- „მაგნიტსკის აქტი“ 2012 წელს ამერიკის კონგრესის მიერ მიღებული კანონია, „მაგნიტსკის სიაში“ კი 650-ზე მეტი ადამიანის სახელია შესული;
- 14024-ე განკარგულება კი 2021 წელს რუსეთის „საზიანო ქმედებების საპასუხოდ“ გამოსცა ჯო ბაიდენმა.
რა განსხვავებაა ამ ორ აქტს შორის და რა სირთულეებს უქმნიან ისინი სანქცირებულებს?
„სანქციების პაკეტი შემუშავებულია“
აშშ-ის საელჩომ საქართველოში 24 სექტემბერს, რადიონ თავისუფლების კითხვაზე ივანიშვილის შესაძლო სანქცირებასთა დაკავშირებით, გაიმეორა, რომ აშშ სანქციების დაწესებას არასოდეს აანონსებს, თუმცა განაცხადა, რომ „ძალიან შეშფოთებულნი“ არიან საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით.
მანამდე, 20 სექტემბერს, „ამერიკის ხმამ“ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მილიარდერი ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი უკვე შეიმუშავა და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს.
გამოცემა წერს, რომ ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე ინფორმაციას მათ შტატების მთავრობის მაღალი თანამდებობის ორი პირი და ადმინისტრაციასთან დაახლოებული კიდევ ორი წყარო ანონიმურად უდასტურებენ.
„გვაქვს ინფორმაცია, რომ მან [ბიძინა ივანიშვილმა] გადადგა ნაბიჯები, რათა განევითარებინა ურთიერთობები რუს ოლიგარქებთან, გადადგა ნაბიჯები, რათა რუსეთისთვის მიეცა უკეთესი წვდომა საქართველოს ბაზრისთვის. ფაქტობრივად, მან გარკვეული ქმედებები რუსეთის სადაზვერვო სამსახურის მითითებით გაატარა“, - ციტირებს „ამერიკის ხმა“ წყაროს.
ამავე წყაროს თანახმად, სანქციების პაკეტის საფუძველია 14024-ე განკარგულება.
განკარგულება 14024
ეს არის განკარგულება, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2021 წლის 15 აპრილს გამოსცა რუსეთის ფედერაციის „საზიანო ქმედებების საპასუხოდ“.
მასში ხვდებიან ისინი, ვინც „ახორციელებენ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ღირებულებებს და ჩართულნი არიან საერთაშორისო კორუფციაში“.
14024-ე აღმასრულებელი განკარგულება 2023 წლის 22 დეკემბერს „შესწორდა“ - როგორც სახაზინო დეპარტამენტი განმარტავს, კიდევ უფრო გაძლიერდა და დაემატა უნარი, სანქციები დაუწესოს ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც:
- „ან ხელს უწყობენ მნიშვნელოვან ტრანზაქციებს რუსეთის ეკონომიკის ძირითად სექტორებში მოქმედი იმ პირების სახელით, რომლებიც მხარს უჭერენ ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო ბაზას;
- ან ხელს უწყობენ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ბაზასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ტრანზაქციებს“.
გარდა ამისა, განკარგულებით, სანქციები წესდება მათზე, ვინც:
- ჩართულნი არიან მავნე კიბერაქტივობებში
- ერევიან აშშ-სა თუ სხვა უცხოური მთავრობების არჩევნებში
- ქმედებებითა თუ პოლიტიკით ძირს უთხრიან დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესებს აშშ-სა თუ საზღვარგარეთ
სანქცირების შედეგები
სახაზინო დეპარტამენტის სანქცირების ყველა ცალკეულ შემთხვევაში, საქმეში ერთვება აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC).
სწორედ ეს ოფისი კურირებს სანქციადაკისრებულთა სიასაც (SDN list).
SDN სიაში შეყვანილთა მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება ევალება ყველას, ვისაც სურს, ამერიკულ ფინანსურ სექტორთან ჰქონდეს წვდომა.
SDN სიაში შეყვანილთა მიმართ დადგენილი მოთხოვნები კი გულისხმობს იმას, რომ საფინანსო ინსტიტუტებმა - ბანკებმა შეუზღუდონ სანქცირებულებს აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციები.
სანქცირებულებს ეზღუდებათ როგორც სახსრების განკარგვა, ისე ფინანსური ოპერაციები.
ცნობილი შემთხვევები
სწორედ 14024-ე ბრძანებაზე დაყრდნობით დაუწესეს სანქციები:
- კრემლის პრესსპიკერ დმიტრი პესკოვს 2022 წლის 3 მარტს;
- 2022 წლის 11 მარტს პესკოვის მეუღლეს, ტატიანა ალექსანდროვნა ნავკას, და შვილებს, ნიკოლაი და ელიზავეტა პესკოვებს.
აშშ-ის ცნობით, ყველა მათგანი „ცხოვრობს მდიდრული ცხოვრების წესით, რაც არ შეესაბამება პესკოვის, როგორც საჯარო მოხელის, ხელფასს და, სავარაუდოდ, აგებულია პესკოვის პუტინთან კავშირის [წყალობით] უკანონოდ მიღებულ სიმდიდრეზე“;
- ვიქტორ ვეკსელბერგს, კომპანიების ჯგუფ Renova-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს - „გავლენიან ბიზნესმენსა და კრემლის ახლო ქსელის წარმომადგენელს“;
მისი ქონება 60%-ზე მეტით შემცირდა - 11,2 მილიარდ დოლარამდე.
- „სბერბანკს“ რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღესვე, 2022 წლის 24 თებერვალს;
- VTB ბანკს ასევე 24 თებერვალს და მოგვიანებით, მარტში, ამავე ბანკის მმართველი საბჭოს 10 წევრს.
#14024 და საქართველო
თუკი დაწესდა, ივანიშვილის სანქციები არ იქნება პირველი სანქციები საქართველოსთან დაკავშირებით, რაც ბაიდენის 14024-ე ბრძანებას დაეფუძნება.
სწორედ ამ გზით დაუწესეს სანქციები 2023 წლის სექტემბერში საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს.
შეერთებული შტატების მთავრობამ ფარცხალაძე მოიხსენია, როგორც „ქართველი-რუსი ოლიგარქი“, „ეფესბეს“ ოფიცრის პარტნიორი და დამხმარე და მას „საქართველოზე რუსეთის მანკიერი გავლენების“ პასუხად დაუწესა სანქციები.
მთავარი პროკურორის პოსტზე გაელვების შემდეგ მისი სახელი ელიტური კორუფციის სავარაუდო სქემებსა თუ სკანდალებს დაუკავშირდა, თუმცა საქართველოს სასამართლო სისტემაში, - რომლის წარმომადგენლებსაც სავიზო სანქციები დაეკისრათ, - ბრალდებები ვერ დაუმტკიცეს. ასე იყო, მაგალითად:
- კორუფციაზე ზედამხედველი ორგანოს უფროსის, გენერალური აუდიტორის ცემის საქმეში;
- სპორტის ყოფილი მინისტრის „სარდაფში ცემის“ საქმეში.
სანქცირების შემდეგ, რუსეთის დუმის დსთ-ს საკითხებისა და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლეონიდ კალაშნიკოვი ფარცხალაძეს გამოესარჩლა და თქვა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი მონაწილეობდა მოლაპარაკებებში რუსეთ-საქართველოს პირდაპირი ფრენების აღსადგენად.
ფარცხალაძე საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქე იყო. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მას 2023 წლის ოქტომბერში შეუჩერა საქართველოს მოქალაქეობა.
მას შემდეგ მან გვარი „რომანოვად“ გადაიკეთა - ფარცხალაძის მეგობრის, პრორუსული პარტიის ლიდერის, მამუკა ფიფიას ცნობით, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა რუსეთის საიმპერატორო დინასტიასთან „კავშირები აღმოაჩინა“.
ვაშინგტონის მიერ „ქართველი-რუსი ოლიგარქის“ სანქციების სიაში მოხვედრის დასაბუთებამ, სულ მცირე, ის გამოაჩინა, რომ საქართველოს უსაფრთხოების სისტემა მოწყვლადია რუსეთის უშიშროების სამსახურებისადმი.
„მაგნიტსკის აქტი“ - სანქციები მაღალჩინოსნებს
შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა 2024 წლის 16 სექტემბერს სანქციები დაუწესა საქართველოს კიდევ ოთხ მოქალაქეს - ორ მოქმედ მაღალჩინოსანსა და ძალადობრივი ექსტრემისტული ჯგუფის ორ ლიდერს. ესენი არიან:
- ზვიად „ხარება“ ხარაზიშვილი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი;
- მილერი ლაგაზაური, „ხარებას“ მოადგილე;
- კონსტანტინე (კოკა) მორგოშია, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „ალტ-ინფოს“ ლიდერი;
- ზურაბ მახარაძე, ასევე „ალტ-ინფოს“ ლიდერი.
ეს სანქციები, ყველა სხვა წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ეფუძნება ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის 2017 წლის №13818 აღმასრულებელ ბრძანებას.
ეს ბრძანება მან „მაგნიტსკის აქტზე“ დააშენა.
„მაგნიტსკის აქტი“, თავის მხრივ, 2012 წელს, ამერიკის კონგრესის მიერ მიღებული კანონია, რომელმაც სანქციები დაუწესა 2009 წელს რუსი ბიზნესმენის, სერგეი მაგნიტსკის სიკვდილში დამნაშავე რუს მოხელეებს.
წლების განმავლობაში აქტის ადრესატების სია გაფართოვდა და ამჟამად მასში 650-ზე მეტი ადამიანის სახელია შესული.
„მაგნიტსკის სიაში“ ხვდებიან ადამიანები, რომლებიც, შეერთებული შტატების ხელისუფლების კვლევებით, მონაწილენი არიან ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებსა და კორუფციაში.
ამ აქტით სანქცირებულები შესაძლოა, არც იყვნენ „რუსეთის მავნე ქმედებებთან“ რაიმე კავშირში, - განსხვავებით ბაიდენის №14024 ბრძანების საფუძველზე სანქცირებულთაგან.
ბრძანება 13818 - მაგალითები
მიზანში იღებს რა ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებსა და კორუფციაზე პასუხისმგებლებს, ამ აქტის მეშვეობით სანქცირებულებსაც იგივე შეზღუდვები ეკისრებათ, რაც ბაიდენის ბრძანებითაა გათვალისწინებული. მაგალითად:
- აშშ-ში მოძრავი თუ უძრავი ქონების გაყინვა;
- ფინანსური ტრანზაქციების განხორციელების დაბლოკვა;
- სავიზო შეზღუდვები.
ამ ბრძანებით სანქცირებულებიც OFAC-ის SDN სიაში ხვდებიან.
მაგალითად, 2023 წლის 8 დეკემბერს სახაზინო დეპარტამენტმა ამ საკანონმდებლო აქტზე დაყრდნობით დაუწესა სანქციები თალიბანის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, ფარიდუდინ მაჰმუდს.
უწყება განმარტავს, რომ მაჰმუდი მონაწილეობდა იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რომლის თანახმადაც მეექვსე კლასის შემდეგ საგანმანათლებლო დაწესებულებები დაიხურა გოგოებისთვის.
ამავე საფუძვლით აქვთ სანქციები დაწესებული ავტორიტარული ქვეყნების - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, უგანდის, ლიბერიისა და სხვების - მთავრობების წარმომადგენლებს.
ფორუმი