Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი დიპლომატები: ნარკოტიკებით ზედოზირების ბრალდებას ავტოკრატიული მთავრობები იყენებენ


„ავტოკრატიულ საზოგადოებებში, ხშირად იყენებენ ხოლმე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ყალბ ბრალდებას მათთან ოპოზიციაში მყოფი ადამიანების წინააღმდეგ. ერთი მაგალითი მოსკოვიდან მახსენდება, სადაც გამომძიებელ ჟურნალისტს, ივან გოლუნოვს ნარკოტიკების მოხმარების ბრალიწაუყენეს. მაშინ რამდენიმე გაზეთმა ჟურნალისტი დაიცვა და ის გაათავისუფლეს. ეს არ არის ქმედება, რომელსაც ჩვენ საქართველოსგან ველოდებით. დასავლეთი საქართველოს უყურებს, როგორც მზარდ დემოკრატიას, ასეთი საქციელი კი ავტოკრატიულ მთავრობებს ახასიათებთ“,- ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი "ამერიკის ხმასთან." ის ახლა “რანდის კორპორაციის“ მკვლევარია და ლექსო ლაშქარავას შემთხვევა უჩენს შიშს, რომ საქართველოს მთავრობა ავტოკრატიული მთავრობების მსგავსად იქცევა.

ზედოზირების გარდაცვალების მიზეზად დასახელება, არასერიოზულად მიაჩნია შეერთებული შტატების კიდევ ერთ ყოფილ ელჩს საქართველოში, კენეტ იალოვიცსაც. მისთვის ნათელია, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება 5 ივლისს, მის სასტიკად ცემასთანაა დაკავშირებული.

„მე ექიმი არ ვარ, მაგრამ როდესაც ამ ბატონის ფოტოები ვნახე, ნათელი იყო, რომ ის ძალიან მძიმედ იყონაცემი. როდესაც ვინმე ისეა ნაცემი თავში, როგორც ეს ბატონი იყო, ყოველთვის არის შანსი, რომ ტვინშიგაჩნდეს სისხლდენა, ან რაიმე ტიპის ტვინის დაზიანება, რომელიც გასინჯვის დროს არ გამოჩნდა. როდესაც წამლის ზედოზირებაზე ვსაუბრობთ, თეორიულად შეიძლება ვთქვათ, რომ ეს შესაძლებელია, მაგრამ რა წამლების? ის საავადმყოფოში იყო, ექიმების გარდა სხვა ვინ მისცემდა მას წამალს?’’ - ამბობს "ამერიკის ხმასთან" დიპლომატი.

ყოფილი ელჩები ამბობენ, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება, 53 ჟურნალისტზე თავდასხმა და ის ქმედებები, რაც ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს მთავრობისგან ვიხილეთ, ძალიან აზიანებს საქართველოს იმიჯს.

იალოვიცის თქმით დემოკრატიული მონაპოვარი, რომელიც საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში ჰქონდა, ნელ-ნელა ქრება და ამის მიზეზი არა მხოლოდ 5-6 ივლისის მოვლენები, არამედ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისია.

„ეს არ არის მხოლოდ ერთი ნაბიჯი, ეს არის მთელი სერია მოვლენებისა, სადაც დემოკრატია ნელ-ნელა სუსტდება, ნაწილ-ნაწილ. ძალიან შეშფოთებული ვარ იმით, რომ ყველა ის წარმატება, რომელსაც ვხედავდით ბოლო დროს საქართველოში, ასევე მცირდება ნელ-ნელა“,- ამბობს იალოვიცი.

მომხდარზე პასუხისმგებლობას უილიამ კორტნი ხელისუფლებასთან ერთად საქართველოს ეკლესიასაც აკისრებს: „დასავლეთში, რა თქმა უნდა, ძალიან გაწბილებული იყვნენ იმით, რომ ისე ჩანდა, თითქოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ასევე, არატოლერანტული იყო ლგბტქ მშვიდობიანი აქტივობებისა“.

ამერიკელი დიპლომატები შიშობენ, რომ საქართველოს პრო-დასვალური გზა ისეთი ნათელი აღარ არის, როგორც ადრე და დროა საქართველოს მთავრობამ ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე საუბრის ნაცვლად, ქმედებებით აჩვენოს საქართველოს პარტნიორებს თავისი მკაფიო არჩევანი.

„ეს ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს საქართველოს მისწრაფებაზე დასავლეთისა და ნატოსკენ. ნათელია, რომ ახლანდელი მთავრობა არალიბერალურ ამბიციებს ავლენს ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხზე. ჩანს, რომ [საქართველოს მთავრობა] გარკვეულწილად, შორდება დასავლურ ორიენტაციას, თუმცა, რამდენადაა ის დაშორებული ამ გზას ჯერ უცნობია’,- ამბობს უილიამ კორტნი.

5 ივლისს თბილისში "თბილისი პრაიდის" ფარგლებში "ღირსების მარში" იგეგმებოდა, ძალადობრივი ჯგუფების მიერ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი მსვლელობის, მედიაზე თავდასხმისა და ოფისების დარბევის შემდეგ ღირსების მარში გაუქმდა. ჰომოფობიური, ულტრაკონსერვატორი და ნაციონალსიტური, პრორუსულ ჯგუფების ძალადობის შედეგად დაშავდა 55 პირი, მათგან 53 ჟურნალისტი. თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი, სასტიკად ნაცემი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ თემაზე გამართულ პირველივე ბრიფინგზე მიანიშნა გარდაცვლილის კავშირზე ნარკოტიკებთან.

5 ივლისის აქციაზე ძალდობრივ ჯგუფებთან ერთად იყვნენ სასულიერო პირები, მათი ნაწილი საჯაროდ და ტრიბუნიდან აკეთებდა მოწოდებებს ძალადობისკენ.

დღის წესრიგში დგას მთავრობის გადადგომის საკითხი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებზე ალაპარაკდა. საქართველოს ხელისუფლება მწვავე კრიტიკის საგანი გახდა ევროკავშირის მხრიდანაც.

XS
SM
MD
LG