Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიო ვარგას ლიოსა სექტემბერში აღარ ჩამოვა


82 წლის ცნობილი პერუელი მწერალი, მარიო ვარგას ლიოსა საქართველოში აღარ ჩამოდის.

ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა „მწერალთა სახლის“ დირექტორმა ნატაშა ლომოურმა.ის ამბობს, რომ ზუსტი მიზეზი მწერლის ვიზიტის გაუქმებისა, მისთვის უცნობია. ლიოსა, თბილისში სექტემბრის შუა რიცხვებში უნდა ჩამოსულიყო.


„მწერალთა სახლის“ დირექტორის თქმით, მარიო ვარგას ლიოსამ საქართველოში ვიზიტი, იმ პერიოდში გააუქმა, როდესაც წიგნის ეროვნული ცენტრისა და მწერალთა სახლის ოპტიმიზაციის საბაბით, ეს ორი უწყება გაუქმდა და მიმდინარეობდა გადაბარების პროცესი:

„ჩემთვის უცნობი მიზეზების გამო, ლიოსა სექტემბერში აღარ ჩამოდის. ამჯერად მიმდინარეობს მოლაპარაკება ახალ თარიღზე. ლიოსას საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი წიგნის ეროვნული ცენტრი იყო. წიგნის ცენტრის გაუქმების შემდეგ, ახლა უკვე „მწერალთა სახლმა“ გადაიბარა ეს ფუნქცია და ლიოსას აგენტს ვთხოვეთ ახალი თარიღის შეთანხმება. იმედია, რომ დასახელდება ახალი თარიღი. მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ ძალაში დარჩება თუ არა მისი საქართველოში ჩამოსვლის პირობა, სამწუხაროდ, არ ვიცი. დაახლოებით სამი კვირის წინ მივწერეთ ჩვენ ლიოსას აგენტს წერილი და ერთი კვირის წინ დაგვიბრუნდა პასუხი, რომ ჩვენს შეთავაზებას ლიოსას გადასცემენ. ჩვენ მათ დავუდასტურეთ, რომ ძალაში რჩება ჩვენი შეთავაზება და ვთხოვეთ ახალი თარიღის დასახელება. ამ თარიღის გაუქმება რეორგანიზაციის პერიოდში მოხდა, მე უკვე დამხვდა პასუხი, რომ ლიოსა აღარ ჩამოდის. რა მოხდა და რატომ, არ ვიცი. მაქვს რაღაც ვერსიები, მაგრამ არ ვარ უფლებამოსილი, რომ ამ ვერსიებზე ვილაპარაკო“.

ნობელის პრემიის ლაურეატი, მარიო ვარგას ლიოსა, თბილისში წიგნის ეროვნული ცენტრის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სერვანტესის ფონდის მოწვევით უნდა ჩამოსულიყო.

მწერლის ვიზიტის გაუქმების კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში. სამინისტროში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ამ ეტაპზე, მარიო ვარგას ლიოსას აგენტთან მოლაპარაკებებს აწარმოებს „მწერალთა სახლი“.

პერუელი მწერლის საქართველოში ვიზიტის შესახებ ცნობილი გახდა მიმდინარე წლის 24 იანვრის საგანგებო პრესკონფერენციაზე, რომელიც გამართეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის ყოფილმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ და წიგნის ეროვნული ცენტრის ყოფილმა დირექტორმა მედეა მეტრეველმა.

ლიოსას ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში იგეგმებოდა ავტორის შეხვედრები არა მარტო ქართველ, არამედ სომეხ და აზერბაიჯანელ გამომცემლებთან და მთარგმნელებთან. ამასთან, იგეგმებოდა შეხვედრები ქართველ მკითხველთან და სტუდენტებთან. ავტორთან შეთანხმებით მზადდებოდა სპეციალური კულტურული პროგრამა, რომლის მიზანიც იყო მარიო ვარგას ლიოსასთვის ქართული ლიტერატურის, კულტურისა და ისტორიის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება.

ლიოსა 10-ზე მეტი რომანის, უამრავი მოთხრობის, სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომისა და პიესის ავტორია. მიღებული აქვს არაერთი პრიზი, მათ შორის, სერვანტესის სახელობის პრემია – ყველაზე მნიშვნელოვანი ესპანურენოვან სამყაროში. 2010 წელს ლიოსას გადაეცა ნობელის პრემია ლიტერატურაში.

ქართულ ენაზე თარგმნილი მარიო ვარგას ლიოსას არაერთი რომანი, მათ შორის, „ქალაქი და ძაღლები“, „ცუდი გოგოს ოინები“, „ვაცის ნადიმი“, „ხუთი კუთხე“, „დეიდა ხულია და სცენარისტი“.

XS
SM
MD
LG