Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ოთინაშვილი იზოლატორიდან ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს


საოკუპაციო ხაზი ხურვალეთში
საოკუპაციო ხაზი ხურვალეთში

ოკუპირებულ ცხინვალში პატიმრობაში მყოფი მაია ოთინაშვილის დედის, გალინა ქელეხსაევას ინფორმაციით, მას დაუკავშირდა „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ წარმომადგენელი, რომელმაც უთხრა, რომ მაია ვიზუალურად კარგად გამოიყურება. გალინა ქელეხსაევას თქმით, როცა იკითხა, სხეულზე ხომ არ ეტყობა ძალადობის კვალი, უპასუხეს, რომ ეს არ იციან. „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმა მაია ოთინაშვილი 3 ოქტომბერს საღამოს მოინახულეს და იზოლატორში შესვლას დღესაც გეგმავენ.

გალინა ქელეხსაევამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ განსაკუთრებული ნდობა არ აქვს „წითელი ჯვრის“ იმ წარმომადგენლებისადმი, რომლებიც ცხინვალში მუშაობენ, რადგან იქ ჩაკეტილი სივრცეა. დაკავებულის დედის თქმით, მას ასევე აცნობეს, რომ მაია ოთინაშვილს ტელეფონით დააკავშირებენ ოჯახის რომელიმე წევრთან. გალინა ქელეხსაევა თავის წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ მისი ქალიშვილი ცხინვალის იზოლატორში გადაყვანამდე რუსულ ბაზაზე სცემეს. გალინა ქელეხსაევას ინფორმაციით დაკავებული იზოლატორიდან ციხეში უკვე გადაიყვანეს.

ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში მყოფი მაია ოთინაშვილი მოინახულეს „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ წარმომადგენლებმა. კომიტეტი მაია ოთინაშვილის მდგომარეობის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას საჯაროდ არ ავრცელებს, რადგან ორგანიზაციის განმარტებით, „ვიზიტების შედეგები და შემდგომი ნაბიჯები ორმხრივი კონფიდენციალური დიალოგის ფორმატში განიხილება მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელობასთან, გამომდინარე დაკავებული პირებისა და მათი ოჯახების ინტერესებიდან.“

„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ განცხადებით, მისი მანდატიდან გამომდინარე, დაკავებულ პირებთან ვიზიტების მიზანია დააკვირდეს დაკავების პირობებს და მათთვის უზრუნველყოს ოჯახებთან კომუნიკაციის აღდგენა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელი მაია ქარდავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ორგანიზაცია პროცესში ჩართულია და აქტიური კომუნიკაცია აქვს ოჯახთან.

მაია ოთინაშვილის საქმეს აკვირდება საქართველოს სახალხო დამცველი. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი მედეა ტურაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ეს იყო ადამიანის გატაცება, რომელსაც შესაბამისი რეაქცია უნდა მიეცეს...

ხუთდღიანი დუმილის შემდეგ, ოთინაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადება ცხინვალშიც გაკეთდა. „გარკვეული ძალები საქართველოში, რომლებიც სამხრეთ ოსეთის საზღვრის დარღვევით არიან დაინტერესებული, მაია ოთინაშვილის გარშემო შექმნილ სიტუაციას საკუთარი პიარისთვის იყენებენ“, - ამის შესახებ პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის მურატ ჯიოევის აპარატში განაცხადეს.

„მიუხედავად იმისა, რომ მაია ოთინაშვილთან მიმართებაში მიმდინარეობს გამოძიება, საქართველოს ხელისუფლება და უფლებადაცვითი ორგანიზაციები მედიაში სამხრეთ ოსეთს უყენებენ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ და ყალბ ბრალდებებს ოთინაშვილის „გატაცებასა“ და მისი უფლებების „დარღვევაში“. იქმნება შთაბეჭდილება, რომ გარკვეული ძალები საქართველოში დაინტერესებული არიან საზღვრის დარღვევით, რათა შემდეგ ეს საკუთარი პიარისთვის გამოიყენონ“, - განაცხადეს უწყებაში.

მაია ოთინაშვილის საქმეს აკვირდება საქართველოს სახალხო დამცველი. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი მედეა ტურაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ეს იყო ადამიანის გატაცება, რომელსაც შესაბამისი რეაქცია უნდა მიეცეს. ტურაშვილის აზრით აუცილებელია ეფექტური მექანიზმის ამოქმედება, რომელიც დაკავებულების ოჯახებთან კონტაქტს გააადვილებს.

მაია ოთინაშვილის დედამ, გალინა ქელეხსაევამ 3 ოქტომბერს რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი შვილი სავარაუდოდ, ნაცემია. ხურვალეთში მცხოვრები მაია ოთინაშვილი, რომელსაც სამი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 29 სექტემბერს დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის. 2 ოქტომბერს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ „ლენინგორის სასამართლომ“ ოთინაშვილს შეუფარდა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა. ამავე კომიტეტის მტკიცებით, მაია ოთინაშვილი ხანგრძლივი დროის განმავლობაში, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ეხმარებოდა „სამხრეთ ოსეთის“ და საქართველოს მოქალაქეებს. მოგვიანებით, ქართულ მხარეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზის“ მეშვეობით ეცნობა, რომ მაია ოთინაშვილს არა ორთვიანი, არამედ ათდღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით ყველა ბერკეტია ამოქმედებული უკანონო პატიმრობიდან მაია ოთინაშვილის გასათავისუფლებლად.

XS
SM
MD
LG