„1917“ (აშშ, რეჟისორი სემ მენდესი) – უმნიშვნელო სპოილერით
სემ მენდესის ფილმის მსოფლიო პრემიერა, ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი თვის წინ შედგა, მაგრამ „1917“ მგონი, უკვე ყველაფრის ლიდერი და კინობაზრის რეკორდსმენია. „ოქროს გლობუსის“ ნომინანტებს შორის ”1917” საუკეთესოდ დაასახელეს. ახლახანს წლის მთავარ ფილმად აღიარა ბრიტანეთის კინოაკადემიამ. მენდესი მთავარი ”ოსკარების” ყველაზე რეალური კანდიდატია. აღფრთოვანებული მაყურებელი ძირითადად ”ერთი კადრით გადაღებულ ომზე” საუბრობს. ბევრმა არ იცის, რომ ეს ხერხი ჯერ კიდევ 1948 წელს გამოიყენა ალფრედ ჰიჩკოკმა ფილმში ”თოკი”. იმხანად ჰიჩკოკის ჩანაფიქრი ზოგიერთმა კრიტიკოსმა ”ფორმალისტურ ექსპერიმენტად” მონათლა. დღეს მენდესის ”უწყვეტ კინოს” ნოვატორულ გადაწყვეტად მიიჩნევენ. ვაღიაროთ, რომ არ აჭარბებენ. ერთია კამერული დეტექტივი, კრიმინალური დრამა, რომელიც თამაშდება ”თოკში” და მეორეა ომი, ბატალური სცენები გადაღებული ”უწყვეტობის” ილუზიით. ტექნიკურად ეს უფრო რთულია. მაყურებელს კი მოსწონს, როცა არა მარტო მსახიობი, არამედ რეჟისორი, ოპერატორიც გამოავლენენ ხოლმე ტექნიკურ ოსტატობას. ამიტომ ისიც კი, ვინც უკმაყოფილოა მენდესის ფილმის უპრიმიტიულესი სცენარით და დიალოგებით, მაინც ცდილობს გაამართლოს ამერიკელი კინოაკადემიკოსების გადაწყვეტილება და დაასკვნას, რომ ”ფილმი დიდი არაფერი, მაგრამ მაგრადაა გაკეთებული”.
ისე, რატომ არ უნდა ყოფილიყო ”1917”-ის სცენარი პრიმიტიული? სავარაუდოდ, მენდესს არც მოუნდომებია ხასიათების სიღრმის მიღწევა, გარემოს დახასიათება, ისტორიის (კონკრეტულად კი, პირველი მსოფლიო ომის) ანალიზი. მას, მგონი, ისიც დიდად არ ანაღვლებს, თუკი ვინმე დამაჯერებლობას დაუწუნებს და დაემდურება: შე კაი კაცო, სად გინახავს შუა ბრძოლის ველზე თავისუფლად მოსეირნე საბარგო მანქანებიო... ანდა, გმირმა ამხელა წყალი გაცურა, ამხელა მდინარეს გაუმკლავდა, ის ”მთავარი ქაღალდი”, რომელიც მთელი სიუჟეტის ქვაკუთხედია, როგორ არ დაუსველდაო. მენდესს ამ პრეტენზიებზე გაეღიმება. რეალური სურათების გამოხატვა არანაირად არ იყო მისი მიზანი. ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მან გაამძაფრა კიდეც ვიზუალური სახეების ბუტაფორულობა, რათა ღიად, ყოველგვარი ფარისევლობის გარეშე ეთქვა, რომ გადაიღო ფილმი არა იმ ხალხისთვის, ვინც, თუნდაც ალფრედ ჰიჩკოკის ”თოკისგან” იღებდა სიამოვნებას, არამედ თაობისთვის, რომელიც კომპიუტერულ და ვიდეოთამაშებზე გაიზარდა.
არა, განა ”დახატული” რეალობა ჩვენც არ გვიყვარს, ბებრებს? როგორ არ გვიყვარს; აგერ სერგო ფარაჯანოვის ”აშიკ-ქერიბი” თავიდან ბოლომდე ”თოჯინების თეატრია”; ანდა, ერიკ რომერის ”პერსევალი” - ყველაფერი მუყაოსია... მაგრამ იმ კარგი ფილმების ავტორებისთვის ბუტაფორიულობა ესთეტიკური პრინციპია, რომელმაც დისტანცია უნდა შექმნას სანახაობასთან. მაყურებელს ერთი წამითაც არ უნდა დაავიწყდეს, რომ ზის კინოში და აკვირდება, როგორ ძერწავს ფილმის ავტორი ახალ დროს და სივრცეს. მაყურებელი ერთი წამითაც არ უნდა მოწყდეს საკუთარ თავს. რა ხდება ფილმში ”1917”? მენდესი ირჩევს უწყვეტი გამოსახულების ესთეტიკას (სინამდვილეში გამოსახულება არაერთხელ წყდება, თუმცა კადრების გადაბმა ოსტატურადაა შენიღბული), რათა პირიქით, მაქსიმალურად შექმნას თანაარსებობის ეფექტი, რათა დაგვავიწყოს თავი, მოგვტაცოს რეალობას, საკუთარ თავს და წაგვიყვანოს... ”მუყაოს”, სათამაშო ომში (საგულისხმოა, რომ ფილმის პრემიერა მაშინ შედგა, როცა ირანისა და შეერთებული შტატების კონფლიქტი ლამის მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდა). ასე გადაიქცევა სერიოზული ბრიტანელი რეჟისორის, რამდენიმე კარგი ფილმის ავტორის ახალი ნამუშევარი ”დისნეილენდად”, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, მოსწონს არა მარტო ვიდეო და კომპიუტერულ თამაშებზე აღზრდილ თაობას, არამედ მოსწონთ ამერიკელ კინოაკადემიკოსებსაც - სრულიად სერიოზულ ხალხს, რომელიც თავის მხრივ, აგერ საუკუნეა, რაც ჰოლივუდი არსებობს, მაგრამ ვერა და ვერ ემშვიდობება ბავშვობას.
როგორც წესი, ვაჟკაცი, რომელიც მზადაა თავგანწირვისთვის, ანტისაომარი კინოს, განსაკუთრებით ჰოლივუდის ანტისაომარი კინოს, მთავარი პერსონაჟია. ”1917”-ის გმირები, შეიძლება ითქვას ღლაპები არიან, რომლებსაც ურთულესი სამხედრო დავალების შესასრულებლად უშვებენ. ახლა 1600 ბრიტანელი ჯარისკაცის სიცოცხლე ამ ყმაწვილების გმირობაზეა დამოკიდებული. მთელი ფილმის მსვლელობის მანძილზე ველოდებით, რომ ჰოლივუდური ისტორია მამაც ჯარისკაცებზე ჩვეული კლიშეებისგან განთავისუფლდება, მით უმეტეს, რომ გვახსოვს როგორი წარმატებით დაანგრია ეს კლიშეები სემ მენდესმა ფილმში ”ამერიკული სილამაზე”. მაგრამ არა... უწყვეტი გამოსახულება, თითქმის რეალურ დროში მიმდინარე მოქმედება, მუდმივი ხელოვნური სასპენსები (განსაკუთრებით ფილმის ფინალში) ვერ დაიხსნის სემ მენდესის ფილმს განმეორებისგან და იმის განცდისგან, რომ ჩვენ, უბრალოდ, ვუყურებთ, გასხვავებული ტექნიკით გადაღებულ ”გადარჩენილს”, ალეხანდრო ინიარიტუს კვაზივესტერნს, ანდა სტივენ სპილბერგის ფილმს ”რიგითი რაიანის გადასარჩენად”... თუმცა იმ ფილმებს დრამატურგია მაინც ჰქონდათ და ამბავი ლოგიკურად მაინც ვითარდებოდა. აქ, მენდესს ამბის ლოგიკა მაინცდამაინც არ აინტერესებს, არც არტისტების ხაზგასმული ჟესტებისა და მიმიკის ერიდება (თეატრის რეჟისორია მაინც). ჯანდაბას, ჟარგონს მივმართოთ - მას უბრალოდ ”კიდია” დამაჯერებლობა და მართალი ამბავი. მთავარი მისთვის ემოციური თანაარსებობის განცდის მიღწევაა, იმის გააზრებაა, რომ თუკი ”ცხოვრება - თეატრია” (თეატრის რეჟისორია მაინც!), გამოდის, რომ ცხოვრება ”თამაშიცაა”... კი, ცხადია, ამჩნევ ეკრანზე უხეშად დამზადებულ მულაჟებს, მაგრამ მაინც აგრძელებ თამაშს და არ ტოვებ კინოდარბაზს. კი, ხვდები, რომ ფილმში ”1917” დრამატურგიის, რეჟისორის, მსახიობის, თქვენ წარმოიდგინეთ, ოპერატორის ხელოვნება ჩანაცვლებულია კომპიუტერული, ხმის ეფექტების სპეციალისტთა ნამუშევრით და კამერის ეკვილიბრისტიკით, იმასაც ხვდები, რომ ”ოცნებების ფაბრიკას” ისევ უნდა ჩვენი მოწყვეტა რეალობიდან, მაგრამ არ დგები და ბოლომდე უყურებ, როგორ კლავენ შენში მოაზროვნე ადამიანს.
დიდი ხნის წინ, როცა თბილისის ეკრანებზე ამერიკული სუპერკოლოსი, ”კლეოპატრა” გამოვიდა (ელიზაბეტ ტეილორით მთავარ როლში), კინო ”რუსთაველთან”, სადაც ფილმს უჩვენებდნენ, შემხვდა სეანსიდან გამოსული ნაცნობი გოგო, რომელიც აღფრთოვანებას ვერ მალავდა. ასე რა მოგეწონა მეთქი, ვკითხე. ”ვაიმე, როგორ აგიხსნა, არ ვიცი!”. ეს თქვა, ზევით ასწია თვალები და ნახევრად სიმღერით შესძახა: ”ვაიმე, რა სიმდიდრეა!..”
ჩემი დაკვირვებით ”1917”-ით აღფრთოვანებული მაყურებელიც ასე გამოხატავს ემოციას: ”ვაიმე, რა მაგრადაა გაკეთებული!”