Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„იქნებ ვინმე ცოცხალი ვიპოვოთ“, - შოვში დაკარგულთა ძებნაში ქართველი კასკადიორებიც ჩაერთნენ


ირაკლი საბანაძე და მისი კასკადიორთა ჯგიფი რაჭაში მოხალისეებად ჩავიდნენ
ირაკლი საბანაძე და მისი კასკადიორთა ჯგიფი რაჭაში მოხალისეებად ჩავიდნენ

ქართველ კასკადიორთა ჯგუფი, ირაკლი საბანაძის ხელმძღვანელობით, შოვში სტიქიის ზონაში, მაშველებთან ერთად, დაკარგულ ადამიანებს ეძებს.

ისინი რაჭაში მოხალისეებად ჩავიდნენ და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ძებნის სამუშაოებში ჩაერთნენ. ჯგუფში არიან ექიმები, ალპინისტები და ყოფილი მაშველები. თავად ირაკლი საბანაძესაც, რომელსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, მაშველად მუშაობის 11-წლიანი გამოცდილება აქვს.

ამ წუთებში მისი გუნდი სტიქიის ეპიცენტრიდან ოდნავ ქვემოთ, მდინარის ხეობას მიუყვება და როგორც გვიყვება, ყველა ადგილს დეტალურად ათვალიერებენ.

„უბრალოდ, ურთულესი პირობებია, ძალიან დიდი ტერიტორიაა მოყოლილი სტიქიის ზონაში. ჩვენც ჩავედი თ თუ არა შოვში, წყალში შევედით და მას მერე ვეძებთ. ვცდილობთ, რომ რაც შეგვიძლია, მაშველებს შრომა შევუმსუბუქოთ. იქნებ ვინმე ცოცხალ ადამიანს მივაგნოთ და გადავარჩინოთ“, - გვითხრა ირაკლი საბანაძემ.

ყოფილი მაშველი გვიყვება, რომ ყველგან დიდი ტალახია, ყველგან ღვარცოფის მიერ ჩამოტანილი დიდი ხეები ყრია, ფიზიკურად ფეხზე დგომაც კი რთულია:

„ლაპარაკიც მიჭირს ახლა, რადგან შეიძლება ფეხი დამიცურდეს და დავეცე. ძალიან ცუდი სიტუაციაა“, - გვითხრა მან.

ამ დროისთვის რაჭაში, შოვში, 6 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ დილის 10:00 საათზე მედიას უთხრა, რომ ვერ უკავშირდებიან შოვში მყოფ 35 ადამიანს.

მაშველები და მოხალისეები დაკარგულების ძებნას აგრძელებენ.

ონის მერიის ცნობით, შოვის მიმართულებით დაზიანებული გზის გაწმენდისა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. იწყება დროებითი ხიდის აღდგენის სამუშაოებიც - 3 აგვისტოს დროებითი სარმის ხიდი და გზის 139-კმ-ზე არსებული ხიდი (შოვი) ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა წაიღო. ამ ადგილებში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დილის 6 საათიდან ოპერაციაში ისევ ჩაერთო სასაზღვრო სამსახურის 2 ვერტმფრენი. სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი. შსს-ს ცნობითვე, მეორე დღეა, უწყვეტი რეჟიმით გრძელდება ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც ჩართულია 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები და მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.

გუშინ, 3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინებიdan დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო.

დღეს, 4 აგვისტოს, სტიქიის ზონაში გაემგზავრა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG