გიორგი შენგელაიას ხსოვნას
მე მგონი, გიორგი შენგელაიასა და გურამ რჩეულიშვილის „ალავერდობა“ არასდროს მოძველდება. ეს ფილმი ყველა იმ ადამიანის თავისებური მანიფესტია, რომელსაც მოძრაობა და ცვლილება უყვარს... ანუ სიცოცხლე უყვარს.
გიორგი შენგელაიას „ალავერდობა“, სწორედაც რომ, სიცოცხლის სიყვარულით სავსე კაცის დებიუტი იყო დიდ კინოში. ამის შემდეგ რომელ ჟანრშიც უნდა ემუშავა - მიუზიკლი იქნებოდა ეს, როგორც „ვერის უბნის მელოდიები“, თუ ხალხურ მოტივებზე გადაღებული სათავგადასავლო ფილმი, როგორც „ხარება და გოგია“, ქართული ვესტერნი, როგორც „მაცი ხვიტია“, თუ ეროტიკული კომედია, როგორც „სიყვარული ვენახში“, გიორგი შენგელაია ყოველთვის იმის მხარეს იყო, ვინც სიცოცხლეს მისი მტრებისგან იცავდა, მოძრაობას იცავდა. ამ თვალსაზირისით, გიორგი შენგელაია ნამდვილად ჰგავდა „ალავერდობის გმირს“, რომელიც კომფორტს ურღვევს დეგრადირებულ ბრბოს, აფხიზლებს მიძინებულ მასას. ასეთი ხალხის მართვა უკვე ადვილი ხდება. ასეთი ხალხის მართვა და ასეთი ხალხით მართვა საშიშია ქვეყნისა და სიცოცხლისთვის.
„ალავერდობის“ გმირი გუმბათზე ადის და იქიდან გადმოსძახებს ქვეყანას, რომელსაც თითქოს აღარაფერი ადარდებს. გიორგი შენგელაიაც ასე არ ცხოვრობდა? გაიხსენეთ მისი სატელევიზიო გამოსვლები, პოლიტიკაში მოსვლის მისი მუდმივი (და განუხორციელებელი) სურვილი... არაერთხელ გავბრაზებულვართ, არაერთხელ გავოცებულვართ, მაგრამ არასდროს გვითქვამს, რომ ამ კაცს აღარ აღელვებს გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, რომ შეეგუა ჭაობში ცხოვრებას, რომ აღარ იბრძვის.
არა, იგი სიცოცხლის ბოლო დღემდე იბრძოდა.
"თანდათან ვივსები ჟინით", "წამით მაინც გამოვაფხიზლებ მათ მოდუნებულ ვნებას"- „ალავერდობის“ გმირის, გურამის ეს სიტყვები წინააღმდეგობასაც გამოხატავს, რომელიც მთლიანად გიორგი შენგელაიას შემოქმედებისთვისაა დამახასიათებელი. „ალავერდობას“ მოჰყვა „ფიროსმანი“, რომლის გმირი, დიდი მხატვარი, თითქოს გაემიჯნა ცხოვრების ამაოებას და უარი თქვა ბრძოლაზე. მერე ისევ გაჩნდნენ მებრძოლი გმირები. მერე დაიბადა იდეა ფილმისა, რომელიც ეძღვნება არჩევანს პოლიტიკასა და ხელოვნებას შორის, რეალობასა და „განდეგილობას“ შორის - გიორგი შენგელაიას საუკეთესო, მაგრამ ნაკლებად დაფასებული ფილმისა „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა". ქართული კინოს ისტორიაში ძნელია გაიხსენო სხვა ხელოვანი, რომელსაც ასე უყვარდეს ექსპერიმენტი და განსხვავებულ ჟანრში - თუ გნებავთ, სტილში - მუშაობა... არსებითად ეს საკუთარი თავის მიმართ ამბოხიც იყო - იგი არასდროს კმაყოფილდებოდა მიღწეულით. ამიტომაც იყო, ალბათ, ერთდროულად სიმბოლო თავისი თაობისა, ქართველი „სამოციანელებისა“, და მარად ახალგაზრდა ხელოვანი, რომელსაც ყველაზე მეტად ახალ თაობასთან ურთიერთობა უყვარდა.
ახალი თაობა კი, ხომ იცით, როგორია? მოძრაობა უყვარს. მას ეწინააღმდეგებიან. გზას უღობავენ. „ნუ იქნება ოღონდ ბუნტი!“ - დაუჩემებია „ვერის უბნის მელოდიებში“ პოლიციელს. დოდო აბაშიძის გმირის ეს ფრაზა, შესაძლებელია,საქართველოს უახლესი ისტორიის შინაარსს გამოხატავდეს.
აი, ამათ, ასეთ პოლიციელებს, ასეთ ხელისუფლებას, ასეთ მიძინებულ ბრბოს ებრძოდა გიორგი შენგელაია თავის ფილმებშიც და ცხოვრებაშიც.
მეამბოხემ დაგვტოვა და დაგვიბარა, ვუყუროთ მის ფილმებს, რათა ცოტა ხნით მაინც გამოვაფხიზლოთ ჩვენი მოდუნებული ვნება.