ავტორი: მარიამ უგრეხელიძე, "ამერიკის ხმა"
„ევროკავშირი შეურაცხყოფილი უნდა იყოს იმით, რომ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებაში დრო დაკარგა. ახლა მიზანმიმართული სანქციების დროა, რათა „ქართული ოცნების“ წევრები მიხვდნენ, რომ უკვე საკმარისია“, - ასე აფასებს დევიდ კრამერი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას დატოვოს ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმება.
კრამერი თვლის, რომ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც ქვეყანაში უკვე წელიწადზე მეტია გრძელდება, სრული პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებასა და პრემიერ ღარიბაშვილს ეკისრებათ.
„პრემიერი უნდა გადამდგარიყო, მაგრამ ამის ნაცვლად, ის რჩება და პოლიტიკურ სიტუაციას აუარესებს. პარალელურად საპარლამენტო კომისიამ, რომელიც გასული შემოდგომის არჩევნებს იძიებს, დაასკვნა, რომ ყველაფერი კარგადაა. ძალაუფლებაში მყოფმა მთავრობამ, რომელმაც კოალიციის გარეშე მიიღო საკმარისი ხმები, თავადვე გამოიძია არჩევნების საქმე და დაადგინა, რომ მთავრობაში მყოფმა ძალამ სამართლიანად მოიგო. „ქართული ოცნება“ არსებულ სიტუაციას დასცინის.
წარსულში, შეიძლებოდა, რომ კრიზისის არსებობაში ბრალის ნაწილი ოპოზიციაზეც გაგვენაწილებინა და გვეთქვა, რომ ისინი პარლამენტში უნდა შესულიყვნენ. თუმცა, ახლა, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება პრემიერს, „ქართულ ოცნებას“ და ბატონ ივანიშვილს“,- ამბობს კრამერი.
"ქართულმა ოცნებამ" დღეს, ოპოზიციასთან დადებული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის ლიდერებმა, შეთანხმებაზე ხელის მოწერიდან 100 დღის შემდეგ, ერთობლივი განცხადება პარტიის ოფისში გააკეთეს და თქვეს, რომ ტოვებენ შარლ მიშელის შეთანხმებას.
ამ გადაწყვეტილებას დევიდ კრამერის მსგავსად, ლუის ნავაროც არ იწონებს და ფიქრობს, რომ ქვეყანაში განგრძობითი კრიზისია შექმნილი და ამაში დიდი წილი პასუხისმგებლობა, სწორედ საქართველოს მთავრობას ეკისრება.
„საქართველოს პოლიტიკურმა კლასმა არაერთხელ გვაჩვენა, რომ მათ სჯერათ, რომ შეუძლიათ თავი მოგვაჩვენონ, თითქოს, ევროინტეგრაცია სურთ, ამავდროულად კი არანაირი ძალისხმევა არ გასწიონ იმ აუცილებელი დემოკრატიული რეფორმების გასატარებლად, რაც ამ მიზნის მისაღწევადაა საჭირო. როგორც ყოველთვის, პასუხისმგებლობის დიდი ნაწილი მთავრობას ეკისრება. ამერიკის საელჩომ, ცოტა ხნის წინ, გააკრიტიკა ქართული ოცნების ჩავარდნა იმასთან დაკავშირებით, რომ გაეტარებინათ მართლმსაჯულების რეფორმა, რომელიც შესაბამისი უნდა ყოფილიყო ევროკავშირის მოთხოვნებთან...“ ამბობს ნავარო.
ნავარო, რომელიც „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ მიმოხილველია, თვლის, რომ რეალურად „ქართული ოცნებისთვის“ დემოკრატია არ წარმოადგენს ღირებულებას და ამ ფასადს ის თავისი პოლიტიკურ ოპონენტებთან საბრძოლველად იყენებს.
„სინამდვილეში, „ქართული ოცნების“ დემოკრატიისადმი ერთგულება განისაზღვრება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების გაქრობით, რომლებსაც მთავრობა „ენმ“-ს სატელიტებად მოიხსენებს. ეს სრულიად აღმაშფოთებელია“, - ამბობს ნავარო.
დღესვე, „ქართული ოცნების“ განცხადების გაჟღერების შემდეგ, ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტის დატოვებაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირებაზე დაიწყო საუბარი. კრამერისგან განსხვავებით, რომელიც ახლანდელ სიტუაციაზე სრულ პასუხისმგებლობას მხოლოდ მმართველ პარტიას აკისრებს, ნავარო თვლის, რომ თავისი წილი პასუხისმგებლობა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობაც“ უნდა იგრძნოს.
„მორჩილება, რომელიც „ენმ“-მ აჩვენა მიშა სააკაშვილის მიმართ, ბოიკოტისა და შეთანხმებაზე ხელის არ მოწერის სახით, ასევე კარგად აჩვენებს მათ ნამდვილ სურვილებს ევროკავშირთან ინტეგრაციაზე. მაშინ, როდესაც უფრო პატარა ოპოზიციურ პარტიებს ახლა შეუძლიათ გაამართლონ პარლამენტის დატოვება იმ მიზეზით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა შეთანხმება, იმავეს გაკეთება „ენმს“ აღარ შეუძლია“, - ამბობს ნავარო.
კრამერიც და ნავაროც თვლიან, რომ „სამწუხაროდ და განმეორებით, ხდება ქართველი ხალხის არჩევანის საბოტაჟი მათივე არჩეული ლიდერების მიერ, რომლებიც ასეთი ჩავარდნების საფასურს საქართველოს დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის ხარჯზე გადაიხდიან“. დევიდ კრამერი ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ „თუ საქართველოს კიდევ აქვს დემოკრატიულ გზაზე დაბრუნების იმედი, პრემიერი უნდა გადადგეს“.
ამერიკის ყოფილ ელჩს საქართველოში, კენეტ იალოვიცს, საქართველოში მიმდინარე მოვლენები ბელარუსს ახსენებს და შიშობს, რომ თუ ქვეყანა ასე გააგრძელებს, მაშინ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ბედის გაზიარების შანსებს გაზრდის. „უბრალოდ, შეხედეთ ბელარუსს, რათა მიხვდეთ, რომელ გზაზე სიარული არ გინდათ“,- ამბობს იალოვიცი.
ამერიკელი დიპლომატი შიშობს, რომ საქართველო თავისი ყველაზე ძვირფასი მონაპოვრის, თავისუფლებისა და დემოკრატიის, დაკარგვას რისკავს: „ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვიატლანა ციხანუსკაია ახლა ამერიკაშია და ცდილობს მიიღოს მხარდაჭერა პოპულარული მოძრაობისთვის, რომელიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ითხოვს და ლუკაშნეკოს რეჟიმის დასრულებას ცდილობს... ამის პარალელურად, წავიკითხე ახალი ამბები საქართველოში არსებული ბოლო პოლიტიკური კრიზისის შესახებ, რაც ქვეყნის მმართველობის პარალიზების საფრთხეს ქმნის. მე არ შემიძლია საკმარისად ზუსტად გადმოგცეთ ჩემი და საქართველოს მრავალი ამერიკელი მეგობრის შეშფოთება იმის შესახებ, რომ დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის მშენებლობის ეს შესანიშნავი საჩუქარი გაქრობის საფრთხის წინაშეა“.
ყოფილი დიპლომატი, რომელიც კარგად იცნობს ქართულ პოლიტიკას და წლების განმავლობაში ქართველ პოლიტიკოსებთან ერთად მუშაობდა, ურჩევს ყველა მხარეს აღადგინონ ის შეთანხმება, რომელიც ასე მნიშვნელოვანი იყო ქვეყანაში არსებული კრიზისის განსამუხტად.
„ჩვენ, ამერიკაში თავადაც გვაქვს პოლარიზაციისა და პოლიტიკური გადატვირთვის მხრივ პრობლემები და ყველაფერზე პასუხი არ გაგვაჩნია. თუმცა, მე ორივე მხარეს მტკიცედ მოვუწოდებ, რომ განაგრძონ მიშელის შეთანხმების იმპლემენტაცია საქართველოს საკეთილდღეოდ და დემოკრატიის მომავლისთვის“, - ამბობს იალოვიცი.
„ქართული ოცნების“ ლიდერმა პრესკონფერენციაზე უცხოელ პარტნიორებს უსაყვედურა, კოლეგები ოპოზიციიდან კი კრიმინალებად მოიხსენია. ირაკლი კობახიძის განცხადებით "ქართული ოცნება" დოკუმენტის გარეშეც გააგრძელებს მასში არსებული პუნქტების შესრულებას. თუმცა დეტალები იმის შესახებ, როგორ აპირებს მმართველი პარტია ამ პირობის შესრულებას, ჯერ უცნობია.