Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"იმედი გაუცრუვდათ ქვეყნებს, რომლებსაც რუსეთთან თავდაცვითი ურთიერთობები კარგ რამედ მიაჩნდათ" - ლეო დოქერტი


ლეო დოქერტი
ლეო დოქერტი

პუტინის აგრესიის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიმართულებით, საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული დიალოგის ერთ-ერთი თემა იყო უორდროპის დიალოგის ფორმატით გამართულ მორიგ შეხვედრაზე. ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის ეს ფორმატი, რომელიც პირველი რესპუბლიკის მტკიცე მხარდამჭერისა და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში გაერთიანებული სამეფოს პირველი უმაღლესი წარმომადგენლის ოლივერ უორდროპის სახელს ატარებს, 2014 წელს დაფუძნდა. წელს შეხვედრა ლონდონში, 26 იანვარს გაიმართა და მასში საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მონაწილეობდა, რადიო თავისუფლება შეხვედრის შედეგებსა და რეგიონში უსაფრთხოების ახალ კონტექსტებზე ესაუბრა დიდი ბრიტანეთის ევროპის მინისტრს, ლეო დოქერტის.

ლეო დოქერტი: დავიწყებ იმით, რომ ამ შეხვედრის მნიშვნელობას გავუსვამ ხაზს, იმის ფონზე, თუ როგორ დრამატულად შეიცვალა უსაფრთხოების კონტექსტები თქვენს რეგიონში. Საქართველოზე უკეთ არავინ იცის, თუ რას ნიშნავს, როდესაც რუსეთი შენს დაპყრობას ცდილობს. ჩვენი გადმოსახედიდან, საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია კავკასიის რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების მხრივ და ამიტომ გვინდა დავეხმაროთ სახელმწიფოს განვითარების გზაზე, რომელსაც ისინი ევროატლანტიკური მიმართულებით გადიან. რაც შეეხება განხილულ თემებს: თავდაცვისა და უსაფრთხოების თემები, რა თქმა უნდა, ესენი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ საგულისხმოა ენერგორესურსების თემა, რადგან საქართველო მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანაა, რომლის დერეფანშიც ენერგორესურსების მნიშვნელოვანი ნაკადი მიედინება. კარგი, პროდუქტიული დღე იყო - საქართველო და ბრიტანეთი ერთმანეთისთვის მნიშვნელოვან პარტნიორებად რჩებიან.

რადიო თავისუფლება: რაც შეეხება უსაფრთხოების მხრივ შეცვლილ გარემოს - თავისთავად ცხადია, საუბარია უკრაინაში რუსეთის ომზე - როგორც ყოფილი სამხედრო და ამჟამად მინისტრი ევროპის საკითხებში, როგორ ფიქრობთ, შეუძლია თუ არა ევროპას მეტი გააკეთოს, როდესაც საქმე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ეხება?

იმას, რაც უკრაინაში ხდება, გამოძახილი აქვს მთელ რეგიონშიც. და რაც შეგვეძლება, ყველაფერს გავაკეთებთ უკრაინის მეზობელი ქვეყნებისათვის, რათა მათი მედეგობა და წინააღმდეგობის გაწევის უნარი გავზარდოთ...

ლეო დოქერტი: ვფიქრობ, ამ მხრივ ეს ძალიან დიდი კვირა იყო - უკრაინის სამხედრო მომარაგების საქმეში დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ვიხილეთ. ახლა უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, რამდენად სწრაფად მოახერხებენ უკრაინელები ამ ტექნიკის ბრძოლაში ჩართვას, მაგრამ თავად ნაბიჯი, ვფიქრობ, ჯეროვნად ასახავს ამერიკისა და ევროპის ერთიანობას, სიმტკიცეს, როდესაც საქმე უკრაინის მხარდაჭერას ეხება. მათ ალბათ დასჭირდებათ სხვა რამეებიც, რომლებსაც განვიხილავთ მაშინ, როდესაც უკრაინელი მეგობრები გვთხოვენ. არსებობს გარკვეული ლოგისტიკური შეზღუდვებიც, იმის მხრივ, თუ რა გამოადგებათ და რა არა უკრაინელებს ამ ეტაპზე. Მაგრამ, ვფიქრობ, უნდა დავაკვირდეთ, როგორ გამოიყენებენ საბრძოლო ტექნიკისა და დახმარების ამ მნიშვნელოვან ზრდას.

რადიო თავისუფლება: იქნებ სხვა ქვეყნების შეიარაღება და გაძლიერებაც არ იყოს ურიგო იდეა - განსაკუთრებით ქვეყნებისა, რომლებიც პოტენციურად მოსკოვის საფრთხის ქვეშ არიან?

ლეო დოქერტი: მართალს ბრძანებთ - იმას, რაც უკრაინაში ხდება, გამოძახილი აქვს მთელ რეგიონშიც. და რაც შეგვეძლება, ყველაფერს გავაკეთებთ უკრაინის მეზობელი ქვეყნებისათვის, რათა მათი მედეგობა და წინააღმდეგობის გაწევის უნარი გავზარდოთ. ფაქტია, რომ აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა ძირეულად შეიცვალა და ეს არ არის ცვლილება, რომელიც ხვალ აღარ იქნება - ეს ცვლილება ძალიან დიდხანს გასტანს.

ვფიქრობ, გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაფერი შესაძლებელია. შარშან ვნახეთ, რომ პუტინმა საკუთარ გათვლებში შეცდომები დაუშვა. ის ვარაუდობდა, რომ თუ ნატოს აგრესიულობასა და პროვოკაციულობაში დაადანაშაულებდა, საბოლოო ჯამში, მის საზღვრებთნ ნაკლები ნატო დარჩებოდა...

რადიო თავისუფლება: და კონკრეტულად საქართველოსთვის რა გეგმები გაქვთ?

ლეო დოქერტი: ფართოდ რომ შევხედოთ, მართალი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ აუცილებელია ძლიერი ინსტიტუციები, მათ შორის სამხედრო გაძლიერება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველომ კარგად იცის, რა არის რუსეთის აგრესია. ვფიქრობ, უნდა გაგრძელდეს აღმოსავლეთ ევროპისა და შავი ზღვის ქვეყნების გაძლიერების ტენდენცია, და აქ საუბარია არა მხოლოდ სამხედრო კომპონენტის გაძლიერებაზე, მაგრამ ასევე ღია ეკონომიკაზე, თავისუფალ საზოგადოებასა და მედიაზე. თუ რამე გვასწავლა წინა წელმა, გვასწავლა ის, რომ ავტოკრატიულმა მოდელმა კრახი განიცადა. უამრავი ექსპერტი წინასწარმეტყველებდა, რომ პუტინის ჯარი უკრაინას სამ დღეში გადაუვლიდა, რომ უკრაინა და უკრაინელი ერი მალევე დამარცხდებოდნენ. ამის ნაცვლად, აბსოლუტურად საპირისპირო სურათი ვნახეთ. და ამან ხაზი გაუსვა ავტოკრატიის კრახს, რადგან მოიაზრებოდა, რომ რუსის ჯარი იმიტომაც იყო ეფექტიანი, რადგანაც პუტინი ავტოკრატი მმართველი იყო და მას არ „აწუხებდა“ დემოკრატიული ბორკილები - პასუხს არავის წინაშე აგებდა. ეს მოსაზრება მცდარი გამოდგა - ამის ნაცვლად, პუტინისა და ავტოკრატიული სისტემის საოცარი ფიასკოს მომსწრენი გავხდით.

რადიო თავისუფლება: საქართველოში ამ საკითხს, ვგულისხმობ ქვეყნის განვითარებას, ცოტა სხვანაირად უდგებიან - ბევრი ფიქრობს, რომ ნატოს ქოლგის გარეშე, ქვეყნის მომავლის თავზე მუდმივად იდგება რუსული საფრთხის დიდი კითხვის ნიშანი. ამიტომ, სწორედ ნატოზე მინდა გკითხოთ - გამორიცხული არ არის, რომ ამ ომის დამთავრების შემდეგ, როგორც არ უნდა დამთავრდეს იგი, უკრაინა ნატოში მიიღონ. განიხილებოდა თუ არა ამ შემთხვევაში საქართველოს მსგავსი მისწრაფებებიც? სხვა რომ არაფერი, ნატოს ღია კარზე თბილისი უკვე დეკადებია, აკაკუნებს.

ლეო დოქერტი: ვფიქრობ, გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაფერი შესაძლებელია. შარშან ვნახეთ, რომ პუტინმა საკუთარ გათვლებში შეცდომები დაუშვა. ის ვარაუდობდა, რომ თუ ნატოს აგრესიულობასა და პროვოკაციულობაში დაადანაშაულებდა, საბოლოო ჯამში, მის საზღვრებთნ ნაკლები ნატო დარჩებოდა. აქაც საპირისპირო სურათი ვიხილეთ - სავარაუდოდ, მეტი ნატო მიადგება მის კარს. რაც მან ჩაიდინა, სხვა არაფერია, თუ არა ნატოს გაერთიანება, გაძლიერება, განმტკიცება იმ დონემდე, მანამდე რომ ვერც წარმოვიდგენდით, თუ შესაძლებელი იყო. ნატოს წევრებმა გაიაზრეს სამხედრო ძალის მნიშვნელობა და საჭიროება და გაცილებით მეტი ინვესტიცია ჩადეს სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებაში, რაც ომამდე წარმოუდგენელი იყო. ეს უზარმაზარი ირონიაა, დიდი პარადოქსი, მაგრამ თავად [პუტინმა] დაატეხა ეს ყველაფერი საკუთარ თავს, მისმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა ამ რეალობამდე, ამ ექსტრაორდინარულ პარადოქსამდე.

რადიო თავისუფლება: საქართველოზე ჩაგეძიებით - როგორ ფიქრობთ, პუტინის უკრაინაში შეჭრამ საქართველოს ნატოში გაწევრება უფრო რეალური გახადა თუ პირიქით?

ლეო დოქერტი: ვფიქრობ, რომ გრძელვადიანი პერსპექტივით თუ შევხედავთ, ალბათ კი. რადგან თუ შეხედავთ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა სომხეთი და სერბეთი - ნებისმიერი ქვეყანა, ვისაც მიაჩნდა, რომ რუსეთთან მჭიდრო თავდაცვითი და უსაფრთხოების ურთიერთობები კარგი რამ იყო, დღეს იმედგაცრუებულია. ყველა ის ქვეყანა, ვინც რუსეთის, პუტინის მოკავშირედ მოიაზრებოდა, ახლა ალტერნატივებს ეძებს. ასე რომ, ვნახოთ, რა მოხდება.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

XS
SM
MD
LG