Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მახვილი ზურგში - რა არის "მარცვლეულის შეთანხმება" და რატომ არის მისი დასრულება სახიფათო?


უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია
უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია

რუსეთმა გააჩერა „მარცვლეულის შეთანხმება”, რომლის წყალობითაც უკრაინამ ომის მიუხედავად მილიონობით ტონა მარცვალი და ხორბალი გაყიდა. ახლა გაერო მსოფლიოში საკვების ფასების ზრდას მოელის, აფრიკაში კი კიდევ უფრო მეტი ადამიანი იშიმშილებს.

მარცვლეულით დატვირთული ბოლო ხომალდი უკრაინის ქალაქ ოდესის პორტიდან 16 ივლისს გამოვიდა. ამით დასრულდა გარიგება, რომელსაც შარშან ივლისში გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა „იმედის შუქურა” უწოდა.

უკრაინას, გაეროს, თურქეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული დოკუმენტი ქმნიდა უსაფრთხო დერეფანს დანაღმულ შავ ზღვაში, რომლითაც ხომალდებს მარცვლეული ბოსფორის სრუტემდე გადაჰქონდათ. გაეროს მონაცემებით, ერთი წლის მანძილზე უკრაინამ თითქმის 33 მილიონი ტონა მარცვლეული გაყიდა.

17 ივლისს კრემლმა განაცხადა, რომ შეთანხმებას აღარ გაახანგრძლივებს. იქამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ შეთანხმება „ცალკარაა”.

„საერთოდ არაფერი გაკეთებულა… რუსეთის ფედერაციის ინტერესებთან დაკავშირებული არცერთი პუნქტი შესრულებული არაა”, - თქვა მან.

რას ითხოვს რუსეთი?

ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რუსეთის სასოფლო-სამეურნეო ბანკის, „როსსელხოზბანკის” SWIFT-ზე დაბრუნებაა. SWIFT-ი საერთაშორისო საკომუნიკაციო სისტემაა. უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსულ ბანკებს შეეზღუდათ მასზე წვდომა, რამაც გაურთულა და გაუძვირა საერთაშორისო გადარიცხვები.

გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, რუსეთს შესთავაზეს, შეექმნა „როსსელხოზბანკის” შვილობილი კომპანია, რომელსაც SWIFT-ზე მიაერთებდნენ. მოსკოვმა ეს წინადადება დაიწუნა.

რუსეთი ასევე ითხოვს სოფლის მეურნეობის ტექნიკასა და მის ნაწილებს, რომელთა იმპორტიც ევროკავშირმა ასევე აკრძალა ომის გამო. გარდა ამისა, გამოცემა Carnegie Politika წერს, რომ რუსეთს ევროპაში საკუთარი მარცვლეულისა და სასუქების გაყიდვა უნდა. საამისოდ კი სანქციები უნდა მოეხსნათ რუსული ექსპორტიორი კომპანიებისთვის. გამოცემის ინფორმაციით, რუსეთმა აშშ-სა და ევროკავშირთან ამაზე „ზეპირ შეთანხმებას” მიაღწია.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ კრემლი დაუბრუნდება შეთანხმებას, „როცა პირობები შესრულდება”. საპასუხოდ, ევროპის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა მოსკოვი „შიმშილის იარაღად გადაქცევაში” დაადანაშაულა.

რატომაა მნიშვნელოვანი “მარცვლეულის შეთანხმება”?

რუსეთის მსგავსად, უკრაინაც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია. მაგალითად, 2021 წელს მან 19 მილიონი ტონა მარცვლეული გაყიდა, რაც მსოფლიო ბაზრის 10%-ს შეადგენდა.

2022 წლის თებერვალში, რუსეთმა უკრაინის პორტები ალყაში მოაქცია. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ წარმოებული მარცვლეულის უდიდესი ნაწილი ქვეყნიდან ვეღარ გავიდოდა. ბლოკადა თითქმის ხუთ თვეს გაგრძელდა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO-ს) მონაცემებით, ამ დროს მსოფლიოში სურსათის ფასები თითქმის 25%-ით გაიზარდა.

ივლისის შეთანხმების შედეგად, მარცვლეულის 47% წავიდა მაღალშემოსავლიან ქვეყნებში. მაგალითად, ესპანეთში, იტალიასა და ნიდერლანდში. 26% - საშუალო შემოსავლის, 27% კი დაბალშემოსავლიან ქვეყნებში. მაგალითად, ეგვიპტეში, კენიასა და სუდანში.

გარდა ამისა, გაეროს სურსათის პროგრამის ფარგლებში 725 ათასი ტონა მარცვალი (ანუ მთელი ექსპორტის 2.2%) ჰუმანიტარული დახმარების სახით მიიღეს ეთიოპიამ, სომალიმ, იემენმა და კიდევ რამდენიმე აფრიკულმა ქვეყანამ. შეთანხმების შეჩერების შემდეგ, მათ კვლავ სურსათის დეფიციტი და შიმშილი ემუქრებათ.

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP)-ს მონაცემებით, 2022 წელს მსოფლიოში საგრძნობლად გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც შიმშილობს. საკვები 345 მილიონ ადამიანს არ ჰყოფნიდა. შიმშილის ზღვარზე კიდევ 50 მილიონი ადამიანია.

კენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კორირ სინგ ოეიმ რუსეთის ქმედებებს „ზურგში მახვილის დარტყმა“ უწოდა. მან ტვიტერზე დაწერა, რომ აფრიკაში წლევანდელი გვალვების გათვალისწინებით, ბევრი აფრიკული ქვეყნისთვის უკრაინული მარცვლეულის მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

გამოვა რუსეთის გარეშე?

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე თქვა, რომ მარცვლეულს ექსპორტზე რუსეთის გარეშეც გაიტანს.

„არ გვეშინია. უკვე მოგვმართეს გემების მფლობელმა კომპანიებმა. მათ თქვეს, რომ მზად არიან განაგრძონ მარცვლეულის გატანა, თუკი უკრაინა გაუშვებს და თურქეთი შეუშვებს”, - თქვა ზელენსკიმ 17 ივლისს.

მაგრამ „როიტერსის“ სოფლის მეურნეობის რეპორტიორი წერს, რომ მტკიცე გარანტიების გარეშე, ბევრი ხომალდი უბრალოდ არ გარისკავს შავ ზღვაში მარცვლეულის გადაზიდვას. ალტერნატიული მარშრუტების მომზადებას კი დიდი დრო და ფული დასჭირდება.

18 ივლისს რუსეთმა იერიში მიიტანა ოდესის პორტზე და ააფეთქა საწვავის საწყობი.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG