Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ის, რის „გამჭვირვალობასაც“ ითხოვს კანონპროექტი ე.წ. „აგენტების“ შესახებ, ისედაც გამჭვირვალეა


საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ, 2 მარტი, 2023 წელი
საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ, 2 მარტი, 2023 წელი

ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების ავტორები, ორ კვირაზე მეტია ირწმუნებიან, რომ მათი მისია სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოებითვის ცნობილი და გამჭვირვალე გახადონ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის შემოსავლის წყაროები, რომელთა მიზანიცაა ზეგავლენა მოახდინონ საჯარო გადაწყვეტილებებზე.

საქმე ისაა, რომ იმ ორგანიზაციების შემოსავლის წყაროები, პროექტები თუ დონორები, რომლებიც ქვეყანაში დასავლური, დემოკრატიული პრინციპებისა და ღირებულებების დასაცავად და დასანერგად იბრძვიან, წლებია, ისედაც საჯარო და ყველასათვის ხელმისაწვდომია.

მათ შორის, პირველ რიგში, სახელმწიფოსთვის, რადგან როგორც რადიო თავისუფლების ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს, ევროპულ და ამერიკულ დონორ ორგანიზაციებს თანხა საქართველოში „ჩემოდნებით არ ჩამოაქვთ“ და მათ ყოველ საბანკო ტრანზაქციაზე სრული კონტროლი აქვს საქართველოს საფინანსო სისტემას - ფინანსთა სამინისტროს, ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, შემოსავლების სამსახურს და ა.შ.

თითოეული თეთრი მოძრაობა საბანკო სისტემაში

IDFI-ის მთავარი იურისტი, გიორგი დავითური გვიხსნის, რომ ხელისუფლებას ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროებისა და ფინანსური ვალდებულებების შესახებ იმაზე 10-15-ჯერ მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე ეს ე.წ. „აგენტების“ კანონპროექტითაა განსაზღვრული და რომელსაც საბაბად გამჭვირვალობა უდევს:

„თუკი ჩვენ ვამბობთ, რომ სახელმწიფომ უნდა იცოდეს, ვისგან რა დაფინანსებას ვიღებთ და როგორ, მაშინ საზოგადოებამ ისიც უნდა იცოდეს, რომ მთავრობამ ზედმიწევნით ზუსტად იცის, რომელი დონორი ორგანიზაცია, რა თანხას ხარჯავს საქართველოში. საქართველოს მთავრობას ამაზე კონტროლი აქვს მიცემული. ქვეყნები, რომლებთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, ეს არის კონსტიტუციით განსაზღვრული. ქვეყნის სტრატეგიული მიზანია ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ის არასამთავრობო სექტორი, რომლისკენაც ეს კანონია მიმართული, სწორედ ამ სტრატეგიული პარტნიორებისგან ფინანსდებიან. მათ მიერ გადმორიცხული თითოეული თეთრი, არა მხოლოდ გადმორიცხვის ფაქტი, არამედ შემდეგ უკვე თითოეული თეთრის მოძრაობა, აღირიცხება საქართველოს საბანკო სისტემაში. სახელმწიფოს, თუკი ამას მოისურვებს, თავისუფლად და მარტივად შეუძლია ადევნოს თვალი ნებისმიერ საბანკო ტრანზაქციას“.

დეკლარაციები შემოსავლების სამსახურში

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ყოველთვიურად აგზავნიან დეკლარაციას შემოსავლების სამსახურში. წლის ბოლოს კი ისევ და ისევ შემოსავლების სამსახურში უკვე წლიური დეკლარაცია იგზავნება. ყოველთვიური დეკლარაციები შეეხება დამატებითი ღირებულების გადასახადთან დაკავშირებულ საკითხებს, თანამშრომლების რაოდენობასა და მათთვის გადახდილ ხელფასს. რაც შეეხება ყოველწლიურ დეკლარაციას, ეს დოკუმენტი მოიცავს არასამთავრობო ორგანიზაციების ქონების დეკლარაციას.

საჯარო ინფორმაცია ვებ-გვერდებზე

გარდა საქართველოს საფინანსო სისტემასა და შემოსავლების სამსახურში არსებული დოკუმენტაციებისა, ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები საკუთარ ვებ-საიტებზე, პერმანენტულად ანახლებენ ინფორმაციას მათი დონორების, პროექტებისა და ბიუჯეტის შესახებ.

მაგალითად, თუკი, დაინტერესდებით “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) მიერ განხორციელებული პროექტებითა და იმით, თუ რომელი ქვეყანა და ორგანიზაცია აფინანსებს ამა თუ იმ პროექტს, ეს ინფორმაცია დეტალურად შეგიძლიათ მოიძიოთ მათ ვებ-საიტზე.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ პროექტების შესახებ ყველა დეტალსაც მათ ვებ-საიტზე იპოვით. მაგალითად, ნახავთ, რომ ორგანიზაციას დღესდღეობით რამდენიმე მიმდინარე პროექტი აქვს, მათ შორის, „შრომითი უფლებების დაცვის ადვოკატირება საჯარო სამსახურში“. ეს ექვსთვიანი პროექტია, მას „ღია საზოგადოების ფონდი“ 20 835 დოლარით აფინანსებს. საიას კიდევ ერთ მიმდინარე პროექტს USAID აფინანსებს. პროექტის სახელწოდებაა „თავისუფალი, სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო-პოლიტიკური ციკლი 2022-2025 წლებში“ და მისი ბიუჯეტი 315 387 აშშ დოლარია. ყველა პროექტს თან ახლავს აღწერა, თუ რა არის ამ პროექტის ძირითადი მიზნები.

მსგავსი ინფორმაცია შეუძლიათ მოიძიონ დაინტერესებულმა პირებმა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ვებ-საიტზეც. ორგანიზაციას ამჟამად ცხრა მიმდინარე გრანტი აქვს. აფინანსებს რვა დონორი ორგანიზაცია. მითითებულია თითოეული პროექტის ბიუჯეტის რაოდენობაც.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ერთობლივი ინიციატივით შექმნილია საიტი, საგარეო დახმარების ინფორმაციული მართვის სისტემა, რომელიც წარმოადგენს საგარეო დახმარების შესახებ ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და ანგარიშგების ინსტრუმენტს, და რომლის მიზანიაქართველოსთვის განკუთვნილი საგარეო დახმარების ნაკადების გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტურობის გაუმჯობესება.

eAIMS ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. ის შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს მოიპოვოს ინფორმაცია ყველა დონორის, დაფინანსების ტიპის, პროექტის და თემატური მიმართულების შესახებ.

თამარ ქაროსანიძე, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ხელმძღვანელი, კონკრეტულად მათი პროგრამის მაგალითზე გვიხსნის ფინანსური გამჭვირვალობის დეტალებს:

თამარ ქაროსანიძე
თამარ ქაროსანიძე

„ჩვენი პროგრამა დაფინანსებულია USAID-ის მიერ. ნებისმიერი გრანტი, რომელსაც ჩვენ გავცემთ, არის დღგ-სგან თავისუფალი. ამიტომ ჩვენ USAID-ს ყოველთვიურად ვუგზავნით ცხრილს და ამ ცხრილში წერია, რომ ამ თვეში, ამა და ამ ორგანიზაციაზე გავეცით გრანტი. იქვე გაწერილია მიზანი, რა თანხაა გაცემული და პროექტის სახელწოდება. ეს ცხრილები USAID-ის მიერ ყოველთვიურად იგზავნება შემოსავლების სამსახურში. ჩვენ არ გაგვიცია არცერთი გრანტი, რომელიც ცხრილში არ შესულა და რომელიც არ გადაგზავნილა შემოსავლების სამსახურში. თავად ადგილობრივი ორგანიზაციები კიდევ დამატებით ინფორმაციას უგზავნიან შემოსავლების სამსახურს. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ამ ინფორმაციის ოფიციალურად გამოთხოვა და შემოსავლების სამსახურს შეუძლია გასცეს დოკუმენტაცია, რომელიც, ცხადია, არ შეიცავს პირად ინფორმაციას და რომელიც საჯაროა“.

სირცხვილია

მართალია, ვებ-საიტზე არა, მაგრამ ორგანიზაციის დაფინანსების წყაროები ქვეყნდება „სირცხვილიას“ ოფიციალურ ფეისბუკის გვერდზე. "სირცხვილია" ააიპ-ის სტატუსით 2019 წლის 10 დეკემბერს დარეგისტრირდა და ისევე, როგორც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ფინანსურ ანგარიშგებას ყოველთვიურად და ყოველწლიურად შემოსავლების სამსახურში წარადგენს.

„სირცხვილიას“ ფეისბუკის გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ ინფორმაცია, რომ მოძრაობა “სირცხვილიამ” “დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდისგან” (National Endowment for Democracy) 2021 წლის სექტემბერში დაფინანსება მოიპოვა, რომლის ფარგლებშიც „გუნდი აგრძელებს ქვეყანაში დემოკრატიული მიზნებისთვის ბრძოლას“.

ან ნახოთ ინფორმაცია სხვა დაფინანსების შესახებაც, რომელიც „სირცხვილიამ“ ამჯერად „ღია საზოგადოების ფონდიდან“ მოიპოვა/

გიორგი მჟავანაძე, „სირცხვილიას“ აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ დღეისათვის ორგანიზაციას ოთხი მთავარი დონორი ჰყავს, დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED), ევროპის ეროვნული ფონდი (EED), “ღია საზოგადოების ფონდი” და „ადამიანის უფლებების ჰელსინკის ფონდი“. მჟავანაძე განმარტავს, რომ ეს ორგანიზაციები არ აფინანსებენ მათ საპროტესტო აქციებსა და დემონსტრაციებს. ამ ორგანიზაციების მიერ მხოლოდ საინფორმაციო, სოციალურ თუ სამართლებრივი დახმარების კამპანიები და პროექტები ფინანსდება. საპროტესტო აქციების დაფინანსების მთავარი წყარო, გიორგი მჟავანაძის თქმით, საზოგადოების, რიგითი მოქალაქეებისა და ბიზნესის შემოწირულობებია:

გიორგი მჟავანაძე
გიორგი მჟავანაძე

„არცერთი საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია არ აფინანსებს საპროტესტო აქციებს, რადგან ეს არ იყოს აღქმული ხელისუფლების წინააღმდეგ მათ დაფინანსებულ ქმედებად, მიუხედავად იმისა, რამდენად დემოკრატიულიც არ უნდა იყოს თავად პროტესტის შინაარსი. აი, მაგალითად, ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია, რომელიც 2022 წლის 20 ივნისს ჩავატარეთ, ხალხის შემოწირულობებით გაკეთდა, თუმცა, კამპანია, რომელიც ამ აქციას ახლდა და მოიცავდა ვიდეოების დამზადებას, ქუჩის შეხვედრებს, ფლაერების დარიგებას და მსგავსი ტიპის აქტივობებს, ეს დონორმა ორგანიზაციამ დაგვიფინანსა, რადგან ამ კამპანიის მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება, საუბარი ევროკავშირზე, მის სიკეთეებსა და ჩვენს სურვილზე ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ა.შ. რაც დონორის ინტერესებშიცაა და ჩვენს ინტერესებშიც. კობახიძე ამბობდა ჩვენზე, რომ "სირცხვილიას" დაფინანსებით EED აფინანსებს პოლარიზაციას ქვეყანაშიო. ეს არის სიცრუე. ჩვენი საპროტესტო აქციები ყოველთვის ჩვენი სახსრებით, ჩვენი კავშირებით, მოქალაქეების შემოწირულობებით და ხალხის და ბიზნესის კონტრიბუციით ფინანსდება. ინფორმაციას ჩვენი დონორი ორგანიზაციების შესახებ პერმანენტულად ვაქვეყნებთ ფეისბუკზე. თუმცა, მალე, ისევ და ისევ დონორი ორგანიზაციის დაფინანსებით, გავმართოთ საიტსაც, სადაც ერთ კონკრეტულ გვერდზე მოვუყრით თავს ყველა ინფორმაციას ჩვენი პროექტებისა და დაფინანსებების შესახებ. მანამდე, დაინტერესებულმა პირებმა ყველა ეს ინფორმაცია შეუძლიათ მოიძიონ ფეისბუკის ჩვენს გვერდზე“.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ „ხალხის ძალის“ მიერ შექმნილი კანონპროექტების ერთადერთი და რეალური მიზანი, ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დისკრედიტაცია, ღირსების შელახვა, დაკნინება და საბოლოოდ, მათი გაქრობაა.

„რუსული კანონი“ - ასე მოიხსენიებენ ორგანიზაციები „ხალხის ძალის“ მიერ შექმნილ კანონპროექტებს, რომლებსაც მხარს უჭერს მმართველი გუნდიც და ამბობენ, რომ „კანონპროექტის მიღება სერიოზულად დააზიანებს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის დააბრკოლებს საქართველოს სვლას ევროკავშირის წევრობისკენ, რომლის არც ერთ წევრ ქვეყანაში მსგავსი კანონი არ მოქმედებს. ამასთანავე, ამ კანონის აღსრულება შეუძლებელი იქნება საქართველოს ასიათასობით მოქალაქისთვის განუზომელი ზიანის მიყენების გარეშე”.

XS
SM
MD
LG