Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იმერეთში წითელას ინფექციით 20-მდე ადამიანი ბოლო ერთი კვირაში დაავადდა


იმერეთის მუნიციპალიტეტებში 100-მდე შემთხვევა დაფიქსირდა იანვრის დასაწყისიდან ამ დრომდე და შემთხვევათა თითქმის ნახევარი ქუთაისშია აღრიცხული.
იმერეთის მუნიციპალიტეტებში 100-მდე შემთხვევა დაფიქსირდა იანვრის დასაწყისიდან ამ დრომდე და შემთხვევათა თითქმის ნახევარი ქუთაისშია აღრიცხული.

იმერეთში, ისევე როგორც სამეგრელოსა და კახეთის რეგიონებში, წითელას ინფექციური დაავადების მაღალი მაჩვენებელი ნარჩუნდება. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონალური დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოში განმარტავენ, იმერეთის მუნიციპალიტეტებში 100-მდე შემთხვევა დაფიქსირდა იანვრის დასაწყისიდან ამ დრომდე და შემთხვევათა თითქმის ნახევარი ქუთაისშია აღრიცხული. სამმართველოს მონაცემებით,ბოლო ერთ კვირაშიიმერეთში დაავადდა 20-მდე ადამიანი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონალური დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის, ექიმ-ეპიდემიოლოგ ლია შეყილაძის ინფორმაციით, მწვავე ვირუსული დაავადება, წითელა, მარტივად გადადის და ვრცელდება.მას ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, გამონაყარი, რინიტი და კონიუნქტივიტი:

„წითელა შეიძლება გართულდეს სხვა დაავადებებითაც, როგორიცაა დიარეა, პლევმონია, ოტიტი. იგი გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით. დაავადების ინკუბაციური პერიოდია 7-18 დღე. დაავადებული გადამდებია 8 დღის განმავლობაში“.

ექიმ-ეპიდემიოლოგ ლია შეყილაძის განცხადებით, წითელას ბავშვთა ინფექციას უწოდებენ, თუმცა ამ სეზონზე დაფიქსირდა შემთხვევები, როცა მოზრდილი და ხანდაზმული ადამიანები დაავადდნენ. ეპიდემიოლოგის ინფორმაციით, ინფიცირებული პაციენტების 60 % ბავშვია, დანარჩენი კი 20-დან 40-წლამდე და მეტი ასაკის ადამიანები არიან. ბოლო მონაცემებით, მოზრდილების ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია.

წითელას ინფექციის პრევენციისთვის 1 და 5 წლის ბავშვებში გეგმიური აცრების ჩატარებას მიიჩნევს აუცილებლად პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ინფექციონისტი ნინო რუსაძე, რომლის განცხადებით, „ეპიდაფეთქების დროს ასევე აუცილებელია არაგეგმიურად ვაქცინაცია ჩაიტარონ ზრდასრულებმაც - განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, ვისაც ყოფნა უწევთ ხალხმრავალ ადგილებში“.

მოვუწოდებ მოსახლეობას, პრევენციისთვის აუცილებლად ჩაიტარონ ვაქცინაცია...
ლელა ლუხუტაშვილი

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონალური დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოში განმარტავენ, აცრები ყველა პაციენტისთვის უფასოა და იმერეთის მუნიციპალიტეტებში პოლიკლინიკები 24- საათიანი რეჟიმით მუშაობენ პაციენტების მომსახურებისთვის. ქუთაისში ვაქცინაციისთვის სადღეღამისოდ მუშაობს სამისამედიცინო დაწესებულება. ქუთაისის ნომერ პირველი ჯანდაცვის ცენტრის პედიატრის, ლელა ლუხუტაშვილის, განცხადებით, ამ დროისთვის აცრებზე მოთხოვნა გაზრდილი არ არის:

„მოვუწოდებ მოსახლეობას, პრევენციისთვის აუცილებლად ჩაიტარონ ვაქცინაცია“.

ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, წითელას ეპიდემიის შეჩერება ძნელი იქნება, თუ საყოველთაო, კოლექტიური იმუნეტიტის მაჩვენებელი არ გაუმჯობესდა, ეს კი მოსახლეობის 95 %-ის აცრითაა შესაძლებელი. წითელას ეპიდაფეთქების შესახებ ინფორმაცია არა აქვს რადიო თავისუფლების მიერ ქუთაისში გამოკითხული რესპონდენტების ნაწილს, ნაწილი კი ამბობს, რომ პრევენციისთის ვაქცინაცია უკვე ჩაიტარა:

„უფროსი გოგონები მყავს 6 და 8 წლის და ჩავუტარე ვაქცინაცია. ტყუპები მყავს 8 თვის და მეშინია სკოლიდან ან ბაღიდან არ მოუტანონ ინფექცია. ყველა ვფრთხილობთ, ინფორმაცია მოვისმინე და მოვედი პოლიკლინიკაში“;

„საერთოდ არ გამიგია, არაფერი ვიცი აცრის აუცილებლობაზე“;

„ბავშვს გეგმიურად ჩავუტარე წითელას აცრა დაეპიდაფეთქებაზე არაფერი ვიცი.არ მეშინია“;

„ყურადღება ყველაფერს სჭირდება და აუცილებელი არის აცრა? თუ სავალდებულო იქნება, გავიკეთებ“.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონალური დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოში განმარტავენ, წითელა სეზონური ინფექციაა, რომელიც თავს იჩენს2-4-წლიანი ინტერვალით. ეპიდაფეთქება ბოლოს 2013 -2015 წლებში დაფიქსირდა, რა დროსაც ქვეყნის მასშტაბით 11 ათასი ადამიანი დაავადდა, 4 შემთხვევა კი ლეტალურად დასრულდა. სამმართველოს ინფორმაციით, გასულწელს საქართველოში სულ 2 222 დაავადების შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ქუთაისში -261, იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტში კი, ჯამში, 471 ადამიანი დაავადდა.

XS
SM
MD
LG