Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი


რაჭაში მაშველებს მოქალაქეები გაჰყავთ სტიქიის ზონიდან
რაჭაში მაშველებს მოქალაქეები გაჰყავთ სტიქიის ზონიდან

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, სადაც დაკარგულად ითვლება რამდენიმე ათეული ადამიანი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დილის 6 საათიდან ოპერაციაში ისევ ჩაერთო სასაზღვრო სამსახურის 2 ვერტმფრენი. სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი. შსს-ს ცნობითვე, მეორე დღეა, უწყვეტი რეჟიმით გრძელდება ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც ჩართულია 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები და მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.

დღეს, 4 აგვისტოს, სტიქიის ზონაში გაემგზავრა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებულია 2 ადამიანის სიკვდილი.

სტიქიის ზონიდან 70 მოქალაქე ვერტმფრენებით 3 აგვისტოსვე გამოიყვანეს. გვიან ღამით ცნობილი გახდა, რომ 150-ზე მეტი ადამიანი უსაფრთხო ადგილას გაიყვანეს და მაშველებთან და პოლიციელებთან ერთად იმყოფებიან.

წუხანდელი მონაცემებით, კავშირი იყო დაკარგული 50-მდე ადამიანთან. გვიან ღამით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, რომელიც რაჭაში იმყოფება, ჟურნალისტებს აცნობა, რომ 6 ადამიანი უკვე კავშირზეა და უსაფრთხოდ არიან.

მინისტრ ქარსელაძის განცხადებით, მდინარის სტიქიური დაგუბებით გამოწვეული მეწყრული პროცესი მოკლე პერიოდის განმავლობაში განვითარდა, დიდი გეოგრაფიული არეალი დაფარა და ამ არეალის და ჩამოსული მასის გათვალისწინებით, სტიქიის მასშტაბი უპრეცედენტოა.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგო ხიდეშელმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ კურორტ შოვის ინფრასტრუქტურა, ფაქტობრივად, განადგურებულია. ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა დააზიანა შოვისკენ მიმავალი გზები და წაიღო 2 ხიდი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში დღეს დილიდან განახლდა გზის გაწმენდა, ამ ეტაპზე 21 ერთეული ტექნიკა მუშაობს და იწყება დროებითი ხიდის მოწყობა.

XS
SM
MD
LG