფასების დროს... „ქართული ოცნება“ ფორმალისტურად უდგება ამ რეკომენდაციებს და ინტერპრეტაციას ახდენს.

არ მაქვს იმედი, რომ „ქართული ოცნება“ ფუნდამენტურ რეფორმებს გაატარებს და, მაგალითად, სასამართლო რეფორმის რეკომენდაცია შესრულებულად ჩაითვლება, მაგრამ მაინც მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, ვიმუშაოთ და გვქონდეს არგუმენტები, როდესაც ამ პროცესის შეფასებას დაიწყებენ ჩვენი პარტნიორები.

[პარლამენტიდან გამოსვლით] პირნათელი არ ვიქნებით საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლებიც ცდილობენ, ამ პროცესს გამადიდებელი შუშით დააკვირდნენ, მოგვიწოდებენ, რომ მაქსიმალური ენერგია ჩავდოთ ოპოზიციამ, რათა ხელი შევუწყოთ პროცესს და „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაბედოს ყველაფერი, რის გაკეთებასაც გეგმავს და აპირებს.

ვფიქრობ, ქვეყანა დგას ისეთ ისტორიულ მომენტში, უმნიშვნელოვანესია, რომ ოპოზიციამ გააკეთოს ყველაფერი, რომ ამ გზაზე გაქცევა კი არ იყოს მისი არჩევანი, არამედ ამ ბრძოლაში მაქსიმალური ჩართვა.

ოთარ კახიძე - "ევროპული საქართველო":

თუ პარლამენტს არალეგიტიმურად თვლი, მაშინ ამ პარლამენტში არ უნდა იყო - აქსიომატური ჭეშმარიტებაა ეს.

ოპოზიციამ ამ პარლამენტს ბოიკოტი იმის გამო გამოუცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და შესაბამისად, ჩაითვალა, რომ ამ არჩევნების შედეგდ არჩეული პარლამენტი იყო არალეგიტიმური.

ბოიკოტის შეწყვეტა იმ არგუმენტით გაამართლა ოპოზიციამ, რომ - აი, „შარლ მიშელის შეთანხმებას“ მოეწერა ხელი. შეცდომა იყო ამ დოკუმენტზე ხელმოწერა იმ პირობებით. ამის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ არა თუ არ შეასრულა "შარლ მიშელის" შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, არამედ დემონსტრაციულად გავიდა ამ შეთანხმებიდან [2021 წლის ივლისში]. ოპოზიცია ამის შემდეგაც დარჩა პარლამენტში და გამოდის, რომ ან მაშინ ტყუოდა, როცა ამბობდა, რომ „მიშელის შეთანხმების“ შესასრულებლად შედიოდა პარლამენტში, ან უბრალოდ - მათთვის მხოლოდ საპარლამენტო სკამებია მნიშვნელოვანი.

რადიო თავისუფლება: იყო საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები, რომ დეპუტატები პარლამენტში უნდა შევიდნენ და იმუშაონ.

რა თქმა უნდა, იყო მოწოდებები; მაგრამ, მაგალითად - ევროპარლამენტარები ჩვენზე მწვავედ, ქვეყნის პოლიტიკურ კლასზე მწვავედ არასოდეს დააყენებენ ჩვენს საკითხებს.

რა მიიღო ოპოზიციამ პარლამენტში შესვლით? არაფერი. ამიტომ არ უნდა დათანხმდე პირობებს, რომლებიც შენთვის არის წამგებიანი და ქვეყნისთვის არის დამაზიანებელი - რადგან ბიძინა ივანიშვილს, ამის შემდეგ, კარტბლანში მისცა ამგვარმა კაპიტულაციამ. როცა მცდარი ნაბიჯებისკენ მოგიწოდებენ მეგობრები, არ უნდა დათანხმდე, რადგან პასუხისმგებლობა ბოლოს შენზეა.

„ევროპულმა საქართველომ“ ხელი არ მოაწერა „შარლ მიშელის შეთანხმებას" და თავიდანვე შეცდომად მიიჩნევდა პარლამენტში ოპოზიციური პარტიების შესვლას. "ევროპულმა საქართველომ", როგორც პარტიამ, არ გამოიყენა არჩევნებზე მიღებული სადეპუტატო მანდატები. კახიძე ამბობს, რომ ამჟამად პარტია "მწყობრი გეგმით" მოქმედებს - ელაპარაკება საკუთარ ამომრჩეველს და მუშაობს ყველა სფეროში გასატარებელ ალტერნატიულ რეფორმებზე.

12-პუნქტიან რეკომენდაციებზე მუშაობაც ამის გაგრძელებაა და ყველა კომისიაში, თუ რაღაც ჯგუფებში, სხვადასხვა საკითხზე მუშაობა „ქართული ოცნების“ დეკორაციად ყოფნაა ოპოზიციისთვის. „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციის გარდა, ეს არაფერს ემსახურება.

ოპოზიცია პოლიტიკურად გაანადგურეს, ძალიან მძიმე ვითარებაშია. ჩემი აზრით, ახლა პარლამენტიდან ოპოზიციის გამოსვლასაც აღარ ექნება ფასი.

მათ [ოპოზიციურმა პარტიებმა] უკვე დიდი ზიანი მიაყენეს პოლიტიკურ პროცესს და საკუთარ თავს. ახლა, სამომავლოდ რას იზამენ, ჩემი აზრით, აქტუალური აღარც არის; ვეღარც რეზონანსს იქონიებს და ვერც ვერაფერს შეცვლის. საზოგადოებას ვეღარ აუხსნიან - ახლა რა მოხდა ისეთი, რომ გამოვიდნენ [პარლამენტიდან], ანდა მანამდე რატომ სჯეროდათ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის.

როცა პოლიტიკური ელიტა ხალხის იმედებს აცრუებს, ეს იწვევს უიმედობას და ნიჰილიზმს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG