2 კვირის წინ რადიო თავისუფლებისთვის ჩემი ყოველკვირეული რუბრიკის მორიგი წერილი დავტოვე (სათაურით “ გიორგი შენგელაიას სახიფათო მოგზაურობა” ) და შვებულებაში გავედი - ჯერ ბერლინს ვეწვიე, როგორც საერთაშორისო კინოფესტივალის სტუმარი, მერე შეერთებულ შტატებს, ჩემს მეგობრებთან ერთად.
22 თებერვალს, როცა თბილისიდან ბერლინში გავფრინდით, კორონავირუსი უკვე ბობოქრობდა ჩინეთში, თუმცა ჩინეთი ჩვენგან შორს იყო. იმ დღეებში უფრო ჩინელების მიმართ ჩვენი ხალხის აგრესიული დამოკიდებულება გვაღელვებდა - “ქსენოფობია”, “რასიზმი”, “რობკიე გრუზინი”... რა აღარ ვუწოდეთ ჩვეულებრივ ადამიანურ შიშს. ჩემს ვირტუალურ სამეგობროში, ფეისბუკზე, პოეტი ნუგზარ ზაზანაშვილი, მგონი, ერთადერთი იყო, ვინც ეს შიშები გაამართლა. ჯერ კიდევ 9 თებერვალს დაწერა: “ეგრევე პოლიტიკურ იარლიყს რომ მიაწებებენ! - რა შუაშია რასიზმი?! - ეს ჩვეულებრივი, ადამიანური გადარჩენის ინსტინქტის გამოვლინებაა, ბუნებრივი რეაქციაა. ჩინური რესტორნები კოტრდებაო და ეგეთები: აბა, იგრძნობს დღეს თავს ვინმე კომფორტულად, ჩინელებთან ერთად რომ მოხვდეს სადმე დახურულ სივრცეში (გინდაც ღია სივრცეში)? ვერ ასხვავებენო - ეგეც ჩვეულებრივი ამბავია: საშუალო ევროპელი ჩინელს კორეელისაგან ფიზიონომიურად ვერ განასხვავებს. გადაივლის ეს ვირუსი და ჩაინოფობიაც გადაივლის”.
ვირუსმა არ გადაიარა. ევროპა-ამერიკას მოედო და საქართველოშიც ჩამოაღწია.
ბერლინის კინოფესტივალი მშვიდობით დავასრულეთ. “ბერლინალეზე” 22-29 თებერვალს კორონავირუსი, მგონი, არავის აინტერესებდა. ერთი ადამიანი არ მინახავს პირბადით ფესტივალების სასახლეში, რომელიც, თუ არ ვცდები, 2500 მაყურებელს იტევს. გამიკვირდა, მართალი რომ გითხრათ. პატარა ვიდეოც გადავიღე
29 თებერვალს ბერლინიდან ნიუ იორკში გავემგზავრეთ . ამერიკის ამბებზე კიდევ გიამბობთ. დრო ბევრი გვაქვს. 14 მარტიდან ორკვირიანი “კარანტინი” მიწევს და, აბა, როგორ ვიცხოვრებ ადამიანებთან კომუნიკაციის გარეშე?
გერმანია, სადაც ამერიკიდან უკანა გზაზე ჩავფრინდით, “წითელ ზონად” ითვლება საქართველოში, ამიტომ თბილისის აეროპორტიდან პირდაპირ თვითიზოლაციაში გაგვიშვეს. ამ გადაწყვეტილებას მივესალმები. ამერიკა არა, მაგრამ ბერლინი მართლა უკაცრიელი დაგვხვდა. დაცარიელებული ქუჩები, მაღაზიები... “ტეგელის” აეროპორტიდან ქალაქში მიმავალ ავტობუსში წინა კარები ჩარაზული აღმოჩნდა. მძღოლმა ბილეთის გაყიდვაზე უარი გვითხრა. ქალაქი, ცოტა არ იყოს, შეშინებული მომეჩვენა. ამას ცუდი ამინდი და საშინელი ქარი დაემატა. ერთი სული გვქონდა, როდის გამოვფირნდებოდით სახლში. ამ დღეების განმავლობაში, მგონი, პირველად შემეშინდა კორონავირუსის. აქ უკვე ვიცოდით, რომ თვითიზოლაცია გველოდა, ამიტომ სუპერმარკეტში შევიარეთ. ვინც კარგად მიცნობს, მიხვდება, პირველ რიგში, რა ვიყიდე - ყავა. ასევე მაკარონი, ტოფუს სოსისი და ჩემი საყვარელი უმარილო ფისტაშკები. გიორგიმ სუპერმარკეტის გადაღება სცადა, მაგრამ კინაღამ ტელეფონი წაართვეს.
თვითმფრინავში გადავწყვიტეთ, თუკი თვითიზოლაციაში გამოგვიშვებდნენ, გიორგი ჩემთან წამოვიდოდა, დედამისისთვის რომ რამე არ გადაედო. სხვებს - ნინოს, თამრიკოს და დათოს - ისედაც ჰქონდათ იზოლაციის საშუალება. თბილისიდან გვწერდნენ, ამაზე არც იოცნებოთ, კარანტინი არ აგცდებათო. ყველაფრისთვის მზად ვიყავით.
აეროპორტში სიცხე გაგვისინჯეს. მე ისე ვნერვიულობდი, მეგონა, სიცხე ამიწევდა და კარანტინში კი არა, პირდაპირ ინფექციურში გამაქანებდნენ.
ექიმებს ავუხსენით, რომ თვითიზოლაციისთვის ყველა პირობა გვქონდა. ჩემი ბინის პროექტზეც კი ვუამბე დეტალურად. დიდი სახლი მაქვს და გიორგის კი არა, თუ საჭირო გახდა, სხვებსაც წავიყვან და თვითიზოლაციაში მოვაქცევ- მეთქი.
ექიმებთან საუბარი ჩემი ძველი ვნებაა. ესენი მაფრთხილებდნენ, არ დაიწყო ახლა შენებურად და რამე სისულელე არ წამოგცდესო. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არ მაცალეს. “ახლა მიუნხენი დაჯდება, იჩქარეთ!” - რამდენჯერმე უთხრა პოლიციის თანამშრომელმა ექიმს, რომელიც ჩვენს ანკეტებს ავსებდა. ბოლოს ხელი მოგვაწერინეს, რომ მკაცრად დავიცავდით თვითიზოლაციის წესებს და სახლში გამოგვიშვეს.
რამდენიმე საათში “მესტუმრა” ნინია კაკაბაძე, რომელსაც ამერიკიდან ვიტამინები ჩამოვუტანე. არ ვიცოდი, ვიდეოს თუ იღებდა.
დილიდან დაიწყო რეკვა. “რა გჭირდებათ?”, “რა გესიამოვნებათ?”, ჩემი ძმა, ირაკლი, დამემდურა, მექსიკაში რატომ არ გამოფრინდი, აქ ჯერ “გრიალი მიდისო”.
ისეთი დაღლილები ვიყავით, არც ჭამა გვინდოდა და, მით უმეტეს, არც “გრიალი”.
მესამე დღეა უკვე და სულ გვძინავს. უფრო სწორად, ამერიკის დროით ვცხოვრობთ.
ხალხი მწერს, ფილმები გვირჩიეთ, რა ვნახოთო. ფილმების თავი ჯერ არ მაქვს. მოკლე დროში სად აღარ ვიფრინეთ: - რიგა-ბერლინი-ნიუ იორკი-ლოს ანჯელესი-სან-ფრანცისკო-ბერლინი-რიგა-თბილისი.
ყველაფერს გიამბობთ, ყველა შთაბეჭდილებას გაგიზიარებთ, ფილმებსაც გავიხსენებ... ოღონდ ახლა უნდა დავიძინო.