Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 კითხვა, რომელზეც მკაფიო პასუხი არ არის


15 წლის მოზარდი, ლუკა სირაძე, რომელმაც 11 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს, იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მეათე კლასის მოსწავლემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც ის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო მოწმის სტატუსით გამოკითხეს.

გამოძიების თანახმად, ორდღიანი გამოკითხვის შემდეგ, ლუკა დიღმის მასივში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ავიდა და გადმოხტა. 17 დეკემბერს, ლუკა სირაძის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში, სახელმწიფო ინსპექტორმა განცხადება გაავრცელა საქმის გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის დაკავების შესახებ. ის ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებითაა დაკავებული. გამომძიებელი ბრალს არ აღიარებს.

გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი, ასევე მათი ადვოკატი, ამბობს, რომ პოლიციის განყოფილებაში მოზარდის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა განხორციელდა. 15 დეკემბერს, შს სამინისტროში გაიმართა საგანგებო ბრიფინგი, სადაც შს მოადგილემ ოჯახის ყველა ბრალდება ფსიქოლოგიურ ძალადობის შესახებ, უარყო.

მოზარდის თვითმკვლელობის გარშემო არაერთი კითხვა დაგროვდა. გამოიკვეთა ახალი გარემოებები. საქმეში გაჩნდა კიდევ ერთი მოზარდი, 15 წლის გოგო, ლუკა სირაძის ყოფილი თანაკლასელი, რომელმაც ასევე სცადა თვითმკვლელობა. ეს ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 18 დეკემბერს დაადასტურა.

კითხვებზე სრულყოფილი პასუხების მოძიება გართულებულია. გამოძიების დეტალებზე შს სამინისტრო კომენტარს აღარ აკეთებს და პასუხის მოსაძიებლად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გვამისამართებს.

სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია ამბობს: „ყველა სიტყვას ვწონი, რასაც ვამბობ. ჯერჯერობით ვამბობ იმას, რისი თქმის შესაძლებლობაც, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე შემიძლია. ასევე, საქმის ინტერესებიც მნიშვნელოვანია და თუ ჩვენ გვინდა, რომ ამ საქმეზე, ყველა დეტალზე ვისაუბროთ ქრონოლოგიურად, რა მოხდა დაწყებული სკოლის მოხატვიდან უკვე ბოლო მომენტამდე, მინდა ცოტა დრო კიდევ“,

კითხვა - პასუხი

  • 15 წლის მოზარდი, ლუკა სირაძე, „მწვანე სკოლის“ კედლებზე დატოვებული მინაწერების საქმეზე, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში 10 დეკემბერს მოწმის სტატუსით დაიბარეს. როგორ მივიდა პოლიცია დასკვნამდე, რომ „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერები, შესაძლოა, სწორედ ლუკა სირაძეს ეკუთვნოდა? სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გაშიფვრის დახმარებით? სკოლის ადმინისტრაციის დახმარებით? ლუკა სირაძის ყოფილი თანაკლასელების ჩართულობით?

ამ კითხვებზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, ამ ეტაპზე, კომენტარს არ აკეთებს.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისინი რადიო თავისუფლებას ზოგად ინფორმაციას აწვდიან: „არასრულწლოვნის მოწმის სახით გამოკითხვის საფუძველი გახდა შიდა და გარე კედლების იერსახის დაზიანების ფაქტზე „ მწვანე სკოლიდან“ შემოსული შეტყობინება და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების მიერ მოწოდებული ინფორმაცია“.

  • რა ფორმით დაიბარეს ლუკა სირაძე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში? ტელეფონით დაუკავშირდნენ ოჯახს? სახლში მიაკითხეს? უწყება გაუგზავნეს? თუ კიდევ სხვა რაიმე ფორმით? განუმარტეს თუ არა უფლებები მოზარდს?

პასუხი უცნობია. არც შსს და არს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ამ კითხვას არ პასუხობს.

  • 15 წლის მოზარდის ოჯახის ადვოკატის თქმით, 10 დეკემბერს, პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვისას, ლუკა სირაძე და მისი თანაკლასელები ერთმანეთს დააპირისპირეს. ადასტურებს თუ არა შსს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ამ ინფორმაციას?

შსს ამ კითხვაზე პასუხს არ გვცემს. მათი განცხადებით, გამოძიებასთან დაკავშირებულ დეტალებზე საუბრის პრეროგატივა მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აქვს.

ოჯახის ადვოკატი, რევაზ აჭარაძე კი ამბობს: „როგორც მასალებიდან ირკვევა, რისი უფლებაც მოგვცა საგამოძიებო ორგანომ, ფაქტობრივად, განხორციელდა ძველი სტილის დაკითხვა, იყო მოწმეებს შორის „კლასიკური დაპირისპირება“. არასრულწლოვნები ჰყავდათ დაბარებული განყოფილებაში და დააპირისპირეს ერთმანეთს, რამაც ორივე მხარეს დიდი სტრესი მიაყენა და უკიდურესად დათრგუნა“.

  • რატომ არ გამოიკითხა ლუკა სირაძე ადვოკატისა და ფსიქოლოგის თანდასწრებით?

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, არასრულწლოვნის გამოკითხვა/დაკითხვა მისი კანონიერი წარმომადგენლისა და ადვოკატის თანდასწრებით ტარდება. არასრულწლოვნის გამოკითხვისას/დაკითხვისას საპროცესო მოქმედების განმახორციელებელი პირი, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს ფსიქოლოგის მონაწილეობას. ფსიქოლოგი აფასებს არასრულწლოვნის საჭიროებებს და გამოკითხვის/დაკითხვის დროს ახორციელებს მის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას.

  • ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც პოლიცია გაესაუბრა ლუკა სირაძის ყოფილ თანაკლასელებს სავარაუდო დამნაშავის ამოცნობის მიზნით და მათგან მოიპოვეს ინფორმაცია ლუკა სირაძის შესახებ, ერთ-ერთმა თანაკლასელმა გოგომ თვითმკვლელობა სცადა. შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს?

ინფორმაციას, რომ „მწვანე სკოლის“ ერთ-ერთმა მოსწავლემ თვითმკვლელობა სცადა, ადასტურებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი, ლონდა თოლორაია. რა იყო თვითმკვლელობის მცდელობის საბაბი, ამის შესახებ ის არაფერს ამბობს.

  • როგორია ამჟამად გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა?

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება, ამ ეტაპზე, არ ხერხდება. „მწვანე სკოლის“ ერთ-ერთი დირექტორი, კახა დავითური ირიბად მიუთითებს: „არა მარტო ამ გოგონას, არამედ სხვა ყოფილი კლასელების მდგომარეობაც იყო და არის რთული. პირველ რიგში, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. სხვა დეტალებსა და სხვა საქმეებს, იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოამზეურებს ბოლომდე“.

  • აღიარა თუ არა ლუკა სირაძემ, რომ „მწვანე სკოლის“ კედლებზე მინაწერები სწორედ მან გააკეთა და თუ კი რა იყო მისი მოტივი?

შსს-ს ოფიციალური განცხადებით, ლუკა სირაძეს არ უღიარებია, რომ სკოლის კედლებზე მინაწერები მან გააკეთა.

ლუკა სირაძის ოჯახის ადვოკატი, რევაზ აჭარაძე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მოზარდი პოლიციის განყოფილებაში მუქარით მიიყვანეს აღიარებით ჩვენებამდე:

„პირდაპირ უთხრეს ბავშვს, შენი ძმა ვეღარ გააგრძელებს სწავლასო. მისი ძმა 20 წლისაა და სამხედრო აკადემიაში სწავლობს. დედის თანდასწრებით უთხრეს ეს ბავშვს. დედა ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ გამოძიების ნათქვამი მანაც სწორედ მუქარად აღიქვა. რომ მის უფროს ვაჟსაც პრობლემა შეექმნებოდა, თუკი მოზარდი არ აღიარებდა დანაშაულს. ბოლოს აღიარებამდე მიიყვანეს ბავშვი. თქვა, ძმას, რომ პრობლემა არ შეექმნას, ვაღიარეო. თუმცა, გამომძიებელს არ მოეწონაო, როგორ აღიარებდა და ამბობდა, რომ სრულყოფილი აღიარება მინდაო. უნდოდა ისეთი აღიარებითი ჩვენება მიეღო, რომ არცერთი კითხვის ნიშანი არ დარჩენილიყო“.

  • იყო თუ არა მსგავსი შინაარსის მინაწერები სხვა შენობებზე? თუ კი, მიმდინარეობდა თუ არა იმ მინაწერებზეც გამოძიება?

ამის შესახებ არც შსს და არც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ინფორმაციას არ ავრცელებს.

  • წყაროს ინფორმაციით, სანამ მწვანე სკოლის კედლებზე წარწერები გაჩნდებოდა, პოლიციამ ლუკა სირაძის რამდენიმე მეგობარი დააკავა. შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს? თუკი ეს ინფორმაცია სიმართლეა, რა დანაშაულის გამო დააკავეს მოზარდები? რა შემხებლობა ჰქონდა მათ ლუკა სირაძესთან?

ამ ინფორმაციის შესახებ, ამ ეტაპზე, არაფერს ამბობენ არც შს სამინისტროსა და არც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.

  • სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე, რამდენიმე დღის განმავლობაში გამოიკითხა 80-მდე მოწმე, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო მოქმედება. ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით, ლუკა სირაძის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში, ბრალი წაუყენეს გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს. რატომ დაემთხვა ეს ორი ფაქტი - მოზარდის გარდაცვალება და ბრალის წაყენება ერთმანეთს?

ლონდა თოლორაიას განცხადებით, ვერ დაეთანხმება მოსაზრებას, რომ 15 წლის ლუკა სირაძის საქმის გამომძიებლის მარიანა ჩოლოიანის დაკავება მოზარდის გარდაცვალების შემდეგ გადაწყდა: „მარიანა ჩოლოიანი ამ დღეს განყოფილებაში არ მოგვიყვანია [მას შემდეგ] რაც ბავშვი გარდაიცვალა. პოლიციის მუშაკი განყოფილებაში იმყოფებოდა 15:00 საათიდან და იგი იღებდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობას, რომლის შემდგომ მიღებული უნდა ყოფილიყო ასეთი გადაწყვეტილება, ამიტომ თქმა იმისა, რომ ვინმე ელოდებოდა ბავშვის გარდაცვალებას და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მიღებული ეს გადაწყვეტილება ამას მე ვერ დავეთანხმები“.

  • მოსალოდნელია თუ არა, რომ ამავე ბრალდებით სხვა პირებიც დააკავონ?

ლონდა თოლორაიას თქმით, გამოძიება გრძელდება. ამ ეტაპზე, იყო მხოლოდ ერთი პირის დაკავების საფუძველი.

XS
SM
MD
LG