Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილს თაღლითობაში ადანაშაულებს


ლევან ყიფიანი
ლევან ყიფიანი

სპორტის და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი პროკურატურას საჩივრით მიმართავს „ომეგა ჯგუფის“ მფლობელის, ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ და მოითხოვს, რომ გამოძიება დაიწყოს თაღლითობის ფაქტზე. ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საუბარია ბიზნეს-პროექტზე, რომელშიც ლევან ყიფიანიც მონაწილეობდა, თუმცა, თანხა არ გადაუხადეს.

"ოქუაშვილმა თხოვა ლევან ყიფიანს ჩართულიყო ბიზნესპროექტში, კერძოდ, "ბეემვეს" მარკის ავტომობილების ჩინეთში გაყვანასა და გაყიდვაში, რაზეც ყიფიანმა გარკვეული სამუშაოები გაატარა, სხვა პარტნიორებისგან აიღო გარკვეული ვალდებულებები და ამის შემდეგ, საქმეში ჩართო ქართველი ბიზნესმენი, რომლის სახელს და გვარსაც ამ დღეებში გავაჟღერებთ“ - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ. მისივე თქმით, ლევან ყიფიანმა და ამ ბიზნესმენმა უზარმაზარი სამუშაო გასწიეს და თურქეთიდან ჩინეთში ჩაიყვანეს 50 ავტომანქანა, რომელიც გაიყიდა. „ბიზნესმენმა რაღაც ნაწილი თავის გაწეული სამუშაოსი ვერ მიიღო და როგორც ვიცი, ამაზე სასამართლოში დავობს. ამავე დროს ყიფიანმა ოქუაშვილის თაღლითური ქმედების შედეგად ვეღარ მიიღო ვერც ერთი თეთრი. ამის შემდეგ ოქუაშვილი შეპირდა "ბეემვეს" მარკის სამი ავტომანქანის გადაცემას დავალიანების გასასტუმრებლად, რაზეც ჩანაწერებშიც იყო საუბარი. თუმცა, ეს მანქანები ყიფიანისთვის დღემდე არ გადაუციათ", - განაცხადა ადვოკატმა ხაჭაპურიძემ.

ლევან ყიფიანს მოწმის სტატუსი აქვს საქმეში, რომელსაც მედიასაშუალებებით გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე იძიებს თბილისის პროკურატურა. ამ ჩანაწერებს „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი მიიჩნევს იმის დასტურად, რომ მის ბიზნესზე ხელისუფლება ახდენს ზეწოლას და ოთხი მილიონი გადაახდევინეს პირადად ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნით.

XS
SM
MD
LG