- რა საფუძველზე მიმართავს პროკურატურა კითხვებით დიმიტრი ქუმსიშვილსა და ზურაბ ალავიძეს
- რა საქმეებზე შეიძლებოდა დაეკითხათ ზურაბ ალავიძე
- დიმიტრი ქუმსიშვილის საკითხი - ნათესაური კავშირები და თანამდებობრივი უფლებამოსილება
რა საფუძველზე მიმართავს პროკურატურა კითხვებით დიმიტრი ქუმსიშვილსა და ზურაბ ალავიძეს
ტენდერებში გამარჯვებულად გამოვლენილი კომპანიები და შესყიდვები იყო მთავარი პროკურატურის გამოძიების ინტერესი 17 ივლისს, როცა ამ საკითხზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილ მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს, და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ალავიძეს, შეკითხვებს უსვამდნენ. პროკურატურა მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებს იკვლევს. როგორც პროკურატურაში ამბობენ, საქმის მოკვლევა მარტიდანაა დაწყებული, თუმცა რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, რა გახდა გამოძიების დაწყების საფუძველი, პასუხს არ იძლევიან და ამას გამოძიების ინტერესებით ხსნიან.
გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაცია მთავარმა პროკურატურამ 17 ივლისს კი დაადასტურა, მაგრამ მისი დაწყების შესახებ პოლიტიკურ წრეებში რომ მანამდეც იყო ცნობილი, ეს 13 ივლისის საპარლამენტო სხდომაზეც გამოჩნდა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას კითხვით მიმართა და დაინტერესდა, სად იმყოფებოდნენ თანამდებობიდან გადაყენებული მინისტრები დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე, რომელთაც, მიმდინარე გამოძიების გამო, მისი ინფორმაციით, ქალაქიდან გასვლა ჰქონდათ აკრძალული. პასუხად გიორგი გახარიამ დეპუტატს „ჭორების გამავრცელებელი“ უწოდა და უთხრა, რომ არავის არსად გასვლა აკრძალული არა აქვს.
რა საქმეებზე შეიძლებოდა დაეკითხათ ზურაბ ალავიძე
მთავარი პროკურატურის გამოძიების ინტერესი რომ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები და შესყიდვები იყო, ეს თავად ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ალავიძემ დაადასტურა გავრცელებულ განცხადებაში, კონკრეტულ ტენდერებსა და შესყიდვებზე კი „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები საუბრობენ და, როგორც პარტიის წევრი გივი თარგამაძე ამბობს, შესაძლოა გამოძიების დაწყების ერთ-ერთი საფუძველი მათი მიმართვაც გახდა (თუმცა, მისი თქმით, გამოძიებას უკვე ჰქონდა სხვა შეკითხვებიც) - კერძოდ, მოკვლეული მასალები, რომლებიც ზურაბ ალავიძის შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე მიუთითებდა, „ევროპულმა საქართველომ“ სუს-ის ანტიკორუფციულ დეპარტამენტსა და პროკურატურას მიაწოდა.
გივი თარგამაძის ინფორმაციით, მსხვილი კორუფციული სქემა გზის მშენებლობასა და საფარის დაგებას შეეხებოდა. სქემის თანახმად, ბიუჯეტიდან თანხის გამცემი, პროექტის შემსრულებელი და შემმოწმებელი ერთი ჯგუფი ხდება. ასე მოხდა 2016 წლის 5 აგვისტოსაც, როდესაც მთავრობის მიერ გამოცხადებული 4 -წლიანი „ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტის“ განსახორციელებლად საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ „სს ინსტიტუტი იგჰ“ („სს ინსტიტუტი იგჰ, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“ ხორვატიაში დაფუძნებული ამავე სახელწოდების კომპანიის ქართული ფილიალია და 2016 წლის 26 სექტემბერს არის დარეგისტრირებული), რომელმაც ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საპროექტო მომსახურებისთვის ბიუჯეტიდან 4 მილიონ-ნახევარზე მეტი თანხა მიიღო.
„სს ინტიტუტი იგჰ“-ს მმართველი დირექტორი პაატა აბუთიძე 2018 წლის 1 იანვრიდან საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. გივი თარგამაძის სიტყვებით, გამოვიდა, რომ კომპანია, რომლის ტოპ მენეჯმენტის წარმომადგენელი ახლა გზების დეპარტამენტის მაღალჩინოსანია, ჯერ დააპროექტებს სამუშაოებს და მერე თავადვე შეამოწმებს ამ სამუშაოებს. თანაც, 2016 წლის 22 სექტემბერს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ელექტრონულ ტენდერში სამუშაოებზე საზედამხედველო კომპანიის შესარჩევად 40 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული.
დამპროექტებელი და შემმოწმებელი ჯგუფი, გივი თარგამაძის თქმით, ზურაბ ალავიძის მიერ კონტროლდებოდა და შესაბამისი წილიც მისდიოდა, ალავიძე კი, თავის მხრივ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის, კადრი იყო.
გივი თარგამაძის თქმით, „სს ინტიტუტი იგჰ“-მ 2016-2017 წლებში კიდევ 3 ტენდერში გაიმარჯვა და მთლიანმა თანხამ, ჯამში, 56 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
დიმიტრი ქუმსიშვილის საკითხი - ნათესაური კავშირები და თანამდებობრივი უფლებამოსილება
როგორც გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აიფაქტის“ ჟურნალისტებმა მოიკვლიეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის სახელი უკავშირდება რამდენიმე სახელმწიფო პროექტში ნათესავებისთვის შეღავათიანი პირობების შექმნას.
შპს “დამზადებულია საქართველოში N1”-ის მრჩეველი დავით ბეგიაშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ეკატერინე სისაურის, ქმარი და ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის, ცოლისძმის ბიზნესპარტნიორია.
ნათესაური კავშირები და მაღალჩინოსნებთან კონტაქტები ეხმარებოდა კომპანიებს გარკვეული სარგებელი მიეღოთ. ისინი ორმაგ სარგებელს ნახულობდნენ: ერთი, რომ იღებდნენ იაფ კრედიტს და, მეორე, სესხის პროცენტი გადასახადების გადამხდელთა ფულით იფარებოდა.
ბეგიაშვილმა 2015-2017 წლებში შპს “დამზადებულია საქართველოში N1”-ისგან, შემოსავლის სახით, 81,000 ლარი მიიღო. ამ კომპანიას, “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, 2014 წელს იაფი კრედიტის სახით 1,1 მილიონი აშშ დოლარი “ქართუ ბანკიდან” ჩაერიცხა. სააგენტომ კომპანიას 2 წლის მანძილზე სესხის პროცენტის დასაფარად 203,294 დოლარი გადაუხადა. 2015 წლიდან დღემდე ამ კომპანიამ 340,000 ლარის სახელმწიფო ტენდერები მოიგო.
შპს “დამზადებულია საქართველოში N1” აწარმოებს სხვადასხვა სახის შესაფუთ მასალებს (შესაფუთი პაკეტები, სტიკერები, ფასის მაჩვენებლები, ეტიკეტები, იარლიყები და სხვ.) როგორც ჩვეულებრივ, ისე თვითწებად ქაღალდზე.
2016 წელს “ქართუ ბანკისგან” იაფი კრედიტი, 4.5 მილიონი ლარის ოდენობით, ქუმსიშვილის ცოლის ბიძაშვილის კომპანიამ, შპს “კოლორპაკმაც” მიიღო. სსიპ-მ “აწარმოე საქართველოში” ამ შემთხვევაში სესხის პროცენტის დასაფარად ბიუჯეტიდან 283,430 დოლარი დახარჯა. შპს “კოლორპაკმა” 2013 წლიდან დღემდე სახელმწიფო ტენდერებიდან 904,757 ლარი აიღო. ქუმსიშვილის ცოლის ბიძაშვილი, ირაკლი თევდორაშვილი, ფლობს ასევე შპს “ედლაინს,” რომელმაც სახელმწიფო ტენდერებიდან 790,000 ლარი მიიღო. ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა იურიდიულმა პირებმა პირდაპირი შესყიდვის გზით ამ კომპანიას 107,000 ლარის ხელშეკრულება გაუფორმეს.
როგორც გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აიფაქტის“ ჟურნალისტი ნინო ბაქრაძე ამბობს, ნათესაური კავშირები და მაღალჩინოსნებთან კონტაქტები ეხმარებოდა კომპანიებს გარკვეული სარგებელი მიეღოთ. ისინი ორმაგ სარგებელს ნახულობდნენ: ერთი, რომ იღებდნენ იაფ კრედიტს და, მეორე, სესხის პროცენტი გადასახადების გადამხდელთა ფულით იფარებოდა.
პროკურატურაში კი გამოძიება გრძელდება. სამართლებრივი მხარის გარდა, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე საქმეში პოლიტიკურ მდგენელსაც ხედავს: მას მიაჩნია, რომ გამოძიება არავის დასჯის; ის, უბრალოდ, „დასაშინებელი აქცია“ და ბიძინა ივანიშვილისგან ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მისამართით გაგზავნილი მესიჯია, რომ მას ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი აღარ გაუჩნდეს.