სახელმწიფო კომპანია “საქართველოს ელექტროსისტემამ” უნებართვოდ აღმართა ანძა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლოტაურში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან. ელექტროგადამცემი ანძის სიმაღლე 40 მეტრია, სიმძლავრე კი 500 კილოვატი, იგი 30 მეტრითაა დაშორებული შუა საუკუნეების დროინდელი კოშკის ნანგრევებისგან, რომელიც არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლია. ამ ადგილას ანძა “ელექტროსისტემამ” ჯერ კიდევ ერთი წლის წინ აღმართა და აამუშავა კიდეც, ხოლო აუცილებელი თანხმობა პროექტზე, რომელიც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სპეციალური საბჭოსგან უნდა მიეღო, მხოლოდ მიმდინარე წლის 14 ივნისს მოითხოვა მას შემდეგ, რაც შუა საუკუნეების ძეგლთან უნებართვოდ დადგმული ანძა ამავე სააგენტომ შემთხვევით აღმოაჩინა და რეაგირებისთვის შესაბამის უწყებას მიმართა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მირზა ცეცხლაძემ რადიო თავისუფლებასთან განაცხადა, რომ სახელმწიფო კომპანიამ დაარღვია კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, ამიტომ უკვე განხორციელებული პროექტის მოწონებაზე უარი მიიღო:
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის 35-ე მუხლი პირდაპირ კრძალავს ელექტროანძების განთავსებას უშუალოდ ძეგლის აქტიური აღქმის არეალში. სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, საბჭომ უარი უთხრა საკითხის შეთანხმებაზე. ის ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დაუშვებლად მიიჩნევს ასეთი მსხვილმასშტაბიანი ობიექტის არსებობას ძეგლის უშუალო სიახლოვეს. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ძეგლის უშუალო სიახლოვეს არის, მაქსიმუმ 30 მ-ის ფარგლებში, და დადგენილი გარემოებაა, რომ ობიექტი არის ნამდვილად მსხვილმასშტაბიანი“.
კანონმდებლობა ითვალისწინებს გაფრთხილებას და მითითებას გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, ხდება გონივრული ვადის განსაზღვრა, აღნიშნული ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში კი ეკისრება შესაბამისი საჯარიმო სანქციები ან ჯარიმები. საბოლოო რეაგირების ზომაა აღსრულება იძულების წესით. ალბათ, საუბარი იქნება ანძის დემონტაჟზე, სამართლებრივი შედეგი რომ მოვიდეს კანონთან შესაბამისობაში...მირზა ცეცხლაძე
ისტორიულ კოშკთან ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაზე ნებართვა გასულ წელს გასცა საჯარო სამართლის ურიდიულმა პირმა - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ. ამავე უწყებამ მიმდინარე წელს დაიწყო საქმის წარმოება უნებართვოდ ჩატარებულ სამუშაოებზე მას შემდეგ, რაც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ რეაგირებისთვის მიმართა. მირზა ცეცხლაძე ამბობს, რომ საქმის წარმოება უკვე მიმდინარეობს:
„თუ აღნიშნული სამუშაო სამართლებრივ კალაპოტში არ მოექცა, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული აღნიშნული სააგენტოს მიერ. კანონმდებლობა ითვალისწინებს გაფრთხილებას და მითითებას გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, ხდება გონივრული ვადის განსაზღვრა, აღნიშნული ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში კი ეკისრება შესაბამისი საჯარიმო სანქციები ან ჯარიმები. საბოლოო რეაგირების ზომაა აღსრულება იძულების წესით. ალბათ, საუბარი იქნება ანძის დემონტაჟზე, სამართლებრივი შედეგი რომ მოვიდეს კანონთან შესაბამისობაში, - უნებართვოდ არსებული ობიექტის დემონტაჟი“.
განიხილავენ თუ არა ძეგლის არეალში უნებართვოდ დადგმული ანძის დემონტაჟის საკითხს სახელმწიფო კომპანია „საქართველოს ელექტროსისტემაში“? - ამ კითხვას კომპანიაში არ უპასუხეს და მხოლოდ წერილობით აცნობეს რადიო თავისუფლებას:
„აჭარის რეგიონში მშენებლობისთვის გამოსადეგი ტერიტორიის სიმწირის გათვალისწინებით, „სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ მიმართა საქართველოს კულტურული მემკვიდრდეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, რათა განისაზღვროს აღნიშნული კულტურული მემკვიდრეობის არეალი როგორც საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის, ისე მიწისქვეშა საკაბელო ხაზის გაყვანის შემთხვევებისთვის. სააგენტოდან სათანადო მითითებებისა და განმარტებების მიღების შემდეგ განსაზღვრული და გატარებული იქნება სათანადო ღონისძიებები ამ უბანზე 220 კვ ეგხ „ახალციხე-ბათუმი“-ს საბოლოო მარშრუტისა და შესრულების მეთოდის დადგენის მიზნით“, - ნათქვამია „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წერილში.
კულტურული მეკვიდრეობის ძეგლი, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლოტაურის დასავლეთით, ჯვარიქედის კლდოვან ბორცვზემდებარეობს, ჩვენს დრომდე შემორჩენილია როგორც კოშკის ნანგრევები. საინფორმაციო ბარათში კი, რომელიც აჭარის კულტურული მეკვიდრეობის სააგენტოში ინახება, მითითებულია, რომ იგი ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნით თარიღდება დაწარმოადგენს საინჟინრო, მემორიალური, ქალაქმშენებლობის, საბაღე-საპარკე ხელოვნებისა და ლანდშაფტური არქიტექტურის, მონუმენტური სახვითი ხელოვნების ნიმუშს.
მიზანმიმართულად კი არ ხდება, უბრალოდ, უგულებელყოფილია კულტურული მემკვიდრეობა და იციან, რომ თუ კი შეიძლება რაიმე განადგურდეს, დაინგრეს და ჩრდილი მიადგეს, პირველ რიგში, ეს არის ისტორია და კულტურა. ეს ადამიანები ამ სისტემის ნაწილი არიან...
კულტურული მეკვიდრეობის დაცვაზე მომუშავე საზოგადოება „ბათომის“ წარმომადგენელ შოთა გუჯაბიძის თქმით, გარდა იმისა, რომ უნებართვოდ დამონტაჟებული ანძა აკნინებს ძეგლს, 40-მეტრიანი ნაგებობა მდებარეობსაგრეთვე კოშკთან მისასვლელ ერთადერთ გზაზე:
„აქ არ ჩანს მხოლოდ ერთი კონკრეტული დარღვევა. აქ არის, პირველ რიგში, უწყებებს შორის ურთიერთობის პრობლემა. არავინ დაინტერესდა და არც გაითვალისწინა სააგენტოს პოზიცია და ამ შემთხვევაში რას ამბობს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. მარტივი გამოსავალი იპოვეს ის, რომ დაკნინებულიყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, როგორც ყველაზე დაბალი ღობე. სახელმწიფოს პოლიტიკასაც ვერ დავარქმევ ამას. მიზანმიმართულად კი არ ხდება, უბრალოდ, უგულებელყოფილია კულტურული მემკვიდრეობა და იციან, რომ თუ კი შეიძლება რაიმე განადგურდეს, დაინგრეს და ჩრდილი მიადგეს, პირველ რიგში, ეს არის ისტორია და კულტურა. ეს ადამიანები ამ სისტემის ნაწილი არიან“.
საზოგადოება „ბათომის“ აქტივისტი შოთა გუჯაბიძე 14 ივნისს ესწრებოდა კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს სხდომას, სადაც განიხილეს სოფელ კოლოტაურში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან უნებართვოდ უკვედადგმული ელექტროანძის პროექტის საკითხი. როგორც აქტივისტი ამბობს, „საქართველოს ელექტროსისტემის“ წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ეს ანძა სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტის ნაწილია.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში ახორციელებს 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტს, რომელიც ამ ორი რეგიონის ქვესადგურებს ერთმანეთთთან დააკავშირებს. პროექტის განხორციელებისთვის მსოფლიო ბანკმა 33 მილიონი დოლარი გამოყო.