Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკარიჩევი: „მეორე ხერსონს პუტინი, ვფიქრობ, ვეღარ გადაურჩება“


რუსი პოლიტოლოგი, პროფესორი ანდრეი მაკარიჩევი
რუსი პოლიტოლოგი, პროფესორი ანდრეი მაკარიჩევი

“სწორედ ასეთივე ფრუსტრაცია დაედო 20-30-იან წლებში ფაშიზმის აღზევებას გერმანიაში. და ვშიშობ, რუსეთიც ამისკენ მიიწევს” - ეუბნება რუსი პოლიტოლოგი და პროფესორი ანდრეი მაკარიჩევი რადიო თავისუფლებას. თავის ერთ-ერთ ნარკვევში მაკარიჩევი პუტინის მხარდამჭერებს "ჰომინეს პუტინუსებს“ უწოდებს „შეუმდგარი, განუვითარებელი [ხალხი], რომელთაც პარადოქსული კომბინაციით ასაზრდოებთ უკრაინისადმი აგრესია და პუტინისადმი მორჩილება". მას სჯერა, რომ რუსეთში დაიწყეს იმ მარცხის აღქმა, რომლის წინაშეც ქვეყანა პუტინმა მიიყვანა და ეს ქვეყანაში ფრუსტრაციისა და ზიზღის განცდას აღრმავებს. რა ბედი ელის პუტინს, როდესაც ხალხში ზიზღი და ყველა უბედურების სხვაზე გადაბრალების ინსტინქტი სჭარბობს? არსებობს თუ არა ორი - კარგი და ცუდი რუსეთი? ანდრეი მაკარიჩევთან საუბარი ვაჟა თავბერიძემ რუსეთის მიერ ხერსონში განცდილი მარცხით დაიწყო.

“პუტინი უკვე აღარ არის „ყოვლისმპყრობელი ცარი“, ის სიტუაციას ვეღარ აკონტროლებს. და მისი სისუსტე უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება..”

რადიო თავისუფლება: ხერსონის გათავისუფლებაზე მინდა გკითხოთ - უფრო სწორად, ამის ფსიქოლოგიურ ეფექტებზე. უკრაინაში უკვე ვნახეთ, რა რეაქციაც მოჰყვა - რუსეთში როგორ შეხვდნენ ამას?

ანდრეი მაკარიჩევი: ვიტყოდი, რომ ეს იყო მერყეობა - მერყეობა ღრმა, მწარე სინანულსა და იმ მარცხის აღქმა-გააზრებას შორის, რის წინაშეც დგას რუსეთი. რა თქმა უნდა, მოიძებნება ხალხი, განსაკუთრებით საჯარო პირები, ვინც იძახიან, რომ ეს უბრალოდ ტაქტიკური მანევრია, რომ ეს დროებითია. მაგრამ ისინი უბრალოდ ცდილობენ, ნამუსი მოსწმინდონ პუტინს. მე ვიტყოდი, რომ ეს ცალსახად დიდი მარცხია. იმდენად დიდი, რომ რუსულ პროპაგანდას მისი მიჩქმალვა უჭირს. ცხარე დებატებია იმის შესახებ, თუ ვის უნდა დაჰბრალდეს ეს ყველაფერი - განტევების ვაცის ძიება. პუტინი უკვე აღარ არის „ყოვლისმპყრობელი ცარი“, ის სიტუაციას ვეღარ აკონტროლებს. და მისი სისუსტე უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება. თუნდაც ის ფაქტი ავიღოთ, რომ დიდი ოცეულის სამიტს არ დაესწრო და თავის ნაცვლად ლავროვი გააგზავნა, რომელმაც თავი საკმაოდ უცნაური „პერფორმანსით“ დაგვამახსოვრა. პუტინი ბოლო მომენტამდე გეგმავდა წასვლას, მაგრამ საბოლოოდ გადაიფიქრა, რადგან მიხვდა, რომ „მაგიდაზე დასადები“ აღარაფერი გააჩნდა. ეს ყველაფერი ძალიან შორსაა კლასიკური, თავდაჯერებული რუსული დიპლომატიისგან - ამას დეზორიენტაციის, დაბნეულობის სუნი სდის. სადაა ა, ბ, გ და დ გეგმები? არსად ჩანს. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ შუა სამიტის დროს რუსეთმა 100 რაკეტა ესროლა უკრაინას. ეს უკვე სახეში გაწნული სილა იყო ინდონეზიის პრეზიდენტისთვის, რომელიც ასე ცდილობდა, მედიატორის როლი ეტვირთა. ეს იყო სამიტის უპატივცემულობა, იმ სახელმწიფოების მეთაურების უპატივცემულობა, რომლებიც ჯერ კიდევ ტელეფონს უსხედან და უარს არ ამბობენ რუსეთთან საუბარზე, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა, რომ რუსეთი მულტიპოლარული სამყაროსთვის იბრძვის, და ამერიკის ჰეგემონიას, ე.წ. Pax Americana-ს უპირისპირდება. რუსეთის „საუკეთესო მეგობრებიც“ კი - ჩინეთი და ინდოეთი, თანდათან უფრო და უფრო მეტი სკეპტიციზმით ეკიდებიან რუსეთის ქმედებებს.

“ნახეთ, რა ხდება ბელგოროდში. გამაოგნებელია - საცხოვრებელი სახლები იწვის. რუსეთის ფედერაციის ტერიტორია ბრძოლის ველად იქცა და რას აკეთებს მოსკოვი? არაფერს. ამას ვინ წარმოიდგენდა?“

რადიო თავისუფლება: კიდევ ერთი კითხვა ხერსონზე - როგორია მისი გავლენა ხალხის იმ კატეგორიაზე, ვინც თქვენ, თქვენს ნარკვევებში „ჰომინეს პუტინუსად“ მონათლეთ - „შეუმდგარი, განუვითარებელი [ხალხი]. პარადოქსული კომბინაცია უკრაინისადმი აგრესიისა და პუტინისადმი მორჩილებისა.“?

ანდრეი მაკარიჩევი: ძნელი სათქმელია - ამ კითხვაზე ზუსტი პასუხისთვის ალბათ სოციოლოგებს უნდა მივმართოთ. მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ფრუსტრაციისა და ერთგვარი მიუღებლობის, ყველა უბედურების სხვაზე გადაბრალების შეგრძნება იზრდება და არის განხიბვლაც, ყველაფრით იმედგაცრუება, მთავრობის ჩათვლით. და ამას თავისი რისკები ახლავს თან, რადგან სწორედ ასეთმა ზიზღმა შეიძლება გზა გაუკვალოს პუტინზე კიდევ უფრო უარეს, ნეო-ფაშისტურ რეჟიმს. პუტინი ხომ დაგვპირდა, რომ რუსეთი ფეხზე წამოდგებოდა? რომ რუსეთს ისევ დიადს გახდიდა? საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ეს დაიჯერა, ირწმუნა. და ახლა, როდესაც სამდღიანი სპეციალური სამხედრო ოპერაცია სრულფასოვან ომად იქცა, თანაც ომად, რომელსაც რუსეთი აგებს, ვვარაუდობ, რომ ფრუსტრაცია კიდევ უფრო გამძაფრდება. და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ ასეთი ფრუსტრაცია დაედო 20-30 იან წლებში ფაშიზმის აღზევებას გერმანიაში. და ვშიშობ, რუსეთიც ამისკენ მიიწევს.

რადიო თავისუფლება: ამის გათვალისწინებით, კიდევ რამდენ ხერსონს „გაუძლებს“ პუტინი და მისი მმართველობა?

ანდრეი მაკარიჩევი: ამაზე პასუხი დამოკიდებულია ორ ფაქტორზე: უკრაინის არმიისა და პრეზიდენტის შემართება, ბოლომდე მიიყვანონ დაწყებული დეოკუპაცია, „წმინდა ადგილების“ - ყირიმის ჩათვლით. ეს პირველი. მეორე - დასავლეთის შემართება და გამძლეობა, გააგრძელოს, და მეტიც, გაზარდოს უკრაინის დახმარება, დაეხმაროს მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება. ესაა ორი მთავარი ფაქტორი და ამ მხრივ, სიტუაციას კარგი პირი უჩანს. და ვფიქრობ, რომ მეორე ხერსონს, მეორე ასეთ დამარცხებას პუტინი ალბათ ვეღარ გადაურჩება. მისი ძალაუფლება „გაბზარულია“ და ეს ბზარი ადვილი შესამჩნევია. ის ცდილობს მანევრირებას, ცდილობს, რაღაც-რაღაცები სხვებს გადააბაროს, კადიროვს, პრიგოჟინს, მაგრამ საბოლოოდ მივდივართ დიაგნოზამდე - ის უბრალოდ მეტი დროის ყიდვას ცდილობს, იმის იმედით, რომ რამე შეიცვლება, რომ ჯარს რამეს უშველის, ირანისგან მეტ დრონებს შეიძენს და ა.შ. მაგრამ ფაქტია, რომ ე.წ. მობილიზაციამ არ იმუშავა, მეტიც, ახალი პრობლემები შეუქმნა საშინაო ფრონტზე. მანკიერ წრეში მოექცა - რაც არ უნდა იღონოს, არაფერი გამოსდის, მეტიც, უარესობისკენ მისდის საქმე, უფრო მძიმდება ყველაფერი როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე შინ, სახლში. ნახეთ, რა ხდება ბელგოროდში. გამაოგნებელია - საცხოვრებელი სახლები იწვის. რუსეთის ფედერაციის ტერიტორია ბრძოლის ველად იქცა და რას აკეთებს მოსკოვი? არაფერს. ამას ვინ წარმოიდგენდა? რუსეთის ფედერაციის ნაწილი უკვე ცეცხლის ალშია გახვეული. პუტინმა თავისი თავი მოაქცია ჩიხში - საზღვრების გაფართოებითა და დაგრძელებით დღეს რუსეთი იქცა ქვეყნად, რომელსაც საზღვრები აღარ აქვს. თუ ხერსონი რუსეთია, გამოდის, უკრაინამ რუსეთის ტერიტორია წაიღო, არა? პუტინისთვის ამ მოვლენების კარგი ინტერპრეტაცია აღარ არსებობს.

“ვინც ჩასანერგი ჰყავდა, ფსბ-მ [საქართველოში] ათწლეულების წინ ჩანერგა“

რადიო თავისუფლება: ვფიქრობ, ლოგიკურად მივედით შემდეგ შეკითხვამდე - უფრო სწორად, დილემამდე, რომელიც ალბათ დასავლეთში გადაწყვეტილებების მიმღებთ მოსვენებას არ აძლევს - თუ პუტინი ჩიხშია მოქცეული, რამდენად დიდია ცდუნება, ან უფრო, სასოწარკვეთილება, ხელი ე.წ. წითელი ღილაკისკენ „გაექცეს“ - და ომს ბირთვული სიბრტყეც შესძინოს?

ანდრეი მაკარიჩევი: ვფიქრობ, ეს პირველ რიგში პირადად მისთვის იქნებოდა კატასტროფა. ვფიქრობ, ამ ვარიანტს ის დიდხანს ელოლიავებოდა გონებაში, ის მოელოდა, რომ ყველა ისე დაშინდებოდა, ისე დაიზაფრებოდნენ, რომ ყველაფერს დათმობდნენ, უკრაინის ჩათვლით. მისმა შანტაჟმა არ იმუშავა და ვფიქრობ, ეს უკვე პუტინამდეც „დავიდა“ - მას საკმაოდ არაორაზროვნად მიანიშნეს, რომ ბირთვული თავდასხმა „არ მოსულა“. რა თქმა უნდა, ეს ისევ რჩება მისთვის უკანასკნელ გამოსავლად, მაგრამ დღეს, როგორც ასეთი, დღის წესრიგში არ დგას.

რადიო თავისუფლება: ორიოდე კითხვა საქართველოზეც- ირონიულად არ გეჩვენებათ, რომ მაშინ, როდესაც უკრაინელები რაკეტების და ჭურვების წვიმას უძლებენ და ფარ-ხმალს არ ყრიან, ბრძოლას აგრძელებენ, რუსეთის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, ასე ვთქვათ, უმაკდონალდსობას და უაიფონობას გამოურბის რუსეთიდან?

ანდრეი მაკარიჩევი: ისეთი დროა, ახლა ყველაფერი ირონიულია. რუსების ეს “დიდი გამოსვლა” ქვეყნიდან საკამათო თემად იქცა არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მასპინძელ ქვეყნებშიც. რუსების ნაწილი, სადაც არ უნდა მიდიოდნენ ისინი - იქნება ეს ბალტიის ქვეყნები, სომხეთი, საქართველო, ყაზახეთი თუ თუნდაც მონღოლეთი - ისინი პუტინს და მის რეჟიმს ემიჯნებიან, მაგრამ ასევე მოდიან გზავნილით - „ჩვენ კარგი რუსები ვართ“.

რადიო თავისუფლება: არიან კი?

ანდრეი მაკარიჩევი: სწორედ ამაზე მიჭირს პასუხის გაცემა. და არა იმიტომ, რომ შეიძლება ფსბ-მ ჩანერგოს ვინმე მათში - ვინც ჩასანერგი ჰყავდა, ფსბ-მ [საქართველოში] ათწლეულების წინ ჩანერგა. მე უფრო იმ ხალხის მიმართ ვარ სკეპტიციზმით განმსჭვალული, ვინც მაშინ გადადგა ეს ნაბიჯი, როდესაც საქმე მათ საბანკო ბარათების დაყადაღებასა და ომში წასვლაზე მიდგა. ამ ხალხის დიდ ნაწილს ან გამორჩა, ან საერთოდ არ ანაღვლებდა, რომ ომი 2014 წელს დაიწყო - მათთვის ომი დაიწყო 24 თებერვალს, ან კიდევ უფრო გვიან, როდესაც მობილიზაცია გამოცხადდა და ომში წასვლა დაემუქრათ. ეს ყველაფერი იქცა დილემად, ყოველ შემთხვევაში, დასავლეთისთვის: მათ არ სურთ, რუსებს კარი გაუღონ, განსაკუთრებით ეს აშინებთ პატარა ქვეყნებს, როგორიცაა ესტონეთი, სადაც ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხად მიიჩნევა - მათ სულაც არ სურთ რუსიფიცირება, „კარგი რუსების“ მიერაც კი.

რადიო თავისუფლება: იგივე ითქმის საქართველოზეც, არა?

ანდრეი მაკარიჩევი: ეს ყველა ქვეყანას ეხება, ვისაც გამოკვეთილი ეროვნული იდენტობა და წარუშლელი პოსტკოლონიური მახსოვრობა აქვს. მათ ვერ „აჭმევ“ ნარატივს: „ოოო, მილიონობით კარგი რუსი? კი, ჩამოვიდნენ და იცხოვრონ“. მაგრამ დავუბრუნდეთ ჩემს მიერ ნახსენებ დილემას: თუ დასავლეთი ყველა კარს ჩაკეტავს, მაშინ ამ ხალხს მოუწევს ხელში იარაღი აიღოს და ომში წავიდეს უკრაინელების მოსაკლავად. დელიკატური სიტუაციაა.

რა იყო სობჩაკის პასუხი, როგორ იქცეოდა ის? ის იქცეოდა, როგორც „უ სებია დომა“.

რადიო თავისუფლება: ორი წლის წინ, როდესაც საქართველოში რუსულ ნარატივებზე წერდით, განაცხადეთ, რომ ისინი „რუსეთის კოლონიურმა მიდგომამ შვა, სადაც საქართველო აღიქმება რუსული მემკვიდრეობის ნაწილად, რომელსაც უბრალოდ, ჭეშმარიტი გზა „აებნა“... რუსების მასობრივი შემოდინება და დასახლება თბილისში - ესეც ამ კოლონიალისტური მიდგომის ნაწილია? საქართველო = „უ სებია დომა“?

ანდრეი მაკარიჩევი: ცალსახად. იმასაც ვიტყოდი, რომ იმ „კარგ რუსებშიც“ გვხვდებიან ისეთები, რომლებიც პუტინს არ ეთანხმებიან, მაგრამ არა იმიტომ, რომ მათთვის მეზობლებზე თავდასხმა და მათი ამოხოცვა მიუღებელია, არამედ იმიტომ, რომ ეს ძვირად უჯდებათ, ეს მათ ცხოვრების წესზე, ოჯახებზე ნეგატიურად აისახება. ეს არაა შეუგუებლობა პუტინთან, როგორც ცრუპენტელა სამხედრო დამნაშავესთან, რომლებიც საშინელებებს სჩადის. ეს ხალხი უბრალოდ უსაფრთხო ნავსაყუდელს ეძებს. ეს ეხება რუს ლიბერალებსაც კი - მათთვის მთავარ „ფეხწამოსაკრავ ქვად“ იქცა უკრაინისა და საქართველოს საკითხი. ნახეთ, რას პასუხობს საქართველოში ჩასული ქსენია სობჩაკი ბარის მფლობელს, სადაც რუსებს არ ემსახურებიან, თუ ისინი „სლავა უკრაინის“ არ იტყვიან. რა იყო სობჩაკის პასუხი, როგორ იქცეოდა ის? ის იქცეოდა, როგორც „უ სებია დომა“. და ეს ადამიანი რუს ლიბერალადაა მიჩნეული. მე ვფიქრობ ეს ღრმად ჩანერგილი იმპერიული ხედვაა, რადგან სწორედ იმპერი(ალი)ზმის განუყოფელი ნაწილია სხვისი საზღვრების მიმართ ღია უპატივცემულობა. და მე არ ვგულისხმობ მხოლოდ ტერიტორიულ საზღვარს, აქ იგულისხმება კულტურული, ენობრივი და სხვა საზღვრები. საქართველოში ჩამოვედით, რათა კარგად ვჭამოთ! მე ბევრჯერ ვყოფილვარ საქართველოში და ვიცი, რამდენად მგრძნობიარე თემაა ეს ბევრი ქართველისთვის. და მათ საკმარისზე მეტი მიზეზები აქვთ ამისთვის.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

XS
SM
MD
LG