Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თქვენ ხართ, ბიჭო, პატრიოტები? თქვენ ხომ ##აკში ###აური გევასებათ, ახლა ნახეთ, რას გიზამთო" - ლაზარე მაღლაკელიძე დაკავებისას ძალადობაზე


ფოტოილუსტრაცია: 20 წლის სტუდენტი ლაზარე მაღლაკელიძე 2 დეკემბერს დააკავეს - ინგოროყვას კლინიკაში შეყვანისას უთხრეს, რომ აქ ყველაზე ცოტა, 48 საათს გაატარებდა, თუმცა საავადმყოფო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და პაციენტების ნაწილი დათქმულზე ადრე გაწერა, ლაზარემ პალატა 24 საათში დატოვა.
ფოტოილუსტრაცია: 20 წლის სტუდენტი ლაზარე მაღლაკელიძე 2 დეკემბერს დააკავეს - ინგოროყვას კლინიკაში შეყვანისას უთხრეს, რომ აქ ყველაზე ცოტა, 48 საათს გაატარებდა, თუმცა საავადმყოფო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და პაციენტების ნაწილი დათქმულზე ადრე გაწერა, ლაზარემ პალატა 24 საათში დატოვა.

თბილისში მიმიმდინარე პროევროპული აქციების პარალელურად უფლებადამცველი ორგანიზაციები კვლავ აღწერენ სახელმწიფოს მხრიდან სისასტიკეს. საია თვლის, რომ სისტემური დანაშაულები და რეპრესიები დემონსტრანტების წინააღმდეგ, ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს.

რადიო თავისუფლება აქციაზე დაკავებული და ნაცემი ადამიანების ისტორიებს აგროვებს.

ლაზარე მაღლაკელიძე 2 დეკემბერს გამთენიისას დააკავეს რესპუბლიკის მოედანთან

ლაზარე იტალიაში სწავლობს გამოყენებით კომპიუტერულ მეცნიერებებს და ხელოვნურ ინტელექტს - რომის საპიენცას უნივერსიტეტის სტუდენტი აქ საზაფხულო არდადეგებზე ჩამოვიდა, მერე ბარემ არჩევნებზე დამკვირვებლად დარეგისტრირდა და მთელი სემესტრით დარჩა საქართველოში. პროევროპული აქციების დაწყებიდან რუსთაველზეა - სპეცრაზმის წევრებმა ის 2 დეკემბერს, გამთენიისას დააკავეს, როცა აქცია თითქმის უკვე დაშლილი იყო და დემონსტრანტების მცირე ნაწილიც სახლებისკენ მიდიოდა.

ლაზარეს დაკავებისთანავე წიწაკის სპრეი შეასხეს სახეში ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა. ამის გამო, მას დაკავების შემდეგ მომხდარი ძირითადად შეგრძნებებით, გაგონილით და სხვების მონაყოლით შეუძლია აღიდგინოს - მხედველობა თითქმის სრულად ჰქონდა დაქვეითებული.

"როცა დამიჭირეს, პირველი რაც გავაკეთე, ძირს დავწექი და თავზე ხელები დავიფარე. ძირს დაწოლილს რამდენიმე წიხლი მომხვდა, რაც რამე მქონდა ჯიბეებში, ყველაფერი ამომაცალეს, საფულე, ტელეფონი... ყველაფერი. ჩანთაც მეკეთა, რომელიც ვერ მომხსნეს და შემომახიეს - რომ გითხრა, იმ ჩანთაში რამე ღირებული მედო-თქო, უნდა მოგატყუო, შარვალი მედო, საწვიმარი, ჟაკეტი, წყალი, სასუსნავები, დამტენი, ტელეფონის ელემენტი. ამ ძარცვის მერე წამომაყენეს და გადამიყვანეს იქვე, სადაც მანქანები ჰყავდათ გაჩერებული.

გადაყვანის დროს ერთმანეთს ეუბნებოდნენ, ჯერ არ დაარტყათ, კამერებიაო და ეძებდნენ იმ სამარშუტოებს, რომელიც საცემრად აქვთ - გეცოდინებათ, სკამების დიდი ნაწილი ამოცლილია, რომ სივრცე იყოს და შიგნით ხალხი ცემონ.

ეს არ არის რომელიმე სპეცრაზმელის სპონტანური გადაწყვეტილება ან უცბად ადგილზე გამოგონება: ყველა სპეცრაზმელმა იცის, რომ ვისაც დააკავებენ, იქ უნდა შეიყვანონ, ცემონ და ასე ვთქვათ "დაამუშავონ". ამას კითხულობდნენ, აბა, სად არის, ერთმანეთს უთითებენ, იქ მიიყვანე და დაელოდე, ყველა სპეცრაზმელმა იცის, რაც უნდა ქნას. [სპეცნაზელები] დაკავებულების ამბავს რო გაიგებენ ხორხოცი იწყება, გართობა -ახლა მოგიყვანთ ფორმაში, #რაკში დუბინკას დაგიყენებთ, ამით გაგაუპატიურებთ და ასე შემდეგ.... შეურაცხყოფაზე და გინებაზე აღარც ვლაპარაკობ", - ჰყვება ლაზარე, რომელსაც დაკავების მანქანაში შეყვანამდე მაინც სცემეს, როცა მიხვდნენ, რომ გარშემო არცერთი კამერა არ მუშაობდა და მათ სისასტიკეს ვერავინ გადაიღებდა.

"რომ მიმიყვანეს, ეტყობა ეს მანქანა დაკავებული იყო თუ რაღაც ჭირდა, ვერ მივხვდი და ჩემი ცემა დაიწყეს უფრო ადრე, სანამ იმ მანქანაში შემაგდებდნენ, ლოდინმა რომ მოუწიათ, ვეღარ მოითმინეს, გაიხედ-გამოიხედეს, კამერები არ იყო ჟურნალისტების და ჯერ ფეხებში მირტყამდნენ, მერე გადამაფარეს საკუთარი საწვიმარი და უკვე ყველგან მირტყამდნენ.

ორი ტიპი მიჭერდა ხელებით და სახეში მირტყამდა. რამდენი და რამდენ ხანს მირტყამდა, ვერ გეტყვით, რაღაც მომენტში გონებაც დავკარგე.

მერე შემხვდა ერთი ბიჭი კლინიკაში, რომელიც თურმე იქაც ჩემთან ერთად იყო და მანქანაშიც და ის ამბობდა, რომ რაღაც მომენტში შენი სხეული უბრალოდ ეჭირათ და ყველა გამვლელი სპეცრაზმელი სახეში ფეხს, მუშტს და ხელს გირტყამდაო.

რაც მახსოვს, ის იყო, რომ გამოვფხიზლდი და ამ საწვიმარის გადახდას ვცდილობდი და თქვეს, უი, ეს გამოცოცხლდაო და ხელახლა დამიწყეს ცემა. ბოლოს მარშუტკაში შემაგდეს და იქ ჩემთან ერთად სამი კაცი შემოაგდეს - იქ ჯერ ერთი რაუნდი თან გვცემეს, თან მორალს გვიკითხავდნენ კაცობაზე და ადამიანებზე.

თქვენ რანაირი კაცები ხართ, თუ ომი გინდათ, წადით და უკრაინაში იომეთო. თქვენ ხართ, ბიჭო, პატრიოტები, თქვენ ხომ ##აკში ###აური გევასებათ და ახლა ნახეთ, რას გიზამთო - მთელი ღამე ვიღაც რაღაც საშინელებას გვეუბნებოდა, სტანდარტულ გინებაზე არ ვლაპარაკობ", - ლაზაე ცდილობს მისი დაკავების შემდეგ მომხდარი აღიდგინოს. უჭირს გაიხსენოს, რამდენ ხანს დააყოვნეს მანქანაში - შეგდებიდან მალევე გონება კიდევ ერთხელ დაკარგა.

პოლიციის ალყა და ძალადობა
please wait

No media source currently available

0:00 0:02:05 0:00

ახსოვს ბიჭი, რომელსაც ამ მანქანაში პანიკური შეტევა ჰქონდა და სისხლით სავსე საწვიმარი.

"მგონი ცოტა გამიმართლა კიდეც, ამდენი სისხლი რომ მომდიოდა, იფიქრეს, ალბათ მოკვდება, კიდევ მეტი რომ ვურტყათო, ძალიან ბევრი სისხლი მდიოდა ცხვირიდან, პირიდან. ეს საწვიმარი ხომ წყალს არ ატარებს და მერე გავიხადე, ჩვეულებრივად ჩამოთქრიალდა სისხლი.

მერე გადაგვცეს პოლიციას - პატრულმა ფოტოები გადაგვიღო და თავიანთ უფროსებს გადაუგზავნა ალბათ იმის ნიშნად, რომ ლმობიერად არ მოგვქცევიან და კარგად ნაცემები ვიყავით უკვე", - ჰყვება ლაზარე.

შემდეგი ამბავი, რისი გახსენებაც შეუძლია, უკვე პოლიციის სამმართველოში ხდება - პატრულის თანამშრომელი მას სისხლიანი სახის დაბანას სთხოვს და როცა ლაზარე ეწინააღმდეგება, საპირფარეშომდე მიაცილებს.

"მკითხა, ახლა რაზე დგახართ ამ აქციებზეო. ისეთი გაბრუებული და გაბრაზებული ვიყავი, ვუთხარი, რა აზრი აქვს ამ შეკითხვებს, რამდენჯერაც ეგ კითხვა დამისვით, გამხეთქეთ ცემაში და თუ ცემა გინდათ, პირდაპირ მცემეთ, აღარ მინდა ეს შეკითხვები-თქო და ამ ადამიანმა ისეთმა აღშფოთებულმა იკითხა, აქ ვინ უნდა გცემოსო, გეგონება 15 წუთის წინ არ გადააბარეს ჩემი ცემაში განგრეული თავი რაღაცა მარშუტკიდან", - ამბობს ლაზარე.

შემდეგი ამბავიც პოლიციის სამმართველოდანაა: როცა მას ხელბორკილები მოხსნეს და ოქმის შევსება დაიწყო იმ პოლიციელმა, ვინც რესპუბლიკის მოედნიდან პოლიციაში მიიყვანა, საქმეში სხვა, სავარაუდოდ, მისი ხელმძღვანელი ჩაერთო და შენიშვნა მისცა - რატომ ექცეოდა ასე ლმობიერად.

"ხელახლა გამიკეთა ხელბორკილები და თან მითხრა, ჩემი ნება რომ იყოს, ამას ისე მოგიჭერდით, ხელებს დაგამტვრევდითო და იქვე გადაწყვიტა, რომ თვითონ შეევსო დაკავების ოქმი იმი.

ოქმში ჩაწერა, რომ პოლიციელებს ქვას და ასაფეთქებლებს ვესროდი. ცხოვრებაში ასაფეთქებელი არ ამინთია და პოლიციელისთვის ქვა არ მისვრია, პოლიციელისთვის საერთოდ არასოდეს არაფერი არ მისვრია, ბოთლიც არ მისვრია. ეგ რომ ვუთხარი, მკითხა, აბა, პროსტა იყავი აქციაზეო?" - დაკავების ოქმის შევსების შემდეგ ლაზარემ სასწრაფოს გამოძახება ითხოვა.

"ეს სასწრაფო იმის გამო კი არ ვითხოვე, რომ ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს, მინდოდა ვინმე ნორმალურ ადამიანს დავლაპარაკებოდი", - ამბობს ლაზარე. კლინიკაში შეყვანისას ექიმმა მკაფიოდ უთხრა მის თანმხლებ პოლიციელებს, რომ დალოდებას აზრი არ ჰქონდა, მას უკან აღარ გაატანდნენ, იმდენად მძიმე დაზიანებები ჰქონდა თავზე.

ლაზარეს წინ აქვს სასამართლო პროცესი.

რადიო თავისუფლებამ მისი ისტორია კლინიკიდან გამოსვლის მეორე დღეს ჩაწერა - ის, წესით, წოლით რეჟიმს უნდა იცავდეს, რომელსაც, როგორც თვითონ ამბობს, ისე არღვევს, როგორც ხელისუფლება კონსტიტუციას. კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ლაზარე პირდაპირი ეთერით სარგებლობისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც იყო მისული.

ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები

რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:

„ოპერატორის თავზე რომ დახტიან, ასეთი რამ სამჯერ ვნახე იმ ღამეს“, - როგორ დააკავეს სვანიძეები
„ცხვირის და ყბის ძვლების, თვალბუდის მოტეხილობა და ტვინის შერყევა“ - დაკავებისას კიდევ ერთ დემონსტრანტზე იძალადეს
"თქვენ ხართ, ბიჭო, პატრიოტები? თქვენ ხომ ##აკში ###აური გევასებათ, ახლა ნახეთ, რას გიზამთო" - ლაზარე მაღლაკელიძე დაკავებისას ძალადობაზე
"ლოცვა დავიწყე და ორმაგად მცემა, აბა, თუ გიშველის ეგ ლოცვაო" - როგორ მოხვდა აქციაზე წასული ირაკლი ფიფია კლინიკაში
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულები - ვინ რა თქვა სასამართლო პროცესზე
"გემუქრებიან გაშიშვლებით, გაუპატიურებით, დუბინკებით, მაშხალებით" - ნოდარ აროშინაძის გზა აქციიდან კლინიკამდე
"საათი ამგლიჯეს და საყურე მომახიეს დაჭერისას" - მთარგმნელ დათა ხარაიშვილის დაკავების ამბავი
"აქციაზე დაკავებიდან მეორე დღეს მიგრაციის სამსახურიდან დამირეკეს" - გელა შიშობს, რომ საქართველოდან გაძევებას უპირებენ
"რევოლუციონერი ბიჭი დაუკავებიათ, გვითხარი რამდენი ფეიერვერკი და რამდენი ქვა ისროლეო" - ლუკა ძიძიგურის დაკავების ისტორია
„გადარჩენილი ვარ“ - ახალგაზრდა, რომლის ცემის კადრებმა აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გაიყვანა
„რამდენმა პოლიციელმაც დამინახა, ყველამ დამარტყა“ - როგორ ასამართლებენ აქციაზე დაკავებულებს
„რამდენჯერაც თავი ავწიე, იმდენი მუშტი მომხვდა“ - როგორ მოხვდა დაკავებული თორნიკე ბერაძე კლინიკაში
„კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი
„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი
ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი

ფორუმი

XS
SM
MD
LG