Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან იოსელიანი - ომბუდსმენის კომპრომისული კანდიდატი ნაპოვნია?


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

პარლამენტში ომბუდსმენის შერჩევის მრავალთვიანი პროცესის, 19 კანდიდატის მოსმენისა და მათი დაწუნების შემდეგ სახალხო დამცველის პოსტზე ახალი კანდიდატი გამოჩნდა - პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი.

საშემოდგომო სესიის ბოლოს სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი ჩიხში შევიდა. ჩავარდა 19-ვე კანდიდატი, რომელთაც ცალ-ცალკე, საათობით ესაუბრებოდნენ დეპუტატები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომებზე. მათ შორის იყო არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერილი სამი კანდიდატი, რომლებსაც ოპოზიციის დიდი ნაწილი ემხრობოდა.

ახლა, როდესაც ყველაფერი ნულიდან უნდა დაიწყოს, ახალი ნაკადის პირველი კანდიდატი, პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, დეპუტატი ლევან იოსელიანი მისმა თანაგუნდელმა, ალეკო ელისაშვილმა დაასახელა.

"გარკვეული კონსულტაცია გვქონდა როგორც ოპოზიციურ პარტიებთან, ასევე მმართველ პარტიასთან... ის იყო ადვოკატი, სანამ პოლიტიკაში ჩაერთვებოდა. ადამიანის უფლებები უცხო არ არის [მისთვის]", - თქვა ალეკო ელისაშვილმა.

ლევან იოსელიანი ფიქრობს, რომ სწორედ ის არის ის კომპრომისული კანდიდატი, რომელიც პროცესს ჩიხიდან გამოიყვანს, რადგან მას ენდობიან როგორც ოპოზიციონერი, ასევე "ქართული ოცნების" დეპუტატები.

"ძალიან რთულია კანდიდატზე კონსენსუსი, როცა წითელი ხაზები აქვთ გავლებული - ერთი ამბობს, რომ არასამთავრობო სექტორის კანდიდატს მხარს არ დაუჭერს, მეორე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი ვინც იქნება, მათი მოწონებული თუ მხარდაჭერილი, ყველა მიუღებელია. ეს პროცესი ჩიხში შევიდოდა, რა თქმა უნდა.

... ოპოზიციაშიც, „ქართულ ოცნებაშიც“ დეპუტატების დონეზე ნდობა ავაშენე მთელი ამ 2 წლის განმავლობაში და ჩავთვალე, რომ არის შანსი ეს კონსენსუსი ჩემ გარშემო შედგეს".

დეპუტატის თქმით, როგორც "ქართულ ოცნებაში", ისე ოპოზიციის ფლანგში არის ჯგუფი, რომელიც მას მხარს უჭერს, მათ შორის საჯაროდ:

"არ ვიცი, ეს რიცხვი ავა თუ არა 90-ზე [ომბუდსმენის ასარჩევად საჭირო ხმების რაოდენობაზე - რ.თ.], არ ვიცი, „ქართული ოცნება“ რას გადაწყვეტს პოლიტსაბჭოს სხოდმაზე, მაგრამ მე ყველანაირად ვეცდები, კონსენსუსი შედგეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ნამდვილად არ იქნება ტრაგედია ჩემთვის. მე ვარ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში და გავაგრძელებ ჩემს ცხოვრებას პარლამენტში. 19 კანდიდატზე ვერ შედგა კონსენსუსი და მე-20 ვიქნები მე".

ვინ (არ) უჭერს მხარს ლევან იოსელიანს?

"მოქალაქეების" დეპუტატის ომბუდსმენად არჩევაზე ოპოზიციაში ხმები გაყოფილია. ნაწილი ფიქრობს, რომ მისი არჩევა მართლაც გამოსავალია, ნაწილისთვის კი მიუღებელია მოქმედი პოლიტიკოსი სახალხო დამცველის თანამდებობაზე.

"ქართულ ოცნებაში" ლევან იოსელიანის მიმართ სიმპათიები არ დაუმალავთ, თუმცა ამბობენ, რომ სურთ ჯერ უმრავლესობაში გამართონ კონსულტაცია მის მხარდაჭერაზე.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ესმით, რომ ლევან იოსელიანი, პოლიტიკოსი, პარლამენტის ვიცე-სპიკერია, თუმცა, მეორე მხრივ, სახალხო დამცველის არჩევა სურთ და "ყველაფერს აწონ-დაწონიან".

"უმრავლესობა იმსჯელებს და ამის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ლევან იოსელიანს, რომელიც ამავე დროს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეა, მისი, როგორც პროფესიონალის მიმართ ბევრი დადებითი გვესმის.

თავიდანვე ჩვენი სურვილი და პოზიცია იყო, რომ [კანდიდატი] პოლიტიკოსთა წრეებიდან არ ყოფილიყო, მაგრამ ეს არის, მათ შორის, კვალიფიციური უმრავლესობის გამოწვევა. არაერთხელ მითქვამს, რომ კვალიფიციური უმრავლესობა ცუდი სისტემაა. სამწუხაროდ, ეს არ იძლევა შესაძლებლობას, რომ კანდიდატები კონსტრუქციულად შევარჩიოთ", - ამბობს პაპუაშვილი.

ოპოზიციიდან ერთ-ერთი დეპუტატი, რომელმაც ლევან იოსელიანს ღიად დაუჭირა მხარი, ხათუნა სამნიძეა. იგი ფიქრობს, რომ ლევან იოსელიანმა პარლამენტში მუშაობის განმავლობაში, არაერთი პრინციპული პოზიცია გამოავლინა. მათ შორის, მას მაგალითად მოჰყავს უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის გამგზავრება.

ხათუნა სამნიძე ოთხ საკითხს ასახელებს, რის გამოც მხარს უჭერს ლევან იოსელიანს:

  • "ის არის კონსენსუსური კანდიდატი და კონსენსუსი შეუძლებელია, თუ ორივე მხარე არ წავა კომპრომისზე;
  • ჩემთვის კომპრომისია ის, რომ ის პოლიტიკური ფიგურაა, ამას ვითვალისწინებ და მაინც ვთვლი, რომ კონსენსუსის თვალსაზრისით ეს შესაძლებელია;
  • ასევე ვითვალისწინებ პოლიტიკურ კონტექსტს, რა ვითარებაც გვაქვს - რაზე შეიძლება შეთანხმება და რაზე - არა. უნდა შევთანხმდეთ, რომ თუ „ქართული ოცნება“ მხარს არ დაუჭერს კანდიდატს, ასეთის გაყვანა შეუძლებელია;
  • და მეოთხე - ვადევნე თვალი წინა პროცესს, გამოჩნდა, სად იყო ხარვეზი, შეუძლებლობა შეთანხმების და ჩავთვალე, რომ დღეს ამ კანდიდატზე შეთანხმება შეიძლება. ამით ჩვენ შეიძლება, შევასრულოთ 12 პუნქტი".

უცნობია პარტია "ლელოს" პოზიცია. დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ჯერ გეგმავენ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა პარტიებთან კონსულტაციას, რათა გაიგონ, რას აპირებენ ისინი და მხოლოდ ამის შემდეგ ისაუბრებენ კანდიდატებზე.

"ამოცანა არაა, რომ ვინმე დაინიშნოს სახალხო დამცველად, ამოცანაა, რომ მივიღოთ დამოუკიდებელი და ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერის მქონე კანდიდატი ამ პოსტზე".

პოლიტიკოსი კანდიდატი მიუღებელია პარტიის "საქართველოსთვის" დეპუტატებისთვის.

"პროცესები აჩვენებს [რამდენად კომპრომისული კანდიდატი იქნება]. პირადად ლევანს, ბუნებრივია, პატივს ვცემთ, თუმცა სახალხო დამცველი უნდა იყოს პოლიტიკურად მაქსიმალურად ნეიტრალური. ამ შემთხვევაში, ლევანი არის ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, შესაბამისად, ჩვენს ამ პრინციპს ეწინააღმდეგება მისთვის მხარის დაჭერა", - ამბობს დეპუტატი ანა ბუჩუკური.

მსგავსი პოზიცია აქვს პარტია "სტრატეგია აღმაშენებელსაც". დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ამბობს, ლევან იოსელიანი პოლიტიკოსი და შესაბამისად მხარეა, ამიტომ ვერ იქნება ნეიტრალური.

"ვერ ვხვდები, ლევანის კანდიდატურა საიდან გაჩნდა? სულ იყო საუბარი, რომ კანდიდატი არ უნდა იყოს მხარე. მე აქამდე ვიცოდი, რომ ლევან იოსელიანი არის ოპოზიციის კვოტით ვიცე-სპიკერი. თუ ნეიტრალური, მიუმხრობელი არასამთავრობო ორგანიზაციის კანდიდატი არ შეიძლება, რატომ შეიძლება ლევან იოსელიანი? კარგ სალამს ვეუბნებით ერთმანეთს [მე და ლევან იოსელიანი], პერსონალური ამბავი არაა. ისე ვკითხულობ, ვიცე-სპიკერი ოპოზიციის კვოტით როგორ შეიძლება იყოს მიუმხრობელი და ნეიტრალური კანდიდატი? რაზე ვლაპარაკობთ?"

მანჯგალაძე, ასევე ფიქრობს, რომ თუკი ლევან იოსელიანს მმართველი პარტიის მხარდაჭერა ექნება, იგი მარტივად გახდება სახალხო დამცველი: ქართულ ოცნებას“ 84 ხმა აქვს, იქვეა [ფრიდონ] ინჯიას ჯგუფი, 3 ხმა აკლიათ და იპოვიან, რა პრობლემაა? არ სჭირდებათ „სტრატეგია აღმაშენებელი“, ისე გაიყვანენ კანდიდატს".

ახალი წრე

უკვე ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა გასული წლის 8 დეკემბერს ამოეწურა. მას შემდეგ, ომბუდსმენის მოვალეობას მისი მოადგილე, თამარ გვარამაძე ასრულებს. ასე უნდა გაგრძელდეს ახალი ომბუდსმენის არჩევამდე. მანამდე კი ახალი წრეა გასავლელი. საპარლამენტო ფრაქციებმა და პოლიტიკურმა ჯგუფებმა კანდიდატები უნდა წარადგინონ და მათთან ხელახალი გასაუბრებების სერია დაიწყოს.

სახალხო დამცველის 6 წლის ვადით ასარჩევად 90 ხმაა საჭირო.

გამჭვირვალე პროცესის შედეგად, დამოუკიდებელი და ამასთან, ისეთი სახალხო დამცველის არჩევა, რომელიც ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც მოსწონს, ევროკომისიის მე-12 შესასრულებელი პირობაა.

რადიო თავისუფლებამ ომბუდსმენობის კანდიდატს, ლევან იოსელიანს დამატებით, რამდენიმე აქტუალურ თემაზე დაუსვა კითხვა:
რადიო თავისუფლება: "ქართული ოცნება" ყოფილ ომბუდსმენს, ნინო ლომჯარიას აკრიტიკებდა იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილთან ხშირად შედიოდა მოსანახულებლად, მისი უფლებების დაცვაზე ხმამაღლა საუბრობდა. თუკი სახალხო დამცველი გახდებით, თქვენ თუ გააგრძელებთ მის საქმეს ამ კუთხით? შეხვალთ ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად?
ლევან იოსელიანი: ომბუდსმენის პირდაპირი მოვალეობაა, იაროს ციხეში და დაინტერესდეს მსჯავრდებულის უფლებრივი მდგომარეობით, თუ მსჯავრდებული ითხოვს ამას. თუ ასეთი მოთხოვნა იქნება, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი კი არა, ვინც არ უნდა იყოს, ყველასთან შევალ. ამაზე ორი აზრი არაა. პირდაპირ კანონი ავალდებულებს სახალხო დამცველს ამის გაკეთებას.
რადიო თავისუფლება: თუმცა კანონის მიუხედავად, მმართველი პარტია მაინც აკრიტიკებდა ნინო ლომჯარიას…
ლევან იოსელიანი: ვისაც ეშინია მმართველი პარტიის კრიტიკის, მან ომბუდსმენის თანამდებობაზე კენჭი არ უნდა იყაროს. მე ნამდვილად არ მეშინია არავის კრიტიკის, მე ზუსტად ვიცი ომბუდსმენის უფლება-მოვალეობები, ზუსტად ვიცი, რა უფლებამოსილებას ანიჭებს და რას უზღუდავს სახალხო დამცველს კანონი და ამ კანონის ფარგლებში ვიმოქმედებ.
რადიო თავისუფლება: რას ფიქრობთ "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტზე? ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ისიც თქვა, რომ არავინ იმსახურებს ომბუდსმენობას, ვინც ამ კანონის წინააღმდეგ არ იბრძვის ხმამაღლა.
ლევან იოსელიანი: არ ვიცი, მან ვინ იგულისხმა, მაგრამ ნამდვილად ვერ მიგულისხმებდა მე ან ალეკო ელისაშვილს. თუ ვინმე პარლამენტში ყველაზე ხმამაღლა ლაპარაკობს ამაზე... 10 ეთერი შემიძლია დავასახელო, სადაც მხოლოდ ამაზე ვისაუბრე თითქმის და კატეგორიულად ვეწინააღმდეგები და ვასაბუთებ, რატომ არის დამაბრკოლებელი ის საქართველოს მომავლისთვის ევროკავშირის გზაზე, რატომ ახდენს არასამთავრობოების სტიგმატიზაციას, რატომ გვაშორებს ცივილიზებულ სამყაროს. ესაა ძალიან ნათელი პოზიცია, რომელიც კანონპროექტის დაინიცირების დღიდან მაქვს. მე გული მწყდება, რომ ასე აქტიურად არ იქცევა „ნაციონალური მოძრაობა“ და პარლამენტში არ ესწრება ბიუროს სხდომებს, სადაც ამ კანონპროექტს განიხილავენ.
რადიო თავისუფლება: რაში არ ეთანხმებით ნინო ლომჯარიას, კერძოდ, მისი ომბუდსმენობის საქმიანობიდან?
ლევან იოსელიანი: დეტალურად არ შემისწავლია მისი საქმიანობა, თუმცა შემიძლია, გამოვყო ის, რაშიც მხარს ვუჭერდი, ეს უკავშირდება ნინოწმინდის ბავშვთა სახლის საკითხს. ყოველ ჯერზე ჩემი დამოკიდებულება მისდამი იყო და დღესაც რჩება დადებითი და პოზიტიური. მეტიც, მე მას რამდენიმე ეთერით მადლობა გადავუხადე გაწეული შრომისთვის.
  • 16x9 Image

    გვანცა ნემსაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.

XS
SM
MD
LG