Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“დედა ყველაფერში მართალი იყო” - ანა პოლიტკოვსკაიას შვილი


ილია პოლიტკოვსკი 45 წლისაა. ჟურნალისტების ოჯახში დაიბადა და წლების მანძილზე რუსეთში, სხვადასხვა კომპანიაში საზოგადოებასთან ურთიერთობაზე იყო პასუხისმგებელი. ქვეყანა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დატოვა. "ჩემი გვარის პატრონს იქ არაფერი ესაქმება", - ამბობს ის.
ილია პოლიტკოვსკი 45 წლისაა. ჟურნალისტების ოჯახში დაიბადა და წლების მანძილზე რუსეთში, სხვადასხვა კომპანიაში საზოგადოებასთან ურთიერთობაზე იყო პასუხისმგებელი. ქვეყანა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დატოვა. "ჩემი გვარის პატრონს იქ არაფერი ესაქმება", - ამბობს ის.

პუტინის ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კრიტიკოსი, ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია 2006 წლის 7 ოქტომბერს, მისი სახლის სადარბაზოში მოკლეს. მკვლელები ცოტა ხანში დაიჭირეს, მაგრამ დამკვეთები დღემდე გარეთ არიან.

ჟურნალისტის მკვლელობიდან 17 წლის თავზე მისი შვილი, ილია პოლიტკოვსკი ამბობს, რომ სამართალი მაინც იზეიმებს. ოღონდ ეს ვერ მოხდება მანამ, სანამ რუსეთს მართავს პუტინი, რომლის დღევანდელი თავგასულობაც დედამისმა “ზუსტად იწინასწარმეტყველა”.

ილია პოლიტკოვსკი ახლა ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაშია და ბინადრობის უფლებას ელოდება. სწორედ იქ ესაუბრა მას რადიო თავისუფლება.

რადიო თავისუფლება: პატარა როცა იყავით, როგორ უყურებდით დედათქვენის საქმიანობას?

დედაჩემი იყო და არა ჯარისკაცი რუსეთის რეჟიმსა და კორუფციასთან ბრძოლაში

ილია პოლიტკოვსკი: პატივს ვცემდი და ვიცოდი, რომ სიმართლეს ემსახურებოდა, მაგრამ წინააღმდეგი ვიყავი. დღესაც ხშირად ვეკამათები ჟურნალისტებს და სხვებს, მისიაზე, ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობაზე და ეგეთებზე. ეს ყველაფერი მეკიდა. პირველ რიგში დედაჩემი იყო და არა ჯარისკაცი რუსეთის რეჟიმსა და კორუფციასთან ბრძოლაში. მხარს კი ვუჭერდი, მაგრამ არასდროს არ მინდოდა, რომ ეს საქმე გაეგრძელებინა.

რადიო თავისუფლება: და როცა გაიგეთ, რომ დედათქვენი მოკლეს, გაიფიქრეთ, ის მოხდა, რისიც სულ მეშინოდაო?

ილია პოლიტკოვსკი: ეს მოულოდნელობა არ ყოფილა. დედას ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ იქამდე ერთი, ორი და ხუთი წლით ადრეც. არასდროს მესმოდა, მაინცდამაინც დედაჩემმა რატომ უნდა აკეთოს ეს ყველაფერი. თუმცა კი ძალიან ვაფასებ, ამდენ ქვეყანაში რომ პატივს სცემენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მეხსიერება ცოცხლობს რუსეთს მიღმა მაინც.

ანა პოლიტკოვსკაიას სახელობის ქუჩა არსებობს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში.

რადიო თავისუფლება: ხშირად ამბობენ, რომ დედათქვენმა ბევრი რამე იწინასწარმეტყველა. მაგალითად, რომ რეპრესიები ჩეჩნეთიდან მთელ რუსეთზე გავრცელდებოდა. თქვენც ასე ფიქრობთ?

მიმაჩნდა, რომ აზვიადებდა და პუტინი ასეთი საშიშიც არ იყო

ილია პოლიტკოვსკი: კი. მეტსაც გეტყვით. ასე 20 წლის წინ დედაჩემს ბევრს ვეკამათებოდი. მიმაჩნდა, რომ აზვიადებდა და პუტინი ასეთი საშიშიც არ იყო. ის კი მიხსნიდა, რას ნიშნავს ხელისუფლებაში პუტინისნაირი კაცის ყოლა. ამბობდა, ასეთი ადამიანები დიქტატორები ხდებიანო. ჩვენს კამათში თავიდან ბოლომდე მტყუანი ვიყავი, დედა კი მართალი.

რადიო თავისუფლება: დედათქვენის მკვლელობის შემდეგ იყო 2008 წლის ომი საქართველოსთან, ახალი რეპრესიები და მკვლელობები. ამ ყველაფრის შემდეგაც კი, ბევრი ადამიანი, როგორც რუსეთში, ისე მის გარეთ, თქვენსავით ფიქრობდა?

ილია პოლიტკოვსკი: კი, ასეა. დღეს, 2008 წლის ზაფხულის ამბების გადააზრებით ვხვდები, რომ პუტინი დაუსჯელია სწორედ ევროპული ქვეყნების ნეიტრალიტეტის ხარჯზე. ამ საკითხში ნეიტრალიტეტი კი მხარდაჭერის ტოლფასი იყო. ის [პუტინი] ამოწმებდა, თუ რამდენად მტკიცეა საერთაშორიო თანამეგობრობა. სამწუხაროდ, საერთაშორისო თანამეგობრობამ ეს [რუსეთის აგრესია] გადაყლაპა.

რადიო თავისუფლება: უკრაინაში ომი რომ დაიწყო, ილუზიები აღარ გქონდათ?

ილუზიები 2008 წლის აგვისტოს მერე აღარ მქონია

ილია პოლიტკოვსკი: ილუზიები 2008 წლის აგვისტოს მერე აღარ მქონია. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ქართველ ჟურნალისტს ველაპარაკები. ჩემთვის ეს სრული შოკი იყო. მაინცდამაინც საქართველოს არ ვგულისხმობ, მხედველობაში მაქვს ჰუმანიტარული მხარე - ჩემი ქვეყანა, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, თავს ესხმის სხვა ქვეყანას.

რადიო თავისუფლება: 2021 წელს ამოიწურა დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა [ანუ დამნაშავე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა]. ეს რას ნიშნავს?

ილია პოლიტკოვსკი: უბრალოდ ხმამაღალი სათაურია. საქმის გახანგრძლივების უამრავი იურიდიული მექანიზმი არსებობს. მაგრამ ბოლო 5-7 წელი გამოძიებისგან ერთი სიახლეც არ მიგვიღია. ახლა დამკვეთების საქმე ცალკე წარმოებაშია. ამ საქმეზე საერთოდ არაფერი არ ვიცით, გამომძიებლის სახელიც კი.

რადიო თავისუფლება: კვლავ გჯერათ, რომ სამართალს მიაღწევთ?

ილია პოლიტკოვსკი: მჯერა, მაგრამ არა ამ რეჟიმის პირობებში. მომდევნო რეჟიმის დროს, როგორიც არ უნდა იყოს ის, სამართალი იზეიმებს. არა მხოლოდ დედაჩემის, არამედ ნემცოვის და კიდევ ბევრი სხვა მკვლელობის საქმეზე. ახლა ეს არავის სჭირდება და არც დასჭირდება უახლოეს მომავალში.

რადიო თავისუფლება: ჰოლივუდში დედათქვენზე ახლა ფილმს იღებენ. ამაზე რას ფიქრობთ?

ილია პოლიტკოვსკი: ამის შესახებ შემთხვევით, მედიის მეშვეობით შევიტყვეთ. სამწუხაროდ, ამ ფილმის სცენარი ავტორების ფანტაზიაა. ის იმდენად აცდენილია რეალობას, გეგონებათ, ვიღაცამ დედაჩემი დაგუგლა და სცენარი ისე დაწერაო.

გამოცემა "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტს, ანა პოლიტკოვსკაიას საერთაშორისო აღიარება მოუტანა მისმა ტექსტებმა ჩეჩნეთის ომის შესახებ.
2014 წელს, მოსკოვის სასამართლომ ჟურნალისტის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ჩეჩნეთის მცხოვრებ რუსტამ მახმუდოვს. მის ძმები, იბრაგიმ და ჯაბრაილ მახმუდოვები, პოლიტკოვსკაიაზე თვალთვალისთვის, 12 და 14 წლით დააპატიმრეს. მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის 20-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ ყოფილ პოლიციელებს, სერგეი ხაჯიკურბანოვს და დმიტრი პავლიუჩენკოს.
თუმცა გამოძიებამ დღემდე ვერ დაადგინა ვერც მკვლელობის მოტივი და ვერც დამკვეთის ვინაობა.
  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG