Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კავკასიაში სტაბილიზაციის პლატფორმიდან ერთობლივ პლატფორმამდე


ილჰამ ალიევი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი
ილჰამ ალიევი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი

10 დეკემბერს, მთიან ყარაბაღში მიმდინარე სისხლისმღვრელი საომარი მოქმედებების დასრულების ერთი თვის თავზე, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტები რეგიონის ქვეყნების მონაწილეობით ახალი პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ.

დუეტი რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად თურქეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, სომხეთის, რუსეთისა და ირანის ერთობლივი პლატფორმის შექმნაზე ლაპარაკობს.

უფრო ზუსტად, საქმე ეხება აქამდე არსებული თანამშრომლობის ფორმატების ერთ პლატფორმად გაერთიანების შესაძლებლობას, თუ, როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დააზუსტა 10 დეკემბერს თურქეთის პრეზიდენტთან ერთად ბაქოში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, „სომხეთის ხელისუფლება ომიდან სწორ დასკვნას გამოიტანს, უარს იტყვის უსაფუძვლო პრეტენზიებზე და მომავლისკენ გაიხედავს“.

უკვე საკითხის ასე დაყენებამ ამ ინიციატივისადმი ნეგატიურად განაწყო ერევანი, რომელიც აცხადებს, რომ ნებისმიერი თანამშრომლობის თაობაზე წამოსული წინადადების განხილვის დროს სომხეთმა თავისი ინტერესები უნდა გაითვალისწინოს.

ილჰამ ალიევის შემოთავაზებას სომეხი პოლიტიკოსების თვალში ფასი დაუკარგა აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ იმავე 10 დეკემბერს წარმოთქმულმა სიტყვებმა, რომ ზანგეზური, სევანი (აზერბაიჯანულად გოქჩა) და ერევანი „აზერბაიჯანის ისტორიული მიწებია, რომლებზეც საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ აზერბაიჯანელები“.

იქით ირანი აღაშფოთა პოეზიის მოყვარული თურქეთის პრეზიდენტისგან თეირანისათვის მიუღებელი ლექსის ციტირებამ რუსეთისა და ირანის მიერ მე-19 საუკუნეში აზერბაიჯანის ტერიტორიის დანაწილების შესახებ.

მოკლედ, ამ და კიდევ სხვა წინააღმდეგობების გამო, რითაც დამუხტულია სამხრეთ კავკასიის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკის დღის წესრიგი, ანალიტიკოსების თქმით, ერთობლივი პლატფორმის შექმნის ინიციატივა შესაძლოა ისევე დარჩეს ქაღალდზე, როგორც ეს მანამდე კავკასიაში თანამშრომლობისა და სტაბილიზაციის პაქტს დაემართა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დასრულებისთანავე, თურქეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის, იდეას მელანიც არ ჰქონდა შემშრალი, რომ რუსეთმა საქართველოს სეპარატისტული ტერიტორიების ოკუპაციას მათი აღიარებაც მოაყოლა.

„მაშინ უკვე რუსეთს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, დამოუკიდებლობა ჰქონდა აღიარებული. და ეს არის ის პრობლემა, რომელიც რეალურად აფერხებს ყველა სახის თანამშრომლობას“, - ფიქრობს ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მეცნიერ-თანამშრომელი.

რეალობა, უპირველეს ყოვლისა

ნებისმიერი რეგიონალური გაერთიანება უტოპიაა, თუ მასში შემავალ ყველა ქვეყანას ერთმანეთთან არ აქვს მოგვარებული ტერიტორიული დავები.

10 დეკემბერს, როდესაც ალიევ-ერდოანის დუეტი ახალი, ე.წ. უნივერსალური, რეგიონალური პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოდიოდა, აზერბაიჯანი ყარაბაღელ სომეხ სეპარატისტებთან (ფაქტობრივად კი, სომხეთთან) 44-დღიან ომში გამარჯვებას და, დაახლოებით, 30 წლის წინ ოკუპირებულ ისტორიულ მიწა-წყალზე კონტროლის დაბრუნებას ზეიმობდა.

19 დეკემბერს კი სომხეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით სამდღიანი გლოვა გამოცხადდება.

სამგლოვიარო ღონისძიებები მიეძღვნება მე-40 დღეს მთიანი ყარაბაღის გარშემო დაწყებული იმ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტიდან, რომელსაც სომხეთის სულ მცირე 3 000 ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი ემსხვერპლა.

შესაძლოა დრო, მართლაც, ყველაფერს კურნავდეს, მაგრამ მთიანი ყარაბაღის გარშემო მიმდინარე ბრძოლებიდან საკმაოდ მცირე დროა გასული, თანაც მთიანი ყარაბაღის სტატუსის გარშემო ადგილობრივი სომეხი სეპარატისტებისა და აზერბაიჯანის დაპირისპირება ისევ იქაა, სადაც აქამდე იყო.

ამ ჩიხს დაემატა კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია. მოსკოვი, ბაქო და ერევანი შეთანხმდნენ 10 ნოემბრიდან მთიან ყარაბაღში სამშვიდობო მისიით აღჭურვილი 2 000 რუსი სამხედრო მოსამსახურის განლაგებაზე.

პოსტსაბჭოთა სივრცეზე ე.წ. რუსეთის სამშვიდობო საქმიანობის ისტორია მოწმობს, რომ რუსი სამხედროების გამოჩენა ხელს უწყობს მხოლოდ კონფლიქტების დაკონსერვებას და არა პოლიტიკურ მოწესრიგებას.

„რუსი სამხედროების გამოჩენამ, რა თქმა უნდა, შეაჩერა საომარი მოქმედება, შეაჩერა სისხლისღვრა. ეს მართალია, მაგრამ სრულიად შეუძლებელია, ეს მივიჩნიოთ სერიოზულ ფუნდამენტად, სამომავლოდ კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოწესრიგებისა და პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით. საუბარია მხოლოდ ზავზე, მხოლოდ საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე. მესმის, რომ შეთანხმება შედგა კრიზისის დროს, ცაიტნოტის დროს და, როგორც ჩანს, იგულისხმება, რომ მომავალში დაიწყება კონფლიქტის მოწესრიგებაზე მუშაობა, მაგრამ საკითხავი ისაა, ეს დარეგულირება თუ 30 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა, როგორ მოხერხდება ახლა, როდესაც აზერბაიჯანი თავს გამარჯვებულად გრძნობს?“- ამბობს კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი, ალექსანდრ ისკანდარიანი.

ერთი პლატფორმა დიპლომატიური ურთიერთობების გარეშე?

აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების, ილჰამ ალიევისა და რეჯეპ ტაიპ ერდოანის მიერ ბაქოში გახმაურებულ ახალი რეგიონალური პლატფორმის შექმნის ინიციატივაში არაფერია ნათქვამი კონფლიქტების გადაჭრის თაობაზე.

არადა, პლატფორმის ქოლგის ქვეშ უნდა გაერთიანდეს ექვსიდან ოთხი ქვეყანა, რომლებსაც, უზარმაზარი ტერიტორიული პრეტენზიებისა და წარსულში მომხდარი სისხლიანი კონფლიქტების გამო, ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არა აქვთ.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ოკუპირებული სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, ხოლო მათთან გაფორმებული ე.წ. სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებებით სულ უფრო მეტად ცდილობს, ისინი საქართველოს ორბიტას მოსწყვიტოს.

შესაბამისად, საქართველო-რუსეთის რაიმე ერთ რეგიონალურ პლატფორმაში თანამშრომლობა, თუნდაც, მიმზიდველი ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების საფასურად, წარმოუდგენლად მიაჩნიათ დამოუკიდებელ ექსპერტებს, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური თბილისის პოზიცია ალიევ-ერდოანის ინიციატივასთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.

„თუ შედგა ამ პლატფორმის ფარგლებში რაიმე შეხვედრა, თეორიულადაც კი ძნელი წარმოსადგენია, თუ რა თანაშრომლობაზე შეიძლება იყოს საუბარი რუსეთსა და საქართველოს შორის, როდესაც რუსეთი ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობს არ აღიარებს. იგივე შეიძლება ითქვას, მაგალითად, სომხეთსა და აზერბაიჯანს და სომხეთსა და თურქეთს შორის, რომლებსაც ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ აქვთ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზურაბ ბატიაშვილმა, რონდელის ფონდის მეცნიერ-თანამშრომელმა.

თურქეთის პრეზიდენტის სკანდალური დეკლამაცია

თანაც, ახალი ე.წ. უნივერსალური რეგიონალური პლატფორმის შესახებ ილჰამ ალიევისა და რეჯეპ ტაიპ ერდოანის განცხადებებს პოზიტიური გამოხმაურებები, აზერბაიჯანისა და თურქეთის გარდა, არც ერევანში მოჰყოლია და არც ირანში. ეს უკანასკნელი, სომხეთისგან განსხვავებით, ამჟამად თანაშრომლობის ორ - აზერბაჯანულ-რუსულ-ირანულ და თურქულ-რუსულ-ირანულ - ფორმატშია წარმოდგენილი.

როგორც აღმოჩნდა, ირანი განარისხა აზერბაიჯანში მყოფი თურქეთის პრეზიდენტის, პოეზიის მოყვარული რეჯეპ ტაიპ ერდოანის მიერ იმ ლექსის ციტირებამ, რომელშიც ლაპარაკია იმაზე, თუ როგორ გაიყვეს მე-19 საუკუნეში აზერბაიჯანის ტერიტორიები რუსეთმა და ირანმა.

ასეთი „ლირიკული გადახვევა“ ტერიტორიული მთლიანობისათვის მუქარად მიიჩნია თეირანმა, რომლის საგარეო უწყებამ გასულ კვირაში განმარტებისათვის დაიბარა თურქეთის ელჩი. სკანდალი მალევე ჩაცხრა, თუმცა წყენა დარჩა და ამაზე ირანის პრეზიდენტმაც გაამახვილა ყურადღება.

„იმ განმარტებების შემდეგ, რაც ჩვენ მოვისმინეთ თურქეთის ოფიციალური ხელისუფლებისგან, ჩვენ უნდა შევძლოთ გადავლახოთ ეს პრობლემა, რომელმაც ჩვენს ხალხს წყენა მიაყენა“, - განაცხადა სატელევიზიო მიმართვაში ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ.

რეგიონალური პლატფორმის შესახებ გახმაურებული ინიციატივა სომხეთში გადაფარა ამ ინიციატივის ერთ-ერთი თანაავტორის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის, განცხადებამ აზერბაიჯანის ისტორიული მიწების შესახებ. ალიევი მიიჩნევს, რომ ზანგეზური, სევანი (აზერბაიჯანულად გოქჩა) და თვით ერევანი, სომხეთის დედაქალაქი, „აზერბაიჯანის ისტორიული მიწებია, რომლებზეც საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ აზერბაიჯანელები“.

ამ განცხადებამ უკიდურესად აღაშფოთა ერევანი, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტის სიტყვებს სასწრაფოდ გამოეხმაურა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის, ადმინისტრაცია და ილჰამ ალიევი სამმხრივი სამშვიდობო შეთანხმების ძირის გამოთხრაში დაადანაშაულა.

„სომხეთის მისამართით გახმაურებული ტერიტორიული პრეტენზიები სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს აზერბაიჯანის სამშვიდობო მისწრაფებებს, წარმოადგენს საფრთხეს რეგიონალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის და ეწინააღმდეგება 9 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმების სულისკვეთებას“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, მანე გევორკიანმა.

9 ნოემბერს, 45-დღიანი საბრძოლო მოქმედებების შემდეგ, სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ ცეცხლის სრულმასშტაბიან შეწყვეტასა და მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო მისიის დაწყებაზე.

ერთობლივი განცხადებით, აზერბაიჯანმა შეინარჩუნა ბრძოლებით დაკავებული ტერიტორიები მთიან ყარაბაღსა და მის გარშემო. გარდა ამისა, სომხეთმა აზერბაიჯანს 1 დეკემბრამდე დაუბრუნა აღდამის, ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონები, რომლებზეც ბაქოს 1994 წლიდან ჰქონდა დაკარგული კონტროლი.

ამ შეთანხმებით რუსეთმა მოიპოვა უფლება, 2 000 სამხედრო ჯარისკაცის საშუალებით თვალი ადევნოს ცეცხლის შეწყვეტის პირობების დაცვას და არ დაუშვას საბრძოლო მოქმედებების განახლება მთიან ყარაბაღში, რომლის დიდ ნაწილს კვლავ სომეხი სეპარატისტები აკონტროლებენ.

მაგრამ უსაფრთხოების ვითარება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში კვლავ მყიფეა. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების დარღვევაში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გასულ თვეში სომხეთის ძალებთან მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, მთიანი ყარაბაღის რეგიონში მისი ოთხი სამხედრო პირი იქნა მოკლული.

თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ აზერბაიჯანი დაადანაშაულა ჰადრუთში ეთნიკური სომხების კონტროლქვეშ არსებული ტერიტორიების წინააღმდეგ იერიშში.

ყარაბაღის შეიარაღებულმა ძალებმა მანამდე განაცხადეს, რომ მათი სამი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა 11 დეკემბრის შეტაკებებში.

ამ ფონზე, არათუ ისეთი ამბიციური ინიციატივის განხორციელება ჩანს არარეალური, როგორიც ექვსი ქვეყნის ერთობლივი პლატფორმაა, არამედ ჯერჯერობით კითხვის ქვეშაა შედარებით უფრო იოლად გადასაჭრელი საკითხების მოგვარება, მათ შორის, ნახიჭევანსა და აზერბაიჯანს შორის კავშირის აღდგენა და რუსეთ-თურქეთის ერთობლივი მონიტორინგის ცენტრის შექმნა, რაზეც ანკარამ და მოსკოვმა ჯერჯერობით ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა.

„რუსეთისათვის ძალიან მტკივნეულია კავკასიაში ნებისმიერი სხვა მოთამაშის გამოჩენა, თუნდაც სიმბოლური თვლსაზრისით, რუსეთისათვის, რომელიც თვლის, რომ ყოფილ საბჭოთა სივრცეში მხოლოდ მას აქვს ყოფნის და იქ საკითხების გადაჭრის უფლება. ამიტომ ცოტა სკეპტიკურად ვუყურებთ იმას, თუ რამდენად შეიძლება სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდეს ეს ახალი პლატფორმა, თუ წარსულ გამოცდილებასაც გავიხსენებთ“, - ამბობს ზურაბ ბატიაშვილი.

მას მხედველობაში აქვს 2008 წლის 13 აგვისტოს თურქეთის იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის, წამოყენებული იდეა, სახელწოდებით „კავკასიაში თანამშრომლობისა და სტაბილიზაციის პლატფორმა“ (“Caucasus Stability and Cooperation Platform”), რომელიც დღეს მხოლოდ საერთაშორისო პოლიტიკით დაინტერესებულ ექსპერტებს თუ ახსოვთ.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG