Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მევენახეთა აქცია ყვარელში - ფერმერებმა ყურძენზე ფასის მომატება მოითხოვეს


ხმაური იყო დღეს ყვარლის მუნიციპალიტეტში.  მევენახეთა ნაწილი რთვლის ნაცვლად ქუჩაში გამოვიდა და ყურძენზე ქარხნების მიერ დაწესებული ფასები გააპროტესტა. 

საპროტესტო აქცია გაიმართა სოფელ ჭიკაანში. მონაწილეებმა ხელისუფლებას ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან შუამდგომლობა და ფასის გაზრდა მოსთხოვეს. მევენახეები ამბობენ, რომ 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძენში შეთავაზებული 1. 60 თეთრი მიზერულია და ღირებულება 2.50 თეთრზე ნაკლები არ უნდა იყოს.

„ახლა ყურძენი მაქვს ჩასაბარებელი და ვერ ვაბარებ დაბალი ფასის გამო. საფერავში 1 ლარსა და 60 თეთრს მიხდიან. ამ ფასად რომ გავყიდო, ჩათვალეთ, რომ ბანკის ვალში დავრჩები“, - განაცხადა მევენახემ.

აქციაზე მყოფმა კიდევ ერთმა ადგილობრივმა რადიო თავისუფლებას უთხრა: „მე პირადად არ მაინტერესებს, ვინ იქნება ხელისუფლებაში. მე მინდა, რომ შავ ყურძენში გადაგვიხადონ 2 ლარი და 50 თეთრი მაინც“.

სოფელ გავაზში საპროტესტო აქციაზე გამოსულმა ფერმერებმა თქვეს, რომ ყველა ქარხანა დროულად ვერ ახერხებს ყურძნის მიღებას, რის გამოც ხარისხი იკლებს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ დაუყოვნებლივ შესრულდეს მათი მოთხოვნები, თუ არადა, აქციებს გააგრძელებენ.

„მე მაქვს საფერავი, რომელიც უკვე მწიფეა. წუხანდელმა წვიმამ მტევანს მარცვლები გააყრევინა. ამ დროს ქარხანა არ მუშაობს და არც იმას გვეუბნებიან, რა ფასს გადაგვიხდიან. ამასობაში გადის დრო და მოსავალი ნადგურდება“, - თქვა აქციის მონაწილე მევენახემ.

გავაზში აქციაზე მივიდა ყვარლის მერი. როსტომ სესიაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების მიერ მრავალჯერ ნათქვამი სიტყვები: ყურძნის ფასს არეგულირებს ბაზარი და მისი ღირებულება კომპანიასა და ფერმეს შორის მოლაპარაკებით უნდა გადაწყდესო.

კახეთში გამართულ აქციას თბილისიდან გამოეხმაურა სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. მან მევენახეთა ნაწილის პროტესტს „სპეკულაცია და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის აქცია“ უწოდა.

ლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი

დავითაშვილის განცხადებით, კორონაპანდემიის პირობებში არც ერთი კილოგრამი ყურძენი დაუბინავებელი არ დარჩება და „ამ ფონზე პარტიის მიერ მხარდამჭერების ქუჩაში გამოყვანა უპასუხისმგებლობაა“.

ის მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ ბოლო ვიდეომიმართვას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, კახელი მევენახეები არჩევნების შემდეგ 1 კგ ყურძენზე დამატებით 80 თეთრს მიიღებენ. მინისტრი ამბობს, რომ „ეს ტყუილი დაპირებაა“.

კახეთში რთველი 20 აგვისტოს დაიწყო და ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. ერთი კილოგრამი რქაწითლის ჯიშის ყურძნის მაქსიმალური ფასი 80 თეთრია, ხოლო საფერავის - 1 ლარი და 50 თეთრიდან 1,70-მდე. განსხვავებული ფასებია ე.წ. ზონის ყურძენზე. რეგიონში წელს 300 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან. ბოლო ინფორმაციით, უკვე მოკრეფილი და გადამუშავებულია 70 ათას ტონამდე მოსავალი.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG