Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში ოპოზიციის საჩივრები არც სასამართლოებმა განიხილეს


გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მხოლოდ ერთი - „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ - საჩივარი დააკმაყოფილა.
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მხოლოდ ერთი - „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ - საჩივარი დააკმაყოფილა.

კახეთის ორი საარჩევნო ოლქიდან, სადაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის  317 საარჩევნო უბანი მუშაობდა, სასამართლოებში მხოლოდ 6 საჩივარი შევიდა.

აქედან გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მხოლოდ ერთი - „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ - საჩივარი დააკმაყოფილა და ისიც ნაწილობრივ. საიამ საჩივარი სასამართლოში მას შემდეგ შეიტანა, რაც ის არ დააკმაყოფილა გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიამ.

არასამთავრობო ორგანიზაცია საგარეჯოს 49-ე საარჩევნო უბნის როგორც მაჟორიტარული, ასევე პროპორციული ოქმების ბათილობას ითხოვდა. როგორც საიას თელავის ოფისის ხელმძღვანელმა მარეხ მგალობლიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, მათი მოთხოვნა იყო ასევე ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების ხელახალი დათვლა. სასამართლომ უბნის ოქმები ბათილად არ ცნო, თუმცა საოლქო საარჩევნო კომისიას დანარჩენი მოთხოვნების შერულება დაავალა.

„მოსამართლემ საოლქო საარჩევნო კომისიას დაავალა სხდომაზე მიეტანა ჩანაწერთა წიგნი. წიგნი სხდომაზევე გახსნა და აღმოჩნდა, რომ მასში უხეში გასწორებები იყო, მათ შორის ბათილი ბიულეტენების შესახებ. ამ წიგნში საერთოდ არ ეწერა არანაირი ციფრები არც მაჟორიტარულ და არც პროპორციულ ოქმებთან დაკავშირებით. ჩვენ მოველოდით, რომ გურჯაანის საოლქო კომისია სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებდა, თუმცა ასე არ მოხდა და კომისიამ სასამართლოს და ჩვენი შენიშვნები გაითვალისწინა“.

მართალია, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, მაგრამ ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ოქმები არ გაბათილდა და, შესაბამისად, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არჩევნების შედეგებზე ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს.

საგარეჯოს 49-ე უბანზე გამოვლენილი დარღვევების გამო უბნის კომისიის წევრებს მხოლოდ საყვედური გამოუცხადეს. საიას საჩივარი ერთადერთი იყო კახეთში, რომელიც სასამართლომ დააკმაყოფილა. აღსანიშნავია, რომ თელავის სასამართლომ საერთოდ წარმოებაში არ მიიღო არც ერთი ის სარჩელი, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ სახელით დაიწერა. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი თელავის საოლქო კომისიაში, ბადურ გულიაშვილი, ამბობს, რომ სასამართლომ მისი სარჩელი საერთოდ არ განიხილა იმ მიზეზით, რომ სარჩელის წარმდგენს პარტიიდან რწმუნება არ გააჩნდა. აღსანიშნავია, რომ იმავე მიზეზით საჩივრები არც თელავის საოლქო კომისიამ განიხილა.

გაერთიანებული ოპოზიცია კახეთის 6 უბანზე ოქმების ბათილობას ითხოვდა. ბადურ გულიაშვილის თქმით, ერთ-ერთი ასეთი სოფელ ყარაჯალის უბანი იყო, სადაც შესწორების ოქმითაც კი მონაცემები ვერ დაბალანსდა. ახლა ოპოზიცია სააპელაციო სასამართლოში უბნების ბათილობასთან ერთად საოლქო კომისიას იმის გამოც უჩივის, რომ ოპოზიციის საჩივრების განხილვაზე უარი თქვა.

„თელავის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში. თავის დროზე საოლქო საარჩევნო კომისიამ კანონი არასწორად განმარტა და ჩვენი საჩივრები არც კი განიხილა და შემდეგ იგივე გაიმეორა სასამართლოს პირველმა ინსტანციამ. ჩვენ 6 საჩივარი გვქონდა და არც ერთი არ დაკმაყოფილდა“.

საერთო ჯამში, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდში ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა კახეთის საოლქო საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებში 100-მდე საჩივარი დაწერეს, თუმცა მხოლო მესამე სექტორის საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მათ შორის გაბათილდა სოფელ კურდღელაურის უბნის გადასატანი ყუთის შედეგები.

ერთ-ერთი საარჩევნო უბანი კახეთში
ერთ-ერთი საარჩევნო უბანი კახეთში

„სამართლიანი არჩევნების“ თანახმად, გადასატანი ყუთით 50-მდე ადამიანს ხმა ისე მიაცემინეს, რომ ამომრჩევლის ხელმოწერა არსად დაფიქსირებულა. ამის გამო კომისიის წევრებს საყვედური გამოუცხადეს.

თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რევაზ გაიპარაშვილი ამბობს, რომ ისინი ახლა მეორე ტურისთვის ემზადებიან, მანამდე კი, უახლოეს დღეებში, შემაჯამებელ ოქმს მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უმრავლესობას არც საოლქო კომისიებში და არც სასამართლოებში არც ერთი საჩივარი არ შეუტანია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საგარეჯო-გურჯაანი-სიღნაღი-დედოფლისწყაროს ოლქში არჩევნების პირველსავე ტურში გაიმარჯვა მმართველი გუნდის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა, ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად კი მეორე ტური უნდა ჩატარდეს. პირველ და მეორე ადგილებზე გავიდნენ „ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატი გიორგი ბოტკოველი, თუმცა ბოტკოველი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG