Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში ელექტრონული გამჭვირვალობისთვის შექმნილი ვებგვერდები არ მუშაობს


სიღნაღის მუნიციპალიტეტი
სიღნაღის მუნიციპალიტეტი

კახეთის რეგიონის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი უწყებებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შექმნილი ვებგვერდები არ მუშაობს. ზოგ საიტზე ბოლო განახლება 2016 წლით თარიღდება. არადა, ვებგვერდების დანიშნულება მოსახლეობის მეტი ინფორმირება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართვა და ბიუჯეტის ხარჯვის გამჭვირვალობა უნდა ყოფილიყო. რა მიზეზს ასახელებენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში და რას ამბობენ მესამე სექტორში?

იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტების საქმიანობა უფრო გამჭვირვალე ყოფილიყო, ხოლო ადგილზე არსებული სერვისები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი, რამდენიმე წლის წინ არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოსა“ და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ კახეთის მუნიციპალიტეტებისთის ვებგვერდები დამზადდა, მზა პროდუქტი კი სამართავად მუნიციპალიტეტებს გადაეცა, თუმცა კახეთის 8 მუნიციპალიტეტისთვს გადაცემული საიტიდან თითქმის არც ერთი არ მუშაობს. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლის საბა ბუაძის თქმით, გარდა იმისა, რომ ვებგვერდები მუნიციპალიტეტებისთვის უფასოდ დაამზადეს, მოხერხდა იმ კადრების გადამზადებაც, რომლებსაც ეს საიტები უნდა ემართათ, თუმცა აღმოჩნდა, რომ გადამზადებული კადრები დღეს აღარ მუშაობენ. შესაბამისად, მუშაობა შეაჩერეს ვებგვერდებმა:

„ადამიანებს, რომლებსაც ამ ვებგვერდების მართვა და ადმინისტრირება ებარათ, აღარ მუშაობდნენ მუნიციპალიტეტებში. ჩვენი დაკვირვებით, საიტების მუშაობა ტექნიკურ შესაძლებლობასთან ერთად ნებასთანაც არის დაკავშირებული. აღსანიშნავია ისიც, რომ გარდა იმისა, რომ თავის დროზე ჩვენ მათ ჩავუტარეთ ვებგვერდების ადმინისტრირების ტრენინგი, ასევე გადავეცით სახელმძღვანელო, თუ როგორ უნდა ემართათ ვებგვერდი იმ შემთხვევაში, თუკი პრობლემა წარმოიშვებოდა და პირი სამსახურიდან წავიდოდა“.

პრობლემა ის არის, რომ ვინც იყო გადამზადებული თანამშრომელი, ის აღარ მუშაობს აქ. შესაბამისად, ძალიან რთული ძრავის მქონე საიტია და მისი მართვა ყველა ადამიანს არ შეუძლია. ჩვენ უკვე გვაქვს მოლაპარაკებები კომპანიასთან...
მადონა ბატიაშვილი

ელექტრონული გამჭვირვალობისა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან მოსახლეობის უფრო მეტად დაახლეობისთვის შექმნილი ვებგვერდები მრავალფუნქციური უნდა ყოფილიყო. თუკი საიტები იმუშავებდნენ, მოსახლეობას შეეძლებოდა საჯარო ინფორმაცია ელექტრონულად მოეთხოვა, მოემზადებინა პეტიცია, მიეღო მონაწილეობა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში და ა.შ. თუმცა დღეს, მაგალითად, თუკი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს საიტზე შევალთ, ყველაზე ახალი ინფორმაცია 2018 წლის 13 თებერვლით თარიღდება. უფრო ადრე დადებული ინფორმაცია კი გვაუწყებს, რომ 2016 წლის 27 დეკემბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დაამტკიცეს. საერთოდ არ იხსნება საჯარო ინფორმაციის განყოფილება. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მადონა ბატიაშვილი გვეუბნება, რომ საიტი ადამიანური რესურსის პრობლემის გამო ვერ მუშაობს. ბატიაშვილის თქმით, ადამიანი, რომელიც ამ საქმისთვის გადამზადდა, დღეს მერიაში აღარ მუშაობს:

„პრობლემა ის არის, რომ ვინც იყო გადამზადებული თანამშრომელი, ის აღარ მუშაობს აქ. შესაბამისად, ძალიან რთული ძრავის მქონე საიტია და მისი მართვა ყველა ადამიანს არ შეუძლია. ჩვენ უკვე გვაქვს მოლაპარაკებები კომპანიასთან. გადავამზადებთ ახალ თანამშრომელს და მიხედავს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ, უბრალოდ, ტექნიკურ პრობლემასთან გვაქვს საქმე“.

იმ შემთხვევაში, თუკი ვებგვერდები კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ ამუშავდება, რა სახის ზეწოლა შეიძლება განხორციელდეს აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებზე? - ეს შეკითხვა ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელ დირექტორს დავუსვით. ირმა პავლიაშვილის თქმით, ზეწოლა ადგილობრივ ხელისუფლებაზე შეიძლება თავად მოსახლეობამ მოახდინოს, რომელიც მეტ გამჭვირვალობას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობას მოითხოვს:

„მოთხოვნა უნდა წამოვიდეს თვითონ სამოქალაქო საზოგადოებისგან, რომ თვითმმართველობამ უზრუნველყოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და მოსახლეობის ჩართულობა ეფექტურად წარიმართოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ იმ სურათს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა და ხალხი იქნებიან ცალ-ცალკე. გარკვეული გამოწვევები ამ კუთხით არის, როდესაც ადგილობრივმა თვითმმართველობამ მოსახლეობის ინტერესების შესახებ არ იცის“.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში კვლავ დაბალია მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც. მოქალაქეთა ნაწილი მიზეზად ასახელებს წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატების მხრიდან უყურადღებობას. იმასაც ამბობენ, რომ კონკრეტული პრობლემის მოგვარება მოითხოვეს, თუმცა მათგან ქმედითი პასუხები ვერ მიიღეს. როდის ამუშავდება ვებსაიტები, რომელმაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობაც უნდა გაზარდოს, ეს ჯერჯერობით უცნობია.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG