Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სამურაი ყოველთვის მზად უნდა იყოს სიკვდილისთვის“ - ინტერვიუ ანტონ დოლინთან


ანტონ დოლინი
ანტონ დოლინი

ამ ინტერვიუში კინოკრიტიკოსი ანტონ დოლინი ჰყვება თავის ბოლო წიგნზე „ცუდი რუსები“ [«Плохие русские»], რომელიც ახლა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს.

ანასტასია სლოვინსკაიასთან საუბრისას ანტონ დოლინი მსჯელობს იმაზე, თუ როგორ შეუწყო ხელი კინომ პუტინიზმის ფორმირებას, შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველოშიც იგივე განმეორდეს და იხსენებს შეცდომებს, რომელიც თავის დროზე რუსებმა დაუშვეს. და, რა თქმა უნდა, გვიზიარებს თავის შთაბეჭდილებებს ვენეციის კინოფესტივალსა და იქ ნანახ ქართულ ფილმებზე, რომელთაგან ერთიც „ოსკარზე წავა“. ინტერვიუს ბოლოს ანტონ დოლინი განიხილავს, როგორ და რატომ გახდა სიკვდილი 2024 [კინო]წლის მთავარი თემა.

„ცუდი რუსები“ თბილისში - ინტერვიუ ანტონ დოლინთან
please wait

No media source currently available

0:00 0:39:52 0:00

თქვენი წიგნი ახლა მთელ მსოფლიოში მოგზაურობს. ჯერ კიდევ გუშინ ერევანში იყავით, ახლა თბილისში ხართ...

გუშინწინ კიშინიოვში ვიყავი, ზეგ კიდევ რიგაში უნდა ვიყო...

მაგრამ მაინც ვფოკუსირდეთ ერევანსა და თბილისზე. ჩემი დაკვირვებით, ამ ორმა ქალაქმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ყველაზე მეტი მოქალაქე მიიღო. საინტერესო შედარება ჰქონდა ნიუტა [ანა] ფედერმესერს. თბილისის ერევანთან შედარებისას ის წერდა, რომ ადამიანები იყოფიან იმის მიხედვით, კატები უყვართ თუ ძაღლები, საზამთრო თუ ნესვი, ახმატოვა თუ ცვეტაევა, თბილისი თუ ერევანი. ძაღლებსა და კატებზე არ გკითხავთ, რადგან თქვენი ძაღლი - ლარსი ამ კითხვაზე პასუხს ისედაც აშკარას ხდის... სხვათა შორის, გამოცდილმა „რელოკანტებმა“ შეიძლება იფიქრონ, რომ ვლაპარაკობთ ზემო ლარსზე, მაგრამ სინამდვილეში ვგულისხმობთ ლარს ფონ ტრიერს. მოკლედ, რას ფიქრობთ თბილისსა და ერევანზე, თქვენთვის როგორ არის?

მიყვარს ჩასვლა თბილისშიც და ერევანშიც... აქვე დავამატებდი მესამე ქალაქსაც, კიშინიოვს. ამ ქალაქებში თავს კარგად ვგრძნობ...

ძალიან რთული კითხვაა. ვფიქრობ, რომ თბილისი იგებს სიწარმტაცით. ძალიან ლამაზი ქალაქია, დაუსრულებლად ავლენს თავის ახალ ნიშნებს, ხოლო ერევანი არ მეჩვენება ლამაზად, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი წარმოუდგენლად ლამაზი ქვეყანაა. მაგრამ, ახლა, ალბათ შეურაცხყოფას მივაყენებ თბილისელების უზარმაზარ რაოდენობას, თუმცა მომიწევს ამის გაკეთება. მგონია, რომ ერევანი უფრო გემრიელია. და ეს დრამატულია. მე მაგალითად მიყვარს ღვინო და ცხადია, რომ ქართველები ამ საკითხში დაუმარცხებლები არიან, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათ ვადარებთ არა ფრანგებს, არამედ სომხებს. იმის გათვალისწინებითაც, თუ ღვინის როგორი კულტურაა, როგორ ვეთაყვანები სულგუნს და უამრავ სხვა რამეს. მაგრამ ერევანი მაინც რაღაც უნიკალური ქალაქია. ეს არის ქალაქი, სადაც შეგიძლია თვალი დახუჭო და ისე აირჩიო ნებისმიერი კაფე, რომელშიც აუცილებლად იქნება ღვთაებრივად გემრიელი საჭმელი. დღემდე ვერ ამომიხსნია ეს საიდუმლო. შეიძლება საჭმელში უმატებენ რამეს. მოკლედ, არ ვიცი, როგორ ახერხებენ ამას.

რაც შეეხება ადამიანებს, ძალიან რთულია შედარება, რადგან აქ არის ორი ასპექტი. პირველი - ჩემი აუდიტორია, ის ვინც მოდის ღონისძიებაზე, რომელსაც მე ვუძღვები ან ვმართავ. ეს ადამიანები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, ისევე როგორც ჰგვანან მთელ მსოფლიოში. სინამდვილეში ისინი ჰგვანან ერთმანეთს არა იმიტომ, რომ ჩემი აუდიტორია ერევანსა თუ თბილისში ძირითადად „რელოკანტებისგან“ შედგება, სრულებითაც არა. ჩემს ღონისძიებებზე ბევრი ადგილობრივი მოდის როგორც თბილისში, ასევე ერევანში და საერთოდაც, სინამდვილეში, ასეა ძალიან ბევრ ქალაქში, სადაც მოსახლეობის თუნდაც გარკვეული პროცენტი მაინც ფლობს რუსულ ენას. მაგრამ არიან სხვები, დანარჩენები და ამ თვალსაზრისით, მგონია, რომ სომხეთისა და კონკრეტულად ერევნის მცხოვრებლები და საქართველოსა და კონკრეტულად თბილისის მცხოვრებლები, ძალიან განსხვავებულები არიან. მათ შორის საერთო არაფერია. სრულიად განსხვავებული ტემპერამენტი აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ახლო მეზობლები არიან. თუმცა ისიც ვიცით, ეს როგორ ხდება. ფრანგები და გერმანელებიც ახლო მეზობლები არიან, მაგრამ აბა სცადეთ და შეადარეთ ერთმანეთს. ეს მართლაც რომ ყინული და ცეცხლივითაა, სრული შეუსაბამობაა.

მე ვტკბები ამ განსხვავებით, მით უმეტეს, კულტურული, კინემატოგრაფიული განსხვავებით; პოეზიის, სახვითი ხელოვნების ტრადიციების განსხვავებით. არ იქნება ღირსეული საქციელი, კულტურით დაკავებულმა ადამიანმა რომ თქვას, მეტად მომწონს „ეს“ ან მეტად მომწონს „ის“, აბსოლუტურად განსხვავებული რამეებია. მიყვარს ჩასვლა თბილისშიც და ერევანშიც... აქვე დავამატებდი მესამე ქალაქსაც, კიშინიოვს. ამ ქალაქებში თავს კარგად ვგრძნობ. ხანმოკლე სტუმრობების დროს ყოველთვის ვცდილობ შინ დაბრუნების დაკარგული გრძნობის კომპენსირებას.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სადღაც და როგორღაც მაინც მოიხელთოთ ეს შეგრძნება...

არც ვიყავი დარწმუნებული, რომ ეს სათაური ასე კარგად იმუშავებდა. მუშაობს როგორც ლაკმუსის ქაღალდი. ამოწმებს ადამიანებს, ზოგიერთი ეგრევე საკუთარ თავზე იღებს. არ ვიცი, რატომ...

უეჭველად. მაგალითად, რიგა, სადაც ვცხოვრობ და, რომელიც ძალიან შევიყვარე, ასრულებს ახალი სახლის როლს. უზომოდ მადლიერი ვარ და ძალიან მიყვარს ამის გამო, მაგრამ ეს სწორედაც რომ ახალი, სხვა ტიპის სახლია, აქ კი ძველი სახლის რაღაც გამოძახილებია, რომლებიც, სხვათა შორის, შესაძლოა მირაჟული, წარმოსახვითი იყოს, მაგრამ ისინი არსებობენ, შეიგრძნობიან.

„ცუდი რუსები“... ვიდრე თქვენი ახალი წიგნის შინაარსზე ვისაუბრებთ, ჯერ მოგვიწევს ვილაპარაკოთ მის სათაურზე. რა თქმა უნდა, ყველა მკითხველს აქვს უფლება განმარტოს ისე, როგორც მას სურს. მაგრამ მინდა გკითხოთ, რა შინაარსი ჩადეთ მასში თქვენ და როგორ გინდათ, რომ გაიგონ იგი იმ ადამიანებმა, რომლებიც ხელში აიღებენ თქვენს წიგნს?

პირველ რიგში... წიგნისგან მჭირდება ორი რამ: რომ იყიდონ და, რომ წაიკითხონ. ეს უნდა ნებისმიერ ავტორს. სათაური პროვოკაციულია, ამიტომ ზოგიერთმა შესაძლოა ამის გამო არ შეიძინოს, მაგრამ თუ გაყიდვებით ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, ბევრი სწორედ ამის გამო იყიდის. ჩემი ჩანაფიქრი, ყოველგვარი მზაკვრობის გარეშე, ისაა, რომ აღვწერო კინემატოგრაფი, მათ შორის უმეტესად ისეთი ფილმები, რომლებიც მე თვითონ არ მომწონს. პუტინის რუსეთის ბოლო 25 წლის კომერციული, მეინსტრიმული კინო 450 გვერდზე... პრინციპში, ვინმემ ეს წიგნი ასე რომ აღმიწეროს, არ მჯერა, რომ მე თვითონ ვიყიდი. რაღაც ძალიან აკადემიური, მოსაწყენი ჟღერადობა აქვს. რამე უნდა გააკეთო, რომ ადამიანები ააწრიალო, რომ ერთმანეთს უთხრან: „უჰ, შენი, ეს რა რის!“ წაიკითხავენ ისინი, ვისაც არ მოასვენებთ კითხვა, რა გაგებით ცუდი რუსები? ისინი კი, ვინც არ მოისურვებენ წიგნის ყიდვას და ეგრევე განაწყენდებიან, ვერ გაიგებენ ვერაფერს და, მოდი, არც ჩვენ მოვუყვეთ წიგნის შინაარსი მათ. იმის გამო არ ვამბობ, რომ არ განვმარტო ან არ ვუპასუხო კითხვას, მაგრამ, ჩემი აზრით, მხოლოდ მოჩვენებითია, რომ სათაური ძალიან ხისტად და შეურაცხმყოფლად ჟღერს, სინამდვილეში მე თვითონაც არ მესმის, რატომ ეჩვენებათ ასე... თქვენ თუ შეგიძლიათ რომ ჩამოაყალიბოთ, რატომ?

ჩემთვის საერთოდ არ არის საწყენი, ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რადგან მართლაც ბევრი ვარიაციაა. ამ სათაურის დანახვისას, ეგრევე გამიჩნდა რამდენიმე აბსოლუტურად განსხვავებული ასოციაცია. მესმის, რომ თქვენ შეიძლება ყველა მათგანი გქონდათ მხედველობაში - ცალ-ცალკე ან ყველა ერთად. შესაძლოა ამას არც აქვს მნიშვნელობა...

წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც დაკავებულია ბიზნესით, შედის წიგნის მაღაზიაში, სადაც თაროზე დევს წიგნი „ქურდბაცაცა ბიზნესმენები“. აღშფოთებისგან სახე უჭარხლდება, სტაცებს ხელს და მიდის სალაროსთან ყვირილით: ამ წიგნით გული მატკინეთ, რატომ დაასათაურეთ ასე! მაგრამ ეს ხომ წიგნზე კი არა, არამედ ადამიანზე მეტყველებს. ხომ ასეა?

თქვენთანაც მოსულან საყვედურის სათქმელად?

რა თქმა უნდა! რა თქმა უნდა!

რაზე?

რომ არ შეიძლება წიგნის ასე დარქმევა.

თუ რუსების არ შეიძლება?

წიგნის.

წიგნის თუ რუსების?

სწორედაც რომ რუსებს არ ვუწოდებ ცუდებს. წიგნის სათაური არ არის „რუსები ცუდები არიან“, წიგნს ჰქვია „ცუდი რუსები“.

მაგრამ ხალხი ამას ხედავს, როცა სათაურს კითხულობს.

ეს მეტყველებს ადამიანებზე. არც ვიყავი დარწმუნებული, რომ ეს სათაური ასე კარგად იმუშავებდა. მუშაობს როგორც ლაკმუსის ქაღალდი. ამოწმებს ადამიანებს, ზოგიერთი ეგრევე საკუთარ თავზე იღებს. არ ვიცი, რატომ. სინამდვილეში, აქ რამდენიმე ფენაა. ამის შესახებ საათობით შემიძლია ლაპარაკი, მაგრამ ვეცდები მეტ-ნაკლებად ლაპიდარული ვიყო. „ცუდი რუსები“ რაღაც შეურაცხმყოფელი დამღასავითაა. სინამდვილეში არ არსებობს ასეთი დამღა. არსებობს დამღა „კარგი რუსების“ სახით. „კარგი რუსები“ - ეს იმთავითვე უხეირო საშუალებაა ასე უწოდო იმ რუსებს, რომლებიც არ ეთანხმებიან პუტინის პოლიტიკას. გარდა ამისა, ეს ასევე არის აბუჩად აგდების საშუალება - თითი გაიშვირო იმ რუსებისკენ, რომლებიც იმის გამო, რომ არ ეთანხმებიან პუტინს, კარგ ადამიანებად მიიჩნევიან, მაგრამ მაინც იმპერიალისტები, კოლონიზატორები და უბრალოდ ცუდები არიან. თუმცა მათ არავინ ეძახის ცუდ რუსებს. და როცა კამათს იწყებენ რუსები, ისინი იმის გარკვევას ცდილობენ, რომელი უფრო უკეთესია. ხოლო ვინ არის ცუდი, არავინ იცის. შეიძლება პუტინი, მაგრამ ესეც არ არის დაზუსტებული.

ყველასთვის არაა.

მგონია, რომ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ ინტელექტი, არ შეუძლიათ დუგინის მსჯელობებში გარკვევა, ხოლო ვისაც აქვთ ინტელექტი, ისინი - დასცინებენ...

გამოდის, რომ „ცუდი რუსები“ რაღაც „უხილავი ზონაა“, ის რაც არ არის, ის რაზეც არ ვლაპარაკობთ, რაზეც არ ვფიქრობთ, რაც არ არსებობს. მე მათ სავსებით ვეთანხმები. ცუდი რუსები, ისევე როგორც კარგები, არ არსებობენ. საერთოდაც, კარგი და ცუდი ადამიანები არსებობენ მხოლოდ ზღაპრებში.

ისიც, საკმაოდ პირობითად...

კი ბატონო. ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ამიტომ, როცა ვახდენთ მათ კლასიფიცირებას კარგებად და ცუდებად, შევდივართ გამარტივებების ისეთ ზონაში, როგორებიც მხოლოდ ცუდ კინოებშია, მე კი წიგნი მაქვს ცუდ კინოზე.

ცუდი და კარგი კინო თუ არსებობს?

ეს კიდევ უფრო რთული კითხვაა. ამ წიგნში ვცდილობ შევეხო მას. გაგიმხელთ არც ისე დიდ საიდუმლოს და გეტყვით, რომ წიგნის პირველი სათაური იყო „ცუდი რუსული ფილმები“. ბოლომდე ვორჭოფობდი, მაგრამ შემდეგ ვიფიქრე, რომ არ შეიძლება ბალაბანოვის „ძმას“ ან „მეცხრე რაზმს“ უწოდო ცუდი ფილმები. არა, ვიღაცისთვის ისინი საზიზღრობაა, მაგრამ ვიღაცისთვის ფელინის „რვა-ნახევარიც“ საზიზღრობაა. მთლიანობაში ფილმს, რომელიც გაკეთებულია ფართო აუდიტორიისათვის და, რომელიც აუდიტორიას მოეწონა, რა უფლებით უნდა ვუწოდოთ ცუდი? იმიტომ, რომ ჩვენთვის, როგორც მაყურებლისთვის, არ არის მახლობელი?

და მე მივხვდი, რომ მაშინაც კი, თუ ეს ფილმები წყალს ასხამენ რაღაც ბოროტების მანქანაზე, მაგალითად, ეხმარებიან, ნებსით თუ უნებლიეთ, პროპაგანდის მანქანას, ეს არ აქცევს მათ ეგრევე ცუდ ფილმებად, რადგან ცუდი კინო ჩვენთვის, პირველ რიგში ესთეტიკურად არადამაკმაყოფილებელი კინოა. საერთოდაც სიტყვები „კარგი“ და „ცუდი“ ეთიკის ლექსიკონიდანაა და არა ესთეტიკიდან. აი, ასეთი პარადოქსია. როცა ვლაპარაკობთ კარგსა და ცუდ კინოზე, არასოდეს არ ვლაპარაკობთ ეთიკაზე, ყოველთვის მხედველობაში გვაქვს ესთეტიკა - კარგად არის თუ არა გაკეთებული. სწორედ ამიტომ სათაურიდან ამოვიღე და ჯანდაბაში გავუშვი სიტყვა „ფილმები“, უფრო ზუსტად, გადავიტანე ქვესათაურში - კინო „ძმა“-დან „კაი ბიჭის სიტყვამდე“. ქვესათაური წიგნის სუპერზეა, სათაური კი - ყდაზე.

გარდა ამისა, „ცუდი რუსები“ ცივი ომის ლექსიკონის შტამპია, ეს არის პერსონაჟი ჰოლივუდის ცუდი, იდეოლოგიური, პროპაგანდისტული კინოდან, რომლის გმირები უშანკებიანი, კალაშნიკოვებიანი რუსები არიან და, რომლებსაც ებრძვის ჯონ რემბო. ეს ყველაფერი დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა და თვითონ ამერიკელებიც „წითელ სიცხეში“ [Red Heat] ამაზე ქილიკობდნენ. მაგრამ „ცივი ომი“ დაბრუნდა, რაშიც ეჭვი არავის გვეპარება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვკითხულობთ დმიტრი მედვედევის Twitter-ს ანგლოსაქსებსა და ბურვაკებზე.

მოკლედ, „ცივი ომის“ ლექსიკონი დაბრუნდა და რატომ არ უნდა გავიხსენოთ ცივი ომის დროინდელი ეს საინტერესო ტერმინი, რომელიც კინემატოგრაფიულია და არა პუბლიცისტური, რადგან ცუდი რუსების შესახებ „ნიუ-იორკ-ტაიმსი“ რეიგანის დროსაც კი არ წერდა. „ცუდი რუსები“ - სწორედაც რომ კინოს პერსონაჟებია, ერთგვარი კომიქსია, ასეთები სინამდვილეში არ არსებობენ, მხოლოდ - კინოში, მაგრამ წიგნიც ხომ კინოზეა.

და ბოლოს, ჩემი აზრით, დანილა ბოგროვი, საშა ბელი და სხვა ბევრი საყვარელი გმირი საყვარელი ფილმებიდან, ერთგვარი როლური მოდელები - ისინი ყველანი, ისევე როგორც პუტინი, იმთავითვე თამაშობენ ცუდებს. მათ მოსწონთ იყვნენ ცუდები, დაარღვიონ კანონები, გამოიყენონ იარაღი და ძალა იმისათვის, რომ აჩვენონ ყველას: „კი, თქვენი, ამერიკული საზომით, კარგები არ ვართ, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ სამართლიანები და კეთილსინდისიერები ვართ და თქვენ თუ გინდათ, დაგვიძახეთ ცუდები“. ერთგვარი განზრახ ჰუსარობაა „დიახ, ჩვენ ცუდები ვართ“.

დღეს, როცა კითხულობ რომელიღაც შეშლილ პროპაგანდისტებს მარია ზახაროვადან დმიტრი კისილიოვამდე, რომლებიც ამბობენ, ახლა ყველაფერს ბირთვულ ფერფლად ვაქცევთო, ესეც ცუდი ქცევაა. მათ მოსწონთ იყვნენ ცუდები, მოსწონთ ილაპარაკონ ბურვაკებზე, ილაპარაკონ არა ადამიანურ ენაზე, არამედ ქუჩის ენაზე. ეს არის ერთგვარი ტკბობა ცუდობით, რომელსაც მივყავართ ბაირონიზმამდე, ლუციფერითა და მისი დაცემით აღფრთოვანებამდე. ის უბრალოდ ცუდი კი არა, ღვთაებრივი წესრიგისა და სინათლის წინააღმდეგ აღმდგარი მეამბოხეა. ეს მაცდუნებელი სიბნელეა, რაც ასე ბლომადაა დოსტოევსკის რომანებში, რომელთა გავლენის შესახებ ასე ბევრი ითქვა ბოლო დროს და არც ეს არის შემთხვევითი. დოსტოევსკი ესაა წყვდიადით, ბოროტებითა და ცუდობით აღტყინება.

პუტინიზმი ბევრად რთული და ღრმა მოვლენაა, ვიდრე პუტინი, რომელიც, როგორც მე მგონია, საერთოდ არ არის რთული მოვლენა...

წაიკითხეთ სტავროგინის აღსარება, წაიკითხეთ სვიდრიგაილოვის ბოლო მონოლოგი თვითმკვლელობის წინ... - ყველა ისინი ცუდი რუსები არიან. სინამდვილეში ეს უძირო ცნებაა და, ჩემი აზრით, ძალიან მომხიბვლელიც. ტიპური ცუდი რუსი ეს პეჩორინია, რომელიც ასევე რომანტიკული გმირია, როგორც დანილა ბოგროვი, თუმცა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულები. მაგრამ მათი რომანტიკულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

მაგალითად, ტრევის ბიკლი (Travis Bickle) სკორსეზეს „ტაქსისტიდან“, რომლის მონათესავე სულია დანილა ბოგროვი, არ არის რომანტიკული გმირი. მისი რომანტიზება შეუძლებელია. თუმცა შესაძლებელია მის მიმართაც გაგიჩნდეთ სიმპათია - რა თქმა უნდა, მის როლს თამაშობს დე ნირო, მაგრამ საქმე მსახიობის მომხიბვლელობაში როდია, საქმე, რა თქმა უნდა, ავტორის ჩანაფიქრშია. იმაში, თუ როგორ ხედავს მაყურებელი, როგორ გადამუშავდება მასობრივ ცნობიერებაში და ეს ძალიან საინტერესო საქმეა. ვშიშობ, რომ ბოლომდე ვერ გავშალე ყველაფერი ჩემს წიგნში, მიუხედავად იმისა, რომ მასში, თუ არ ვცდები, 430 გვერდია. თუმცა ისიც საქმეა, რომ ამ საკითხების შესახებ განვაცხადე და ვცადე ეს განაცხადი, მეტ-ნაკლებად, გამემართლებინა.

თუ თქვენი წიგნი გამოკვლევაა, როგორ დაეხმარა ბოლო 25 წლის რუსული კომერციული კინო პუტინის რეჟიმის იდეოლოგიის ფორმირებას, შეგიძლიათ მოკლედ უპასუხოთ კითხვას, როგორ?

რა თქმა უნდა, სულაც არ არის რთული. კინო იყო და ახლაც რჩება რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების ფასადად. კინოში იდება მეტი ფული, ვიდრე ხელოვნების სხვა ნებისმიერ დარგში. კინოს გააჩნია ზემოქმედების ყველაზე დიდი ზონა. გარდა ამისა, კინოს შესწევს უნარი, ფორმულირების გარეშე, სიტყვების ნაცვლად სახეებით, მოახდინოს იმ იდეოლოგიური საფუძვლების ჩამოყალიბება, რომლებიც მუშაობენ, მათ შორის ომის გამართლებაზეც. „რუსები თავისიანებს არ ტოვებენ“, „ვინც მართალია, ის ძლიერიცაა“ და, რა თქმა უნდა, ხმამაღლა ართქმული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი, „სევასტოპოლის გამოც მოგეთხოვებათ“ [ფრაზები რუსეთში პოპულარული ფილმებიდან] - ეს ყველაფერი ჩადებულია დღევანდელი ომის საფუძველში. და ფარისევლობა ან სიბრიყვე იქნებოდა ამის არაღიარება.

აქედან არ გამომდინარეობს, რომ ბალაბანოვია [რეჟისორი ილია ბალაბანოვი. გარდაიცვალა 2013 წ.] დამნაშავე. მას ეს არ უგულისხმია. მეტიც, მიმდინარეობს უნაყოფო კამათი იმაზე, თუ რას იტყოდა ის დღევანდელ ომზე. მას არასოდეს მოსწონდა ხელისუფლებასა და მეინსტრიმთან ყოფნა. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მას არ მოეწონებოდა ეს ომი და რამე გესლიანსა და უსიამოვნოს იტყოდა მის შესახებ. მაგრამ ის აღარ არის ცოცხალი და მისი ფილმი, ამ ფილმის გმირი, ეს იდეები - შესაძლოა ბალაბანოვის იდეები კი არა, არამედ მისი გმირის, ანდა ბალაბანოვის იდეებია, ოღონდ ცხოვრების რაღაც ეტაპზე - ეს უკვე აღარ არის მნიშვნელოვანი. ეს ყველაფერი მუშაობს რეჟიმზე, რომელსაც იდეოლოგიურად ფორმულირებული საკუთარი პროგრამაც კი არ გააჩნია. შეუძლებელია დუგინის სეროზულად წაკითხვა ან მიღება. ეს წარმოუდგენელია.

ვიღაცას შეუძლია...

მიჭირს ამის დაჯერება. მგონია, რომ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ ინტელექტი, არ შეუძლიათ დუგინის მსჯელობებში გარკვევა, ხოლო ვისაც აქვთ ინტელექტი, ისინი - დასცინებენ. მესამე ვარიანტი, რომ გაქვს ინტელექტი და დუგინში ხედავ რაიმე შინაარსს, ძნელად წარმომიდგენია.

პუტინიზმი, როგორც მე მესმის, არ არის მხოლოდ რუსული მოვლენა. პუტინიზმს შეუძლია არსებობა პუტინის პიროვნებასთან კავშირის გარეშეც. საქართველოში ბოლო ერთი წლის მოვლენები - მხედველობაში მაქვს უცხოელი აგენტებისა და ლგბტ პროპაგანდის შესახებ კანონების მიღება - ძალიან გვაგონებს იმას, რაც ხდებოდა რუსეთში. როცა ამაზე ვფიქრობ, ჩემს თავს ხშირად შევახსენებ, რომ რუსეთისა და საქართველოს საზოგადოებები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულები არიან, რომ აქ ვერ შეძლებენ იმის გატანას, რაც მიიღეს რუსეთში, სადაც ხელისუფლებამ, ყველა, ვისაც საფრთხედ აღიქვამდა, ან გაანადგურა, ან ციხეში ჩასვა, ან დააშინა და გაძევა ქვეყნიდან.

მაგრამ, ამავდროულად, მიჩნდება კითხვა, თავის დროზე თუ უფიქრიათ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა იძულებული არიან იხეტიალონ მთელ მსოფლიოში და თავი იმართლონ იმ ხელისუფლების ქმედებების გამო, რომელიც არასოდეს აურჩევიათ, თუ უფიქრიათ მათ, თუ გიფიქრიათ თქვენ, ანტონ, თუნდაც 5 წლის წინ, რომ 2022 წლის თებერვალში მოვიდოდნენ და თქვენს კარზე დასვამდნენ Z ნიშანს და მოგიწევდათ ნაჩქარევად სახლის დატოვება? იქნებ ჩვენც არ ვიცით, რომ იგივე გველის პირობითი ხუთი ან ორი წლის შემდეგ?

არ მინდა კასანდრას როლში გამოსვლა. ძალიან უმადური როლია. თუ მართალი აღმოჩნდები, გეტყვიან, რომ გარკვეულწილად შენი ბრალია, თუ არ აღმოჩნდები - დაგცინებენ. მინდა მჯეროდეს, რომ რუსული კაზუსი ბევრი საზოგადოებისთვის იქნება გაკვეთილი იმ თვალსაზრისთ, რომ არ გაიმეორონ.

მაგრამ თქვენ მართალი ხართ. პუტინიზმი ბევრად რთული და ღრმა მოვლენაა, ვიდრე პუტინი, რომელიც, როგორც მე მგონია, საერთოდ არ არის რთული მოვლენა. პუტინი, როგორიც ის არის, გაიზარდა და ჩამოყალიბდა პუტინიზმის საფუარზე. შეიძლება სხვა სახელიც დავარქვათ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, რას დავუძახებთ, მთავარია, რომ იყო ასეთი ლიდერის, ასეთი იდეების, ასეთი მოქმედებების მოლოდინი, რაც მან ხალხს შესთავაზა.

კინომ ეს ყველაფერი წარმოაჩინა - ანუ საბჭოთა კავშირის ნოსტალგია, იმპერიის აღდგენის სურვილი, გულისწყვეტა იმაზე, რომ ეს იმპერია აღარ არსებობს, ომი, რომლის გამეორება გინდა, გამარჯვება, რომლის გამეორებაც გინდა...

რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში არ არსებობს ნამდვილი სოციოლოგია, არ არსებობს ნამდვილი არჩევნები, მაინც მგონია, რომ მოსაზრება, პუტინი არის იზოლირებული ურჩხული, რომელიც მარტო სჩადის იმას, რასაც სჩადის და ყველა დანარჩენი იძულებულია დაემორჩილოს მას, ცოტა არ იყოს, არაზუსტია.

მიმაჩნია, რომ რუსეთის საზოგადოება გახლეჩილია, მაგრამ სულაც არ მიმაჩნია, რომ ის ადამიანები, რომლებიც ისე ფიქრობენ, როგორც მე, აუცილებლად უმცირესობაში არიან. უბრალოდ, პროტოკოლისთვის ვიტყოდი, ჩვენ ჯერ არ გვქონია შესაძლებლობა და საშუალება, შეგვემოწმებინა ეს.

დიახ, თქვენ მართალი ხართ. ჩვენ ყველანი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიმყოფებოდით ილუზიების, თავის მოტყუების ტყვეობაში. მოვიყვან ამგვარი, ჩემი აზრით, არასწორი მსჯელობის მაგალითს, რომელიც თითქმის ყველა ჩვენგანმა დაიჯერა, - რომ პუტინის ხელისუფლება „ჟულიკები“ და ქურდები არიან. რომ მათთვის მთავარია გამდიდრება, რომ მათ არ გააჩნიათ არანაირი სურვილები, გარდა რაც შეიძლება დიდი ვილების დაუფლებისა.

ვილები მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ... აი, ისინი იწყებენ რაღაც მოქმედებებს, დაწყებულს მაგალითად ყირიმის ანექსიით, რაც პირდაპირ იწვევს ვილების დაკარგვას, მაგრამ ისინი არ ჩერდებიან, განაგრძობენ ფოცხზე ფეხის დაბიჯებას. გამოდის, ვილებში არ ყოფილა საქმე. ანდა მხოლოდ ვილებში არ ყოფილა საქმე. არის რაღაც უფრო მნიშვნელოვანი.

იმის გამო, რომ ამ იდეოლოგიაზე ხმამაღლა არავინ ლაპარაკობს და თუ ლაპარაკობს, მხოლოდ დუგინის მსგავსი გაურკვეველი ადამიანი, რომელსაც პროპაგანდის მინისტრის ოფიციალური თანამდებობაც კი არ აქვს, რაც ოდნავ მაინც გააადვილებდა ამ ყველაფრის გაგებას, იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ თითქოს არ არსებობს არანაირი იდეოლოგია, თითქოს პუტინი დღეს ერთს ამბობს, ხვალ კი - მეორეს. რაც ასეც არის. რადგან მისთვის სულერთია, იქნება ის სტალინისტი თუ - ანტისტალინისტი, დემოკრატი თუ კონსერვატორი... მისთვის სულერთია, ის სიტუაციურად მოქმედებს ხან ასე, ხან ისე, მხოლოდ იმისთვის, რომ გამდიდრდეს, მაგრამ ეს ასე არ არის.

მგონია, რომ არსებობს სრულიად განსაზღვრული საფუძვლები, პუტინიზმის მთელი ფილოსოფიები და იდეოლოგიები, რომლებზეც საკმაოდ მყარად დგას ძალადობის დღევანდელი მანქანა, მეტწილად, რა თქმა უნდა, სახელმწიფო, ვიდრე საზოგადოებრივი, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი ამ სახელმწიფო მანქანას მხარს უჭერს. კინო კი, ჩემი აზრით, ძალიან კარგი ლინზაა იმისათვის, რომ ადამიანი დააკვირდეს ამ საფუძვლებს. შემიძლია მარტივი ენით ჩამოგითვალოთ.

ეს არის ძალის კულტი. მკაფიო დაკავშირება ძალისა და სიმართლისა - ვინც მართალია, ის ძლიერია და პირიქით, ვინც ძლიერია, ის მართალია. უკრაინასთან ომი პირდაპირ აჩვენებს ამ ლოგიკას. ნუ ამბობთ, რომ არ ვართ მართლები, რადგან ჩვენ უფრო ძლიერები ვართ. და ეს ყველაფერი დაიწყო კინოთი, ოღონდ არა იმ გაგებით, რომ კინოა დამნაშავე, არა, უბრალოდ კინომ მოახდინა ამის ფორმულირება. ვერანაირმა დუგინებმა ეს ვერ ჩამოაყალიბეს, კინომ კი ძალიან მკაფიოდ და აფორისტულად მოახდინა ფორმულირება.

ესაა: ომი - როგორც ზნეობრივი სამაგრი, 9 მაისი, ომზე გადაღებული ფილმები, რომლებიც სულ უფრო და უფრო პოპულარულები ხდებიან. გამარჯვება - როგორც ზნეობრივი სამაგრი; გამარჯვების იდეა; იდეა - შეგვიძლია გავიმეოროთ... „შეგვიძლია გავიმეოროთ“ - ეს არ არის რაღაც უბრალოდ სიმბოლო. ეს არის იდეა მუდმივი ციკლურობის შესახებ, ეს ისეთივეა, როგორიც საბჭოთა, პოსტსაბჭოთა რუსული ახალი წელი, ერთი და იგივე საბჭოთა სიმღერები, ერთი და იგივე საბჭოთა ფილმები. აქვე უნდა გავიხსენოთ საბჭოთა ფილმების რიმეიკები, მემკვიდრეობითობა - ჩვენ და უძრაობის პერიოდი (ე.წ. ზასტოი), ზასტოის კულტი, საბჭოთა კავშირის კულტი, ნოსტალგიის კულტი; აქვეა ჩებურაშკა, ლეონიდ ბრეჟნევი, კოსმოსში გაფრენა, ბალეტი, სპორტული გამარჯვებები და ა.შ.

კინომ ეს ყველაფერი წარმოაჩინა - ანუ საბჭოთა კავშირის ნოსტალგია, იმპერიის აღდგენის სურვილი, გულისწყვეტა იმაზე, რომ ეს იმპერია აღარ არსებობს, ომი, რომლის გამეორება გინდა, გამარჯვება, რომლის გამეორებაც გინდა - ამ ყველაფერს მანამდე გაჰყვიროდნენ და მერე გაიკვირვო, 2022 წელს ომი როგორ დაიწყოო.... - ვა, რანაირად?

„კომედი ქლაბი“, გარიკ ხარლამოვი, რომელიც პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირია. არასოდეს იუმორი არ იქნება მიმართული პუტინისა და კრემლის წინააღმდეგ. მაშ, ვის წინააღმდეგ იქნება მიმართული?..

ნახეთ „T-34“, ამ ფილმში უკვე ჩანს, რომ ომი აუცილებლად იქნება, უბრალოდ, იმ ეტაპზე ჯერ კიდევ არ ჰქონდათ მოფიქრებული, ვისთან უნდა ეომათ.

რასაკვირველია, ქსენოფობიაც. იუმორი, რომელიც არასოდეს არ იქნება მიმართული ხელისუფლების წინააღმდეგ... „კომედი ქლაბი“, გარიკ ხარლამოვი, რომელიც პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირია. არასოდეს იუმორი არ იქნება მიმართული პუტინისა და კრემლის წინააღმდეგ. მაშ, ვის წინააღმდეგ იქნება მიმართული? მართალია! სასაცილო კავკასიელების, შუააზიელების და ა.შ. წინააღმდეგ. აი, ვინ არიან სასაცილოები. ასევე ოლიგარქებიც, რადგან ისინი მდიდრები არიან. სასაცილოები არიან მდიდრები, სასაცილოები არიან ჭკვიანები, სასაცილოები არიან არარუსები და ა.შ. - ეს ყველაფერი იყო ამ სუპერპოპულარულ ფილმებში. ეს ყველაფერი იყო და ბრმა უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომ ეს ვერ დაენახა. ალბათ ჩვენ ყველანი ვიყავით კიდეც ცოტათი ბრმები.

თქვენი ბევრი ლექცია, გამოსვლა მაქვს მოსმენილი და თქვენ ტოვებთ... როგორ ვთქვა ზუსტად... სწორი ადამიანის შთაბეჭდილებას, რაც შესანიშნავია. მაგრამ, როცა ვფიქრობ იმაზე, თუ რატომ არ გამოუვიდათ არაფერი პუტინიზმის წინააღმდეგ მებრძოლ რუსებს... იქნებ სწორედ წესიერებამ და სისწორემ, რომელიც დამახასიათებელია წესიერი ადამიანებისათვის, ხელი შეუშალა წინააღმდეგობის ქმედითობას?

თქვენ, ადამიანი, რომელიც პრინციპში მონაწილე იყავით ბოლო 20 წლის განმავლობაში რუსეთში მიმდინარე ამ პროცესის და, ვინც ცდილობს ყოველივე ამის გაანალიზებას, რას ურჩევდით იმ ხალხს საქართველოში, ვინც შიშობს არ გაიმეოროს ის შეცდომები, რომლებიც თავის დროზე დაუშვეს რუსეთის მოქალაქეებმა?

ჩვენთან რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ყველა პროექტი ჩავარდა... მე შემიძლია ზუსტად გითხრათ ერთი რამ: პასიურობა, გვერდზე გადგომა და გულგრილობა აბსოლუტურად დამღუპველია...

იცით, მე შემიძლია მხოლოდ ერთი რჩევის მოცემა. საერთოდ არ მინდა აღმოვჩნდე მრჩევლის როლში, რადგან მგონია, რომ რუსეთის მოქალაქეებმა არავის არაფერი არ უნდა ურჩიონ. ჩვენთან რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ყველა პროექტი ჩავარდა. შეიძლება დიდხანს ვიდავოთ იმაზე, ჩავარდა იმის გამო, რომ შეუძლებელი იყო ამ პროექტების წარმატებით დასრულება თუ იმის გამო, რომ ეს იყო დანიშნული ბანქოთი თაღლითებთან თამაში, თუ ჩვენ ვიყავით არასაკმარისად კარგები. ამის შემოწმება ახლა შეუძლებელია, ისტორია არ ცნობს კავშირებით კილოს, მაგრამ მე შემიძლია ზუსტად გითხრათ ერთი რამ: პასიურობა, გვერდზე გადგომა და გულგრილობა აბსოლუტურად დამღუპველია. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ყურადღების არმიქცევა. ეს ყველას ეხება და მისი შედეგი ყველას მიაკითხავს და ყველას კარზე დააკაკუნებს. ეს არის ის, რაც რუსეთში საკუთარ თავზე გამოვცადეთ. გაფრთხილებთ მხოლოდ პასიურობის, დუმილის და არმონაწილეობის შესახებ.

ვისაც უკვე აქვს ძალა და ძალაუფლება, ისინი მარტივად არ დათმობენ. ძალით ძალაუფლების წასართმევად, მეტი ძალაა საჭირო. რუსეთში ამგვარი მცდელობა წარუმატებლობისთვის იყო განწირული, მაგრამ მე ხომ პოლიტიკური მებრძოლი არ ვარ, მე კინოკრიტიკოსი ვარ. არასოდეს მიფიქრია, რომ როდისმე ამით დავკავდებოდი, აზრად არ მომსვლია, რომ კენჭი უნდა ვიყარო თუნდა მუნიციპალურ დეპუტატად. ღმერთმა დამიფაროს. ყველა საპროტესტო აქციაზე დავდიოდი იმის გამო, რომ არასწორად მიმაჩნდა სახლში ჯდომა იმ დროს, როცა შენი ყოფნით შეგეძლო ერთით მეტი გამხდარიყო მოედანზე შეკრებილი ადამიანების რაოდენობა. მხოლოდ ამიტომ. თუ მოედანზე დაიწყებოდა ხოცვა-ჟლეტა ქვებისა და კეტების გამოყენებით, მე მალევე გამისწორდებოდნენ. საერთოდ არ შემიძლია არანაირი ძალადობა. მაგრამ შემიძლია სტატისტიკის ოდნავი, ერთი ადამიანით გაუმჯობესება და ეს სავალდებულოდ მიმაჩნდა. თუ ყველა ასე იფიქრებს, ამან შეიძლება რაღაც შეცვალოს, ან ვერ შეცვალოს. არ ვიცი.

მოდი, განვაგრძოთ საუბარი საქართველოს საკითხზე, ოღონდ ფოკუსი გადავწიოთ კინოსკენ. ვენეციის ფესტივალზე დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა „აპრილმა“ მიიღო სპეციალური პრიზი. გავეცანი რეცენზიას, რომელიც თქვენ დაწერეთ ამ ფილმზე. თუ არ მეშლება, თქვენ ამ ფილმს უწოდეთ ფესტივალის ყველაზე რადიკალური ფილმი და საოცარი სილამაზის სურათი. რა მოგეწონათ?

„ანტიკვარიატი“ - ესაა ძალიან ტრადიციულად შექმნილი ფილმი, ღირსეული და სერიოზული. შესაძლოა მხატვრული თვითმყოფადობის უკმარისობას აკომპენსირებს ის განცდები, ემოციები და მოგონებები, რომლებისგანაც იშვა ეს ფილმი. მგონია, რომ ასეთ ფილმებს „ოსკარზე“ გაცილებით მეტი შანსი აქვთ...

თქვენ უკვე ახსენეთ. მგონია, რომ რადიკალიზმი კინოში ახლა საერთოდ დიდი იშვიათობაა. დეამ და მე, როგორც იქნა, გავიცანით ერთმანეთი ვენეციაში. ვილაპარაკეთ. ამიხსნა, რომ მისი საყვარელი რეჟისორი ლარს ფონ ტრიერია. რომელიც, სხვათა შორის, სტილისტიკურად სულ არ ჰგავს მას, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. ტრიერის მთავარი თვისება, უშიშრობაა. მეორე მოდის იუმორის საოცარი გრძნობა, თუმცა ესენი ურთიერთდაკავშირებული რამეებია, რადგან შეუძლებელია გქონდეთ მართლა კარგი იუმორი და ის გამოავლინოთ, თუ რაღაცის გეშინიათ.

მგონი, ყველასათვის ცნობილია „დიუნი“, რომლის მიხედვითაც დენი ვილნევს ძალიან კარგი ფილმი აქვს გადაღებული. „დუინში“ არის ასეთი კონცეფცია, კვისაც ჰადერახი (Kwisatz Haderach) - ესაა მესია, რომელიც უნდა მოვიდეს და, რომელიც ფლობს ალქაჯთა ორდენ ბენი ჯესერეტის ცოდნას, მაგრამ ქალებისგან განსხვავებით, ის კაცი იქნება და, შესაბამისად, მას არ შეეშინდება შეიხედოს იქ, სად შეხედვისაც ქალებს ეშინიათ. ასეთი პატრიარქალური კონცეფციაა, რადგან წიგნი 60-იან წლებშია დაწერილი.

ასე მგონია, რომ დეა კულუმბეგაშვილთან დაკავშირებითაც მსგავსი მდგომარეობაა. ის გადის იმ ტერიტორიაზე, რომელზეც უკვე არსებობენ მიხაელ ჰანეკე, ლარს ფონ ტრიერი და თანამედროვეობის სხვა რადიკალური რეჟისორები, მაგრამ როგორც ქალი, ის ხედავს იმას, რისი დანახვაც არ შეუძლიათ კაცებს. ისინი ასე ვერ წაიგრძელებენ კისერს. თუმცა ტრიერი, მაგალითად, ცდილობს „ანტიქრისტეში“.

ესაა ის, რასაც წარმოადგენს ქალის სული, სხეული და მათი კავშირი, ის წარმოუდგენელი სიღრმეები და სირთულეები, რაც დრამატურგიულად ძალიან ნაკლებად არის დამუშავებული კინემატოგრაფის მიერ, ხოლო თუ დამუშავებულია, ისიც ქალების მიერ. იგულისხმება ფილმები, რომლებსაც აკეთებდნენ კირა მურატოვა, ლილიანა კავანი და სხვები, ასევე აბსოლუტურად უშიშრები. იმას, რასაც დეა აკეთებს თავის ამ ფილმში („აპრილში“), სინამდვილეში, ის მსგავს რაღაცებს აკეთებდა უკვე თავის წინა ფილმშიც („დასაწყისი“). უბრალოდ ახალ ფილმში ეს ვიზუალურად უფრო ძლიერია. ეს სწორედ ისაა, რადგან საუბარია ისეთ რთულ პრობლემაზე, როგორიც არის აბორტები და აბორტის უფლება.

სხვათა შორის, ახლოსაა იმ პრობლემასთან, რომელსაც ეხება ფესტივალის გამარჯვებული ფილმი, პედრო ალმოდოვარის „მეზობელი ოთახი“, რომელშიც საუბარია ევთანაზიის უფლებაზე. მართალია, აბორტის უფლება და ევთანაზიის უფლება მთლად ერთი და იგივე არ არის, მაგრამ ორივე შემთხვევაში საუბარია ადამიანის ძალიან ინტიმურ უფლებებზე, რადგან საუბარია ადამიანის საკუთარ სხეულზე, რომელზეც ტაბუს დადებით სახელმწიფო, სისტემა თუ საზოგადოება ცდილობს აუკრძალოს ადამიანს განკარგოს თავისი სხეული. ამ თვალსაზრისით, ფილმებს შორის შეიძლება პარალელის გავლება.

ბოდიშს ვუხდი დეას, მაგრამ, რა თქმა უნდა, მივცემდი „ანტიკვარიატს“. გაცილებით მეტად მომწონს „აპრილი“, მაგრამ „აპრილი“ ეს არის რადიკალური, ევროპული, საავტორო კინო. ამერიკელებს კი, რომლებიც ხმას აძლევენ „ოსკარზე“, ასეთი რამ საერთოდ არ ესმით...

აბორტის თემა მტკივნეული და დამზაფრავია ნებისმიერი მამაკაცისათვის. სწორედ ეს შიში და დაზაფვრა იწვევს იმას, რომ მამაკაცები ცდილობენ ამ უფლების გაკონტროლებას.

ფილმი სწორედ ამაზეა, მაგრამ მასში პრობლემა განხილულია კიდევ ერთი რეჟისორი ქალის, ოდრი დივანის (Audrey Diwan) ფილმისგან „მოვლენა“ განსხვავებულად. ამ ფილმმაც, რომელიც გადაღებულია ანი ერნოს შესანიშნავი პროზის მიხედვით, ვენეციაში გაიმარჯვა რამდენიმე წლის წინ. ეს ფილმიც აბორტზეა და მასში ამბავი მოთხრობილია ქალის თვალთახედვიდან. ეს იყო ღირსეული ფილმი, მაგრამ „აპრილი“, ჩემი აზრით, უფრო ძლიერია. იმიტომ, რომ ეს არის არა მხოლოდ ქალის ხედვა, არამედ მხატვრული გადაწყვეტის თვალსაზრისით, ასევე ქალის უშიშრობა, მისი გარეგანი ტრანსფორმაცია ამ გადაუჭრელი, უთქმელი და მტკივნეული პრობლემის სიმძიმის ქვეშ.

ეს თემა ერთდროულად ღრმად ინტიმურიც არის, რადგან ეხება ერთ კონკრეტულ ადამიანს, ხანდახან ამაზე ყველა ახლობელსაც ვერ ეტყვი, და ასევე ეხება მთელ საზოგადოებას. ანუ ეს ერთდროულად არის ძალიან გლობალური და ძალიან ინტიმური. ექსტრემალურად მსხვილი ხედის და ექსტრემალურად საერთო ხედის მსგავსად, უზარმაზარი კონტრასტია. და „აპრილი“ აგებულია სწორედ ამ კონტრასტზე. რაღაც გაგებით, ეს არის ამ ფილმის კონფლიქტი. ოღონდ კონფლიქტი არა პერსონაჟებს ან ქცევებს შორის. ეს არის კონტრასტი და კონფლიქტი გლობალურ ხედვასა და იმას შორის, რაც ადამიანის სულსა და თავში ხდება და, რისი სიტყვებით გამოთქმაც შეუძლებელია. ფილმში ეს გამოთქმულია რაღაც სიურრეალისტური ხმებით და ასევე სიურრეალისტური სახეებით, რომლებიც არ არის გამყარებული არანაირი დიალოგებით.

შესაძლოა, გაუგებრად ვლაპარაკობ, რადგან ვისაც ფილმი არ უნახავს, ცარიელ სიტყვებად მოეჩვენოს ჩემი ნათქვამი, მაგრამ თუ ნახავთ, მაშინვე მიხვდებით, რაზე ვლაპარაკობ.

თუ არ მეშლება, თქვენ ნახეთ კიდევ ერთი ქართული ფილმი ამ ფესტივალზე...

დიახ, „ანტიკვარიატი“.

რეჟისორ რუსუდან გლურჯიძისა. ფესტივალის დასრულებისთანავე საქართველოს კინოცენტრის კომისიამ, რომელიც წყვეტდა, „ანტიკვარიატი“ თუ „აპრილი“ გაეგზავნა „ოსკარზე“, არჩევანი „ანტიკვარიატზე“ შეაჩერა. თქვენ რომ ამ კომისიის წევრი ყოფილიყავით, ამ ორი ფილმიდან რომელს მისცემდით ხმას და რატომ?

ბოდიშს ვუხდი დეას, მაგრამ, რა თქმა უნდა, მივცემდი „ანტიკვარიატს“. გაცილებით მეტად მომწონს „აპრილი“, მაგრამ „აპრილი“ ეს არის რადიკალური, ევროპული, საავტორო კინო. ამერიკელებს კი, რომლებიც ხმას აძლევენ „ოსკარზე“, ასეთი რამ საერთოდ არ ესმით. არა, ვიღაცას, ცხადია, ესმის, მაგრამ მასობრივად, ისინი იტყვიან, რომ სუსტი სიუჟეტია, ვერ გავიგეთ ამბავიო, რადგან ნამდვილი საავტორო კინო შედგება არა მხოლოდ ამბისგან.

„ანტიკვარიატი“ კი ძალიან მკაფიოდ მოთხრობილი სიუჟეტი და ამბავია, რომელიც გარდა იმისა, რომ კონკრეტული ამბავია, ასევე ჩართულია ისტორიულ კონტექსტში, ძალიან მტკივნეული, მკაფიო და გასაგები ჩართულობით, გასაგები იმ მაყურებლებისთვისაც კი, რომლებმაც საერთოდ არ იციან სად მდებარეობს რუკაზე საქართველო, სად არის პეტერბურგი და საერთოდ რას ნიშნავს ეს ყველაფერი. მართლაც „ანტიკვარიატი“ - ესაა ძალიან ტრადიციულად შექმნილი ფილმი, ღირსეული და სერიოზული. შესაძლოა მხატვრული თვითმყოფადობის უკმარისობას აკომპენსირებს ის განცდები, ემოციები და მოგონებები, რომლებისგანაც იშვა ეს ფილმი. მგონია, რომ ასეთ ფილმებს „ოსკარზე“ გაცილებით მეტი შანსი აქვთ.

საუბარია დეპორტაციაზე...

დიახ, თუ არ ვცდები 2006 წლის, ქართველების დეპორტაციაზე. ვიტყოდი, რომ ღიად ანტიპუტინური სურათია, რომელთანაც დაკავშირებულია სკანდალი, როცა რუსმა პროდიუსერებმა, თუ ექსპროდიუსერებმა, ვენეციაში სასამართლოს საშუალებით აკრძალეს სამიდან ორი ჩვენება.

ასე შეიძლებოდა?

აღმოჩნდა, რომ კი. ბოლო და ერთადერთი ჩვენების გამართვა მოხერხდა ფესტივალის ბოლოსწინა დღეს. ეს პრეცედენტია. ასეთი რამ პირველად მოხდა.

თქვენი ერთ-ერთი ბოლო რეცენზიიდან შევიტყვე, რომ საუკეთესო 1 საათი და 40 წუთი, რომელიც წელს კინოთეატრში გაატარეთ, იყო „ბიტლჯუსი“...

„ბიტლჯუს ბიტლჯუსი“, მეორე ნაწილი...

უნდა ვაღიარო, რომ არ მინახავს პირველი. ვაპირებ ჯერ ვნახო პირველი, შემდეგ მეორე...

სწორია, რადგან, სხვა შემთხვევაში, ვერ გაიგებთ სიუჟეტს ან მხოლოდ ნაწილობრივ გაიგებთ. როცა მეორე „ბიტლჯუსს“ ვუყურებდი, აღფრთოვანებისგან ვკიოდი, ოღონდ გულში, რადგან დარბაზში ამის გაკეთება აკრძალულია. ჩემი აზრით, გადასარევი ფილმია, რომელიც ახდენს წლევანდელი საუკეთესო ფილმების მთავარი თემისა და ლაიტმოტივის ჩაბეტონებას. ლაიტმოტივი კი საკმაოდ შემზარავია. მთელი ეს წელი, ამ წლის კინემატოგრაფი სიკვდილზეა. სხვათა შორის, ამაზეა დეა კულუმბეგაშვილის „აპრილიც“.

იქნებ ეს არც ისე ცუდია?

კი, ამას მეც ვუშვებ, რადგან სიკვდილი ადამიანისთვის ყველაზე საშინელი ტრავმა და ამოუხსნელი გამოცანაა. ხოლო ფილმები სხვადასხვაგვარად ცდილობენ მათთან გამკლავებას. ამ ჩამონათვალში პირველი ფილმი ჯერ კიდევ ბერლინის ფესტივალზე, თითქმის ერთი წლის წინ, თებერვალში ვნახე. ეს იყო მატიას გლასნერის (Matthias Glasner) ფილმი „Sterben“ - „მოკვდე“ თუ „კვდომა“, რომელსაც ახლა რუსეთის კინოგაქირავებაში უშვებენ, თუ გამოიცნობთ რა სათაურით?

ამის ვარაუდისაც კი მეშინია.

ჩემთვის წლის საუკეთესო ღადავია! ფილმ „კვდომას“ რუსეთის კინოებში აჩვენებენ სათაურით „იცოცხლო“ [Жить]. აი, ასე! ძალიან საინტერესო ფილმია, რომლის ორი ხანდაზმული გმირი, ქალი და კაცი, ერთიმეორის მიყოლებით ტოვებენ წუთისოფელს, მათი კომპოზიტორი შვილი კი ცდილობს შეთხზას სიმფონიური ნაწარმოები Sterben, რომელიც მის ემოციებს გამოხატავს. ანუ მთელი ეს ფილმი იმის მცდელობაა, იგრძნო და ხელოვნებით გამოხატო, რა არის სიკვდილი. ამასთან, ეს ფილმი, რა თქმა უნდა, საკმაოდ კომედიურიც არის იმიტომ, რომ ეს შეუძლებელია.

შემდეგ, ვენეციაში ვნახე ფილმი, რომელიც ერთ-ერთ ღრმა ნაიარევად დამრჩა (კარგი გაგებით ნაიარევად, თუმცა მტკივნეულიც იყო). დევიდ კრონენბერგის „სუდარა“ [The Shrouds], რომელიც იშვა რეჟისორის მეუღლის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გამოცდილებიდან. თუ სწორად მახსოვს, კრონენბერგის ცოლი გარდაიცვალა ექვსი წლის წინ. თვითონ რეჟისორი, რომელიც ახლა 80 წლისაა, ამბობს, რომ ვერა და ვერ შეეგუა ამ ამბავს.

ფილმს აქვს მტკივნეული სიუჟეტი, მთავარი გმირი, რომელსაც სიუჟეტის მიხედვით ცოლი მოუკვდა კიბოსგან, „აიტიშნიკია“ [საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი], რომელიც გააკეთებს სუდარის ფორმის მაღალ ტექნოლოგიურ სამგანზომილებიან სკანერს. საყვარელი ადამიანის დაკრძალვის შემდეგ, ეს „სუდარა“ განაგრძობს გარდაცვლილის სხეულის გადაღებას 3D ფორმატში. ყველას შეუძლია ჩამოტვირთოს აპლიკაცია ტელეფონზე ან საფლავის ქვაზე დამონტაჟებულ ეკრანზე და უყუროს საყვარელი ადამიანის სხეულის გახრწნას პირდაპირ ეთერში. მთავარ გმირს უჭირს გამომშვიდობება, ყოველ ჯერზე მოდის ეკრანთან და უყურებს. შემდეგ აღმოაჩენს, რომ ამგვარ მოწყობილობაზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც მოსწონს საყვარელ ადამიანთან დაუსრულებელი გამომშვიდობება. ძალიან მომეწონა ეს ფილმი, ძალიან უჩვეულოა და, უკვე ვთქვი, მტკივნეულია.

შემდეგ იყო ალმოდოვარის ფილმი „მეზობელი ოთახი“, რომელიც ევთანაზიაზე, სიკვდილის უფლებაზეა.

და ბოლოს „ბიტლჯუს ბიტლჯუსი“, რომელშიც მოქმედება მიმდინარეობს ჩვენსა და იმქვეყნიურ სამყაროებს შორის. ფილმი იწყება ოჯახის უფროსის სიკვდილით. ერთ-ერთი მოგზაურობის დროს მას შეჭამს ზვიგენი. გასვენებაში მთელი ოჯახი იკრიბება წინაპართა (მამაპაპისეულ) სახლში, სადაც მდებარეობს საიქიოში გადასასვლელი პორტალი. იწყება ორმხრივი მოძრაობა. იმ ქვეყნიდან გადმოდიან დემონები და აჩრდილები, ხოლო აქედან საიქიოში გადადიან ადამიანები. მთელი ეს ამბავი რეჟისორს გადაწყვეტილი აქვს კომედიური მიუზიკლის ფორმაში, ერთგვარ კარნავალში (კარნავალი და სიკვდილი ყოველთვის მჭიდროდ იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული, ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია გავიხსენოთ ბახტინი). იუმორი კი საშუალებაა, გააუვნებლო ტრავმა და სიკვდილის შიში.

და ბოლოს დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „აპრილი“. ახლა შეიძლება „დაგასპოილეროთ“, მაგრამ საუბარია ფილმის მხოლოდ პირველ სამ წუთზე, ამიტომ მთლად სპოილერიც არ იქნება. სიუჟეტი აგებულია იმაზე, რომ ფილმის გმირი ქალი, საავადმყოფოს ექიმ-გინეკოლოგი, იღებს მშობიარობას და ბავშვი იბადება მკვდარი. აქედან იშლება მთელი სიუჟეტი.

ასე რომ, ჩემი აზრით, კოვიდის 2,5 წელმა და შემდეგ ომის 2,5 წელმა, მოიტანა ის, რომ ხელოვნებას აღარ შეუძლია არ იფიქროს და არ ილაპარაკოს სიკვდილზე. აი, ასეთი საკმაოდ საზარელი, მაგრამ რეალური შეჯამება გვაქვს, ყოველ შემთხვევაში, ამ კინემატოგრაფიულ სეზონში მაინც. მესმის, თუ როგორ ნაკლებად სასიამოვნოდ ჟღერს ეს ყველაფერი, მაგრამ ეს უბრალოდ ასეა.

თქვენ თუ ფიქრობთ უფრო მეტს სიკვდილზე?

სულ ვფიქრობ სიკვდილზე, მგონია, რომ ეს არის ერთ-ერთი ისეთი საფიქრალი, რომელმაც ადამიანი უნდა... „უნდა“ ის სიტყვა არ არის... არ მინდა ჩემი აზრი მოვახვიო ვინმეს, მაგრამ ჩემი საკუთარი კოდექსით... სამურაი ყოველთვის მზად უნდა იყოს სიკვდილისთვის, როგორც „სამურაის წიგნშია“ ნათქვამი.

  • 16x9 Image

    ანასტასია სლოვინსკაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2014 წლიდან. ძირითადად მუშაობს ვიდეოკონტენტის შექმნაზე. არის პროექტის „8 ფოტო არქივიდან“ თანაავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG