„ომეგას“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს დამატებით ინფორმირებას დაჰპირდა მასთან დაკავშირებულ სკანდალურ თემაზე, რომელიც აუდიოჩანაწერებს მოჰყვა და რომელშიც ფიგურირებენ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი, ბიძინა ივანიშვილი, მისი ნათესავი უჩა მამაცაშვილი და ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.
10 ოქტომბერს ლონდონში მყოფმა ზაზა ოქუაშვილმა ტელეკომპანია „იბერიის“ შენობაში, რომელიც მისი ოჯახის მიერ შექმნილ „ომეგა ჯგუფს“ ეკუთვნის, ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმოამადგენელთან სკაიპის საშუალებით ისაუბრა.
„ვისაუბრეთ ყოფილი გენერალური პროკურორის და „ომეგას“ შორის პრობლემებზე, კომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. საუბარი შეეხო ყველასათვის ცნობილ ჩანაწერებს,რომელიც გავრცელდა ბოლო დღეების და კვირების განმავლობაში. ზაზა ოქუაშვილმა გაგვაცნო დამატებითი დეტალები, რომელსაც უფრო დაწვრილებით წერილობით გამოგვიგზავნის “, უთხრა ჟურნალისტებს სკაიპ-კონფერენციის შემდეგ გიორგი ონიანმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელმა.
ჩვენს მთავარ ინტერესს წარმოადგენდაო, თქვა მან, საქართველოში მოქმედი პარალელური სტრუქტურები და კორუფციული სქემები,„რომელშიც ივანიშვილი და სხვა პირები შეიძლება იყვნენ ჩართულნი“.
„ესძირს უთხრის ამ ქვეყნის ინსტიტუტებსდა სახელმწიფოს“, დასძინა გიორგი ონიანმა.
ხატია ჯინჯიხაძემ, სკაიპ-კონფერენციის კიდევ ერთმა მონაწილემ „ღია საზოგადოებიდან“, ჟურნალისტებს უთხრა,რომ ზაზა ოქუაშვილისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დანამდვილებით თქმა არა, მაგრამ შეიძლება ვარაუდი, რომ „ომეგას“ საგადასახადო ვალდებულების რესტრუქტურიზაცია დაკავშირებულია ტელეკომპანია „იბერიასთან“.
„მე დამაინტერესა, თუ რა კავშირი შეიძლება არსებობდეს „იბერიას“, როგორც ტელევიზიასა, და „ომეგას“, როგორც კომპანიას შორის. მე დავსვი ეს კითხვა და მივიღე დამატებითი ინფორმაცია. ეს იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო ინფორმაცია“, თქვა ხატია ჯინჯიხაძემ, რომელმაც ასევე დაადასტურა, რომ ზაზა ოქუაშვილი მათ წერილობით უფრო მეტ დეტალს მიაწვდის.
ხატია ჯინჯიხაძემ ხაზი გაუსვა არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას, რომ „ომეგას“ დამფუძნებლებმა საჯარო საუბრისდროს უფრო მკაფიოდ განმარტონ „ომეგას“ პრობლემებთან ტელევიზიის კავშირი, „მეტი აქცენტი გააკეთონ ‘იბერიაზე’, რადგან ეს საზოგადოებამ უნდა იცოდეს“.
მიმდინარე წლის სექტემბრის პირველი ნახევრიდან ვრცელდება აუდიოჩანაწერები, რომლებშიც სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს ხელისუფლებისგან - ასევებიძინა ივანიშვილისგან - საგადასახადო წნეხის შესუსტებას ჰპირდება, 4 მილიონის სანაცვლოდ, რომელიც გარკვეულ პირებს უნდა გადაუხადოს. ამავე ჩანაწერების თანახმად, ყოფილი პროკურორის ორგანიზებით ლევან ყიფიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ომეგას“ საგადასახადო ვალი 50 მილიონ ლარს აჭარბებს.
საქმეში პროკურატურა ჩაერთო. ლევან ყიფიანმა გამომძიებლებს ჩვენება უკვე მისცა. ამასთან, ის აპირებს პროკურატურას საჩივრით მიმართოს „ომეგა ჯგუფის“ მფლობელის წინააღმდეგ, რომელსაც თაღლითობაში ადანაშაულებს.