Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოქალაქე საქართველოს მთავრობას უჩივის "კომენდანტის საათის" გამო


საქართველოს მოქალაქე, მიხეილ სამნიძე, მთავრობას იმ დადგენილებას ედავება, რომლითაც საგანგებო მდგომარეობის დროს გადაადგილება აიკრძალა 21:00 საათიდან 06:00 საათამდე.

მოქალაქე მიიჩნევს, რომ ეს დადგენილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, რომელიც თავისუფალი გადაადგილების უფლებას გულისხმობს. სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს. მოსარჩლის ინტერესებს სასამართლოში იცავს პარტია „გირჩის“ წარმომადგენელი, ლევან ჯგერენაია. მან სასამართლო განხილვაზე თქვა, რომ მოსარჩლე მიხეილ სამნიძე ტვირთის გადამზიდ მანქანაზე მუშაობს და სადავო შეზღუდვის გამომას საქმიანობაში ხელი შეეშალა, ერთხელ კი პატრულმა დააჯარიმა კიდეც:

„გავარკვიოთ რისი უფლება აქვს სახელმწიფოს და რა მასშტაბით შეუძლია მას ჩაერიოს თავისუფალი ადამიანების ცხოვრებაში. გადაადგილების აკრძალვა პატიმრობის ტოლფასია: ადამიანებს ვკეტავთ სახლში, მხოლოდ მეთვალყურეობის ქვეშ შეუძლიათ გარკვეული დროით და გარკვეულ მანძილზე გადაადგილება. გარდა ამისა, თუ არ გვაქვს დაცული გადაადგილების თავისუფლება, ბევრ სხვა ფუნდამენტურ უფლებაზე არ მიგვიწვდება ხელი. მაგალითად, გადაადგილების თავისუფლებასთანაა დაკავშირებული ადამიანის შრომის უფლება იმისთვის, რომ მას ჰქონდეს შემოსავალი და არჩინოს ოჯახი“.

ადვოკატი ლევან ჯგერენაია მიიჩნევს,რომ საქართველოს მთავრობამ პანდემიის გამო გამოცხადებული შეზღუდვებით არ განსაზღვრა, თუ რა უფრო რისკის შემცველია - კორონავირუსის გავრცელების საფრთხე, თუ შეზღუდვების გამო შემოსავლების გარეშე დარჩენილი მოქალაქეების მდგომარეობა. მან სასამართლოში სარჩელის განხილვაზე განაცხადა, რომ ხელისუფლებას ეს საკითხი საფუძვლიანად უნდა გამოეკვლია და მეცნიერული კვლევებით დაესაბუთებინა მიღებული გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში იგულისხმება ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა:

„მეცნიერულ კვლევაზე დაყრდნობით უნდა იყოს დასაბუთებული და დათვლადი, რომ არა ეს შეზღუდვები, რამდენი ადამიანი გარდაიცვლებოდა ქვეყანაში. მთავრობას დათვლილი უნდა ჰქონდეს და შედარების საშუალებას უნდა იძლეოდეს ამ შეზღუდვების შედეგად, რა ირიბი ეფექტი აქვს ადამიანების ცხოვრებაზე, რა შედეგს გამოიწვევს - ხომ არ შეეწირება შეზღუდვებსა და ადამიანების მკურნალობას უფრო მეტი ადამიანი ქვეყანაში“, განაცხადა სასამართლო განხილვაზე მოსარჩლე მხარის ადვოკატმა, ლევან ჯგერენაიამ.

ამაზე სხდომის მომხსენებელმა მოსამართლემ, ევა გოცირიძემ, იურისტს ჰკითხა, თუ რამდენად რეალურია მსგავსი კვლევების მოთხოვნა, მაშინ როცა ახალი კორონავირუსი ჯერ კიდევ მსოფლიო მეცნიერების კვლევის საგანია, მსოფლიოსთვის კი ამ დრომდე გლობალურ გამოწვევად რჩება.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია არის თუ არა თქვენთვის საკმარისი? პრეზიდენტის დეკრეტის პრეამბულაში სწორედ ესაა ნათქვამი, რომ შეზღუდვები ემყარება ამ საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. თქვენ კი მიგაჩნიათ, რომ ეს არაა საკმარისი და ცალკე კვლევები უნდა წამოეწყო სახელმწიფოს ახალი კორონავირუსის შესახებ, რომელიც ახლახან გაჩნდა დედამიწაზე და ამბობენ, რომ მასზე არავინ არაფერი დაზუსტებით არ იცის. კიდევაც რომ წამოეწყო, რამდენად ქმედითი იქნებოდა ეს შედეგები?“ - იკითხა მოსამართლე ევა გოცირიძემ.

ეს და სხვა კითხვები საკონსტიტუციო სასამართლომდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილეს, პაატა იმნაძეს, დაუსვა. სასამართლო სხდომაზე იგი დისტანციურად ჩაერთო მოპასუხე მხარის მიერ მოწვეული მოწმის სტატუსით. მოპასუხე მხარე კისაქართველოს მთავრობაა. პაატა იმნაძემ განმარტა, რომ მათი რეკომენდაციით ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები ეყრდნობა2002-2003 წლებში გავრცელებულწინამორბედ კორონავირუსთან ბრძოლის მსოფლიო გამოცდილებას. განსხვავებით ახალი კორონავირუსისაგან კი,იგი არ იყო ისეთი გავრცელებადი, როგორც COVID 19-ია. მაშინ მსოფლიოს გამოცდილებამ აჩვენა, რომ ვიეტნამმა, რომელმაც პრევენციისთვის მკაცრი შეზღუდვები დააწესა, ყველაზე კარგად მართა ვირუსისგავრცელება, ვიდრე, მაგალითად, განვითარებულმა კანადამ. პაატა იმნაძემ ისიც აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როცა კორონავირუსის წინააღმდეგ არ არსებობს არც პრეპარატი და არც ვაქცინა, მსოფლიოს წამყვანმა დემოკრატიულმა ქვეყნებმაც კი უფრო მეტი შეძზღუდვები გამოიყენეს, ვიდრე საქართველომ. მან სასამართლოს შეახსენა აგრეთვე შედეგი, რომელსაც პანდემიასთან ბრძოლის დროს საქართველომ სხვა ქვეყნებთან შედარებით მიაღწია:

„ძალიან ძნელია ცალკეული შეზღუდვების წილი შეაფასო მთლიანად შედეგებში, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში დაავადების გავრცელებაც მინიმალურია და ლეტალური შემთხვევებიც. მოდელი, რომელიც ჩვენ დავნერგეთ, ბრისტოლის უნივერსიტეტისაა და იგი გულისხმობს შეზღუდვების ერთობლიობას. ამის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი კი მობილობის მაქსიმალური შეზღუდვაა. ამავე დროს, ჩვენ არ ავკრძალეთ ადამიანების სახლიდან გამოსვლა დღის განმავლობაში, რაც იყო ძალიან ბევრ დასავლეთ ევროპის ქვეყანაში“.

ევროპული ქვეყნების მაგალითზე დაყრდნობით, პაატა იმნაძემ ისიც თქვა, რომ ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა იტალიის მაგალითზე დააწესეს, სადაც სწრაფი გავრცელება სწორედ საღამოს საათებში მოქალაქეების აქტიურმა გადაადგილებამ გამოიწვია, - კერძოდ კი, მას შემდეგ, რაც იტალიის ქალაქებში კაფე-ბარები დაიხურა და მოსახლეობამ ერთმანეთთან სტუმრად მიმოსვლა დაიწყო.

საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს მთავრობის ინტერესების დამცველმა, ქეთევან კრაწაშვილმა, თქვა, რომ სწორედამ და სხვა მაგალითით, ასევე სპეციალისტების რეკომენდაციით, საქართველოს მთავრობამ გასაჩივრებული აქტით დააწესა შეზღუდვები:

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ გასაჩივრებული აქტი სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან. ადამიანის უფლებებში განხორციელებული ჩარევა კი იყო აუცილებელი, აკმაყოფილებდა თანაზომიერების პრინციპს, რომლითაც მოწმდება ჩარევის შესაბამისობა კონსტიტუციასთან. საუბარია ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვაზე, რომელიც არ არის კავშირში სამუშაო დროსთან. აუცილებელი საჭიროება კი, რომელიც ამ პერიოდში არსებობდა, დადებითად იყო გადაწყვეტილი“.

საკონსტიტუციო სასამართლოში საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით სულ 5 სარჩელი შევიდა. ყოველ მათგანში გასაჩივრებულია საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემული აქტები. მოსარჩლეთა ნაწილი მოქალაქეები არიან, ნაწილი კი - ორგანიზაციები. სასამართლომ უარი თქვა განეხილა ხუთიდან ერთი სარჩელი, ორი კი სასამართლომ არსობრივად უკვე განიხილა.

XS
SM
MD
LG