Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურის სახლის აღსადგენად ნაყიდი 70-ათასლარიანი პროექტი და მიტოვებული შენობა


ლაგოდეხის კულტურის სახლი
ლაგოდეხის კულტურის სახლი

უკვე 35 წელია, ლაგოდეხის კულტურის სახლის აღდგენა იგეგმება. რამდენიმე წლის წინ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 70 ათასი ლარი გადაიხადეს შენობის მდგრადობის შესამოწმებლად და პროექტის მოსამზადებლად, თუმცა ეს პროექტი, წლებია, თაროზეა შემოდებული, რადგან მერიამ სამუშაოების დასაწყებად თანხა ვერ მოიძია.

გეგმის მიხედვით, საბჭოთა „კულტურის სახლი“ თანამედროვე მულტიფუნქციური ნაგებობა უნდა გამხდარიყო, რომელიც კულტურულ, სპორტულ და საგანმანათლებლო ფუნქციას იტვირთებდა. სჭირდება თუ არა ლაგოდეხს მსგავსი შენობა, რომლის აღსადგენად 5 მილიონი ლარია საჭირო და რას ამბობენ გადაწყვეტილების მიმღები პირები?

ლაგოდეხში საბჭოთა კავშირის დაშლამდე აშენებული „კულტურის სახლის“ ბედი ამ დრომდე გაურკვეველია. შენობა მთლიანად სარემონტოა. დაახლოებით 4 წლის წინ დაითვალეს და დაასკვნეს, რომ მისი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისთვის 5 მილიონი ლარია საჭირო. რამდენიმე წლის წინ - მაშინ, როცა ლაგოდეხის გამგებელი კარლო ჯამბურია იყო - ადგილობრივი ბიუჯეტიდან შეიძინეს პროექტი, რომელშიც 70 ათასი ლარი გადაიხადეს.

ლაგოდეხის კულტურის სახლი
ლაგოდეხის კულტურის სახლი

ლაგოდეხის გამგებლის ყოფილი მოადგილე, გიორგი ბოკერია, ამბობს, რომ მათ მიერ შეძენილ პროექტში დეტალურად იყო გაწერილი, რა უნდა გაკეთებულყო, თუმცა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მერიის ხელმძღვანელი შეიცვალა და ეს პროექტი შეჩერდა.

ბოკერია ამბობს, რომ ამ პროექტის განხორციელება რეგიონის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ადგილზე იქნებოდა შესაძლებელი კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრების გაცოცხლება და სხვადასხვა ადგილზე გადანაწილებული უწყებების ერთ სივრცეში თავმოყრა.

„35 წელია, თაობები იზრდება ისე, რომ თეატრალური წარმოდგენები არ აქვთ ნანახი. კულტურის სახლის რეაბილიტაციის შემთხვევაში, აქ ისეთი სცენა იქნებოდა, რომ თავისუფლად ჩამოვიდოდნენ და წარმოდგენებს გამართავდნენ მათ შორის რუსთაველის თეატრის დასის მსახიობები. სამწუხაროდ, ამ ყველაფრის არარსებობა ძალიან ბევრ რამეზე მოქმედებს. ბავშვები და ახალგაზრდები ქუჩაში არიან ან ჩაკეტილი საკუთარ სამყაროში და, შესაბამისად, საზოგადოებრივ ცხოვრებაში არ მონაწილეობენ. პროექტი არსებობს, ახლა პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და ფინანსები მოიძიონ“.

ლაგოდეხის კულტურის სახლის პროექტი
ლაგოდეხის კულტურის სახლის პროექტი

კულტურის სახლის შენობა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლამდე აშენდა, მაგრამ რემონტი ვეღარ მოესწრო, წლების განმავლობაში პერიოდულად იძარცვებოდა და ნადგურდებოდა. უფრო მეტიც, იმდროინდელ საბჭოთა მმართველებს შენობის რემონტისთვის საჭირო მასალა ნაყიდი ჰქონდათ და ადგილზე იყო დასაწყობებული, მათ შორის მოძრავი სცენისთის საჭირო დანადგარები, მაგრამ სამშენებლო მასალა მოიპარეს და დღეს აღარაფერია დარჩენილი. იმხანად, როცა შენობა იძარცვებოდა, მოპირდაპირე მხარეს პოლიციის მთავარი სამმართველო ფუნქციონირებდა.

ადგილობრივი მცხოვრები აკაკი მჭედლიშვილი ამბობს, რომ უყურადღებობის გამო შენობა, შესაძლოა, კიდევ ათწლეულები დარჩეს ამჟამინდელ მდგომარეობაში.

„ამ შენობის დატვირთვა ის არის, რომ აქ იქნება უდიდესი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი. არის ისეთი სივრცეც, სადაც ფიტნერდარბაზებიც კი იფუნქციონირებს. დასაქმდება ახალგაზრდობა, ჩაებმებიან სხვადასხვა აქტივობებში და საკუთარ შესაძლებლობებსაც გამოავლენენ. ხელოვნების დანიშნულება რა არის? გამოავლინოს ნიჭიერი ადამიანები და აქ ასეთი ძალიან ბევრია. რამდენი ხელისუფლებაც მოვიდა, ყველა დაგვპირდა, რომ სამუშაოები დასრულდება, მაგრამ ჩვენ ამ დრომდე ველოდებით. საერთოდ, ისეთი დაპირება არ უნდა გასცე, რომელსაც არ გააკეთებ“.

ლაგოდეხის კულტურის სახლის პროექტი
ლაგოდეხის კულტურის სახლის პროექტი

ლაგოდეხის მერი ადასტურებს, რომ მერიას კულტურის სახლის რეაბილიტაციისა და მდგრადობის პროექტი აქვს, მაგრამ რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა არ გააჩნიათ. მდივნიშვილი ამბობს, რომ 2016 წელს შედგენილ პროექტს გადაფასებაც დასჭირდება, რადგან მას შემდეგ ლარი გაუფასურდა და სამშენებლო ბაზარზე ფასები მნიშვნელოვნად შეიცვალა. მერი ირწმუნება, რომ ამ პროექტს ბოლომდე მიიყვანს, მაგრამ როდის, ვერ ამბობს.

„დაახლოებით, 4.5 მილიონი ლარია საჭირო ამ პროექტის განსახორციელებლად. პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივებისთვის, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი თანხის მობილიზება შეუძლებელია. მუშაობის და ფინანსების მოძიების პროცესში ვართ, მაგრამ ვერ გეტყვით კონკრეტულ დროს, როდის ჩავუტარებთ რეაბილიტაციას ლაგოდეხის კულტურის სახლს“.

ლაგოდეხში კულტურის სახლის შენობის გარდა კიდევ ათეულობით ნაგებობაა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად გაიძარცვა და დაინგრა. ამჟამად მიტოვებულ შენობებს საბჭოთა საქართველოში სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდა. იყო ყველმრეწვი, სამკერვალო ფაბრიკა, წიგნების მაღაზია და ა.შ. მერიის ოფიციალური ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 70-ზე მეტი შენობაა, რომელიც აღდგენა- რეაბილიტაციას საჭიროებს, აღდგენამდე კი ეს შენობები ქალაქისა და სოფლების იერსახეს ამახინჯებს.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG