Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოშლილი საკანალიზაციო სისტემები კახეთში - რატომ არ გვარდება ათწლეულების პრობლემა


ფეკალური მასები იღვრება დაზიანებული საკანალიზაციო მილიდან, ლაგოდეხი
ფეკალური მასები იღვრება დაზიანებული საკანალიზაციო მილიდან, ლაგოდეხი

კახეთის რეგიონში ცენტრალური საკანალიზაციო სისტემით უმეტესწილად მხოლოდ ქალაქების მოსახლეობა სარგებლობს, მაგრამ ყველა არა. არის უბნები, სადაც კანალიზაცია არასდროს ყოფილა, თუმცა იქაც პრობლემებია, სადაც სისტემა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გაიყვანეს. დაზიანებული კოლექტორებიდან ფეკალური მასები ქუჩებში იღვრება, ზოგან სახლებშიც ამოდის. მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ ვერ მიაკვლიეს უწყებას, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებდა.

რეგიონში საკანალიზაციო სისტემები საბჭოთა მმართველობის დროს რომ გაიყვანეს, მას შემდეგ თითქმის არც შეცლილა და არც ახალი დამატებია. ადგილობრივი მოსახლეობა პერიოდულად პროტესტსაც გამოთქვამს კონკრეტულ უბნებში დაზიანებული მაგისტრალებიდან ფეკალური მასების დაღვრის გამო, მაგრამ შედეგს ვერ იღებს.

მაგალითად, ლაგოდეხში, სადაც 5 200-მდე ადამიანი ცხოვრობს, სულ ორი საკანალიზაციო მაგისტრალია, თუმცა ორივე იმდენად არის დაზიანებული, რომ ფეკალური მასები საავტომობილო გზებზე მოედინება. ასეა, მაგალითად, ჭავჭავაძის ქუჩაზე. ადგილობრივი მოსახლეობა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ 10 წელზე მეტია, მილი დაზიანებულია, ფეკალური მასები კი იმ სარწყავ არხში ჩადის, საიდანაც ზაფხულში მოსახლეობა საკარმიდამო ნაკვეთებს რწყავს. გარდა ამისა, ლაპარაკობენ ქუჩაში არსებულ ანტისანიტარიასა და სუნზე, რომელიც ათეულობით ოჯახს აწუხებს.

„წლებია, ეს პრობლემა გვაქვს. ახლაც სუნია, ზაფხულში კი აქ ცხოვრება გაუსაძლისია. ჩვენმა მეზობელმა მერიასაც მიმართა და იქ უთხრეს, თანხები არ გვაქვს და თქვენი ფულით გააკეთეთო. ჩვენ ისეთ გაჭირვებაში ვცხოვრობთ, ვის აქვს იმის ფული, რომ ცენტრალური კანალიზაციის მილი გამოცვალოს? - განუცხადა რადიო თავისუფლებას ლაგოდეხში მცხოვრებმა ქეთევან მაისურაძემ. მისმა მეზობელმა ზაურ ჭანტურიძემ კი გვითხრა, რომ „ბოლოს პრობლემის მოგვარებას საპარლამენტო არჩევნების დროს დაჰპირდნენ, მაგრამ მას შემდეგ ადგილზე აღარავინ მისულა“. საკანალიზაციო სისტემა მოძველებულია კახეთის რეგიონალურ ცენტრად წოდებულ თელავშიც, სადაც 21 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. კანალიზაციით ამ ქალაქშიც ყველა ვერ სარგებლობს, თუმცა იქაც პრობლემებია, სადაც მაგისტრალი გადის. უკვე წლებია, თელავიდან მდინარე ალაზნისკენ მიმავალი მილი დაზიანებულია და ფეკალური მასები ღიად იღვრება იმ სარწყავ არხში, რომელიც სოფელ კურდღელაურში გადის. ადგილობრივების თქმით, პრობლემა ვერ გვარდება მილის ერთჯერადი შეკეთებით და მას გამოცვლა უნდა.

დაზიანებული საკანალიზაციო მილი ლაგოდეხში.
დაზიანებული საკანალიზაციო მილი ლაგოდეხში.

„იცით, რა? მე ვფიქრობ, რომ საქმის გაკეთების ნება არ არსებოს, თორემ ყოველ წელს იმდენი ფული რჩებათ გასახარჯი, ამ და კიდევ სხვა პორობლემებსაც მოაგვარებდნენ. აქ უნდა გამოიცვალოს მთლიანი მილი, რადგან მცირე შეკეთება არ შველის!“

თელავში არა მხოლო ქალაქის შიდა საკანალიზაციო სისტემა, არამედ ის მთავარი მაგისტრალიც არის დაზიანებული, რომლითაც ფეკალური მასები მდინარე ალაზანში უნდა ჩადიოდეს. ყვარლიდან თელავისკენ მიმავალ მთავარ საავტომობილო გზაზე, როდესაც თელავს უახლოვდები, ზამთარშიც კი გაუსაძლისი სუნი დგას. ფეკალური მასების ნაწილი მანამდე იღვრება, ვიდრე ალაზანში ჩავა. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, თელავში 2018 წელს დაიწყო და 2019 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულებულიყო საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებელობა, რომლის ბიუჯეტიც 12 მილიონ 400 ათასი ლარი იყო. პროექტი ასევე ითვალისწინებდა თელავიდან ალაზნამდე არსებული მთავარი საკანალიზაციო სისტემის შეცვლას, მაგრამ 2020 წლის დეკემბერია და ნაგებობა ამ დრომდე არ შესულა ექსპლუატაციაში. მუნიციპალური განვითარების ფონდში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სამუშაოები დასრულებულია და პროექტი უკვე გადაეცა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, თუმცა წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენელმა, ანა ონაშვილმა, გვთხრა, რომ პროექტი ჯერ არ აქვთ მიღებული:

„ობიექტის გადმოცემის პროცედურა არის ხანგრძლივი, რაც მოიცავს დოკუმენტებსაც და ტექნიკურ გადაცემასაც. ამ დროისთვის ობიექტი ჩვენთვის გადმოცემული არ არის. გადმოცემის შემდეგ, როდესაც დადგინდება, რომ ობიექტი უკვე მზად არის ოპერირებისთვის, ის მუშაობას დაიწყებს. სავარაუდოდ, 2021 წლის პირველი კვარტალიდან თელავის საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობა შევა ექსპლუატაციაში”.

თელავის საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობა
თელავის საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობა

მას შემდეგ, რაც თელავში საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობა დაიწყებს ფუნქციონირებას, მდინარე ალაზანში ფეკალური მასები უკვე გადამუშავებული სახით ჩავა, თუმცა გარემოსდამცველები ამბობენ, რომ მხოლოდ თელავში განხორციელებული პროექტი ეკოლოგიურ საფრთხეებს ვერ შეამცირებს, რადგან, თელავის გარდა, კახეთის დანარჩენი 7 მუნიციპალიტეტის საკანალიზაციო სისტემა ასევე მდინარე ალაზანს უერთდება და 21-ე საუკუნეში საჭიროა ყველა ქალაქს ჰქონდეს სისტემა, რომელიც ფეკალურ მასებს გადაამუშავებს. რაც შეეხება ლაგოდეხში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ჯერ კიდევ 10 წლის წინ დაზიანებულ საკანალიზაციო მილს, წყალმომარაგების კომპანიაში გვითხრეს, რომ საკითხს შეისწავლიან და კომენტარს შემდეგ გააკეთებენ.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG