Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში სიკვდილით დასჯის შემთხვევების მკვეთრი მატების ფონზე იზრდება სიკვდილმისჯილ ქალთა რიცხვი


ფახშან აზიზი ერთ-ერთია იმ ოთხი ქალიდან, რომლებსაც ბრალად ედებათ „შეიარაღებული აჯანყება“ ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ.
ფახშან აზიზი ერთ-ერთია იმ ოთხი ქალიდან, რომლებსაც ბრალად ედებათ „შეიარაღებული აჯანყება“ ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ.

რა აქვთ საერთო ჰუმანიტარული დახმარების მუშაკს, მშრომელთა უფლებადამცველს, პოლიტიკური კამპანიის მონაწილესა და დემონსტრანტს? ოთხივე ქალია, რომლებსაც ბოლო თვეებში ბრალად დასდეს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყება. მათ სიკვდილით დასჯიან.

ორ მათგანს - ჰუმანიტარული დახმარების მუშაკს, ფახშან აზიზის და მშრომელთა უფლებების დამცველს, შარიფეჰ მოჰამადის - უკვე მიუსაჯეს სიკვდილი. პოლიტიკური აქტივისტი ვარიშეჰ მორადი და მომიტინგე ნასიმ ღოლამი სიმიარი სასჯელს ელოდებიან.

სიმიარის გარდა, ყველა ქალს ბრალად ედება ოპოზიციური ქურთული დაჯგუფებების წევრობა ირანის ფარგლებს გარეთ. აზიზი და მორადი წარმოადგენენ ირანის ქურთულ უმცირესობას, რომელსაც ირანის ხელისუფლება დიდი ხანია ავიწროებს.

სიკვდილმისჯილ და სიკვდილით დასჯილ ქალთა რიცხვი გაიზარდა 2022 წლის მანამდე არნახული ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, რომლებიც მოჰყვა ირანელი ქურთი ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილს პატიმრობაში.

სიკვდილით დასჯის შიში

მოჰამადის, მშრომელთა უფლებების დამცველს, ივლისში მიუსაჯეს სიკვდილი. მას ირანის მეზობელი ქვეყნის, ერაყის, ნახევრად ავტონომიურ ქურთულ რეგიონში დაფუძნებული, აკრძალული ქურთული სეპარატისტული დაჯგუფებისა და მშრომელთა დამოუკიდებელი კავშირის წევრობაში ედებოდა ბრალი.

მისი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ის არ იყო დაკავშირებული არცერთ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან ქვეყნის შიგნით ან მის ფარგლებს გარეთ.

აზიზის მსგავსად სიკვდილი მიუსაჯეს მშრომელთა უფლებადამცველს, შარიფეჰ მოჰამადის.
აზიზის მსგავსად სიკვდილი მიუსაჯეს მშრომელთა უფლებადამცველს, შარიფეჰ მოჰამადის.

მოჰამადის ბიძაშვილმა, ვიდა მოჰამადიმ, რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს, „რადიო ფარდას“, უთხრა, რომ ის ციხეში აწამეს დეკემბერში მისი დაკავების შემდეგ და რომ მან რამდენიმე თვე სამარტოო საკანში გაატარა.

მორადი, ქურთი პოლიტიკური აქტივისტი, 2023 წლის აგვისტოში დააპატიმრეს.

მას ბრალად ედებოდა ქურთისტანის თავისუფალი ცხოვრების პარტიის (PJAK), თურქეთის ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) ირანული განშტოების და აშშ-ის მიერ ტერორისტულად აღიარებული დაჯგუფების წევრობა.

აზიზი ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციაში მუშაობდა. ისიც 2023 წლის აგვისტოში დააკავეს ქურთისტანის თავისუფალი ცხოვრების პარტიის წევრობაში ბრალდებით, რაც მან უარყო. ივლისში მას სიკვდილი მიუსაჯეს.

აზიზი იმყოფებოდა ერაყის ქურთისტანში, ისევე როგორც სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, სადაც ამ ქვეყნის ქურთული უმცირესობა ცხოვრობს, და ეხმარებოდა სამოქალაქო ომისა და ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის გამო იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს.

განაჩენის გამოტანამდე ციხიდან დაწერილ წერილში აზიზი ამბობდა, რომ სირიის ლტოლვილთა ბანაკებში მუშაობა „უდიდესი მორალური წვლილი იყო საზოგადოებისთვის, რომელიც წლების განმავლობაში განიცდიდა ჩაგვრას“.

მანაც უარყო ოპოზიციური დაჯგუფებების წევრობა და დაწერა: „ესე იგი, ყველა, [ვინც სირიის ქურთული უმრავლესობის რეგიონშია], ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრია?“

ვარიშე მორადი, ქურთი პოლიტიკური აქტივისტი, მისი ნათესავების თქმით, ციხეში აწამეს და მან თვეები გაატარა სამარტოო საკანში.
ვარიშე მორადი, ქურთი პოლიტიკური აქტივისტი, მისი ნათესავების თქმით, ციხეში აწამეს და მან თვეები გაატარა სამარტოო საკანში.

სიმიარის, მომიტინგეს, ბრალად დასდეს 2022 წლის ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობა. ის 2023 წლის მაისში დააკავეს. მისი თქმით, ციხეში აწამეს და ხანგრძლივი დროის განმავლობაში სამარტოო საკანში ამყოფებდნენ.

„განსხვავებული აზრის ჩახშობა“

უფლებადამცველმა ჯგუფებმა დაგმეს, როგორც მათ უწოდეს, შეთითხნილი ბრალდებები ამ ოთხი ქალის წინააღმდეგ.

ირანელი აქტივისტების თქმით, სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყების ბრალდებას ხელისუფლება ხშირად იყენებს პოლიტპატიმრებისა და დისიდენტების წინააღმდეგ.

„ირანში ქალთა მოძრაობის ფონზე, რომელიც უარს ამბობს უკან დახევაზე, ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლება ახლა ცდილობს, ამ ქალებს სახრჩობელაზე აყვანით დაემუქროს, რაც მათი მხრიდან განსხვავებული აზრის ჩახშობის სასოწარკვეთილი მცდელობაა“, - განაცხადა ჰადი ღაემიმ, ირანში ადამიანის უფლებების ნიუ-იორკში არსებული ცენტრის (CHRI) აღმასრულებელმა დირექტორმა.

უფლებადამცველმა ჯგუფებმა არაერთხელ დაადანაშაულეს ირანი 2022 წლის საპროტესტო გამოსვლების შემდეგ საზოგადოებაში შიშის დასანერგად სიკვდილით დასჯის გამოყენებაში.
უფლებადამცველმა ჯგუფებმა არაერთხელ დაადანაშაულეს ირანი 2022 წლის საპროტესტო გამოსვლების შემდეგ საზოგადოებაში შიშის დასანერგად სიკვდილით დასჯის გამოყენებაში.

საიედ დეჰღანმა, ადამიანის უფლებების დამცველმა ცნობილმა ირანელმა ადვოკატმა განაცხადა, რომ ამ ოთხ ქალს ბრალად დასდეს შეიარაღებულ აჯანყებაში მონაწილეობა მიუხედავად იმისა, რომ „მათ არ ჰქონიათ არანაირი იარაღი და მათ საქმეში არანაირი იარაღი არ ფიგურირებს“.

„ამ მოქალაქეების მოქმედება იყო სამოქალაქო ხასიათისა და არანაირი კავშირი არ ჰქონია აჯანყებასთან "ისლამური რესპუბლიკის საფუძვლების" წინააღმდეგ, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ისინი, აჯანყების ბრალდების გასამართლებლად, [ვითომ] შეიარაღებული იყვნენ“, - თქვა მან.

აქტივისტები შიშობენ, რომ ეს ოთხი ქალი შეიძლება ირანში სიკვდილით დასჯის მზარდი შემთხვევების მორიგი მსხვერპლი გახდეს.

ნორვეგიაში ირანის ადამიანის უფლებათა ჯგუფის ცნობით, მიმდინარე წელს ირანში, სულ ცოტა, 345 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით.

ირანში ადამიანის უფლებების ნიუ-იორკის ცენტრმა (CHRI) განაცხადა, რომ ის ფაქტი, რომ ამ ქალებიდან ორი ქურთია, ცხადყოფს „ისლამური რესპუბლიკის მიერ ქვეყნის უმცირესობების მიმართ სიკვდილით დასჯის არაპროპორციულ გამოყენებას“.

ირანის ქურთისტანის რეგიონი 2022 წლის საპროტესტო გამოსვლების დროს ყველაზე ძალადობრივი დარბევის ადგილი იყო.

ბოლო წლებში თეირანმა გააძლიერა ემიგრაციაში მყოფი იმ ოპოზიციური ირანულ-ქურთული დაჯგუფებების დევნის მცდელობა, რომელთაც ის ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG