„ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“ (აშშ, 1988, რეჟისორი მარტინ სკორსეზე)
17 ნოემბერს მარტინ სკორსეზეს 80 წელი შეუსრულდა. იტალიური წარმოშობის ამერიკელი რეჟისორის შემოქმედება იმდენად მრავალფეროვანია, რომ სკორსეზეს სტილის დახასიათება ნამდვილად გაძნელდება. მით უმეტეს, რომ შედევრებთან ერთად მის ფილმოგრაფიაში ჩავარდნაც ბევრია. მსოფლიო სკორსეზეს იცნობს უპირველესად როგორც ამერიკული კინოს მარგალიტის, „ტაქსის მძღოლის“ ავტორს. მაგრამ რეჟისორი თავისი შემოქმედების მთავარ ფილმად მაინც სულ სხვას, „ქრისტეს უკანასკნელ ცდუნებას“ ასახელებს. ყოველ შემთხვევაში ამბობს, რომ ნიკოს კაზანძაკისის რომანის ეკრანიზაციის სურვილი ჯერ კიდევ 1972 წელს დაებადა, როცა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სწავლობდა... და რომ ეს სურათი მისი ცხოვრების მთავარი პროექტია.
1997 წელს რუსეთის ტელეარხმა, „ენტევემ“, გამოაქვეყნა კვირის პროგრამა, რომელშიც ჩართული იყო „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“. მეორე დილით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც კატეგორიულად მოითხოვა „მკრეხელური ფილმის“ პროგრამიდან ამოღება. „ენტევე“ დანებდა - სკორსეზეს სურათი ტელევიზიით არ უჩვენეს.
ორი წლის შემდეგ „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“ ახლა უკვე ქართულმა ტელეარხმა, „რუსთავი-2“-მა, ჩართო პროგრამაში. მეტრო „დელისთან“, ტელევიზიის ოფისის წინ, გაიმართა აქცია, რომლის ორგანიზატორი, მეხსიერება თუ არ მღალატობს, „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი“ იყო. ხალხი იმავე მიზეზით შეიკრიბა - ტელევიზიას უარი უნდა ეთქვა სკორსეზეს ფილმის ჩვენებაზე. „რუსთავი 2“-მა „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“ ეთერიდან მოხსნა.
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ რუსებმაც (ფილმის ჩვენება მთლად დუმის დეპუტატებმა გააპროტესტეს) და ქართველებმაც „უკანასკნელი ცდუნების“ აკრძალვის მოთხოვნა 1988 წელს, ფილმის დასავლეთში გამართულ პრემიერებს დაუკავშირეს - გაგვახსენეს, მაგალითად, ჩიკაგოში გამართული დემონსტრაცია საკმაოდ სასაცილო ლოზუნგით „უფალს ეს ფილმი არ სჭირდება“. რამდენიმე დღეში პარიზის ლათინურ კვარტალში, ერთდროულად ორ კინოთეატრში, სადაც სკორსეზეს ფილმს უჩვენებდნენ, ნაღმები აფეთქდა. ერთი ადამიანი დაიღუპა კიდეც. პროტესტანტების აბსოლუტური უმრავლესობა აღიარებდა, რომ არ ჰქონდა ნანახი ფილმი და არც აპირებდა ნახვას. თუმცა იცოდა, რომ „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“ ბერძენი მწერლის, ნიკოს კაზანძაკისის ამავე სახელწოდების წიგნის ეკრანიზაციაა. იმ კაზანძაკისისა, რომელიც 1957 წელს ქრისტიანული წესით ვერ დაკრძალეს, რადგანაც საბერძნეთის ეკლესიამ მწერლის ოჯახს, მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს ამის უფლება არ მისცა. თუმცა ჩვენმა პროტესტანტებმა ის კი დაივიწყეს (ან არ იცოდნენ), რომ ბერძნებმა სიკვდილის შემდეგ ფაქტობრივად ბოდიში მოიხადეს დიდი მწერლის დევნის გამო. დღეს საბერძნეთში ძნელად მოიძებნება ალბათ ადამიანი, ვისაც ლიტერატურა უყვარს და არ აღიარებს, რომ „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხატვრული ტექსტია.
მარტინ სკორსეზეს ფილმზე ამას ვერ იტყვი. „ქრისტეს უკანასკნელ ცდუნებაში“ არის შესანიშნავი ეპიზოდები. მაგრამ ეკლექტურობას და ხანდახან სწორხაზოვნებას, რაც სრულიად უცხოა ლიტერატურული ორიგინალისთვის, სკორსეზე ვერ გადაურჩა. ფილმის მთავარი ნაკლი, ჩემი აზრით, ხასიათების ნაკლებობაა - იუდას (ჰარვეი კეიტელის შესრულებით) და თავად იესო ქრისტეს თუ არ ჩავთვლით, ყველა დანარჩენი პერსონაჟი, განსაკუთრებით იესოს მოწაფეები, „ნიშნებს“ უფრო ჰგვანან, ვიდრე ცოცხალ ადამიანებს (იოანე ნათლისმცემელი, უბრალოდ, გროტესკულია). ამას ემატება მიხაელ ბალჰაუსის კამერის სრულიად ფორმალური ტრიალი მთავარი გმირის გარშემო, რაც აბსოლუტურად არაფერს ჰმატებს ფილმს. ფორმალური ილუსტრაციის შთაბეჭდილებას ტოვებს პიტერ გაბრიელის მუსიკაც - თავისთავად შეიძლება კარგი, მაგრამ ფილმის ვიზუალურ გადაწყვეტასთან შესაბამისობაში აბსოლუტურად კიტჩური.
ამის მიუხედავად, ფაქტია, სკორსეზეს ფილმის გამომწვევი ნონკონფორმიზმი, განსაკუთრებით ჰოლივუდის კონტექსტში, დღესაც კი გაოცებას იწვევს. შეიძლება ითქვას, რომ „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნებით“ მარტინ სკორსეზემ დაიბრუნა ჰოლივუდის ყველაზე რადიკალური რეჟისორის სახელი... ის სახელი, რომელიც 1976 წელს გადაღებული „ტაქსის მძღოლით“ დაიმკვიდრა. ნიშანდობლივია, რომ ორივე ფილმის სცენარის ავტორი ამერიკელი დრამატურგი, რეჟისორი და კინოს თეორეტიკოსი პოლ შრადერია, ავტორი კინომცოდნეობის თავისებური ბიბლიისა, წიგნისა „ტრანსცენდენტური სტილი კინოში“. „ტაქსის მძღოლში“ ძალადობის მექანიზმის კვლევასთან ერთად, სკორსეზე და შრადერი გვიჩვენებენ, საიდან იბადება ხოლმე ძალაუფლების მოპოვების ვნება. მარტოობა, არაღიარების განცდა და თვითდამკვიდრების სურვილი იმდენად ძლიერია, რომ ადამიანი უბრალოდ ნადირობას იწყებს თავისზე უკეთესზე - უფრო ნიჭიერზე, უფრო პრინციპულზე, უფრო სამართლიანზე. იმ ხალხზე, ვინც ხელს უშლის დამკვიდრდეს სოციუმში.
-აგერ ლომიც ცდილობს ასწავლოს იესოს, როგორ შეიძლება აიღოს ხელში ძალაუფლება. მაგრამ ეს ცდუნება - სკორსეზესთვის მტკივნული - ასევე ადვილად იქნება უარყოფილი. ქრისტეს ძალაუფლება არ აინტერესებს. იგი ერთგვარი ალტერნატივაა მარტინ სკორსეზეს ფილმების სხვა პერსონაჟებისა, თუნდაც ტრევის ბაიკლისა, „ტაქსის მძღოლის“ მთავარი გმირისა, რომელიც სასოწარკვეთილი ცდილობს დააკანონოს საკუთარი ღირებულებების სისტემა „საზოგადოებრივი სამართლის“ გვერდის ავლით. პრობლემა ისაა, რომ ხალხს სწორედ ამ ტიპის ადამიანის გაკერპების ჟინი ამოძრავებს.
ხალხის მოთხოვნა, ჰყავდეს მესია, რომელიც აჯანყებას წარმატებით დაასრულებს, ცხადია, „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნების“ დრამატურგიული ხაზიცაა. უაღრესად შთამბეჭდავია ეს პლასტი - ხალხი, რომელიც ჯერ ოსანას უმღერის იესოს და შემდეგ ბედნიერია, როცა ჯვარზე აკრავენ. მაგრამ აქ ვითარდება არა მარტო ინდივიდისა და საზოგადოების ურთიერთობის პრობლემა, რომლისგანაც სკორსეზე თითქმის არცერთ ფილმში არ გამიჯნულა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კაზანძაკისის წიგნი რეჟისორს საშუალებას აძლევს დაუბრუნდეს თავის საყვარელ თემებს - არჩევანის დრამატულობას და ეჭვს, რომლისგან განთავისუფლება ქრისტესაც კი უჭირს. ამ არჩევანის გამოხატვის პროცესში ტრანსცენდენტულ იღბალსა და ადამიანურ სიცოცხლეს შორის სკორსეზე კინოხელოვნების ყველა შესაძლებლობას იყენებს. აქ ის უკვე იდეალური კინომანია, კაცი, რომელმაც ფანტასტიკურად იცის კინოს ისტორია და კინოხელოვნების შესაძლებლობები (სკორსეზეს დოკუმენტური ფილმი იტალიური კინოს ისტორიაზე, ალბათ, საუკეთესოა ამ ჟანრის ყველა იმ ფილმს შორის, რომელიც მე მინახავს).
ბავშვობაში სკორსეზე მუდმივად იმეორებდა თურმე - „როგორც კი სწავლას მოვრჩები, მღვდელი უნდა გამოვიდეო“... ეკლესიის ნაცვლად კინოში მოვიდა, თუმცა კათოლიკურმა აღზრდამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მის შემოქმედებაზე. „ქრისტეს უკანასკნელ ცდუნებაში“ მისი კათოლიციზმი გაიხსნა სხვებისთვის. სამმა მორწმუნე ავტორმა, მართლმადიდებელმა მწერალმა, კათოლკე რეჟისორმა და პროტესტანტმა დრამატურგმა, ერთი მხრივ, მიმართეს იესო ქრისტეს სახის დემისტიფიკაციას და, მეორეს მხრივ, გააერთიანეს ქრისტიანობა, უფრო სწორად, დაუბრუნეს მას პირველადი, ცოცხალი. დაუბრუნეს ბავშვობა. მეტიც, სკორსეზემ კიდევ ერთხელ შეაჯვარა რელიგია და კულტურა, ქრისტიანობა და კინოხელოვნება.
კინოს, ყველა სხვა ხელოვნებაზე მეტად, შეუძლია გამოხატოს კონკრეტული ისტორიული მომენტის, კონკრეტული წამის კარდიოგრამა. ამიტომ ბუნებრივია, რომ ჯვარზე გაკრული მსხვერპლის სახე ისეთივე ორგანული გახდა კინემატოგრაფისთვის (და შეიძლება უფრო მეტადაც), როგორც ფერწერისთვის, ლიტერატურისთვის. ამასთან ერთად, სკორსეზეს ფილმში იდეალურად გაირითმა კაზანძაკისის წიგნის მთავარი სახე, ჭიდილი ხორცსა და სულს შორის, წარმოდგენილი მთავარი გმირის ორმაგ ბუნებაში.
სკორსეზე გვახსენებს, რომ კინემატოგრაფიული სახიერება ძირეულად უკავშირდება ქრისტიანულ მსოფლმხედველობას, ქრისტიანულ მეტაფიზიკას. კინოს, მას შემდეგ, რაც გასართობი სანახაობიდან ხელოვნებად იქცა, ორმაგი ბუნება აქვს. ერთდროულად რეალისტურია, ყოფითი, როგორც ამბობენ ხოლმე - „ცხოვრებისეული“, და თანაც, პოეტური, რეალობისგან გამიჯნული, იმავე პოლ შრადერის თქმით, „ტრანსცენდენტური“. შემთხვევითი არ არის, რომ „იესოს უკანასკნელი ცდუნება“ ღმერთკაცის სიზმრით მთავრდება - იესოს ესიზმრება, როგორ აცდუნა ანგელოზმა და ადამიანობა დაუბრუნა. ყველამ იცის, მათ შორის იციან ჯერ კაზანძაკისის და შემდეგ სკორსეზეს ნაწარმოებებით აღშფოთებულმა ფუნდამენტალისტებმა, რომ სიზმარი უფასო კინოსეანსია. იტყვიან ხოლმე: „ასეთი რამე მხოლოდ კინოში ხდება“, ანდა „ასეთი რამე მხოლოდ სიზმარში ხდება“. ჰოდა, დამშვიდდით, ბატონებო. თუკი „იესოს უკანასკნელი ცდუნება“ თქვენი სიზმარი არ არის, იმას ვერ უარყოფთ მაინც, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ კინოა.