ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა სხვის ნაცვლად, ფიზიკური დაპირისპირება/ზეწოლა, დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლა, მარკირების უგულებელყოფა - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ დარღვევებისა, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა ჯერ საოლქო საარჩევნო კომისიებში გაასაჩივრეს და შემდეგ სასამართლოში.
ათობით სარჩელის სასამართლო განხილვა უკვე დასრულებულია.
4 ნოემბრის 20 საათისთვის ამ სარჩელებიდან მხოლოდ ერთია დაკმაყოფილებული.
გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, გორში 15 საარჩევნო უბნის მონაცემები ხელახლა უნდა გადაითვალოს.
„სამართლიანი არჩევნების“ სარჩელზე მიღებულ ამ გადაწყვეტილებას, გორის საოლქო საარჩევნო კომისია სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
4 ნოემბრის საღამოს მონაცემებით, მოსამართლეების გადაწყვეტილებას ელის კიდევ ხუთამდე სარჩელი.
რაც შეეხება დანარჩენ საჩივრებს, საქალაქო და რაიონული სასამართლოების მოსამართლეებმა არცერთი მათგანი არ დააკმაყოფილეს და ძალაში დატოვეს საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებები.
რამდენი საჩივარი შევიდა სასამართლოებში?
რამდენიმე ათეული.
უფრო კონკრეტულად კი, სარჩელები შევიდა თბილისის, რუსთავის, ბოლნისის, ქუთაისის, ბათუმის, გურჯაანის, მცხეთის, სიღნაღის, თეთრიწყაროს, ხაშურის, თელავის, გორის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ხელვაჩაურის, სენაკის, ფოთის, ახალციხის, ახალქალაქის საქალაქო და რაიონულ სასამართლოებში.
- „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ სასამართლოში 73 საარჩევნო ოლქის შედეგების ბათილობის მოთხოვნით, 24 სასამართლოში 24 სარჩელი შეიტანა;
- არჩევნებზე დამკვირვებელმა კოალიციამ „ჩემი ხმა“, რომელიც 30 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, 16 სასამართლოში წარადგინა 29 სარჩელი;
- „სამართლიანმა არჩევნებმა“ პირველი ინსტანციის სასამართლოებში საქართველოს მასშტაბით წარადგინა 14 სარჩელი;
- ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძლიერი საქართველო“ 5 სასამართლოში 5 საჩივარი შეიტანა.
„სარჩელი არ დაკმაყოფილდა“ - ციტატები სხდომათა დარბაზიდან
ერთ-ერთი უკანასკნელი სასამართლო სხდომა საარჩევნო დავებთან დაკავშირებით 4 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა - სხდომათა დარბაზში „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლები ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ დაერწმუნებინათ მოსამართლე სალომე სამხარაძე, თუ რატომ უნდა შეეცვალა მას სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება და რატომ უნდა დაევალებინა კომისიის თავმჯდომარისთვის ოლქში არსებულ უბნებზე ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთული ამომრჩეველთა სიების ამობეჭდვა და ე.წ. ქვითრების დალუქული ყუთების გახსნა.
სასამართლოს სხდომაზე, ანა დოლიძე, ოპოზიციური პარტიების გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, აცხადებდა, რომ არსებობს არაერთი ფოტო- და ვიდეომტკიცებულება, რომელთა თანახმადაც ირკვევა, რომ საარჩევნო უბანზე მისულებს თან მიჰქონდათ პასპორტში ჩადებული ფურცლები, სადაც დატანილი იყო სხვა ადამიანების პირადობის ნომრები და, შესაბამისად, არჩევნებზე მისულები სხვის, მათ შორის, ემიგრანტების ნაცვლად აძლევდნენ ხმას.
მისი თქმით, ვერიფიკაციის აპარატებიდან ამობეჭდილი საარჩევნო სიებისა და ქვითრების ერთმანეთთან შედარებით გახდებოდა შესაძლებელი იმის დადასტურება, როგორ დაატრიალა მმართველმა პარტიამ ე.წ. კარუსელი.
„ვერიფიკაციის აპარატი იმიტომ იდგა იქ, რომ თუ საჭირო გახდებოდა, დაგვედასტურებინა, ფიზიკურად ვინ მივიდა არჩევნებზე და ვინ არა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ მოგვცეს საშუალება, ვიცოდეთ, კენჭისყრის დღეს, არჩევნების დაწყებიდან არჩევნების დასრულების მომენტისთვის, როგორი იყო სიის მდგომარეობა, ხომ არ განსხვავდებოდა ის კედელზე გაკრული სიებისგან.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ქვითრების მდგომარეობა, სადაც თითოეულ მოქალაქეს ხელმოწერით უნდა დაედასტურებინა, რომ მართლაც თავად იმყოფებოდა არჩევნებზე. ამ დადარების პროცესით, ჩვენ დავინახავთ, ვინ იყო ნამდვილად მისული არჩევნებზე და ვინ არა“, - უთხრა ანა დოლიძემ მოსამართლეს და მასთან ერთად სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს, რაზეც მათ უპასუხეს:
„დარღვევის შემჩნევისთანავე საჩივარი იწერება უბანზე. არცერთი ამგვარი საჩივარი, რაზეც მოსარჩელე მხარე საუბრობს, არ ყოფილა სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოტანილი. სულ რამდენიმე საჩივარი იყო შემოტანილი დარღვევებთან დაკავშირებით და მათთან დაკავშირებით მიღებულია გადაწყვეტილება და სასამართლოსთვის მათ შესახებ არავის მიუმართავს. კენჭისყრის პროცედურები სრულად ჯდება კანონიერების საზღვრებში, კონკრეტულად სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიას რაც შეეხება. შესაბამისად, ვერანაირად ვერ იქნება გაზიარებული ეს მოთხოვნა. და სრულიად საფუძვლიანად ეთქვა მათ უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე“.
მათივე განცხადებით, საოლქო კომისია ვერ დააკმაყოფილებდა ამომრჩევლის ქვითრის გასაჯაროების მოთხოვნას, რადგან ის ამომრჩევლის პერსონალურ მონაცემებს შეიცავს - მათ შორის, პირად ნომერს, მისამართსა და სხვა.
„ამის არც კანონიერი საფუძველი არსებობს და ეს ლოგიკურადაც გაუაზრებელი მოთხოვნაა. პერსონალური მონაცემების გაცნობას კანონი მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში ითვალისწინებს“.
ანა დოლიძეს ამ არგუმენტზე ასეთი პასუხი აქვს:
„ცესკოს აქვს ბერკეტი - შესაძლებლობა, როდესაც ჩვენ საკუთარ თავებს ვამოწმებთ საარჩევნო სიებში თავად ცესკოს ვებგვერდზე. ზუსტად ასე, კანონის დაცვით, შესაძლებელია შეიქმნას სივრცე, სადაც თითოეული მოქალაქე შეამოწმებს, სად მისცა და მისცა თუ არა მან ხმა. მათ შორის ემიგრანტებიც ნახავენ, მაგალითად, საგარეჯოში რომ დაფიქსირდა მისი ხმა და ამ დროს ის იმყოფებოდა მიუნხენში, სამსახურში.
ცესკოს შეუძლია თქვას, რომ შექმნის მსგავს საშუალებას, მაგრამ უარს გვეუბნებიან. რატომ? იმიტომ, რომ არ სურთ გამოაჩინონ ის მთავარი მტკიცებულება, რითიც გამოჩნდება, რომ არჩევნები მოპარულია. ქვითრები და ვერიფიკაციის მანქანები არის ერთადერთი საშუალება, რომელსაც გამოიყენებს ჩვენს მიერ მოთხოვნილი საერთაშორისო გამოძიება გაყალბების დასადასტურებლად“.
მოსამართლე სალომე სამხარაძე სულ ნახევარი საათით გავიდა სათათბირო ოთახში. სხდომათა დარბაზში დაბრუნებულმა კი თქვა, რომ „ძლიერი საქართველოს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა:
„სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელით დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ ვერ მიუთითა იმგვარ გარემოებებზე, რაც მის მიმართ განსაკუთრებული და განსხვავებული მოპყრობის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო, როგორც საარჩევნო სუბიექტის მიმართ და ამ გარემოებებმა ვერ გადაწონა სასამართლოს გადაწყვეტილების გზით მოპასუხისთვის მტკიცებულებათა გადაცემის დავალების მოთხოვნის სისწორე“.
"სასამართლოებისგან სხვა მოლოდინი არც გვქონდა"
ბოლო სამ დღეში, 20-ზე მეტი მოსამართლისთვის აღმოჩნდა უსაფუძვლო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ წარდგენილი სარჩელები - 24 სარჩელიდან 23-ზე მოსამართლეებმა იურისტებს უკვე უარი უთხრეს.
ბოლო სარჩელს, ხმის ფარულობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით, თეთრიწყაროს სასამართლო უკვე რამდენიმე საათია განიხილავს. გადაწყვეტილება 4 ნოემბრის ღამეს ან 5 ნოემბერს გამოცხადდება.
„მოსამართლემ საიას შუამდგომლობის საფუძველზე გამოითხოვა შემთხვევითი შერჩევით წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში შემავალი 3-3 უბნის ბიულეტენები, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალია.
მოსამართლემ ასევე მოითხოვა ხმის მთვლელი აპარატი, ბიულეტენი, მარკერი და ჩარჩო კონვერტი. სასამართლო სხდომაზე ჩატარდა ტექნიკური შემოწმება, რომლის დროსაც დადგინდა, რომ ბიულეტენების აპარატში მოთავსებისას, უკანა მხარეს გაკეთებული არჩევანი ხილვადია“, - აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
ამ განცხადების პარალელურად, საიას იურისტი, შორენა ლოლაძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „აქამდე განხილული ყველა საქმე მოსამართლეებმა საოლქო საარჩევნო კომისიების სასარგებლოდ გადაწყვიტეს“.
საიამ ყველა იმ 73 საოლქო კომისიაში შემავალი უბნების შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. ისინი აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში დაირღვა ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი:
„ზოგიერთ შემთხვევაში, თავად საოლქო საარჩევნო კომისიებმა აღიარეს, რომ ბიულეტენები მართლაც ჟონავდა და მონიშნული სუბიექტი ფურცლის მეორე მხარესაც ჩანდა, თუმცა, შემდეგ ამ მსჯელობას იმით ამართლებდნენ, რომ ჩარჩო კონვერტი იცავდა ხმის ფარულობასო.
ზოგიერთი მოსამართლე სხდომაზე ზეპირად საუბრობდა, რომ თითქოს უფრო კონკრეტული მტკიცებულებებია საჭირო იმასთან დაკავშირებით, რომ ამა თუ იმ ოლქის ტერიტორიაზე ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი ფარულობის დარღვევას. ისინი ამბობდნენ, რომ კი, მართალია ბიულეტენის მეორე მხარეს მონიშნული მარკერი ჩანდა, მაგრამ ის, რომ ამით ფარულობის პრინციპი დაირღვა, სადაო იყო.
გარდა ამისა, შეკითხვა დაისვა, რომ თუკი ვხედავდით ფარულობის პრობლემას, უფრო ადრე რატომ არ ვთქვით და რატომ ვასაჩივრებთ ახლა. ამაზე ჩვენი პასუხია, რომ საია ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში საუბრობდა ამაზე და კითხვებიც მივწერეთ ცესკოს, საიდანაც მივიღეთ წერილობითი პასუხი, რომ არჩევნებზე ისეთი ხარისხის ბიულეტენი დაიბეჭდებოდა, რომ არ დაირღვეოდა ფარულობა“, - ამბობს შორენა ლოლაძე.
არც „სამართლიანი არჩევნების“ მიერ წარდგენილი სარჩელების მაქსიმალური უმრავლესობა აღმოჩნდა სარწმუნო თბილისისა და სხვა ქალაქებისა თუ რაიონების მოსამართლეებისთვის.
4 ნოემბრის საღამოს მონაცემებით, მათი 14 სარჩელიდან მხოლოდ ერთი დაკმაყოფილდა. ორი საჩივრის თაობაზე მოსამართლის გადაწყვეტილებას ისევ ელიან.
სხვა საკითხებთან ერთად, „სამართლიანი არჩევნები“, მაგალითად, თბილისში ითხოვდა ორი უბნის შედეგების ხელახლა დათვლას. გარდა ამისა, ისინი ითხოვდნენ მარნეულის ერთ-ერთი უბნის შედეგების სრულად ბათილად ცნობას.
„სამართლიანი არჩევნების“ იურისტი, რატი თინიკაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სასამართლომ სრულად გაიმეორა საარჩევნო ადმინისტრაციის პოზიცია და მხოლოდ ფორმალურად განიხილა მათი სარჩელები:
„სასამართლო, ფაქტობრივად, არ ასრულებს თავის ფუნქციას, რომ განახორციელოს სამართლებრივი კონტროლი საარჩევნო ადმინისტრაციის ქმედებებსა და გადაწყვეტილებებზე, ამ ქმედებების კანონიერებაზე“.
29 სარჩელი წარადგინა 16 სასამართლოში არჩევნებზე დამკვირვებელმა კოალიციამ „ჩემი ხმა“. ისევე როგორც სხვა ორგანიზაციების შემთხვევაში, მოსამართლეებმა მათ სარჩელებსაც უარი უთხრეს.
კოალიცია „ჩემი ხმა“ 29 ოლქის უბნების კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდა. მოთხოვნის შინაარსი პირველ რიგში შეეხებოდა ფარულობის პრინციპის დარღვევას - რაც გულისხმობს ე.წ. გამჭვირვალე ბიულეტენებს და ასევე უბნებზე დამონტაჟებულ კამერებს, რომლებიც მთელ საარჩევნო პროცესს იწერდა.
ამას გარდა, სარჩელებში მითითებული იყო სხვა არაერთი დარღვევაც, რომლებიც კენჭისყრის დღეს დამკვირვებლებმა დააფიქსირეს და ოქმებიც დაწერეს, თუმცა, თამთა კახიძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სასამართლოს განხილვები ისე დასრულდა, რომ 29 სარჩელიდან არცერთი არ დაკმაყოფილდა:
„მე პირადად ვესწრებოდი, მაგალითად, საოლქო კომისიებში ჩვენი საჩივრების განხილვებს და საკუთარი თვალით ვნახე, რომ ეს იყო მხოლოდ ფორმალური პროცესი და იქ სიმართლის დადგენა არ სურდათ. იქ სურდათ, რომ სხვადასხვა მიზეზით უარი ეთქვათ ჩვენთვის საჩივრების დაკმაყოფილებაზე.
იგივე ხდება სასამართლოებშიც. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ფორმალურია. არადა, სახეზეა მძიმე დარღვევები. ჩვენი დამკვირვებლები, მაგალითად, ვერიფიკაციის პროცესს ვერ აკვირდებოდნენ, ხდებოდა მათზე ზეწოლა, საკუთარი თვალით ხედავდნენ ისინი, როგორ აძლევდნენ ადამიანები ხმას სხვისი პირადი ნომრით და ა.შ. გამოგვიძევეს რამდენიმე დამკვირვებელი. იმ ფაქტს ხომ მაინც ვერავინ უარყოფს, რომ ბიულეტენიდან ჟონავდა მარკერი, რაც ნიშნავს, რომ ფარულობის პრინციპი ცალსახად ირღვეოდა.
შეუძლებელია, რომ ამ ყველაფერს გვერდი აუარო, თუკი სიმართლის დადგენა და კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება გსურს, მაგრამ სასამართლოებმა ამაზე უარი თქვეს. ეს შედეგი ალბათ არც არის მოულოდნელი. სასამართლო ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც სასურველი არ იქნება მმართველი გუნდისთვის, არც მიიღებდა“.
ახლა ჯერი სააპელაციო სასამართლოზეა. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებებს არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. საარჩევნო კოდექსის თანახმად, სხდომები შემჭიდროებულ ვადებში, სავარაუდოდ, 5-6 ნოემბერს უნდა გაიმართოს და მოსარჩელეებმა უკვე კვირის ბოლოსთვის უნდა იცოდნენ, რა გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს სასამართლო სისტემამ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით. საარჩევნო კოდექსის თანახმად, სწორედ სააპელაციო სასამართლოა ბოლო ინსტანცია, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებულ დავებს იხილავს:
„... არ ვიცი, ვნახოთ. პირველმა ინსტანციებმა არ აჩვენა საქმეების შესაბამისი სტანდარტით განხილვის მაგალითი. თუკი სააპელაციო სასამართლოც ამავე სტანდარტით იხელმძღვანელებს, რა თქმა უნდა, შედეგი იქნება მსგავსი“, - ამბობს საიას იურისტი შორენა ლოლაძე.
ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, არჩევნების დღიდან არაუგვიანეს 26-ე დღისა თავის სხდომაზე აჯამებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგებს და ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელ ოქმს.
ეს თარიღი 21 ნოემბერს უწევს.
თუ არჩევნებში კანონის მოთხოვნათა უხეშად დარღვევის გამო ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრის შედეგები საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში ან რამდენიმე ოლქში, რომლებშიც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია, არჩევნების შედეგები ბათილად ითვლება და ცესკო ნიშნავს ხელახალ არჩევნებს.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
„ქართული ოცნება“ - 53.931%;
„კოალიცია ცვლილებისთვის“ - 11.035%;
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%;
„ძლიერი საქართველო“ - 8.81%;
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელიც, მათი განცხადებით, საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა ჩაატაროს.
არჩევნების მეორე დღეს, 27 ოქტომბერს, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა გამოაქვეყნეს წინასწარი დასკვნები, რომლებშიც მიუთითებდნენ არჩევნების პროცესში ზეწოლის, დაშინებისა და სავარაუდო გაყალბების შემთხვევებზე.
ამ განცხადებებს მალევე მოჰყვა პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, აშშ-ის განცხადებები საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების გამოძიების აუცილებლობაზე.
მაგალითად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა 28 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ს სურს საარჩევნო დარღვევების გამოძიება.
არჩევნების დღეს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე სისხლის სამართლის 47 საქმეზე დაიწყო გამოძიება. მათ შორის, ორი ადამიანი დაკავებულია საარჩევნო დოკუმენტაციის გაყალბების ბრალდებით.
განახლება: დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა, რითაც ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" სარჩელი დაკმაყოფილდა.
ფორუმი