რუსეთი ექვსი თვით ბენზინის ექსპორტს კრძალავს. როგორც რუსული სააინფორმაციო სააგენტო РБК წერს, შეზღუდვა არ შეეხება ევრაზიული კავშირის ქვეყნებს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს, მონღოლეთსა და უზბეკეთს.
კრემლი ოფიციალურ მიზეზად ქვეყანაში გაზრდილ მოთხოვნას ასახელებს და ცდილობს, რესურსის ექსპორტის შეზღუდვით ფასების ზრდა აიცილოს თავიდან. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ბენზინის ექსპორტის ნახევარი წლით შეწყვეტა მარტში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებსაც უკავშირდება: ავტომფლობელებისა და ფერმერებისთვის საწვავის ფასი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
რუსეთი საქართველოსთვის საწვავის მთავარი მომწოდებელია - შარშან ქვეყანამ შემოტანილ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებში ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი გადაიხადა.
2023 წელს საქართველომ დაახლოებით 1.6 მილიარდი დოლარის ნავთობპროდუქტები იყიდა.
რუსეთი იმპორტიორებს შორის შესამჩნევად დომინანტი 2022 წლიდან გახდა - თუკი 2021 წელს ჩრდილოელი მეზობლისგან 135 მლნ დოლარის ღირებულების ნავთობი შემოვიდა, 2022 წელს იმპორტი 621 მლნ დოლარამდე გაიზარდა. ზრდის მიზეზი ფასი იყო.
იმპორტიორი კომპანიების თანახმად, რუსული საწვავი ევროპულზე იაფი ჯდებოდა. 2023 წლის ბოლოს ბაზარზე ვითარება შეიცვალა და რუსეთმა საწვავი გააძვირა. თუ მანამდე ფასის გამო რუსეთი რუმინეთზე, საიდანაც საქართველოში ევროპული საწვავი შემოდის, უკეთეს ბაზრად ითვლებოდა, ახლა რუსულ და ევროპულ საწვავს შორის ფასში დიდი სხვაობა აღარ არის. რუსეთიდან საწვავის შემოტანა რომ შემცირდა, ამას სტატისტიკაც მოწმობს. 2023 წლის მეოთხე კვარტალში [ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბერი] იმპორტი 61%-ით არის შემცირებული.
რუსეთის გადაწყვეტილება საქართველოში საწვავს გააძვირებს?
კონკურენციის სააგენტო ამბობს, რომ ნაკლებად მოსალოდნელია და თუ ეს მაინც მოხდა, მიზეზებს შეისწავლის.
“არ ველოდებით, რომ ამას ბაზარზე არსებითი გავლენა ექნება და ზრდის მიმართულებისკენ შეიცვლება ტრენდი, თუმცა, თუ ასე მართლაც მოხდა, ყურადღებით შევისწავლით. რა თქმა უნდა, ფასი გაიზრდება თუ არა, გარანტიას ვერავის მივცემთ, მაგრამ ჩვენი მონიტორინგის მიზანიც სწორედ ისაა, რომ დავაკვირდეთ და თუ რამე არასაბაზრო ქმედებები შეინიშნება კომპანიების მხრიდან, კანონის წესით ვიმოქმედოთ”, - ამბობს ქედელიძე.
სააგენტო საწვავის ბაზარს უკვე რამდენიმე წელია სწავლობს. თავდაპირველად იმჟამინდელი პრემიერის დავალებით, რადგან მაშინ ირაკლი ღარიბაშვილი ეჭვობდა, რომ მსხვილი კომპანიები ფასზე წინასწარ თანხმდებოდნენ და პროდუქტს ძვირად ყიდდნენ. სააგენტოს მოკვლევის საფუძველზე შარშან ხუთი უმსხვილესი ბანზინგასამართი კომპანია თითქმის 4 მლნ ლარით დაჯარიმდა, მიზეზი საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნება იყო.
სააგენტოს სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ქედელიძე გვეუბნება, რომ რუსეთიდან საწვავის იმპორტის შეწყვეტას ფასზე გავლენა არ უნდა ჰქონდეს. ფასი შეიძლება მცირედით მხოლოდ პატარა კომპანიების შემთხვევაში გაიზარდოს. მისივე თქმით, ერთადერთი ცვლილება საიმპორტო ქვეყნებში იქნება და იმპორტიორებს სხვადასხვა ბაზარზე გადაწყობა მოუწევთ.
“ბოლო პერიოდში სხვაობა რუსულ საწვავსა და, მაგალითად, ბულგარეთიდან ან რუმინეთიდან იმპორტირებულ საწვავს შორის დიდი აღარ იყო. ჩვენი გათვლებით, ამ გადაწყვეტილებამ არსებითი გავლენა არ უნდა მოახდინოს მსხვილი კომპანიების ფასებზე. გავლენა უფრო იქნება პატარა ქსელებზე, რომლებიც სრულად რუსულ საწვავზე იყვნენ დამოკიდებულნი”, - ამბობს ქედელიძე და ამატებს, რომ თუ კომპანიები საწვავზე ფასს გაზრდიან, მაშინ გაძვირების მიზეზს სააგენტო მოიკვლევს.
საწვავზე ფასის ზრდას არც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ელის. მისი ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილი გადაჭრით ამბობს, რომ საქართველოში საწვავის დეფიციტი არ შეიქმნება და იმპორტიორები სხვა ქვეყნებზე გადაწყობას შეძლებენ.
“ფასის ზრდა არ იქნება, რადგან ბოლო პერიოდში რუსეთი რა ფასადაც საწვავს გვაწვდიდა, ფაქტობრივად, არ განსხვავდებოდა ევროპელი მომწოდებლისგან. ძველი “დისქაუნთით” აღარ გვაძლევდა საწვავს. ამიტომ არანაირი დიდი კატაკლიზმები ბაზარზე არ შეინიშნება.
რუსეთმა საწვავი შარშან შემოდგომიდან გააძვირა, როცა ჯერ აკრძალა ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტი, მერე როცა დაუშვა, ძველი ფასებით აღარ მოგვცა”, - ამბობს ნავთობიმპორტიორების კავშირის ხელმძღვანელი.
2023 წლის მეორე ნახევარში საწვავზე ფასი რომ გაიზარდა, ეს კონკურენციის სააგენტოს ანგარიშშიც წერია. სააგენტოს ინფორმაციით, რეგულარის მარკის საწვავზე ფასი 77-87, პრემიუმის შემთხვევაში 60-70 თეთრით გაიზარდა.
იობაშვილი ამბობს, რომ ახლა ფასს უფრო მეტად ნავთობის მსოფლიო ბირჟა განსაზღვრავს, აქ კი ყურადსაღებია, რა გავლენა ექნება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს, რადგან რეგიონის ქვეყნები მსოფლიოში ნავთობის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები არიან.
ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ ნავთობის ფასების ზრდის პროგნოზი ჯერჯერობით არ გამართლდა. ბირჟაზე ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 83 დოლარი, ხოლო WTI [West Texas Intermediate] ფასი 80 დოლარის ფარგლებშია, რუსული ურალი კი 74 დოლარი ღირს.
რას ამბობენ იმპორტიორები
"სენტა პეტროლიუმის" დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე ელის, რომ საწვავზე ფასი 10-20 თეთრით მაინც გაძვირდება. მის კომპანიას საწვავი ძირითადად რუსეთიდან შემოაქვს, როგორც ამბობს, აკრძალვის გამოცხადებისთანავე საბითუმო ბაზარზე საწვავზე ფასი გაიზარდა.
“მსგავსი პერიოდი რუსეთის აკრძალვის, სექტემბერში უკვე გავიარეთ, რის გამოც ფასი გაიზარდა. ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება კატასტროფა არ გამოიწვიოს, მაგრამ გარკვეული ზრდა იქნება. ელემენტარულია, რომ რუსული ბენზინი უფრო იაფია, ვიდრე ევროპული. მოდი ასე ვთქვათ, ბოლო პერიოდში რუსული საწვავის ფასი ევროპულს დაუახლოვდა. თუ რუსეთიდან საწვავს ვერ შემოვიტანთ, უნდა ვიყიდოთ ევროპული - ბულგარული/რუმინული ან თურქმენული. ბირჟაზე ნავთობის ფასი იგივე რომ დარჩეს, ან ლარის კურსი დოლართან მიმართებითაც არ შეიცვალოს, გარკვეული ზრდა მაინც იქნება. ვერ ავცდებით ამას”, - ამბობს იმპორტიორი.
სხვა იმპორტიორებმა, მაგალითად, “გალფმა”, კომენტარზე უარი გვითხრა, ხოლო “ვისოლი” წერილობით გამოგზავნილ პასუხში აცხადებს, რომ საწვავი ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან შემოაქვთ და რუსეთის გადაწყვეტილება მათ ქსელში გაყიდულ პროდუქტს არ გააძვირებს.