ოთახში, დიდ ტაბლოზე პატარა ნათურები მწყობრად ციმციმებს - ეს გამოგონილ კუნძულ „აისბერგენის“ ელექტრომომარაგების სქემაა. განგაშის მანიშნებლები მწვანედ ანათებს, ანუ ყველაფერი წესრიგშია. ამ დროს ტაბლოს წინ მდგომი კაცი კომპიუტერის კლავიატურაზე თითის ერთი დაჭერით ნაპერწკლებს გააყრევინებს კუნძულის ერთ-ერთი ქუჩის ელექტროსისტემას. ტაბლოზე განგაშის ნათურები წითლდება.
ეს ნიშნავს, რომ “აისბერგენი”, სადღაც ნორვეგიასა და ისლანდიას შორის მდებარე გამოგონილი კუნძული, კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა. ჰაკერებს რამდენიმე მიზანი აქვთ - სადაზვერვო და ინტელექტუალური საკუთრების მოპარვა, სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის შეფერხება ან ენერგოსისტემის მწყობრიდან გამოყვანა.
კუნძული “აისბერგენი” და კიბერთავდასხმა - ორივე წარმოსახვითია და იმ სასწავლო სცენარის ნაწილი, რომელსაც წლის ბოლოს, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის და ნატოს არაწევრი სახელმწიფოების, მათ შორის, საქართველოს წარმომადგენლები განიხილავდნენ. ამ ქვეყნების ათასამდე კიბერუსაფრთხოების სპეციალისტისა და ტექნიკური პერსონალის ერთკვირიანი სწავლების -„Cyber Coalition 2022“ - მთავარი დავალება გამოგონილ კუნძულზე კიბერთავდასხმის მოგერიება იყო.
სასწავლო სცენარის მეტი დეტალი, უსაფრთხოების მოსაზრებების გამო, სწავლებაზე დამსწრე მედიისთვის უცნობი დარჩა. რეალურ კიბერთავდასხმას ენერგოსისტემაზე, ცხადია, გაცილებით მასშტაბური და მძიმე შედეგები სდევს, ვიდრე სიმულატორზე გადამწვარი რამდენიმე ნათურა ან კაბელია.
თუკი შეიარაღებული თავდასხმა ყველასთვის თვალსაჩინო, დამანგრეველი აქტია, უხილავმა კიბერთავდასხმამ შეიძლება ათასობით სახლში ელექტროენერგია და წყალი გათიშოს, ან ვთქვათ, კლინიკებში სუნთქვის აპარატზე მიერთებულ პაციენტებს ჟანგბადის მიწოდება შეუწყვიტოს.
კიბერომი უკრაინაში
რეალური პრობლემები გამოიწვია რუსეთის კიბერთავდასხმებმა უკრაინაზე. "ვლადიმირ პუტინის ომმა სუვერენული, დემოკრატიული უკრაინის წინააღმდეგ შეაზანზარა ევროატლანტიკური უსაფრთხოება”, - ამბობს, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე დაზვერვისა და უსაფრთხოების სფეროში, დევიდ კატლერი და აღწერს იმ ზიანს, რაც უკრაინის და არა მარტო უკრაინის უსაფრთხოებას უკვე მიადგა რუსეთის კიბერტექნოლოგიური თავდასხმებით.
„რუსული ძალების მიერ საზღვრის გადაკვეთამდე რამდენიმე საათით ადრე, კიბერტექნოლოგიური დარტყმა მიადგა უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურებს, სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებს. პირველ რიგში გაითიშა სატელიტური კავშირგაბმულობა, რამაც გაწყვიტა კავშირი უკრაინის საპოლიციო, სამხედრო და სადაზვერვო სამსახურებს შორის. ამან გამოიწვია ირიბი ზიანი უკრაინის მიღმაც, შეფერხდა ქარის ტურბინების მუშაობა, ათიათასობით ადამიანი დარჩა ინტერნეტის გარეშე ევროპაში. ამის შემდეგ შეტევა გაგრძელდა - იშლებოდა მონაცემები, უკრაინის სამთავრობო, კომერციულ და ენერგოსექტორებში. ამგვარად, უკრაინაში ომმა ნათლად გვაჩვენა კიბერსფეროს სტრატეგიული მნიშვნელობა არსებულ და მომავლის კონფლიქტებში. კიბერშეტევებზე მიმდინარე დაკვირვებები ჯერ პირველად მონაცემებს იძლევა, მაგრამ ორი რამე უკვე ვიცით...“ - ამბობს დევიდ კატლერი.
პირველი, რაც გაირკვა, ისაა, რომ შესაძლებელია ძლიერი და ეფექტური კიბერთავდაცვის შექმნა და მეორე - ეს მხოლოდ თანამშრომლობით შეიძლება მოხდეს.
ნატოელი ექსპერტები უკრაინაში ომს აკვირდებიან და სწავლობენ, თავდასხმათა შემდგომი ანალიზისთვის, რათა დროის მოკლე მონაკვეთში იპოვონ გამოსავალი.
ტალინის სწავლებაში, შარშანდლისგან განსხვავებით, წელს უკრაინა არ მონაწილეობდა. მიზეზი მარტივია - უკრაინელ სპეციალისტებს წელს არ სცალიათ. პრაქტიკულ გამოცდილებას ისინი რეალური თავდასხმების მოგერიებისას იღებენ.
ტალინში ნატოს ოფიციალური პირები ხაზგასმულად მაინც მოერიდნენ უკრაინაში მიმდინარე ომისა და კიბერუსაფრთხოების სწავლების თემების ერთმანეთთან უშუალო დაკავშირებას. თუმცა მაინც შეეხნენ საფრთხეებს, რომლის წინაშეც რუსეთთან ომში მყოფი ეს ქვეყანა თებერვლამდეც, ანუ რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდეც აღმოჩნდა. მაგალითად, განიხილავდნენ თავდასხმებს უკრაინის ენერგოსისტემაზე. ასევე თქვეს, რომ კიბერთავდასხმების უკან რუსეთის სპეცსამსახურებთან და მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან ერთად, „კერძო ინიციატივებიც“ გამოვლინდა.
უკრაინის ომმა გააჩინა ახალი შეკითხვაც, შესაძლოა თუ არა ნატომ აამოქმედოს მეხუთე მუხლი ალიანსის წევრ რომელიმე ერთ სახელმწიფოზე კიბერთავდასხმის საპასუხოდ? განიხილავს თუ არა ნატო მის წევრ რომელიმე ერთ სახელმწიფოზე კიბერთავდასხმას, მთლიანად ალიანზე შეიარაღებული თავდასხმის ტოლფასად?
ბუნდოვანი ზღვარი მშვიდობას, კრიზისა და კონფლიქტს შორის
რა ხდება თუ, კიბერთავდახმა სტრატეგიულ ან კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა? .
როგორც ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწემ დაზვერვისა და უსაფრთხოების სფეროში, დევიდ კატლერმა აუხსნა ტალინის სწავლებაზე დამკვირვებელ მედიას, „კიბერსფერო ჯერ ისევ რჩება არეალად, რომელიც უპირატესობას აძლევს თავდამსხმელს, და არა მას, ვინც თავს იცავს". კატლერს იმედი აქვს, რომ ნატო შეძლებს ამ დინამიკის შეცვლას.
„ის მოვლენები, რაც ვნახეთ, ასევე აჩვენებს, რომ ჩვენ მხოლოდ დიდ კიბერშეტევებს არ უნდა ვიხილავდეთ, ჩვენ უნდა ვაკვირდებოდეთ მუდმივმოქმედ მავნე კიბერაქტივობებს, როგორც ფართო კამპანიის ნაწილს, რომელიც ცდილობს, მიაღწიოს ეროვნული ძალაუფლების დეგრადაციის სტრატეგიულ მიზანს. ზუსტად ამიტომ მოკავშირეები აცნობიერებენ, რომ სტრატეგიული თვალსაზრისით ერთჯერად ან კუმულატიურ მავნე კიბერაქტივობებს შეუძლიათ მიაღწიონ შეიარაღებული თავდასხმის დონეს და ამან შეიძლება გამოიწვიოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მიერ მეხუთე მუხლის ამოქმედება. ასევე მიჩნეულია, რომ კიბერსივრცე მუდმივად სადავოა და სხვა სფეროებისგან განსხვავებით, მუდმივად ჩართულია. იქ მუდმივი აქტივობაა მუდმივ პაექრობაში. იქ ასევე ბუნდოვანია ზღვარი მშვიდობას, კრიზისსა და კონფლიქტს შორის. კიბერსივრცის ბუნება განაპირობებს იმას, რომ შეუძლებელია შეკავდეს და აღიკვეთოს ყველა კიბერაქტივობა. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ მავნე კიბერაქტივობების უკან მდგომი აქტორები, დიდი ალბათობით, შეაღწევენ ჩვენს ზოგ ქსელში და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში. ამიტომაც ნატო, ამდენი ხნის განმავლობაში, ასე სერიოზულად აღიქვამს კიბერსივრცეში სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორებისგან მომავალ საფრთხეებს. ჩვენ გადავდგით მტკიცე ნაბიჯები კიბერშეტევისგან დასაცავად, ეს ჩვენი კოლექტიური თავდაცვის საკვანძო საკითხია“, - თქვა დევიდ კატლერმა და იქვე განმარტა, რომ „კიბერსივრცე არის ისეთივე დონის ოპერაციების სფერო, როგორიც მიწაზე, ზღვაზე, ჰაერში და კოსმოსში“.
კატლერი ხაზს უსვამს ნატოს წევრი და ალიანსის პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას, მათ შორის უკრაინასთან, საქართველოსთან და მოლდოვასთან, წყნარი ოკეანის რეგიონის პარტნიორებთან, იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან, ავსტრალიასა და ახალი ზელანდიასთან.
კიბერსაფრთხეებთან გასამკლავებლად ნატოში სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზე საუბრობენ და ამგვარი თანამშრომლობის დადებით მაგალითად დევიდ კატლერი უკრაინაში სტარლინკის სატელიტებით უსაფრთხო კომუნიკაციის დამყარების შესაძლებლობასა და მაიკროსოფტის სერვისებზე წვდომას ახსენებს. მაგალითად, როდესაც უკრაინის ზოგი სამინისტროს მონაცემები ვირტუალურ ბანკში აიტვირთა, მათ სერვერებზე რუსული თავდასხმის განხორციელებისას.
საქართველო - კიბერუსაფრთხოების კონტრიბუტორი
ნატოსთვის, როგორც ალიანსისთვის მნიშვნელოვანია, ცალკეული ქვეყნების ხელში არსებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა „ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის თანამშრომლობას ქვეყნებს შორის, რადგან ნატო დიდწილად დამოკიდებულია ამ ინფრასტრუქტურაზე, თავისი ძირითადი ამოცანების შესრულებისას“, - ამბობს დევიდ კატლერი.
რადიო თავისუფლება დაინტერესდა, რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს საქართველოს, რომელიც წლებია განიცდის რუსეთიდან კიბერშეტევებს. როგორც ეს მოხდა 2008 წლის აგვისტოსა და სექტემბერში, ასევე შეტევები დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროზე კოვიდ პანდემიის დროს. მაშინ საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ შეტევები რუსეთიდან მოდიოდა. კითხვაზე, რა არის საქართველოს კიბერსფეროს კრიტიკულად სუსტი წერტილები და როგორ შეუძლია ნატოს დაეხმაროს საქართველოს, დავიდ კატლერი ამბობს, რომ ქართველ, მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან დეტალურად აქვს განხილული ყველა საფრთხე და უკვე განხორციელებული თავდასხმებიც.
მისი თქმით, საქართველოს შეუძლია უკრაინის გამოცდილებაც გაიზიაროს.
„ისინი [უკრაინელები] უკვე მუშაობენ - ამოწმებენ თავდაცვის სექტორს, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, სხვა ეროვნული დონის პრობლემებს, ამოწმებენ და რწმუნდებიან, რომ არსებითად არიან რთული სამიზნე კიბერთვალსაზრისით. აქ არც ისე ბევრი რამის თქმა შემიძლია სპეციფიკაზე და თუ რაში და რამდენად ვართ ჩართულები. მაგრამ საქართველოს შეუძლია სრულად გამოიყენოს ყველაფერი, რასაც ნატო სთავაზობს პარტნიორებს. ყველაფერი საბოლოოდ დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სურს საქართველოს მიიღოს ნატოსთან პარტნიორობისგან”,- ამბობს დევიდ კატლერი
“საქართველო, როგორც უკრაინა, ნატოსთვის უაღრესად ფასეული პარტნიორია. ჩვენ დაინტერესებული ვართ დავეხმაროთ მათ საკუთარი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, ეროვნულ თავდაცვასა და უსაფრთხოებაში, ისევე როგორც ნებისმიერ პარტნიორს“, - იმავე კითხვას პასუხობს ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე უსაფრთხოების ახალი გამოწვევების საკითხებში, დევიდ ვან ვიილი, რომელსაც ტალინში მყოფი ჟურნალისტები ვიდეოზარის მეშვეობით ესაუბრნენ.
„მე ვფიქრობ ბუქარესტში შეხვედრა იყო იმ ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრირება, რომელიც ნატოს სურს აჩვენოს საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ გვაქვს პოზიტიური პოლიტიკური დიალოგი. იგივე ეხება კიბერსფეროს. ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ საქართველოს გამოცდილებისგან, იქიდან, რასაც ისინი შეეჯახნენ კიბერსივრცეში”, - თქვა დევინ ვან ვიილმა ჟურნალისტებთან ონლაინბრიფინგზე.
ნიკა გოგვაძე, ტალინის სწავლების მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროდან, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საქართველოს ეფექტიანი და აქტიური ჩართვა ნატოს კიბერუსაფრთხოების სფეროში დაგეგმილ თუ განხორციელებულ ღონისძიებებში იმის ნათელი დადასტურებაა, რამდენად ფასეული პარტნიორია საქართველო ნატოსთვის და რამდენად მდგრადია საქართველოს მისწრაფება ევროატლანტიკური მიზნისკენ.
„Cyber Coalition”-ში საქართველო 2015 წლიდან მონაწილეობს. თავიდან მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით, ხოლო 2019 წლიდან მონაწილე ქვეყნად. საქართველო, რომელიც 2020 წლიდან MISP პლატფორმის სრულუფლებიანი წევრიცაა, აქტიურად მონაწილეობს კიბერსივრცეში არსებული საერთო ოპერატიული სურათის დამუშავებაში. [MISP] პლატფორმა ითვალისწინებს ინფორმაციის გაცვლას პროექტში მონაწილე ქვეყნებსა და ორგანიზაციებს შორის მათ კიბერსივრცეში მომხდარი კიბერინციდენტების შესახებ”, - ამბობს ნიკა გოგვაძე, რომლის თანახმად, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა კიდევ უფრო გაზარდა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობა.
"ეს განსაკუთრებით ეხება კიბერსივრცეს. აქედან გამომდინარე, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს როგორც ნატოსთან, მრავალმხრივ და წევრ ქვეყნებთან ორმხრივ ფორმატში - აშშ, დიდი ბრიტანეთი, ლიეტუვა, ესტონეთი, ასევე, კიბერუსაფრთხოების ბიურო აქტიურად არის ჩართული რეგიონული თანამშრომლობის ფორმატშიც."
ნიკა გოგვაძის თქმით, 2022 წლის მარტში ჩატარებულ ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებაში - NATO-GEO-2022 - პირველად გამოიყენეს კიბერუსაფრთხოების ელემენტები სამი მიმართულებით: ინფორმაციული უსაფრთხოება, სწავლების კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა ცოცხალ რეჟიმში და კიბერელემენტები, როგორც სწავლების შემადგენელი ნაწილი.
ნიკა გოგვაძე რადიო თავისუფლებასთან განმარტავს, რომ ტალინის სწავლებაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო საქართველოს კიბერუსაფრთხოების ტექნიკური ჯგუფის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერებისთვის.
“მაღალი დონის კიბერსწავლებებში ჩართულობა წარმოადგენს კომპეტენციის ზრდის საუკეთესო საშუალებას, რაც რეალურ დროში კიბერკრიზისული სცენარების სიმულირებით, ხელს უწყობს შესაძლებლობების ზრდას… იძლევა მიღებული ცოდნისა და გამოცდილების ყოველდღიურ რეალობაში გამოყენების საშუალებას, რაც ზრდის საქართველოს თავსებადობას ნატოსთან და ევროკავშირთან”.
ტალინში CR14-ის საწვრთნელ სივრცეში გამართული სწავლების მონაწილეებმა გამოგონილ კუნძულ "აისბერგენზე" მომხდარი კიბერშეტევა წარმატებით მოიგერიეს. სწავლების ხელმძღვანელმა, ჩარლ ელიოტმა თქვა, რომ დავალებას ყველა მონაწილემ გაართვა თავი. სწავლების მიზანი კიბერსივრცეში შეძენილი გამოცდილების რეალურ სივრცეში გამოყენებაა.